ფულის "მჭამელები" - კვირის პალიტრა

ფულის "მჭამელები"

დედოფლისწყაროში რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა ”ბოროტი საგადასახადო ზღაპარი”. ის თითქოს კეთილად დასრულდა, მაგრამ ბევრისთვის-სულაც არა. მიწის ნაკვეთების არაერთმა მფლობელმა გვარიანი თანხები გადაიხადა და როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად...

ყველაფერი 2000 წელს დაიწყო, რომელიც დედოფლისყაროს რაიონისთვის სტიქიური უბედურების წლად გამოცხადდა. გვალვამ მოსავალი გაანადგურა და მიწები ისე დასკდა და გამოიფიტა, ორი-სამ წელიწადს ვეღარაფერი მოიყვანეს. საქმეში პრეზიდენტი შევარდნაძე ჩაერია. აღმოჩნდა, რომ ფერმერთა ნაწილს 2000 წლის მიწის გადასახადი გადახდილი ჰქონდა და ეს თანხა მათ 2001 წლის გადასახადად ჩაუთვალეს. დადგენილება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქივშია შენახული. მაგრამ ეს ბლეფი გამოდგა.

სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელიც 5 ჰა-მდე მიწის მფლობელებს გადასახადისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდა, არც ეს დანაპირები შეასრულა და 2000 წლის გადასახადებიც საურავით მოითხოვა. პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანების თანახმად, მოიჯარეებს 2005 წლის 1-ელ იანვრამდე ყველა დავალიანება ჩამოაწერეს. მიუხედავად ამისა, დედოფლისწყაროელ ფერმერებს უკვე ნაპატიები, ათი წლის წინანდელი გადასახადები, საურავებით მოსთხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.

”17 ჰა მიწის ნაკვეთი მაქვს, წლების განმავლობაში რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი ვიყავი და გადაუხდელობას როგორ ვიკადრებდი, პატიოსნად ვიხდიდი საიჯარო გადასახადს. 2000 წლის გადასახადი ჯერ ჩამოგვაწერეს, მერე კი საურავიანად დაგვაწერეს, ისე რომ ჩვენც ვერაფერი გავიგეთ. 2010 წლის მარტში საგადასახადოდან 1600 ლარის გადასახადის ცნობა მომივიდა;

თან მწერენ, თუ არ ეთანხმებით, გაასაჩივრეთ თელავის ან თბილისის სასამართლოშიო. ვითხოვ, საგადასახადომ ამიხსნას, რომელი წლის და რა გადასახადია ეს 1600 ლარი და პასუხს ვერ ვეღირსე... ვალებში ჩაფლულებმა ისედაც ყველაფერი გავყიდეთ; როგორ და საიდან გადავიხადოთ ეს თანხა?!”-ამბობდა ფერმერი გურამ ნათელაძე, რომელიც სასამართლოში ეძებდა სამართალს. გაცილებით რთული მდგომარეობა ჰქონდათ მათ, ვისაც სასამართლომ საიჯარო ხელშეკრულება შეუწყვიტა.

რობიზონ ნატროშვილი (ფერმერი, სოფელ დედოფლისწყაროს მცხოვრები): ”2000 წელს გადავიხადე 46 ჰექტარი მიწის გადასახადი; 2001 წელს საგადასახადომ თვითონ არ გადამახდევინა, მითხრეს, 2000 წლისა ჩამოგეწერათ და 2001-ში გადმოვიტანეთო. აღმოჩნდა, რომ არა თუ ჩამომაწერეს, იმ თანხას საურავიც დაარიცხეს.

ამას გარდა, 2007 წელს, სააკაშვილის ბრძანებით, 2005 წლამდე ვისაც რა დავალიანება გვქონდა, ჩამოგვაწერეს, მაგრამ შემდეგ ეს გადასახადებიც აღადგინეს. ვეღარ გავიგეთ, სააკაშვილი გასცემს ტყუილ ბრძანებებს ჩვენი გულის მოსაგებად თუ მის ბრძანებებს არ ემორჩილებიან! ჩემი სასამართლო პროცესი დედოფლისწყაროში გაიმართა, 2600 ლარის გადაუხდელობის გამო მოსამართლემ 46 ჰექტარი მიწის იჯარის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. ყოველთვის კარგი გადამხდელი ვიყავი, საიდან მოიტანეს ამდენი დავალიანება, არაფერი მესმის, თავს ზევით კი ძალა არ არის!”

”2009 წელს 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გავყიდე. მყიდველს მიწა ისე ჩავაბარე, დავალიანება არ მქონდა, მაგრამ 2000 წლის გადასახადს საურავი დაარიცხეს და მარტში 3000 ლარი გადასახადი მომივიდა.

გადაუხდელობის შემთხვევაში თელავის საგადასახადო ქონების დაყადაღებით დამემუქრა. დავის თავი და ნერვები აღარ მქონდა, ფული ვისესხე და უკვე გაყიდული მიწის გადასახადი გადავიხადე”,-ამბობს ყოფილი ფერმერი, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.

ავთანდილ ლეკაშვილი (დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი): ”საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილება შეიტანა: ”ჩამოეწეროთ 2010 წლის 1-ელი აგვისტოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის რიცხული სანქცია იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც ამ კოდექსის 281-ე მუხლით შეუწყდათ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდისთვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების თანხებზე”. ფერმერებმა სწორედ ამ შეცვლილი კანონით უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები”.

