"ბორჯომი" და ბალნეოლოგიური კურორტი ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის - კვირის პალიტრა

"ბორჯომი" და ბალნეოლოგიური კურორტი ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის

ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჯანმრთელობის ხელშემწყობი ტურიზმის განვითარება იგეგმება

"IDS ბორჯომი საქართველოსა" და თბილისის ბალნეოლოგიურ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრი სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის და საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდასაჭერად ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. როგორც გაირკვა, მათი თანამშრომლობა უვადო იქნება და სამომავლოდ ორი კომპანია საზოგადოებას ბევრ საინტერესო და სასარგებლო პროექტს წარუდგენს.

"IDS ბორჯომი საქართველო" და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრი რამდენიმე ძირითადი მიმართულებებით ითანამშრომლებენ. მათ შორის იქნება ერთობლივი პროექტები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და დამკვიდრებისთვის, მჭიდრო ურთიერთობა სამედიცინო სფეროს წამყვან მუშაკებთან და ქვეყანაში ჯანმრთელობის ხელშემწყობი ტურიზმის განვითარება.

სამომავლო პარტნიორობის გეგმები და დასახული მიზნები საზოგადოებას თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ხელმძღვანელმა ზაზა კიკვაძემ გააცნეს.

ზაზა კიკვაძე: "ჩვენი თანამშრომლობა ბალნეოლოგიურ ცენტრთან მუდმივი იქნება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მეტად მნიშვნელოვანია, ასევე აუცილებელია ქვეყანაში ჯანმრთელობის ხელშემწყობი ტურიზმის განვითარებაც. საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და ტურიზმის სფეროში კიდევ ერთი მიმართულების განვითარება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

ვფიქრობ, ამ პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო აქციებს განვახორციელებთ. მინერალური წყალი "ბორჯომი" ჯანსაღი პროდუქტია, რომელიც წარმოდგენილია 30 ქვეყანაში. "ბორჯომი" ლიდერია მინერალური წყლის სეგმენტში, ამიტომ რა გასაკვირია, რომ მისი სახელით მოხდება ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

სხვათა შორის, ხშირია შემთხვევა, როდესაც უცხოეთში ჩვენს მომხმარებლებს სურვილი უჩნდებათ ჩამოვიდნენ და მოინახულონ ის რაიონი, სადაც "ბორჯომის" ჩამოსხმა წარმოებს, დაათვალიერონ ქარხნები, მოინახულონ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თბილისის ბალნეოლოგიურ ცენტრთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება პირველ რიგში იმ მიზნით, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი საერთო სტრატეგიული აქცენტები და მიმართულებები".

ნიკოლოზ სააკაშვილი: "მიგვაჩნია, რომ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო-სთან" ურთიერთთანამშრომლობა საინტერესო პროექტების განხორციელების საწინდარი იქნება. პროფესიით გასტროენტეროლოგი გახლავართ და ვიცი თუ რა მნიშვნელობა აქვს "ბორჯომის" მინერალურ წყალს გასტრიტით დაავადებულებისთვის. ეს არის წყალი, რომელსაც მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავს.

სამწუხაროა, რომ "ბორჯომის" მნიშვნელობა დაავადებათა მკურნალობაში, პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის გასული საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებული მოვლენები, ტურიზმის სექტორის რღვევა და სხვა.

მინდა ვაუწყო საზოგადოებას, რომ მომავალი წლის თებერვალში ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩატარდება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს იმ პოპულარობის აღდგენას, რომელიც "ბორჯომს" წლების განმავლობაში ჰქონდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სამკურნალო თვისებების თვალსაზრისით. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა ჩვენსა და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" შორის. ძალა ერთობაშია - ორი ძლიერი კომპანია - "ბორჯომი" და კურორტოლოგიის კომპანია, სამომავლოდ ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებენ."

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება სპეციალური ჟურნალის გამოცემა, სადაც გამოქვეყნდება ცნობები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, ძველი კულტურული ძეგლების შესახებ... ჟურნალის მეშვეობით მოხდება ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ჯანმრთელობის ხელშემწყობი ტურიზმის პოპულარიზაცია.

R