ქართული ყველის მრავალფეროვნება - უცნობი სიმდიდრე ჩვენ ცხვირწინ - კვირის პალიტრა

ქართული ყველის მრავალფეროვნება - უცნობი სიმდიდრე ჩვენ ცხვირწინ

ისევე, როგორც არაერთი დიდი საქმე, ქართული ყველის "გამდიდრება" კერძო ინიციატივით იწყება

...ჩვენა, გენაცვა, ადრე კამეჩებით ვიყავით განთქმული. აქა იგრეთი ჰაერია, რო კამეჩი ზორბა და ჯანიანი იზრდება. პატარაობაში ბებერ ხარკამეჩზე გადამჯდარი სოფლის ჯოგს მოვერეკებოდი ხოლმე სამხრიჯვრის იალაღებიდან ალაზნის ჭალებისკენა. მაღლა, ბინებში დარჩენილი კაცები კი კამეჩის რძისაგან მაწონს ადედებდნენ და ყველი ამოჰყამდათ. კამეჩაანთკარის ყველი თელავის ბაზარზე განთქმული იყო.

თბილისიდანაც მოდიოდნენ იმის საყიდლადა. დღესა, გენაცვა, თელი მსოფლიო რო მაიარო, კამეჩის ყველს ვერსად იშოვნი. პაპაჩემმა მაინც ისეთის გამოყვანა იცოდა, რო შენი მოწონებული! დიდხან არ აჩერებდა წაკში. ახლადმარილგამჯდარ, რბილ-რბილ თავებს ამაიღებდა და ე, ამოდელა ბრტყელ ფიქალზე დააწყობდა. მერმე ემაგ ფიქალს კრამიტდახურული საჩრდილობლის თავზე შემოსდგამდა, რო ღორი ან ძაღლი არ მიჰპარვოდა და მზეზე სდებდა.

როცა ყველი გარედან შეხმებოდა და ნეკის სიმსხო ქერქს მაიდებდა, ხურჯინებში ჩავაწყობდით, ვირს ავკიდებდით და სოფელში ჩავზიდამდით ხოლმე. იმავე დღეს გრილ სარდაფში ხის თაროებზე ვალაგებდით და ზამთრამდე ეგრე ვაჩერებდით... როცა მზეზე გამთბარ და კანშემომხმარ ყველს სიგრილეში დადებ, შვილო, ჯერ სუ დაოფლამს, მერე კი, ნელა-ნელა თელ ამ ცხიმს უკან შაიწომს და თეთრი თავი თანდათან ქარვისეეფ ყვითელი ხდება.

უჰ, მაგი ჭამას რა სჯობია, ბიჯო-ო! რომელი გუდა და სულგუნი! ეგ ყველი, გენაცვა, ყველას კი არ უნდა აჭამო. სიტყვაზე რო ვთქვათ, ხევსური და მეგრელი კი ვერ გაიგებს მაგის გემოსა. ვერც ამერიკელი დააფასებს... ვერც რუსი და თათარი. ეგა, შვილო, უფრო ფრანგს, ან გერმანელს უნდა გააშინჯო, ანდა იტალიის ხალხსა...

(ნაწყვეტი მწერალ კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან "გლობალიზაცია")

ვერავინ იტყვის, როდის ამოიყვანეს პირველად ყველი საქართველოში, ან რამდენი სახეობა არსებობდა. დროთა განმავლობაში მათი უმეტესობა დავიწყებას მიეცა, მხოლოდ აქა-იქ ახსოვთ ზოგიერთებს ყველის შენახვის უნიკალური მეთოდები.

ქართული ობიანი ყველი, დამბალი ხაჭო, ჩეჩილი, იაყინ კალტი, ტენილი, მოთალი შორა, მწვანე ყველი, დათხურ-ხავიწი, ბოყრინი ხაჭო - ეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში წარმოებული ყველის სახეობებია. მაცივრის არარსებობისას ჩვენი წინაპრები სულუგუნს ღვინოში, ჭაჭასა და თაფლში ინახავდნენ, ანუ "აბერებდნენ"...

ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში მხოლოდ "ოთხნაირი ყველი" არ მზადდებოდა და რძის ამ პროდუქტის მრავალფეროვანი და დიდი კულტურა გვქონდა. "თაროზე შემოდებული" ყველის სახეობების გაცნობას როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი გურმანები ახლაღა იწყებენ.

ანა მიქაძე (მკვლევარი): "მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 28 საუკუნის წინანდელი ექსპონატები - სადღვები, ე.წ. სარძიეები. ეს თიხის სრულყოფილი ნამუშევრებია. ყველა ნივთს ეტყობა შემქმნელთა გამოცდილება და კულტურა... როცა იმ ისტორიებს ვეცნობოდი, ვერაფრით ვიჯერებდი, ქვეყანას, რომელსაც ყველის წარმოების ამდენსაუკუნოვანი ისტორია აქვს, როგორ შეიძლებოდა მხოლოდ სულუგუნი, იმერული, გუდა და ქარხნის ყველი ჰქონოდა?!

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყველის სახეობებზე ინფორმაციის მოგროვებას შევუდექი. კუთხე-კუთხე დავდიოდი, სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც მივმართე. შევაგროვე საინტერესო ფოტომასალაც.

ინტერნეტით შემეხმიანა ქალბატონი მანანა ტრენკლე, რომელსაც საქართველოში ბიზნესის წარმოების სურვილი ჰქონდა. მე ქართული ტრადიციული ყველის რეცეპტების მოძიებას განვაგრძობდი და ამასობაში ქართული ყველის ფესტივალის გამართვის იდეაც დაიბადა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ლამის ქუჩიდან მოსული ადამიანის იდეა ტურიზმის დეპარტამენტმა დააფინანსა. ცალკეული ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ და საქმესაც მიმართულება მიეცა".

