როგორ შესვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ "ქართული" ნავთობით სავსე ფიალა, ანუ რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში? - კვირის პალიტრა

როგორ შესვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ "ქართული" ნავთობით სავსე ფიალა, ანუ რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

"ფრონტერას" სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს"

ბოლო დროს ამერიკიდან მიღებულ კრიტიკულ გზავნილებში ორჯერ გაიჟღერა კომპანია "ფრონტერას" სახელმა. ჯერ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა მისწერა წერილი გიორგი გახარიას, სადაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე საუბრობდა და მაგალითად მოიყვანა ნავთობისა და გაზის კომპანია "ფრონტერა", რომელიც მოიხსენია, როგორც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მოგვიანებით კი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას, კონგრესმენმა პიტ ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და ასევე ახსენა კომპანია "ფრონტერა" ტეხასიდან, რომელსაც დავა აქვს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და ამის გამო ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. მმართველი გუნდისთვის ამერიკელი კონგრესმენების ასეთი "ვიწრო ბიზნესური" მხარდაჭერა მიუღებელი აღმოჩნდა და "ფრონტერა", როგორც არაკეთილსინდისიერი კომპანია, ისე მოიხსენიეს. და მაინც, რა კომპანიაა "ფრონტერა", რომელსაც საქართველოში აკრიტიკებენ, ამერიკიდან კი მის დაცვას ცდილობენ.

როგორ შესვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ "ქართული" ნავთობით სავსე ფიალა

ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა რისორსი" 1996 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს. საქართველოში კომპანია 1997 წლიდან გამოჩნდა და როგორც საქმიანობის სფეროში აქვს მითითებული, აწარმოებს გაზისა და ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს საქართველოს აღმოსავლეთში. ამისთვის დააფუძნა შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", რომლის 50%-საც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ფლობს. ანუ გამოდის, რომ ამ კომპანიის ნახევარი სახელმწიფო საკუთრებაშია, რადგან გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი" ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო გაზისა და ნავთობის კორპორაციის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

"ფრონტერას" სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს.

ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლიდან მალევე დაიწყო ნავთობსაძიებო სამუშაოები დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე. სპეციალისტები იხსენებენ, რომ კომპანიის მიერ ჭაბურღილიდან ნავთობის პირველი ამოღება 1-ლ აპრილს დაემთხვა, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან კომპანიის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები აღმოჩენილი მარაგების შესახებ არასდროს ემთხვეოდა მათ მიერ მოპოვებული ნავთობისა თუ გაზის რეალურ მოცულობას.

ტარიბანის ველზე ნავთობის ჭაბურღილის გახსნას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა და ნავთობის აღმოჩენის აღსანიშნავად ფიალიდან "ქართული" ნავთობიც გასინჯა. შევარდნაძე ამბობდა, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა შირაქში ნავთობის დიდ მარაგს მიაკვლიეს, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა, დედოფლისწყაროელებს კი სამუშაო ადგილები და უფასო ნავთობპროდუქტები ელოდებოდათ. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რეალურად ეს იყო მცდელობა, კარგი სიახლის გახმაურებით ხელი შეეწყოთ კომპანიის აქციების ფასის ზრდისთვის საფონდო ბირჟაზე. როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დედოფლისწყაროში ქუვეითელების ბედს ჯერაც შენატრიან.

"ფრონტერას" კიდევ ერთი "აღმოჩენა"

კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება, ამჯერად საქართველოში აურაცხელი გაზის მარაგების აღმოჩენის შესახებ "ფრონტერამ" 2014 წელს გააკეთა. ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ნიკანდროსი აცხადებდა, რომ აღმოაჩინეს გაზის საბადო 42 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობით, რაც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინა პირობა გახდებოდა. მოგეხსენებათ, საქართველო დღესაც პრაქტიკულად 100%-ით იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, ადგილობრივი გაზის მოპოვება კი ძალიან მცირეა (ჯამური წლიური მოხმარების 0,5%-ზე ნაკლები). საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე ტოვებდა "ფრონტერას" "აღმოჩენებს". არადა, წესით, ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მათ სენსაციურ მიგნებებზე, რადგან "ფრონტერას" გაანგარიშებით გამოდიოდა, რომ საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი ჰქონდა. ერთადერთი, ვინც მაშინ ამაზე კომენტარს აკეთებდა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია იყო, სადაც აცხადებდნენ, რომ "ფრონტერას" ასეთი კოლოსალური მარაგების არსებობის შესახებ მათთვის ტექნიკური დასაბუთება არ წარუდგენია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც უახლესი წარსულის შესახებ არქივმა შემოგვინახა. პრემიერობის პერიოდში "ფრონტერას" ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილიც შეხვდა. შეხვედრა ივანიშვილსა და "ფრონტერა საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, სტივენ ნიკანდროსს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ბუნებრივია, რომ მედია ამ შეხვედრას არ დაასწრეს, თუმცა ამ საუბარს მაშინდელი ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა. რთული გამოსაცნობია, რის შესახებ ისაუბრეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით კი ითქვა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დღეს კი ამ კომპანიას ხელისუფლების წევრები არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ, ხოლო ამერიკელ კონგრესმენებს - ვიწრო, მერკანტილური ინტერესების გატარებაში.

დავა

ურთიერთობები ამერიკულ "ფრონტერასა" და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბოლო რამდენიმე წელია დაიძაბა. 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წინა წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ამ უკანასკნელს "ფრონტერას" წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო "ფრონტერას" ადანაშაულებენ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევაში. უფრო კონკრეტულად კი საქმე კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების ე.წ. შემოსავლის გაყოფის მუხლების დარღვევას ეხება. კიდევ ერთი სადავო საკითხი აღნიშნულ დავაში იყო ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებლის დავალიანება, რომლის გადახდასაც კომპანია თავს არიდებდა.

2018 წლის სექტემბერში "ფრონტერამ" საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და ქართული მხარისგან მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა. კომპანია სარჩელში 2012-2027 წლების "მიუღებელი მოგების" ანაზღაურებას ითხოვს, რასაც 3,5 მილიარდ დოლარად აფასებს.

ამერიკულ კომპანიას რომ ფინანსური პრობლემები აქვს, ამას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. "ფრონტერამ" 17 დეკემბერს დედოფლისწყაროში სამსახურიდან 84 თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც თავად თანამშრომლები აცხადებენ, გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან მათ 11 თვის განმავლობაში არ აუღიათ ხელფასი, რის გამოც პროტესტი გამოთქვეს და სამუშაოდ არ გამოცხადდნენ. მათივე ცნობით, ამის გამო კომპანიამ სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართა და ისინი სამსახურიდან დაითხოვა.

ვინც ეძებს, პოულობს კიდეც

და მაინც, რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში 23 წლის განმავლობაში და რა იპოვა? საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოები ხორციელდება სალიცენზიო ფართობებზე (ე.წ. ბლოკებზე). ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, პარტნიორობას უწევს ოპერატორ კომპანიებს ოპერაციების დაგეგმვაში და საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს.

ამ ეტაპზე საქართველოში ნავთობმოპოვებით საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია და მათ შორის ერთ-ერთი "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიაა".

ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო სრულად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზეა და წლიური მოხმარება 1 მილიონ ტონას აჭარბებს. შესაბამისად, ადგილობრივად მოპოვებული ნავთობის მოცულობა მოხმარებასთან შედარებით მიზერულად გამოიყურება. თუმცა ეს, როგორც ჩანს, არ უკარგავს უცხოურ კომპანიებს ინტერესს საქართველოში ნავთობი მოიპოვონ, ზოგმა მეტ-ნაკლებად შედეგიანად, ზოგი კი წლიდან-წლამდე, პრაქტიკულად, კვლევა-ძიების სამუშაოებს დასჯერდეს(?!)