2010 წლის ბიზნესწარმატებები - კვირის პალიტრა

2010 წლის ბიზნესწარმატებები

ეკონომიკამ წლეულს 6%-იანი ზრდა აჩვენა. მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მოცულობა ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ სამი კვარტლის მონაცემებით, $14,8 მილიარდს აღემატება, რაც შარშანდელ იმავე დროზე 6,7%-ით მეტია. ზრდა რამდენიმე სფეროს ხარჯზე მოხდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასული წელი ყველაზე მომგებიანი ვაჭრობისთვის იყო. ეს სექტორი კრიზისის პერიოდშიც მოგებაზე მუშაობდა. სტაბილურად მომგებიანია საფინანსო სექტორი. კვლავაც მოგება მოაქვს სასტუმროებსა და რესტორნებში ჩადებულ ფულს, სადაც განსაკუთრებული ზრდა III კვარტალში აღირიცხა, რაც ტურიზმის ზრდამ მოიტანა. ბევრ ბიზნესს კრიზისის დაძლევა გაუჭირდა, განსაკუთრებით მძიმე 2010 წელი სოფლის მეურნეობისთვის გამოდგა.

ვაჭრობა და საცალო ბაზარი. კრიზისისა თუ ხელმოკლეობის მიუხედავად, სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს კლიენტი არ აკლია. საკვებ პროდუქტებზე მომხმარებელი კრიზისის დროსაც ვერ იტყვის უარს, ამიტომაც იყო, რომ ფინანსური კრიზისი ამ სფერომ ყველაზე იოლად დაძლია და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისთანავე, მოგებაზე გავიდა. მომგებიან წელიწადს საახალწლოდ გაათმაგებული ვაჭრობაც დაემატება.

სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში მყიდველთა რიგები დადგა. რიტეილერები მომხმარებლების ასეთ მოზღვავებას არც ელოდნენ. მაღაზიები ამბობენ, რომ რეალიზაცია საახალწლოდ 600%-ით გაეზარდათ.

მომგებიან ბიზნესს ბევრი მიეძალა და ბაზარზე ახალი სუპერმარკეტებიც გამოჩნდა. ჯერ ”ჯი მარტი” შემოვიდა, წლის ბოლოს კი სუპერმარკეტების ქსელ ”სმარტის” განვითარება ”ვისოლმა” დაიწყო. ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ სუპერმარკეტებში ყველაზე დიდი მოთხოვნა, დაახლოებით 62%, მზა საკვებზეა. ხოლო მცირე მაღაზიებში ყველაზე დიდი ოდენობით თამბაქო, სასმელები და პურპროდუქტები იყიდება.

ბოლო თვეებში მარკეტებში გაიზარდა ხორცის მოხმარება. რიტეილერების თქმით, ხორცზე მოთხოვნა წიწიბურას, ბრინჯისა და სხვა სურსათის გაძვირებამ გაზარდა. ფასთა სხვაობის შემცირების გამო მომხმარებელი ისევ ხორცის ყიდვას ამჯობინებს. ბოლო დროს გამოიკვეთა სუპერმარკეტებში ბოსტნეულის გაყიდვის ზრდა. ადრე ბოსტნეულის შესაძენად ხალხი საკოლმეურნეო ბაზრებში დადიოდა, ახლა მათ სუპერმარკეტებში შეუძლიათ ყიდვა.

მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტსა და სერვისზე გაუჩნდა მოთხოვნა, ამიტომ ბაზრობებსა და საკოლმეურნეო ბაზრებს კლიენტი მოაკლდა. ამას ხელს წონაში მოტყუება და შენახვის პირობების დაუცველობაც უწყობს. ისიც შეინიშნება, რომ მომხმარებელი მეტ ასორტიმენტს, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და გამორჩეულ პროდუქტს ითხოვს, რასაც ბაზარზე ჯერჯერობით მხოლოდ დიდი სუპერმარკეტები აკმაყოფილებენ.

