საახალწლო სუფრა, როგორც ეკონომიკური მოვლენა - კვირის პალიტრა

საახალწლო სუფრა, როგორც ეკონომიკური მოვლენა

საქართველოში, სხვადასხვა უცნაურობების გვერდით, საახალწლო სუფრა ერთ-ერთი გამორჩეულია. ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ქართველი კაცი შეიძლება იანვრის შუა რიცხვებში უკაპიკოდ დარჩეს, მაგრამ საახალწლოდ სუფრას ჩიტის რძეს არ მოაკლებს, დაზოგილ ბოლო ლარებს დახარჯავს და 31 დეკემბრის ღამის 12 საათისთვის მეფურ სუფრას გაშლის.

თუმცა ეს ერთადერთი საახალწლო უცნაურობა არ არის: ვიდრე შეთანხმებულან, როდის უნდა აღინიშნოს შობა და როდის ახალი წელი, მანამდე ჩვენი ხალხი ყველა შესაძლო დღეს ილხენს. 25 დეკემბერი, 1-ელი იანვარი, 7 იანვარი, 14 იანვარი - ეს შობა-ახალი წლის აქაური სქემაა, რომლის "საკვანძო დღეები", როგორც წესი, სუფრით აღინიშნება ხოლმე.

ცალკე თემაა საახალწლო სუფრის კერძები. დღეს ერთდროულად ცდილობენ არც ტრადიციები დაივიწყონ და სუფრა მამაპაპურად გააწყონ, თანაც არც აღმოსავლური კალენდარი დარჩეთ ყურადღების მიღმა და რომელი ცხოველის წელიწადიც მოდის, იმის პატივსაცემადაც მოამზადონ რამე კერძი. ბევრი საეკლესიო კალენდარს მისდევს და საახალწლოდ სუფრას სამარხვო კერძებით ავსებს. სხვა ხალხს ალბათ გაუჭირდებოდა ამ ყველაფრის თავმოყრა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ასეთ რთულ ამოცანას წარმატებით ვუმკლავდებით.

უსიამოვნო ტრადიციაა, მაგრამ თითქმის მთელ მსოფლიოში წლიდან წლამდე ცხოვრება ძვირდება. მართალია, სხვადასხვა საქონელზე საახალწლოდ ფასდაკლებებისა ხოლმე, მაგრამ სურსათის ფასები განსაკუთრებულად სწორედ ახალი წლის წინა დღეებში იმატებს.

რადგან გახურებული ვაჭრობა ძირითადად ახალი წლის წინა ორ დღეზე მოდის, თბილისის ბაზრებში თავპირისმტვრევა ჯერ არ დაწყებულა და პროდუქტის ფასსაც ჯერ ბოლომდე ცეცხლი არ მოჰკიდებია. აი, 30-სა და 31-ში რა მდგომარეობა იქნება, ამის განჭვრეტა ცოტა ძნელია.

ვაგზლის მოედანთან უკვე ვაჭრობენ ჩიჩილაკებით. ყველაზე პატარა ჩიჩილაკის ფასი 1 ლარიდან იწყება და ზომის მიხედვით იმატებს. წინა წლებში თუ ცოცხალი ნაძვის ხეები ზვინებად იდგა, წლეულს მათი შოვნა ჭირს.

"ცოცხალ ნაძვზე ჯარიმაა, გადაცმული დადიან და ყველას ათვალიერებენ", - მეუბნება მარადმწვანე ხეებით მოვაჭრე. ფასი 5-6 ლარიდან იწყება და ხის ზომასთან ერთად იზრდება. ბაზარში ცოცხალი ნაძვის ტოტებით აწყობილი ნაძვის ხეც აღმოვაჩინე, რომელსაც ღერო სხვა ხის აქვს და ტოტები მასზე მიუმაგრებიათ. გამყიდველი წუხს, გარევაჭრობას გვიშლიან და თუ დროზე მომაცილებ, 15 ლარად გაგატან, უფრო იაფად ნამდვილი ნაძვის ტოტებიან ხეს ვერსად იპოვნიო.

