"ბორჯომი" წელსაც წარმატებული იყო - კვირის პალიტრა

"ბორჯომი" წელსაც წარმატებული იყო

"კომპანიაში დაარსების დღიდან ვმუშაობ და უნდა აღვნიშნო, რომ 2010 წელი მართლაც რომ გამორჩეული იყო "ბორჯომის" ისტორიაში"

კომპანია "ბორჯომი" მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სიახლეებით ანებივრებს. გამონაკლისი არც უკვე წარმავალი 2010 წელი იყო. "ბორჯომი" ახალი შეფუთვით, სოციალური პროექტები და ახალი სტრატეგიული ბაზრების დაპყრობა - ეს იმ მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რითაც კომპანიისთვის 2010 წელი აღნიშნა.

ზაზა კიკვაძე, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი: "გასული წელი იყო გარდამავალი პერიოდი ჩვენი კომპანიისთვის და ზოგადად ქართული ბიზნესისთვის. მთელი ძალისხმევა იქით იყო მიმართული, რომ კრიზისი დაგვეძლია. 2010 წელს მიზნად დავისახეთ ბოლომდე მიგვეყვანა ყველა დაგეგმილი პროექტი: შევსულიყავით ახალ ბაზრებზე, ახალი კომუნიკაცია შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, როგორც საექსპორტო, ისე შიდა ბაზარზე, ბოთლის ახალი შეფუთვა ჩაგვეშვა წარმოებაში და ამით წაგვეხალისებინა გაყიდვები, როგორც საქართველოში, ისე ყველა სტრატეგიულ ბაზარზე.

მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დავაჯამეთ წლის შედეგები და აღმოჩნდა, რომ ყველა დასახული მიზანი შევასრულეთ. მიმდინარე წელს, გაყიდვების მოცულობა 2009 წელთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა, როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ეს შედეგი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობის მხრიდან მკვეთრად გაიზარდა ლოიალობა "ბორჯომის" მიმართ. "ბორჯომის" ერთ-ერთი სახასიათო თვისება ისაა, რომ იგი წმენდს ორგანიზმს, ანუ შინაგანი შხაპის როლს ასრულებს. სწორედ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენი წლევანდელი კომუნიკაციის დროს მომხმარებელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

ამ მესიჯმა სხვათა შორის ძალიან კარგად იმუშავა. დამატებითი ინფორმაცია "ბორჯომის" უნიკალური თვისებების შესახებ გახდა ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი არსებული მომხმარებლის ქცევაში, მათთან ერთად გააქტიურდნენ ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც აქამდე არჩევანს სხვა ბრენდებზე აკეთებდნენ. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. გაგვეაქტიურებინა ჩვენი სამიზნე აუდიტორია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა 2010 წელი ჩვენი კომპანიისთვის. სხვადასხვა ბაზარზე ჩატარებული კვლევის საფუძვლზე შევისწავლეთ მომხმარებლის განწყობა, რამაც ცხადყო, რომ ისინი ელოდნენ ჩვენგან რაღაც სიახლეს. საექსპორტო თუ ადგილობრივ ბაზრებზე მომხმარებელი ერთსა და იმავეს გვიკვეთავდა და ჩვენ ეს შეკვეთა შევასრულეთ. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩავატარეთ და მომხმარებელს შევთავაზეთ "ბორჯომის" ახალი, განსხვავებული დიზაინის ბოთლი. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის, სწორედ ბოთლის ახალი დიზაინი იქნება წარმატების კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.

ახალი ბოთლის "დაბადება" "ბორჯომის" საწარმოო წესით ჩამოსხმის 120 წლის იუბილეს დავამთხვიეთ. ეს თარიღი გრანდიოზულად აღინიშნა ბორჯომსა და თბილისში. "ბორჯომის" იუბილეს ესწრებოდნენ ჩვენი პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კომპანიას ყველა შესაძლებლობა და რესურსი აქვს, რომ მკვეთრი ზრდის ტემპი მომავალი, ახალი წლისთვისაც შევინარჩუნოთ.