საბოლოოდ, გაყიდვას ფასების დაწევის მცდელობა ზრდის. იაფი ფასების აქცია ”ჯი მარტმა” დაიწყო, რამდენიმე პროდუქტზე ფასი დააგდო და ამით გაყიდვამ მოიმატა. ”სარისკო იყო იმ ადგილას შესვლა, სადაც ახლოს ე.წ. საკოლმეურნეო ბაზარია, მაგრამ გაყიდვამ მოლოდინს გადააჭარბა. სხვა ქსელებთან შედარებით 15%-ით დაბალი ფასით შემოვედით. გაყიდვა წლეულს 600%-ითაა გაზრდილი. 80 ათასი ლარია ყოველდღიურად ნავაჭრი. მომხმარებელი არჩევანს ფასებსა და სერვისზე აკეთებს. ადრე პირველად საგნებზე უფრო იყო მოთხოვნა, ბოლო თვეებში ჩეკების მოცულობები გაიზარდა. ეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ განაპირობა, თანაც მომხმარებელი კომფორტს ამჯობინებს”, - ამბობს ნატო დარჩიაშვილი, ”ჯი მარტის” მარკეტინგის მენეჯერი.

როგორც კონკურენტების მიერ მოწყობილმა ფასების კვლევამ აჩვენა, ”ჯი მარტმა” ფასი მხოლოდ ე.წ. პროდუქტ-ინდიკატორებზე დაწია, რომელთა ფასები სხვა მარკეტებში მომხმარებელმა კარგად იცის. მაგალითად, ”ნაბეღლავი” ყველა სავაჭრო ობიექტში ლარი ღირს. ასეთივე ტაქტიკას მიმართავს ”პოპულიც”. ამის გამო მომხმარებელი იბნევა და სუპერმარკეტში ფასების რეალურ დონეს ვერ ხვდება. შედარებით უკეთესი სერვისისა და ფართო არჩევანის მიუხედავად, სუპერმარკეტებს პატარა მაღაზიებთან შედარებით არახელმისაწვდომისა და ძვირიანის იმიჯი აქვს.

კიდევ ერთი, რაც მომხმარებლებს მარკეტებში არ მოსწონთ, კონსულტანტების არაპროფესიონალიზმია. ზოგი პროდუქტი არ არის სათანადოდ შენახული, რადგან მაცივრებს ღამით რთავენ. სუპერმარკეტებმა უკვე საკუთარი წარმოებაც გააკეთეს. ეს ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან დიდ მარჟაზე მუშაობენ. სულ უფრო მეტი მოთხოვნილებაა სწრაფი კვების ობიექტებში. ამიტომ ამ სერვისის შეთავაზება სუპერმარკეტებმაც დაიწყეს. ე.წ. ფასტ ფუდის გაყიდვა საგრძნობლად გაიზარდა. მარკეტებში ამბობენ, რომ უმეტესად ითხოვენ ქართულ პროდუქტს, ხაჭაპურს, ლობიანს და სხვა.

ფინანსური სექტორი. ეს სფერო შარშან სტაბილურად წავიდა წინ. კომერციულმა ბანკებმა 11 თვეში რეკორდული მოგება ნახეს (158,6 მლნ ლარი), მაშინ როცა 2009 წელი 2,7 მილიონი ლარის ზარალით დახურეს. თებერვლიდან მოყოლებული, მათი შემოსავალი შესამჩნევად იზრდებოდა. თუმცა მოგების დიდი წილი რამდენიმე ლიდერ ბანკზე მოდის. სექტორის საერთო მოგების 58% ”საქართველოს ბანკის” ანგარიშზეა. ისევ ზარალზე მუშაობს შვიდი ბანკი, რამდენიმე თვეა ზარალობს ლიდერთა ათეულში შემავალი რამდენიმე ბანკიც, მათ შორის ”რესპუბლიკა” და ”ვითიბი”.

