ხაფანგი თუ არნახული ხელგაშლილობა?! - კვირის პალიტრა

ხაფანგი თუ არნახული ხელგაშლილობა?!

მთავრობა ახალი სალარო აპარატების უფასოდ დარიგების საეჭვო პირობას დებს

მომავალი წლიდან ფინანსთა სამინისტრო ახალი "ჯიპიარეს" სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების დარიგებას დაიწყებს. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ხელისუფლება პირობას დებს, რომ საკმაოდ ძვირად ღირებულ ტექნიკას, გადასახადის გადამხდელებს უსასყიდლოდ გადასცემს. მეწარმეებს კი ხელისუფლების სწორედ ეს ინიციატივა აშინებთ, მუქთა ყველი ხომ მხოლოდ სათაგურშია.

შარშან სალარო აპარატის ვალდებულება ყველა იმ გადასახადის გადამხდელს დაუკანონდა, ვინც მომხმარებელთან ანგარიშს ნაღდი ფულით ასწორებს. აპარატის არქონა ან გამოუყენებლობა სოლიდური ფულადი ჯარიმებით ისჯებოდა, ამიტომ ზოგმა სესხი აიღო, ზოგმა განვადებით გამოიტანა, ზოგმაც უკანასკნელი ფული დახარჯა აპარატის შესაძენად. ახლა კი მათი გადაყრა მოუწევთ.

"შარშან ვიყიდე სალარო აპარატი 380 ლარად და ერთი წლის შემდეგ ვიგებ, რომ გაისიდან ვეღარ გამოვიყენებ. ერთხელ ჩეკის ამორტყმა დამაგვიანდა და 600 ლარით დამაჯარიმეს. რამდენჯერმე საკონტროლო შესყიდვაც განახორციელეს, მთელი დღის ნავაჭრის ჩეკიც ამომარტყმევინეს და ყველაფერი გავასწორეთ.

ახალი სალარო აპარატების გამოყენების შემთხვევაში, ინფორმაცია მაშინვე გადაეცემა შემოსავლების სამსახურს. საინტერესოა, თუ მექანიკური შეცდომა მომივიდა, როგორ უნდა ვამტკიცო საგადასახადოსთან, ან შეცდომა როგორ გამოვასწორო? თუმცა ყველაზე მეტად სწორედ ის მაეჭვებს, რომ აპარატების დარიგებას უფასოდ აპირებენ.

ეს კოლოსალური ხარჯია, რომელსაც ბიუჯეტიდან ტყუილად არ გაიღებენ. საქართველოში ალბათ ასეულ ათასობით სავაჭრო წერტილია და თუ ყველასთვის შეიძენენ სალარო აპარატს, ხარჯი ასეულ მილიონებს მიაღწევს. ეს რაღაც არარეალური და დაუჯერებელია.

ჩვენი ვარაუდით, ვაჭრობიდან მცირე სავაჭრო ობიექტების ჩამოცილება სურთ. ხალხმა ძველი სალარო აპარატებით სარგებლობა ძლივს ისწავლა და ახალი სისტემის პირობებში რომ უამრავი შეცდომა დაუშვან, რა გასაკვირია. შესადავებელიც მეტი ექნებათ, დაჯარიმების მიზეზიც და ასე ბიზნესის გაკოტრებას რა უნდა", - გვითხრა ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ.

გიორგი ცხაკაია (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი): - ეს სისტემა ახალია, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში უკვე წარმატებით მუშაობს. ამ აპარატების უპირატესობა ის არის, რომ კონკრეტული ოპერაცია ავტომატურად ინახება სერვერზე. თავად გადამხდელსაც შეუძლია თავისი ობიექტის კონტროლი, შევიდეს სერვერზე და ნახოს, რა ვაჭრობა აქვს, როდის ჰქონდა ყველაზე დიდი ან მცირე შემოსავალი. მაკონტროლებელს ეს სისტემა აძლევს ორ დადებით შედეგს: მარტივდება კონტროლის პროცედურები, თანაც სისტემის დანერგვის შემდეგ შემოსავლების სამსახური არ მივა ყველასთან, როგორც ამას დღეს აკეთებს.

მივა მხოლოდ იმ ობიექტის შესამოწმებლად, სადაც იქნება მაღალი რისკები. მაგალითად, ვაჭრობის დროს არ იყენებენ სალარო აპარატს და შესაბამისად, გადასახადებს მალავენ. თუ წელიწადში 50 ათასი ობიექტი მოწმდებოდა, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ მათი რაოდენობა 5-10 ათასამდე შემცირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აპარატები უფასოდ დარიგდება, რაც გადამხდელებისათვის დიდი შეღავათია.

- ყველა გადამხდელს დაურიგდება აპარატი უფასოდ? დაანგარიშებულია, რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს? აპარატი საკმაოდ ძვირად ღირებულია.

- ტენდერით გაირკვევა, თუ რა თანხებთან იქნება დაკავშირებული. დიახ, გვსურს ყველა გადამხდელს უფასოდ გადავცეთ ახალი სალარო აპარატი.

- შეცდომის შემთხვევეში, როცა რაღაც არასწორად აღრიცხეს სალარო აპარატში, მცდარი ინფორმაციაც თუ მყისვე სერვერზე შეინახა, ხარვეზი როგორ გამოსწორდება?

- ეს კიდევ უფრო გამარტივებული სისტემით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას სერვერზე ავსახავთ და თუ ობიექტს არ აქვს 10-20 ათასი ლარის ბრუნვა და მან შეცდომით ამოარტყა 100-ათას ლარიანი ჩეკი, რა თქმა უნდა, მარტივად გაუქმდება.

- სისტემის შეცვლასთან ერთად ხომ არ გადაიხედება საჯარიმო სანქციები სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის?

- ახალი ინიციატივის ფარგლებში გვაქვს კარგი მექანიზმი, რომელსაც ჰქვია გაფრთხილება. თუ შემოსავლების სამსახური დაინახავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჩეკის გაუცემლობა დაკაშირებული იყო გაუგებრობასთან, ადამიანურ ფაქტორებთან, სხვა ობიექტურ მიზეზთა გამო, მას შეუძლია არ დააჯარიმოს გადასახადის გადამდელი და გაფრთხილებით შემოიფარგლოს.

- რეგიონებშიც სალარო აპარატების ახალი სისტემა იმუშავებს?

- ეს სისტემა არ მუშაობს ინტერნეტის მეშვეობით, ის მუშაობს GPRS სისტემით, რომელიც ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის პრინციპით გადასცემს ინფორმაციას სერვერს.

- დაახლოებით როდის უნდა ველოდოთ ახალი სისტემის დანერგვას?

- ვფიქრობთ, რომ 2011 წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ახალი სისტემის სალარო აპარატები ექნებათ.