გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?! - კვირის პალიტრა

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!

"წინა ხელისუფლებაც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა და შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა, მაგრამ რა ემართება ზამთარში ბუზს, ყველამ კარგად ვიცით"

"კორუფციის აღქმის ინდექსში" საქართველოს პოზიცია გასულ წელთან შედარებით ორი ქულით გაუარესდა და 41-დან 44-ე ადგილზე გადაინაცვლა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნოს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და კოსტა-რიკასთან, ჩეხეთსა და ლატვიასთან ერთად იყოფს 44-ე ადგილს. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, შედეგის 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება, თუმცა ის, რომ საქართველოს ამ მხრივ პროგრესი არა აქვს, უარყოფით ტენდენციასა და ანტიკორუფციული რეფორმების არარსებობაზე მიუთითებს.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთისა (7 ქულით) და აზერბაიჯანის (5 ქულით) შედეგები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ რეგიონში საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს - საქართველოს (56), ბელორუსსა (45) და მონტენეგროს (45). რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებლებით თურქმენეთი (19), უზბეკეთი (25) და ტაჯიკეთი (25) გამოირჩევიან.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების ანალიზში ვკითხულობთ, რომ "სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც "კორუფციის აღქმის ინდექსში" ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით".

საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელია ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო მოყვანილი: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში; კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში; სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება; მთავრობის ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე; დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა. "კორუფციის აღქმის ინდექსი", რომელიც წლეულს ოცდამეშვიდედ გამოქვეყნდა, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი, სტრატეგიული განვითარების ცენტრის კარგი მმართველობის პროგრამის კოორდინატორი: - ხუთი წლის განმავლობაში რეიტინგში შედეგს რომ ვერ ვაუმჯობესებთ და პირიქით, ვაუარესებთ, თუნდაც ეს არის დამაფიქრებელი. დიდი ხანია ვამბობთ და დღეს ამაზე ბევრი გვეთანხმება, რომ ჩვენ დემოკრატიის განვითარების ნაცვლად, დეინსტიტუციონალიზაციას ვუწყობთ ხელს, რაც კორუფციისთვის ნიადაგს ქმნის. კორუფცია არ არის მხოლოდ ფულის აღებმიცემობა, ის ვლინდება პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ძალაუფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაშიც. შესაბამისად, როცა ძალაუფლება არ არის დანაწილებული, როცა ინსტიტუციური ანგარიშვალდებულება არ არსებობს, როცა ერთი ორგანო მეორეს პასუხს არ სთხოვს და მეტიც, კანონდარღვევისთვის მადლობას უხდის, კორუფციისთვის ნოყიერი ნიადაგი ჩნდება.

ბოლო დღეების მაგალითებიც ცხადყოფს, რომ ქვეყანა დეინსტიტუციონალიზაციის გზას ადგას - როცა ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში აზრის გამოხატვისთვის პოლიტიკურ ოპონენტს თავს ესხმიან საკრებულოს წევრები და ამაზე რეაგირება, ფაქტობრივად, არ ხდება, სწორედ ამის დასტურია.

ცალკე განხილვის საგანია სახალხო დამცველთან დაკავშირებული ფაქტი, რაც საკომიტეტო მოსმენისას დაიწყო და შემდგომ მისი პატიმრებთან ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით გაგრძელდა. პარლამენტს სჭირდება სპეციალური ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ინსტიტუტები, ასეთია სახალხო დამცველი და აუდიტის სამსახური, რათა პოლიტიკურად და პროფესიულად გააკონტროლოს მთავრობა და საჭიროების შემთხვევაში პასუხიც მოსთხოვოს. ჩვენ კი რას ვადევნებდით თვალს? პარლამენტში მისდამი ანგარიშვალდებულმა თანამდებობის პირმა დაარღვია კანონი, როცა საჯაროდ აჩვენა პერსონალური ინფორმაცია იმ მიზნით, რომ თავს დასხმოდა და ზეგავლენა მოეხდინა პარლამენტისგანვე ნდობაგამოცხადებულ თანამდებობის პირზე, სახალხო დამცველზე. ეს ყველაფერი არათუ აღკვეთა პარლამენტმა, არამედ მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს, რომელმაც რეალურად პარლამენტსაც, კანონსაც, სახალხო დამცველსაც შეაწმინდა ფეხები და კანონიც და კონსტიტუციაც თავზე გადაახია.