ამ გარემოებამ ბანკებს ფინანსური წლის ბოლოს საკრედიტო აქტივობისკენ უბიძგა. ბანკების შემოსავლების 70% გაცემული კრედიტებიდან მიღებული სარგებელია, შესაბამისად, მათ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც დაწიეს. კლების ტენდენცია ივნისიდან დაიწყო და ნოემბერ-დეკემბერშიც გრძელდებოდა. საშუალოდ ლარში გაცემულ სესხებზე პროცენტმა 1%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 1,5-დან 2%-მდე დაიკლო. ყველაზე დაბალი განაკვეთი იპოთეკურ სესხზე 11%-ია, რომელსაც ოფიციალურად ორი ბანკი აცხადებს. კრედიტებზე საშუალო განაკვეთი დოლარში 16,5%-ია, ხოლო ლარში - 22%. დაკრედიტების მოცულობა წლის დასაწყისიდან 12-ჯერ არის გაზრდილი. გაცემული კრედიტების დიდი წილი იურიდიულ პირებზე მოდის, რაც ეკონომიკის, ბიზნესის გააქტიურებაზე მიუთითებს.

წელიწადი მომგებიანი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდებისთვის. ე.წ. სწრაფ ფულზე გაზრდილი მოთხოვნისა და ოქროს გაძვირების კვალობაზე, მათ სოლიდური შემოსავლები მიიღეს. მოგება 2010 წელსაც გაეზარდათ სადაზღვევო კომპანიებს. სადაზღვევო პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ მათი სადაზღვევო პრემიების მოცულობაც საგრძნობლად იმატებს. წლის პირველ ნახევარში (ჯერჯერობით მხოლოდ ეს პერიოდია დათვლილი), სადაზღვევოებმა 91,8 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს.

ტურიზმი. 2010 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის, 2 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ჩამოვიდა. ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკამ აჩვენა, რომ სტუმრების 75%-ს თბილისი იზიდავს. მეორე ადგილზე ბათუმია, შემდეგ მცხეთა და ქუთაისი. ყველაზე მეტი ტურისტი შარშან აზერბაიჯანიდან, თურქეთსა და სომხეთიდან ჩამოვიდა.

შესაბამისად, წარმატებული წელიწადი ჰქონდათ სასტუმროებსა და რესტორნებს, რომლებიც ტურიზმზეა მიბმული. თემურ ჭყონიას ქობულეთის სასტუმროში ამბობენ, რომ 26%-ით მეტი ვიზიტორი მიიღეს და ორ-ნახევარი თვის განმავლობაში სასტუმრო 90%-ით იყო დატვირთული.

სოფლის მეურნეობისთვის წელიწადი პრობლემური გამოდგა. სექტორი ცუდ კლიმატურ პირობებთან ერთად მღრღნელებმაც აზარალა, ამიტომ საბანკო კრედიტების მიზიდვაც გაჭირდა. შედარებით მომგებიანი იყო საკონსერვო წარმოება. მარნეულის საკონსერვო ქარხანაში განაცხადეს, რომ წლეულს ოცი დასახელების საკონსერვო ნაწარმით მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიეს იმპორტულ პროდუქტს.

მდგომარეობა შედარებით გამოკეთდა ღვინის ექსპორტში. ქართული ღვინო 46 ქვეყანაში გავიდა, სულ 14,6 მლნ ბოთლი, რაც 2009 წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ექსპორტის ნახევარი კვლავ უკრაინაზე მოდის (7,4 მლნ ბოთლი).

ნელა იზრდება ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, რადგან იქ ქართულ ღვინოს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ. ეს დიდ სარეკლამო თანხებსა და დაფინანსებას საჭიროებს, რაც ქართული ღვინის კომპანიებისათვის დიდ ხარჯებს უკავშირდება. ქართულმა კომპანიებმა მოახერხეს გაყიდვის გაზრდა ჩინეთში და ინდოეთისა და სინგაპურის ბაზრებზე შესვლასაც აპირებენ.

2011 წელი მთავრობამ ქართული პროდუქტის წლად გამოაცხადა და ამბობს, რომ ადგილობრივ წარმოებას ხელს შეუწყობს. ამასთან, პრიორიტეტად კვლავაც ტურიზმი დარჩება.

ნონა ქვლივიძე