- საინტერესოა რა წარმატებებს მიაღწია კომპანიამ 2010 წელს მისთვის სტრატეგიულ ბაზრებზე?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარე წელი ყველა მაჩვენებლით წარმატებული იყო სტრატეგიულ ბაზრებზეც. ჩვენთვის ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული ბაზარი - უკრაინა, ყაზახეთი და აზერბაიჯანია. ამ ბაზრებზე გაყიდვების თვალსაზრისით ფაქტობრივად 40%-იანი ზრდა გვქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა კიდევ ერთი, ასევე სტრატეგიული ბაზარი ბელორუსის სახით.

ამ ქვეყანაში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს მივლენილი, ვინც ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა და შედეგად მივიღეთ, რომ 2010 წელს "ბორჯომის" გაყიდვები ბელორუსში წინა წელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებაა და ვფიქრობთ, რომ ზრდის ტენდენციას ამ ქვეყანაში მომავალ წელსაც შევინარჩუნებთ.

ეს რაც შეეხება "ბორჯომს", მაგრამ ჩვენს პორტფელში "ბორჯომის" გარდა წარმოდგენილია "ლიკანი", "ბაკურიანი" და "ბორჯომის წყაროები". "ლიკანიც" საკმაოდ წარმატებული ბრენდია. 2010 წლისთვის დაგეგმილი გვქონდა, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნებდით "ლიკანის" გაყიდვების ტენდენციას, არამედ გავზრდიდით კიდეც მას. შეგახსენებთ, რომ "ლიკანი" ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მნიშვნელოვანი წარმატება მოჰქონდა კომპანიისთვის. საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა "ლიკანის" სარეკლამო კამპანია, რომელიც 2010 წელს გვქონდა და აიტაცა მომხმარებელმა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ "ლიკანის" გაყიდვები გასულ წელთან შედარებით თითქმის 50%-ით გაიზარდა. ვფიქრობთ, რომ "ლიკანის" წარმატება მისი ბუნებრივი, გემური თვისებების და უნიკალური მინერალური კომპოზიციის დამსახურებაა. და კიდევ, "ლიკანის" ბოთლი ლამაზი დიზაინით გამოირჩევა. მისი ჩამოსხმა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლისთვის ხდება, როგორც მოგეხსენებათ "ლიკანი" ექსპორტზე არ გადის. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ლიკანის საბადოს რესურსი გარკვეულწილად შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, არსებული გაყიდვების ფონზე გვსურს პირველ რიგში მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მომხმარებელი.

2010 წელს საქართველოს ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოჩნდა "ბაკურიანიც". აქამდე "ბაკურიანს" 19, 6, 5 და 1,5-ლიტრიანი შეფუთვით ვუშვებდით ბაზარზე. 2010 წელს კი ბაზარზე ნახევარლიტრიანი ბოთლებიც გამოჩნდა  და უნდა აღინიშნოს, რომ შედეგიც თვალში საცემი იყო, "ბაკურიანი" წყაროს წყლის სეგმენტში ლიდერი გახდა.

საკმაოდ ცნობილია როგორც ბრენდი "ბორჯომის წყაროები", რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 11 წელია არის წარმოდგენილი. 2009 წელთან შედარებით 2010-ში ამ ბრენდსაც დიდი წარმატება ჰქონდა.

კომპანიაში დაარსების დღიდან ვმუშაობ და უნდა აღვნიშნო, რომ 2010 წელი მართლაც რომ გამორჩეული იყო "ბორჯომის" ისტორიაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ 2010 წელს ჩვენი გაყიდვები უფრო მეტი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გაგვქონდა.