მანანა ტრენკლე (ფერმერი): "უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში ვცხოვრობ. ერთხელაც, მეგობრების თხოვნით, გერმანიაში შებოლილი ყველი ჩავიტანე, მინდოდა იქაურები სასიამოვნოდ გამეოცებინა, მაგრამ შევცდი. ხელში საშინელი, ნავთისგემოიანი ყველი შემრჩა... მე კი ვიცოდი, რა არის ქართული ყველის ნამდვილი სახე და გემო, მაგრამ სხვას ვეღარ დავუმტკიცებდი. ნამდვილი ყველის დამზადება გადავწყვიტე. ინტერნეტშიც მოვკარი თვალი ქართული ყველის ბრენდად ქცევის იდეას... ერთი სიტყვით, მოვაბით თავი და სამეგრელოს ერთ-ერთი სოფელში გავხსენი ფერმა და ყველის საწარმოც. ყველს უკვე რამდენიმე ობიექტს ვაწვდით".

მანანა ბოლქვაძე (კომპანია "ბასას" პრეზიდენტი): - როცა ინფორმაციას გავეცანი, მივხვდი, რომ ყველაფრის სწორად გათვლისა და შემთხვევაში კარგი ბიზნესი გამოვიდოდა და ამ იდეით დაინტერესებულ ადამიანებს დავუკავშირდი. სოფლებში ვიპოვეთ ადამიანები, რომლებსაც ბუნდოვნად ახსოვდათ, მათ წინაპრებს როგორ გამოჰყავდათ ყველი, როგორ ინახავდნენ, როცა მაცივარი არ არსებობდა და არც მარილს აყრიდნენ.

გლეხი უკვე გამომშრალ ყველს თაფლს უსვამდა. თაფლი ანტიბაქტერიულია და ყველს ახლად გადაზელილის გემოსაც უნახავს. როცა ჩვენ მიერ გამართულ ყველის ფესტივალზე მოწვეულმა სტუმრებმა ყველის რამდენიმე სახეობა ნახეს, სახტად დარჩნენ, ვერ იჯერებდნენ, რომ ეს საქართველოში მზადდებოდა. იგივე დაემართათ დამბალი ხაჭოს გასინჯისას, ეს ყველიც არის და ხაჭოც. უნიკალური გემო აქვს ჩეჩილს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში ამზადებდნენ...

- ქართული ტრადიციული ყველის უცხოეთში გატანის იდეა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდეთ. რა ეტაპზეა ეს საქმე?

ა.მ.: - სამინისტროში უფრო მეტად დაინტერესდნენ, ვიდრე ვიფიქრებდით. ასეთი თემების განხილვას წლები სჭირდება, საქმე კი უკვე დაიძრა, თუმცა წინ უამრავი სამუშაო გვაქვს: ამერიკული ორგანიზაცია ADPCC-ი შეგვპირდა, რომ საგანგებოდ ამ საქმისთვის სპეციალისტებს ჩამოიყვანს. საქართველოში გაიხსნება ყველის კაფე, რესტორანი. ვაპირებთ ფერმერული საზოგადოების შექმნას. სამინისტრო დაფინანსებას შეგვპირდა, დაინტერესებულია ტურიზმის სააგენტო, არის ბიზნესინტერესებიც.

ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, მათ შორის, ყველის ადგილწარმოშობაც. მართალია, სულუგუნი მეგრული ფენომენია, მაგრამ ის სვანეთშიც ძალიან ტრადიციულია. მისი დამზადებისთვის, სურვილის შემთხვევაში, მაგალითად, კახეთში, ნებართვა უნდა აიღონ. თუმცა მეგრულ სულუგუნს მაინც გამორჩეული გემო ექნება და ამას თავისი ახსნაც აქვს...

- უცხოეთში ქართული ყველის შეტანა ადვილი არ იქნება...

მ.ბ.: დიახ, ადვილი არ არის. ქართული ყველის შეტანას ლონდონში, ბუქარესტში, მოსკოვსა და ვარშავაში ვაპირებთ. მოსკოვის ხსენებაზე გაეცინათ, იქ ქართულ ყველს უკვე იცნობენ და ახალი რა უნდა თქვაო? ღვინოსაც კარგად იცნობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი შენიშვნა ჰქონიათ. სხვა ქალაქებზე კი მითხრეს, იქ იმდენი რამე იყიდება, ქართული ყველით ვინ უნდა გააკვირვოო?.. ვიცი, ეს ადვილი არ იქნება, ხარისხთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის შეფუთვას. პირველ რიგში, იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების დაინტერესებას ვაპირებთ.

იმედი გვაქვს, ბიზნესის სწორად წარმართვის შემთხვევაში სხვებიც დაინტერესდებიან... შევხვდით ლონდონში მცხოვრებ ქართველებს. თავდაპირველად ისინი უნდა დავაინტერესოთ, ვინც იქ ავტორიტეტით სარგებლობს და ვისაც ქართული ხარისხიანი კვების პროდუქტების მიმართ ნოსტალგია აქვს. უკვე მოძიებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საქმის წამოწყებაში მეხმარება... რუმინელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გაიხსნას ქართულ-რუმინული სავაჭრო ცენტრი, სადაც "ბორჯომსა" და "ნაბეღლავთან" ერთად, ქართული ყველიც გაიყიდება...

ლალი პაპასკირი