როგორ იფლანგება მილიონები
როგორ იფლანგება მილიონები
"სახელმწიფო ტენდერებსა და ხელშეკრულებებზე ტაციაობაა, რადგან ამით დიდი სარგებლის ნახვა შეუძლიათ"

დროდადრო სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს დასკვნებს, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი კოლოსალური თანხების უკონტროლო თუ არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებია აღნუსხული. უწყების მომზადებული დიდი ჩამონათვალიდან რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.

ქარელის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 56 ხელშეკრულება გააფორმა, ჯამური ღირებულებით 15,25 მილიონი ლარი. როგორც გაირკვა, ინფრასტრუქტურული პროექტები ხარვეზებით განხორციელდა - ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვიანებით დასრულდა ან საერთოდ არ დასრულებულა.

2018 წელს
რიკოთის საუღელტეხილო გზის ორი მონაკვეთის - ხევი-უბისისა და შორაპანი-არგვეთის გზისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 130 მლნ ლარს შეადგენდა. დაზუსტებული ბიუჯეტი 339 მილიონი ლარით განისაზღვრა, საბოლოოდ კი ხარჯმა 393 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან 387 მილიონი ლარი ავანსად გადაურიცხეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს.

საინტერესოა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტით
გათვალისწინებული თანხების დიდი ნაწილი საავანსო გადახდებს მოიცავდა, რომლებიც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოებისთვის იყო გამიზნული. გარდა ამისა, იყო ხარჯვის უთანაბრობაც. სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 1,815 მილიარდ ლარს შეადგენდა. ხაზინის ცნობით, 11 თვეში ამ თანხიდან მხოლოდ 1 მილიარდი აითვისეს. ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება დასახელდა. ასევე გამოვლინდა გზების უხარისხო დაგების ფაქტები.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, უკვე დაზიანებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგებული გზები. ცნობისთვის, მუნიციპალიტეტმა შპს "მიმდემისგან" 471 ათას ლარად შეისყიდა სოფელ ზედა საზანო-26 მაისის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფრის მოწყობის სამუშაოები, ხოლო შპს "გი-ან 2011"-ისგან თერჯოლა-სიქთარვის გზის რეაბილიტაცია 687,5 ათას ლარად.
დარღვევებია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გამოვლინდა მოხელეთა მიერ ქრთამის აღების არაერთი ფაქტიც. ეკონომისტი აკაკი ცომაია "კვირის პალიტრასთან" განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების უკონტროლო გაფლანგვა მანამდე გაგრძელდება, სანამ საბიუჯეტო უწყებების გაკონტროლების მექანიზმი არ შემუშავდება.

- ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ იხარჯება ბიუჯეტის თანხები. მხოლოდ იმის გაკონტროლება შეგვიძლია, თუ როგორ იხარჯება მთლიანი თანხა კონკრეტული მუხლის მიხედვით - მაგალითად, რომელიმე მიზნობრივ ჯგუფში ამა თუ იმ თვეს ან წელს, ჯანდაცვაში ან განათლებაში - რამდენიმე ათასი ან სულაც მილიონი. თუმცა, რა პრინციპით გაიწერა ეს თანხა, როგორ დაიანგარიშეს, დაცული იყო თუ არა წესები და პროცედურები, შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას, პატიოსნად გადაანაწილეს თუ არა, ამის შემოწმება არ შეგვიძლია.
სხვა საკითხია ისიც, თუ რამდენად მიზნობრივად გასწიეს ხარჯი - ტენდერი გამოცხადდა თუ მოლაპარაკებით გადაწყდა; მოხდა თუ არა ფასთა პორტირება, შეისწავლეს თუ არა ბაზარი - ამ დეტალებზე არაფერი ვიცით, ეს ინფორმაცია ღია არ არის.

შეიძლება ტენდერი გამოცხადდეს, მაგრამ სატენდერო წინადადება მორგებული იყოს კონკრეტულ კომპანიაზე, რათა მხოლოდ მან შეძლოს მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილება. ეს ნიშნავს, რომ ამ კომპანიის უკან დგას პირი, რომლის ვინაობაც საზოგადოებისთვის უცნობია, საწარმოს კი ჰყავს დირექტორად საგანგებოდ შერჩეული ისეთი­ პიროვნება, რომელსაც ვერაფრით დააკავშირებთ იმ ჩრდილში მდგომ რეალურ მფლობელთან, რომელიც ტენდერს თავისი გავლენებით იგებს.

ასეთი სქემებიდან გამომდინარე, ცხადია, ვერ იქნება ხელმისაწვდომი იმ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომელთაც ბიუჯეტიდან აფინანსებენ.

- არსებული ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხვა ხშირად გაბერილია...
- უმეტეს შემთხვევაში სწორედ ასეა. შეიძლება ესა თუ ის მომსახურება ბევრად იაფი ჯდებოდეს, ვიდრე გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულებაში ჩაუწერეს, ზოგჯერ კი მაინცდამაინც ტრაგიკული შემთხვევა უნდა მოხდეს (და ხშირად მსგავს შემთხვევაშიც პასუხისმგებლობას სხვას აკისრებენ), რომ გაირკვეს, რამდენად ხარისხიანად და რა ვადაში შეასრულა კომპანიამ სამუშაო.