აქ უკვე დემოკრატია დამთავრებულია! როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ კორუფციის აღქმა არ იარსებებს იქ, სადაც რიგითი მოქალაქე, ბიზნესმენი, უცხოელი ინვესტორი უყურებს, რომ მთავრობა უკონტროლოა და მეტიც, ვინც უნდა აკონტროლებდეს, იმაზე თვითონ მთავრობა ძალადობს.

- ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კერძო სუბიექტების ხელში კონცენტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დაბრკოლებაა... - აქ, საზოგადოდ, რეგიონზეა საუბარი, მაგრამ საქართველოც არ არის ამ ყველაფრისგან შორს, თუნდაც დასახელებულ მაგალითებზე დაყრდნობით. აღარაფერს ვამბობ ისეთ შემთხვევებზე, როცა ინსტიტუციურად არანაირი ძალაუფლება არა აქვთ პირებს და ამის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს იღებენ. რამდენიმე ასეთი პირის გვარ-სახელი საქვეყნოდ ცნობილია, მათ შორის ერთი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. ერთ მხარეს სახელმწიფოა თავისი ინსტიტუტებით, რომლებიც დემოკრატიისთვის უნდა მუშაობდნენ და აქვე არსებობს პარალელური სამყარო, სადაც არც ანგარიშვალდებულებაა და არც კანონები.

- სამოხელეო დანაშაული ეწოდება კანონდარღვევას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება კორუფციაა. წინა ხელისუფლების დროს თუ ელიტური კორუფცია იყო ფეხმოკიდებული, ახლა სად, რომელ სახელისუფლებო შტოებში უნდა ვეძებოთ ამის მაგალითები? - მესმის პოლიტიკოსების რიტორიკა, როცა ცდილობენ მასშტაბური, სისტემური პრობლემა ერთ კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევამდე დაიყვანონ. თუ სისტემა შეიცავს კორუფციის რისკებს, გარდაბანსა თუ ფოთში მოხელე აიღებს თუ არა ქრთამს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევებზეც თუ არ რეაგირებს სახელმწიფო, მაშინ საერთოდ დავქცეულვართ. რამ განაპირობა ეს კრიმინალური შემთხვევები, ეს არის მთავარი. ეს არის უსისტემობა ან სისტემური გაუმართაობა და ერთიცა და მეორეც კორუფციის რისკს ქმნის. დეინსტიტუციონალიზაციის კლასიკურ მაგალითსა და რეალურ ფაქტს მოგიყვანთ და ჯერჯერობით არ დავასახელებ მინისტრს. ერთ-ერთ უწყებაში მისულმა აღმოვაჩინე, რომ მინისტრს თანამშრომლებისთვის ორი სამუშაო დღე "უჩუქებია" - 31 დეკემბერსა და 3 იანვარს დაასვენა. როცა ვიკითხე, მე რა ვქნა-მეთქი, მიპასუხეს, 6 იანვარს გამოიარეო. რა თქმა უნდა, მინისტრს კანონი ამის უფლებას არ აძლევს და ივანიშვილსაც არ შეუძლია ასეთი რამის გაკეთება, გადასახადის გადამხდელებს კი ამ სამინისტროს რამდენიმე ასეული თანამშრომლის დასვენება მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაგვიჯდა, რადგან ორი დღის ხელფასსაც აიღებდნენ და არ არის გამორიცხული, პრემია-დანამატებიც დაერიცხოთ. ახლა მითხარით, რა ჰქვია ამას - დეინსტიტუციონალიზაცია თუ კორუფცია? მე ვიტყოდი, ყველაფერი ერთად. მსგავსი მაგალითები ახალისებს, რომ ქვედა სახელისუფლებო ეშელონებშიც წაუცდეთ ხელი. კორუფცია ის დაავადებაა, რომელსაც ყოველდღიურად თუ არ მიადევნე თვალი, მეყსეულად ვითარდება და სწრაფადვე ვრცელდება ერთი სახელისუფლებო შტოდან მეორეზე.

- სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ კორუფციის შემთხვევების გამოვლინება უმეტესწილად რეგიონებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გვხვდება. როგორ ფიქრობთ, რატომ, რეგიონებში თანამდებობის გამოყენებით ფულის კეთება უფრო ადვილია, თუ თბილისსა და დიდ ქალაქებში უფრო კარგად იმალება? - მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს რომ თანაბრად, ერთიანი მიდგომით წარმართოს საქმიანობა და თბილისშიც იმდენივე კორუფციის შემთხვევა გამოვლინდეს, რამდენიც რეგიონებში, მერწმუნეთ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს არის მოტივატორი, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ გასაჯაროვდეს, ან საერთოდ არ მოხდეს რეაგირება კორუფციის ყველა ფაქტზე.

მოგეხსენებათ, როგორ მუშაობს ჩვენთან პოლიტიკური სუბიექტებისა და მათი შემომწირველების სქემა. სახელმწიფო ტენდერებში ხშირად ის კომპანიები იმარჯვებენ, რომლებიც მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის გვევლინებიან და ამ გზით ხდება მათგან "ფულის დაბრუნება" გამარჯვების სანაცვლოდ. შემდეგ ეს პოლიტიკური ძალა კვლავ მოდის უმრავლესობით პარლამენტსა თუ საკრებულოში, შემომწირველებიც კვლავ იგებენ ტენდერებს და ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს შემდეგ კვლავ შეწირავენ პარტიას. ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს მოსახლეობა და ამას ლაპარაკობს მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია.

სულ რომ არ მოხდეს რეაგირება კორუფციის არც ერთ ფაქტზე, ეს უკვე ძალიან სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ის, რაც გვაქვს, წელიწადში რამდენიმე ათეული შემთხვევა, უმეტესწილად სტატისტიკისთვის იქმნება.

ნიშანდობლივია თბილისის მერის განცხადება, მერიის მაღალჩინოსნებს ხელი არ წაგიცდეთ და ქრთამი არ აიღოთო. უმიზეზოდ ასეთ რამეს არ იტყოდა, როგორც ჩანს, კალაძეს უთხრეს, რომ მის სისტემაში რაღაც ხდება და რეაგირების ნაცვლად, საჯაროდ გააფრთხილა თანამშრომლები, მეტი აღარ მოიპაროთო. ბუნებრივია, ასეთი მაგალითების გამო ლაპარაკი ზედმეტია "კორუფციის აღქმის ინდექსის" გაუმჯობესებაზე. ჩემთვის, მაგალითად, ამოცანა იქნებოდა, რომ გავუსწროთ აფრიკულ სახელმწიფოს, ბოტსვანას, რომელიც ჩვენზე წინ არის ამ კვლევაში; სომხეთმა ერთ წელიწადში 7 პუნქტით შეძლო პოზიციის გაუმჯობესება და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ყოველ წელს რეგიონის გაუმჯობესების ლიდერი ვიყოთ?

- როცა ვისმენთ კრიტიკულ შეფასებებს, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს პოლიტიკურად დაინტერესებული პირების მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია. რამდენად შესაძლებელია, რომ "კორუფციის აღქმის ინდექსზე" სუბიექტური განწყობები ახდენდეს გავლენას? - ხელისუფლების ძალიან დიდი გულუბრყვილობაა ეძებოს მიზეზი იქ, სადაც არ არის. დღეს, როცა ზღვა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ამ კატეგორიებით მსჯელობა საბჭოურ მენტალიტეტს უფრო შეშვენის. დამნაშავეებს სხვაგან ნუ ეძებენ, არამედ ეძებონ პრობლემების რეალური სათავე, მიხედონ საქმეს და გამოასწორონ. წინა ხელისუფლებაც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა და შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა, მაგრამ რა ემართება ზამთარში ბუზს, ყველამ კარგად ვიცით.