აწ დანგრეულ "დეზერტირების ბაზართან" სახელდახელოდ გამართულ დახლებთან შუადღისთვის გამყიდველი მეტი ჩანს, ვიდრე მყიდველი. მუშტარი აქ შუადღის შემდეგ იმატულებს. დახლებზე საახალწლო პროდუქტები აწყვია. "ფერხორციან" ჩურჩხელას ორ-ნახევარ ლარად მიფასებენ, შედარებით "გამხდარს" კი ორ ლარადაც დათმობენ.

შედარებით კარგი ნიგვზის ფასი 14 ლარიდან იწყება, ხოლო ზედა ზღვრის დასახელება სარისკო საქმეა. ბაზარში 10-ლარიან თაფლსაც ნახავთ, მაგრამ თუ გამყიდველებს დავუჯერებთ, ნამდვილი, კარგი თაფლის ფასი 12-13 ლარიდან იწყება და 15 ლარამდეც ადის. საქონლისა და ღორის ხორცი 9 ლარი ღირს. დაკლული ქათმის ერთი კილოგრამი 5,5 ლარი ღირს, გაყინული ინდაურის ფასი კი 8,5 ლარია.

გაცილებით ძვირია ცოცხალი ქათამი და ინდაური. ამ უკანასკნელის ფასი 40-45 ლარიდან იწყება, კარგი გოჭი კი 65-70 ლარამდე ადის. წინა დღეებთან შედარებით გაძვირებულია გაყინული თევზი და სახეობის მიხედვით ფასი 5-6 ლარიდან იწყება. ახალი კალმახის ფასი კი 10-11 ლარია. 6-7 ლარი ღირს იმერული ყველი, სულუგუნი - 10 ლარი, გუდის ყველი კი საშუალოდ 12 ლარი დაგიჯდებათ.

ვაშლის ყიდვა თუ გსურთ, 2 ლარი უნდა გადაიხადოთ, მანდარინს ლარადაც ნახავთ. ანანასის გამყიდველი კი დაიმუქრა, 15 ლარად წაიღე, თორემ ხვალ უკვე 20 ლარის გადახდა მოგიწევსო.

კარამელის ფასი 4-5 ლარიდან იწყება შოკოლადის კანფეტებში კი 6-7 ლარი მაინც უნდა გადაიხადოთ. წლეულს საახალწლოდ ყველაზე სწრაფად შაქარი ძვირდება, თუმცა ეს მსოფლიო ბაზრის ბრალიც არის. იმპორტიორები ციფრებს იშველიებენ და ამბობენ, მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და კილოგრამზე 74 ცენტი გახდა. ტრანსპორტირება-განბაჟების ხარჯების შემდეგ, თბილისში კილოგრამი შაქარი დაახლოებით 2,2 ლარად იყიდება.

ასეთია "სასტარტო ფასები" საახალწლო სავაჭრო პიკის წინ. სულ რაღაც 2-3 დღეში კი ფასები ახალ სიმაღლეებს "დალაშქრავენ".

აღმოსავლური კალენდრით, 2011 წელიწადი კურდღლისა იქნება. როგორც ამბობენ, კურდღელს რაც მოსწონს, საახალწლო სუფრაზე ის პროდუქტი უნდა იყოს. ძნელი სათქმელია, სტაფილოსა თუ კომბოსტოსგან მომზადებული კერძები რამდენად მოუხდება საახალწლო სუფრას, მაგრამ ვისაც აღმოსავლური კალენდრის "არ ეშინია", შეუძლია საახალწლო სუფრას შემწვარი კურდღელიც შეჰმატოს, რომლის ფასიც დაახლოებით 40 ლარია...

თემურ იობაშვილი