- ამ ყველაფერს დროულად რატომ არ ამოწმებენ?
- სამუშაოებს დამკვეთი, ანუ მთავრობა უნდა აკონტროლებდეს, თუმცა აქ არის ერთი საკითხი - თუ რომელიმე მაღალჩინოსანი და შემსრულებელი კომპანია დაინტერესებული არიან, რომ თანხის ნაწილი "მორჩეს", რათა შემდეგ გაიყონ, როგორც ეს ხშირად ხდება, მთავრობაში თავს რატომ შეიწუხებენ?! როგორც წესი, ორმხრივი ინტერესების გარეშე მსგავსი შეთანხმებები არც ხდება.
ინსტიტუციები, რომლებსაც მონიტორინგი ევალებათ, ფაქტობრივად, არ მუშაობენ. მთავრობის წევრები, რომლებიც გარიგებებში მონაწილეობენ, საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად სულაც არ მიიჩნევენ.

- გამოდის, ერთადერთი, ვინც დარღვევებს სწავლობს, აუდიტის სამსახურია, მაგრამ რა მოსდევს ამას, რამდენად ქმედითია კანონი?
- დიახ, მაგრამ აუდიტის სამსახურის მუშაობაც მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობას, რომელსაც შემდეგ დასკვნის სახით გააცნობს პარლამენტსა და საზოგადოებას. სხვა ვინმე რომ დაინტერესდეს, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები, შეკვეთის შემსრულებელი ინფორმაციას ან არ გასცემს, ან "უკეთეს შემთხვევაში", არასწორ ინფორმაციას აწვდის.

ყველაფრის დამალვა საზოგადოებისგან მთავრობის არაკეთილსინდისიერი წევრების ინტერესებს ემსახურება. მათ აქვთ ძალაუფლება და ამ პრივილეგიით სარგებლობენ, საზოგადოებრივ რესურსს, ანუ გადასახადებს, მარტივად რომ ვთქვათ, იპარავენ და ასე იფლანგება ბიუჯეტიდან მილიონები.

სხვა საქმეა, რაში ხარჯავენ - არჩევნებისთვის, ფონდებში ირიცხება, კონკრეტული პირების კეთილდღეობას ხმარდება თუ საზღვარგარეთ გადის, არავინ იცის. მთავრობას მარტივად შეუძლია ინფორმაციის დამალვა, რადგან კონტროლის მექანიზმი სუსტია.

- ბიუროკრატიაში რომ დიდი ფული იხარჯება, ამის უამრავი ფაქტი გვაქვს. მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ თავდაცვის სამინისტრო თანამდებობიდან დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასებს ურიცხავდა, თუმცა არავინ დასჯილა. რატომ?
- იმიტომ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ფლანგვის არაერთი მაგალითი გვაქვს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოში ირწმუნებიან, რომ ავტომობილის 70-ლიტრიან ავზში ერთ ჩასხმაზე 160 ლიტრი საწვავი ჩაასხეს. ძნელია გაკონტროლება, რამდენად სწორად იყენებს საწვავის ტალონს ესა თუ ის საჯარო პირი. კორპორაციული ტელეფონით ულიმიტოდ საუბრობს და არავინ იცის, პირადი მიზნებისთვის თუ სახელმწიფო საქმეებზე. ეს კოლოსალური ხარჯების მრავალთაგან მხოლოდ ერთი-ორი მაგალითია.
უკონტროლობა წლებია გრძელდება, ამიტომ სულ იქნებიან ფიქციურად გაფორმებული თანამშრომლები, დასაქმებული არაკვალიფიციური ნათესავები, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მხოლოდ ბარათის გასატარებლად დადიან და არცთუ დაბალ ხელფასს იღებენ. ეს თანხა კერძო სექტორში რომ დაგვეხარჯა, მეტ საქონელს შევიძენდით, მეტ მომსახურებას ვიყიდდით და მეტ მოქალაქეს ექნებოდა შემოსავალი. კერძო სექტორიც უფრო აქტიური იქნებოდა და ეს რესურსები უფრო ეფექტიანად დაიხარჯებოდა. რეალურად, სახელმწიფო ბევრად ძვირად ყიდულობს ყველანაირ მომსახურებას, ვიდრე მას კერძო სექტორი შექმნიდა. ეს "ბეზპრედელი", რაც კონტროლის მექანიზმის უქონლობის ბრალია, შეუძლებელია გაგრძელდეს.

ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. მეტიც, როცა ჟურნალისტი მწვავე კითხვას დასვამს, ღიზიანდებიან, იმალებიან, არადა, კანონი ავალდებულებთ დეტალური ინფორმაციის გაცემას.

