რა რჩება ეკონომიკის სუსტ წერტილად?! - კვირის პალიტრა

რა რჩება ეკონომიკის სუსტ წერტილად?!

"ეკონომიკური პალიტრა" წლის მიწურულს ტრადიციულად აჯამებს გასულ წელიწადს, აგრეთვე აქვეყნებს დამდეგი წლის ეკონომიკურ პროგნოზებს. როგორც შარშან ექსპერტების მიერ გაკეთებული კომენტარები - 2010 წელს ყველაზე მეტად ფასები სურსათზე გაიზრდებაო - ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ!

ტრადიციას არც ამჯერად ვარღვევთ და გაგაცნობთ ექსპერტების მიერ გაკეთებულ ეკონომიკურ პროგნოზებს მომავალი წლისთვის, რამაც, შესაძლოა, კარგი სამსახური გაგიწიოთ.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "პირველი საპროგნოზო მაჩვენებელი, მთლიანი შიდა პროდუქტია. ვფიქრობ, 2011 წელს მშპ გაიზრდება, თუ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ან სხვა რამე გარე ფაქტორმა განვითარებას ხელი არ შეუშალა.

2010 წელი იყო საქართველოში რეაბილიტაციის წელიწადი. 2009-ში აღირიცხა დაცემა, 2010-ში იყო ზრდა ბიზნესისა და ეკონომიკის ზოგ სეგმენტში. სავარაუდოდ, ზრდა გაგრძელდება. წლეულს გვქონდა ზრდის 6%-იანი მაჩვენებელი და ვფიქრობ, საგაისოდაც 6-დან 8%-მდე იქნება. ამის საფუძველი, პირველ რიგში, შესაძლოა გახდეს ინვესტიციები, რომლებიც მოსალოდნელია, უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს; აგრეთვე, ბიზნესის მეტი აქტივობა.

ყველაზე საყურადღებო მაჩვენებელი 2011-შიც ინფლაცია იქნება. ხელისუფლების პროგნოზი 2010 წლისთვის იყო ინფლაცია 6%-ის ფარგლებში, მაგრამ 10%-ს მიაღწია. დამდეგი წლისთვის შესაძლოა ორნიშნა ინფლაცია არ გვექნეს, მაგრამ 7-10%-ის ფარგლებში მაინც იქნება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბაზრებზე რამე კატაკლიზმები არ მოხდება.

ინვესტიციების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო, დაახლოებით 700 მილიონ ლარამდე შეადგინა და ვფიქრობ, რომ უმნიშვნელო ზრდა მაინც გვექნება. ამის იმედს თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და ტურისტული ზონების შექმნა გვაძლევს. შესაძლოა მათი ეფექტურად ამოქმედებით ახალი ინვესტიციები მივიღოთ. გარდა ამისა, თუ ხელი არ შეეშალა, ტრამპის კომპანია გეგმავს საქართველოში ფულის დაბანდებას და თუ ეს 2011-ში განხორციელდა, ესეც უკვე მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელს.

მომავალ წელს ექსპორტის თვალსაზრისითაც ველოდები განსაზღვრულ წარმატებას. 2010 წელს ბაზარზე საკმაოდ ბევრი ახალი ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გამოჩნდა.

ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთობების დალაგებით ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან თუ ახალ სავაჭრო ქვეყნებთან, ბიზნესი მოახერხებს აქტივობის გაზრდას ქვეყნის გარეთ. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე ახლა პოსტკრიზისული პერიოდია, ეს ბაზრები მზარდია და მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებზე - ოქროზე, ფერად ლითონებზე - კიდევ უფრო გაიზრდება.

უმუშევრობის მკვეთრ შემცირებას არ უნდა ველოდოთ. ადამიანების ნაწილი ალბათ იშოვის სამუშაოს, მაგრამ უმუშევრობის საერთო დონე იგივე პროცენტულ ფარგლებში იქნება, რაც წლეულს იყო.

მნიშვნელოვანი თემაა კონკურენციის ხარისხი ქართულ ბაზარზე. ის საკმაოდ დაბალია და პრობლემები ალბათ 2011 წელსაც იქნება. ბაზარი მონოპოლიზებული და კონიუნქტურულია და დიდ სიახლეებს ამ მხრივ არ ველოდები. მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების პრობლემა კვლავ აქტუალური დარჩება.