კანონში ამ ცვლილების მიუხედავად, ფერმერები მიწას მაინც კარგავდნენ. რობიზონ ნატროშვილმა სასამართლოს დადგენილებით 46 ჰა მიწის ფართობი დაკარგა და მსგავს მდგომარეობაში ან განაჩენის მოლოდინში 600-მდე მოიჯარე იყო. საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დეპუტატი ლეკაშვილი და თელავის საგადასახადოს უფროსიც ესწრებოდნენ. სამინისტრომ საგადასახადოსა და სხვა უწყებებს დაავალა, ამოქმედდეს პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი 2010 წლის აგვისტომდე საურავების ჩამოწერის შესახებ.

ფერმერებს, რომელთა საქმეებიც სასამართლოსთვის იყო გადაცემული, თელავის საგადასახადოდან წერილები მოუვიდათ, სადაც ატყობინებენ, რომ საურავები ჩამოეწერათ. რობიზონ ნატროშვილს მიწის ნაკვეთი დაუბრუნეს. მაგრამ საბოლოოდ დაზარალებული მაინც არაერთი ფერმერი დარჩა. ვინც დარიცხული საურავები ქონების წართმევისა და დაყადაღების შიშით უკვე გადაიხადა, მათ ფულს არავინ დაუბრუნებს. დაზარალებულები ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადოს ადანაშაულებენ, რომლებმაც კანონის ცვლილებაზე დროული რეაგირება არ მოახდინეს და ამ დროის განმავლობაში ხალხს ჰაერიდან მოტანილ ჯარიმებს ახდევინებდნენ.

მაია ყოჩიაშვილი: ”ჩემს მეუღლეს მიწის ფლობის გამო 2000 წლის გადასახადზე, რომელიც ძალაში დარჩა და არ ჩამოუწერიათ, საურავები დაარიცხეს. მოსამსახურე გახლავართ, წლების განმავლობაში ხელფასი ამ მიწის გადასახადისთვის მეჭრებოდა და ფაქტობრივად, ვერ ვიღებდი. ამდენი თანხა კი იმიტომ ჩამომაჭრეს, რომ საურავებიც იყო დამატებული. ახლა ხალხს საურავები ჩამოაწერეს, მე კი იმ თანხას არავინ დამიბრუნებს. ვკითხულობ: რა დავაშავე?”

თამაზ გოგილაშვილი: ”3 ათასი ლარი გადამახდევინა თელავის საგადასახადომ, გაყიდულ მიწაზე საურავები მე მომკითხეს, მერე კიდევ 3 ათასი მომთხოვეს. გავასაჩივრე, რამდენიმე დღის წინ კი საგადასახადოდან ყველას მოგვივიდა წერილი საურავის ჩამოწერის შეტყობინებით. ის სამი ათასი ტყუილად რატომ გადამახდევინეს? იმ თანხას ხომ უკან არავინ დამიბრუნებს? ყველაფერი ჩვენნაირი, საწყალი ხალხის ზურგზე გადატყდა”.

დალი ტოკლიკაშვილი: ”დარიცხული საურავების გამო ჩემი მეუღლის გადასახადმაც სოლიდურ თანხას მიაღწია. ერთი თვის წინ ბანკში 10 ათასი შევიტანე სწორედ საურავების გამო. ეს ჩემი ოჯახისთვის მოულოდნელი საგადასახადო დავალიანება იყო. უდანაშაულო ხალხმა რაღა არ დავყიდეთ, რომ ვალი დაგვეფარა. ახლა საურავები ჩამოაწერეს, გამოდის, ჩვენმა ოჯახმა ის ფული გადაყარა”.

ფინანსთა სამინისტრო ფერმერებისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას არ აპირებს. დედოფლისწყაროს საშემოსავლო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ვინც 1-ელ აგვისტომდე გადაიხადა, მათ არაფერი დაუბრუნდებათ, ხოლო ვინც ამის შემდეგ გადაიხადა, თანხა მომავალი წლების გადასახადებში გადაუნაწილდებათ.

რუსუდან კემულარია (ფინანსთა მინისტრის მოადგილე): -ამ ფერმერების ბარათზე ეს თანხა ასახული იყო, როგორც დავალიანება, ამის გამო მათ საურავი დაერიცხათ. აგვისტოში კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, დარიცხული საურავები მართლაც ჩამოეწერათ, მაგრამ მხოლოდ მათ, ვისი საქმეებიც ამჟამად დავების საბჭოში განხილვის პროცესშია. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. თუ საურავი დაფარული არ არის და საქმე დავის პროცესშია, მაშინ შეიძლება ჩვენი მხრიდან მიდგომა შეიცვალოს. მაგრამ თუ საურავი აღიარებული აქვთ და გადახდილი, დაბრუნება აღარ მოხდება.

კანონი ამას არ ითვალისწინებს, თუ გადახდილ თანხაში ზედმეტობა არ არის.-კი მაგრამ, საურავის ჩამოწერის შესახებ გლეხს რომ არ უთხრეს, ეს ხომ საგადასახადოს დანაშაულია...-ამ ცვლილების შესახებ გადასახადის გადამხდელს უნდა სცოდნოდა. ჩვენ ახლა დავიწყეთ ინტენსიურად გადამხდელების ინფორმირება, მათ შორის იმ საკითხებზეც. სამწუხაროდ, გადახდილი ფულის ბიუჯეტიდან დაბრუნება არ მოხდება.

ლალი მეხრიშვილი