- გამოდის, დარღვევების გამო კანონით დასჯის შიში არა აქვთ.
- დიახ, ასეა და ამიტომაც არის სახელმწიფო ტენდერებსა და ხელშეკრულებებზე ტაციაობა, რადგან ამით დიდი სარგებლის ნახვა შეუძლიათ. სისტემური ხასიათის დანაშაულის წინა პირობა დაუსჯელობის სინდრომია, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შერჩევითი სამართალია - პროკურატურა და სასამართლო ინტერესდებიან ამ საქმეებით, მაგრამ მუდმივად ისე ჩანს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და სწორედ ამას მოსდევს "ბეზპრედელიც".
ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის 13 მილიარდი ლარი იხარჯება და საპირწონედ რომ შევადაროთ, რა კეთდება, უზარმაზარ სხვაობას მივიღებთ.

ჩვენთან დამკვიდრებული ტენდენციაა - როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის, ე.წ. უჩინარი მილიონერები მზად არიან დიდი ფულის გადასახდელად, დებენ გარიგებას და ხელისუფლება ამაზე იყიდება - ანუ ხელახლა იწყება ციკლი და ვიღებთ­ მასშტაბურ კორუფციას. სახელმწიფო თავად არის წამახალისებელი და ამიტომაც ხდება მსგავსი ფაქტები ყველა საკრებულოში, მერიაში, უწყებაში, სადაც კი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება.

გიგი უგულავას საქმიდან ჩანს, რომ მთავრობაში დიდძალი თანხა იფლანგებოდა, თუმცა ახლანდელი მასშტაბი გაცილებით დიდია. დამტკიცდა, რომ უგულავამ თანხა არამიზნობრივად გახარჯა, მაგრამ პარტაქტივი დაასაქმა, შინ არ წაუღია. არც მაშინ და არც ახლა ამის ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა. სახელმწიფო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მაღალჩინოსანი დიდი ცდუნების წინაშეა და არა აქვს შიში, რომ კანონის დარღვევის გამო დასჯიან. სანამ დასჯის მექანიზმი არ ამუშავდება, ყველა, ვინც უნდა დაინიშნოს ან აირჩიონ ამა თუ იმ თანამდებობაზე, მით უფრო, გამოუცდელი პირი, მოპარვის ცდუნება ყველას ექნება.

როცა საშუალო რგოლის მოხელეს უფროსი რამე უკანონობას ავალებს, ის სამსახურის, პრივილეგიების დაკარგვის შიშით თუ გამოუცდელობის გამოც დავალებას ასრულებს, რითაც თავადაც დანაშაულის თანამონაწილე ხდება. მეტიც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რეალურად დამნაშავედ სწორედ მას გამოიყვანენ და არა მის უფროსს.

მოხელეზე უკვე აქვთ კომპრომატები, რითაც აშანტაჟებენ და სხვა, უარეს საქმეებსაც გააკეთებინებენ, ხოლო როცა დიდ თანხებზეა საუბარი, საქმეში შეიძლება ჩაერთოს უშიშროებაც, რომელიც ინფორმაციას აგროვებს პირზე. ასე რომ, ის უკვე სიტუაციის მძევალია და კარნახით მოქმედებს.

ეს არის სისტემა, რომელიც საქართველოში წლებია კონკრეტული პირებისთვის შედეგიანად მუშაობს, მთლიანობაში კი უკან ხევს სახელმწიფოს, ქვეყანას, მის ავტორიტეტსა და ეკონომიკას.
კარლო
17 მარტი 2020 04:28
დღეს სამწუხაროდ ფულის კეთება გაიგივებულია სახელმწიფოსათვის ფულის მოპარვასთან. სანამ ეს არ შეიცვლება ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ.
ალექს
14 მარტი 2020 12:31
დღეს კანონებით, წესებითა და ინსტრუქციებით, ვითომ პრევენციისათვის, "სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე " , ხელოვნურად იქმნება სრულიად ბუნებრივი ქმედებების კანონით დამძიმება , დასარღვევი ველი ინაღმება წინასწარ მით მომავალში დასაშანტაჟებლად და გამოსაძალად, ან ჩასაჯენად, დასაჯარიმებლად -ბიუჯეტს აზარალეო, ან სახელმწიფოსო, ანაც მონოპოლისტსო , აი ვთქვათ , რომ ჩავწეროთ საგადასახადო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის დარღვევის, ან დანაშაულის ინსპირირება და მისი მცდელობაც კი სახელმწიფო თანამდებობის, ან მონოპოლიური და დომინანტური მდგომარეობის მქონე სუბიექტის დამჯარიმებელ დამსჯელი უფლებით აღჭურვილი პირის მხრიდან ისჯება იმ დარღვევის მართლა ჩამდენის წინააღმდეგ გამოსაყენებელი სასჯელის სამმაგი ოდენობით მისი უშუალო და ზემდგომ ხელმძღვანელებთან სოლიდარული პასუხისმგებლობითო, რა მოხდება ,დავიშლებით ?!
მახო
11 მარტი 2020 04:12
ესაა ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება და ეს ხალხია დღესდღეობით საქართველოს პირველი მტერი მაგრამ რა ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?