პრობლემურია სოფლის მეურნეობა. 2011 წლისთვის ამ სფეროს დაფინანსება დაახლოებით ოთხჯერ არის გაზრდილი და 60 მილიონს აჭარბებს, მაგრამ არ მგონია, ამ სფეროში ნახტომისებური ზდა გვექნეს. იქიდან გამომდინარე, რომ წლეულს ძირეული ცვლილებები ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურული მოწყობის ნაწილში არ განხორციელებულა და არც დამდეგ წელს იგეგმება.

ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობა ისევ დარჩება ქართული ეკონომიკის სუსტ რგოლად.

განვითარებას უნდა ველოდოთ ტურიზმში. წლეულსაც საკმაოდ დიდი იყო შემოსული ტურისტების რიცხვი და ზრდა გაგრძელდება, თუ გარე ან შიდა ფაქტორებმა არ შეგვიშალა ხელი.

ქვეყანა ახალ წელს ახალი საგადასახადო კოდექსით იწყებს. ვფიქრობ, ადმინისტრირების სიმკაცრე დაიკლებს, მაგრამ ახალი კოდექსი ზოგ სექტორს საქმიანობას უმძიმებს. ეს არის ლუდსახარში კომპანიები, მობილური კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობაში და გადამმუშავებელ წარმოებაში მოქმედი კომპანიები.

ფერმერული მეურნეობებისთვის იზრდება მიწის გადასახადი. თუმცა არის სექტორები (ბანკები, საცალო ვაჭრობაზე ორიენტირებული კომპანიები), რომლებმაც შესაძლოა ახალი ეკონომიკური კურსის შემდეგ უფრო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ, აგრეთვე უფრო კომფორტული საბაჟო რეჟიმებით. ამ მხრივ არაერთგვაროვან ზრდას ველოდები.

საკმაოდ მზარდი იქნება ენერგეტიკის სექტორი, სადაც ახალი ინვესტიციებს ველოდებით. თუმცა სამშენებლო სეტორში სტაგნაცია გაგრძელდება. მართალია, მცირე სასიკეთო ძვრები შეინიშნება, მაგრამ ამ დარგის რეაბილიტაცია ახლო პერსპექტივა არ არის.

დემურ გიორხელიძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "2011 წლის ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, აგრეთვე, პროცესებზე ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის სრულად დაძლეული ეკონომიკური კრიზისის შედეგები. ეს განსაკუთრებული ოპტიმიზმის წელიწადი არ არის ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის.

მეორე მხრივ, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მთავრობა, რამდენად მისცემს იგი საშუალებას ეკონომიკურად აქტიურ ადამიანებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებული თამაშის წესებით ისარგებლონ და არ ექნეთ ადმინისტრაციული ორგანოების შიში, როგორც აქამდე. დეკლარაციის დონეზე ამის შესახებ გაცხადდა, არ ვიცი, რატომ უწოდეს ამას ახალი ეკონომიკური კურსი, თუმცა მთავარია, ეს რეალურად განხორციელდეს. გადასახადის გადამხდელი კანონის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს, მაგრამ არ უნდა იყოს უძლური და დაუცველი თანამდებობის პირის ან უწყების წინაშე.

სამომავლოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას ხელისუფლების წინაშე - შეძლებს კი ის საჭირო სავალუტო რესურსების მოზიდვას? დახმარება, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან მივიღეთ და რითაც აქამდე გაგვქონდა თავი ($4,5 მილიარდი), მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ მომავალ წელს ასეთ საჩუქრებს არ უნდა ველოდოთ. ასე რომ, სავალუტო შემოსავლების პრობლემა დარჩება.

კვლავაც აქტუალური იქნება ჩვენი რეალობის სენი - ინფლაცია, რომელიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მოქალაქეების უმრავლესობას, თუ იგი რაღაც ჩარჩოებში არ მოექცა. მოკლედ, ვფიქრობ, რომ საკმაო თავის ტკივილის მომტანი წელიწადი იქნება. ძალიან გონივრული გადაწყვეტილებებია საჭირო და მაინცდამაინც დიდ შედეგებს ქართული ეკონომიკისგან ნუ ველოდებით".