ფაქტია, რომ მოვახერხეთ გადაგველახა 2006 წლის კრიზისი, როდესაც "ბორჯომის" შეტანა აიკრძალა რუსეთის ბაზარზე. გავუძელით 2008 წლის მსოფლიო კრიზისს და მეტიც, მოვახერხეთ გაგვეზარდა წარმოება. რუსეთის ბაზარი სხვა ქვეყნების ბაზრებით ჩავანაცვლეთ. იმდენი შევძელით, რომ 4-5-ჯერ გავზარდეთ გაყიდვები სტრატეგიულ ბაზრებზე. შევედით ახალ ბაზრებზე და მათი რესურსიც ავითვისეთ.

2009 წლის დასაწყისში გავხსენით წარმომადგენლობა ბალტიისპირეთში. ეს იყო ფანჯარა ევროპაში, რომელმაც საშუალება მოგვცა მაქსიმალურად აგვეთვისებინა ევროპის ბაზარი. 2009-2010 წლებში შევედით ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიც არის თურქეთი. აქამდე გარკვეულწილად ვერ ვახერხებდით ამ ბაზარზე შესვლასა და ფეხის მოკიდებას, მაგრამ წელს პირველად "ბორჯომი" გამოჩნდა თურქეთის ცნობილი სუპერმარკეტების ქსელში. შევედით პოლონეთის ბაზარზე, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: ბელგიაში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და იტალიაში. დღეს ეს არის პირველი ნაბიჯები, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი იქნება. 2011 წელს იმედი გვაქვს, რომ პოზიციებს, რომელიც 2010 წელს მოვიპოვეთ, კიდევ უფრო გავამყარებთ.

- ამ ეტაპზე რამდენ ქვეყანაშია წარმოდგენილი "ბორჯომის" პროდუქცია?

- წელს უკვე 30 ქვეყანაში ვახორციელებთ გაყიდვებს.  ვფიქრობთ, მომავალ წელს ეს რაოდენობა გაიზრდება. ჩვენი კომპანიის სტრატეგია ქვეყნების რაოდენობის ზრდა არ არის.  გვსურს, რომელ ქვეყანაშიც შევალთ, იქ ჩვენი პროდუქტი ხარისხიანად იყოს წარმოდგენილი და ამ ქვეყნებში ფეხი მყარად მოვიკიდოთ. დროდადრო ჩნდება მოთხოვნა, რომ შევიდეთ აფრიკის ქვეყნებშიც, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ ვსწავლობთ ქვეყანას და მომავალი განვითარების სტრატეგიას.

სამომავლოდ არ გამოვრიცხავ, რომ "ბორჯომმა" პირველი ნაბიჯები აფრიკის კონტინენტისკენაც გადადგას, ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ეს შორეული პერსპექტივა არ არის.

- რა სახის პროექტების განხორციელებაზე აკეთებდა კომპანია აქცენტებს 2010 წელს?

- 2010 წელს ბევრი სოციალური პროექტიც განვახორციელეთ. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ხუთ რეგიონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩავუტარეთ ადგილობრივ მოსახლეობას. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტს სამომავლოდაც გავაგრძელებთ და სხვა რეგიონებსაც ვესტუმრებით. ჩავატარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ფარგლებში ბევრი ვისაუბრეთ ბორჯომის მინერალურ წყალზე, თავად კურორტზე, მოვისმინეთ სამეცნიერო ნაშრომები და მიმოვიხილეთ ახალი კვლევები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასშტაბის კონფერენცია ბოლოს საბჭოთა საქართველოს პერიოდში ჩატარდა.

გვსურს ის წარმატება, რომელიც 2010 წელს გვქონდა, მომავალ წელსაც გავამყაროთ, კიდევ უფრო გავზარდოთ გაყიდვები. სამომავლოდ ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ "ბორჯომი" ახალი შეფუთვით თავის სიტყვას იტყვის ყველა ქვეყნის ბაზარზე. ამ თვალსაზრისით სერიოზული მარკეტინგული კამპანია გვაქვს დაგეგმილი სტრატეგიულ ბაზრებზე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ 2011 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება "ბორჯომის" ბრენდისთვის.

R