"ლარის ვარდნას იმ მოვლენების მოლოდინი აჩქარებს, რომლებიც ჯერ არ მომხდარა" - კვირის პალიტრა

"ლარის ვარდნას იმ მოვლენების მოლოდინი აჩქარებს, რომლებიც ჯერ არ მომხდარა"

"განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ნუ დავხარბდებით ბანკების მიმართ ფინანსური ვალდებულებების გადავადებას – მომავალში ეს შეიძლება ბუმერანგივით დაგვიბრუნდეს"

საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ლარმა სწრაფად დაიწყო გაუფასურება და მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში დოლართან 21 თეთრით "დამარცხდა". საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა და მას შემდეგ 2,79-იან ნიშნულზე მყოფი ლარი მთელი 2 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა სტაბილურობას. შემდეგ კი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაც გაიზარდა, სასაზღვრო ზომები გამკაცრდა, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა სირთულეები, რომლებიც ტურისტულ და სხვა ბიზნესებს ექნებათ და ლარმა ერთგვარი პანიკური ვარდნა დაიწყო.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მხოლოდ ვაჭრობის ბოლო დღეს - პარასკევს გადაწყვიტა "რეანიმაციული" ჩარევა და 20 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად, მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, რადგან ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი მოხსნა და 2,9942-მდე დაეცა. 3,0 ნიშნულამდე ლარს 1 თეთრზე ნაკლები აშორებს.

პაატა ბაირახტარი, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: "როგორც წესი, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს, კურსზე ორი ტიპის შოკი მოქმედებს - ტექნიკური და ფსიქოლოგიური. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაზე ვირუსისგან გამოწვეული გლობალური შოკები მოქმედებს და დანაკარგები ჩვენს ეკონომიკაშიც მოსალოდნელია, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ტექნიკურად შეუძლებელია სავალუტო შემოდინებების ისეთი შემცირება, რომ კურსის მსგავსი გადახრა მოეხდინა. შესაბამისად, რჩება მეორე ფაქტორი - ე.წ. მოლოდინების არხით გადაცემა. ანუ სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმა დაიწყეს ეროვნული ვალუტის მოშორება პოტენციური გაუფასურების შიშით, რამაც ლარზე წნეხი გაზარდა. მეორე მხრივ, ასეთ დროს რეალური მოთხოვნა არ არსებობს და ამის გამო სწრაფად დაცემული კურსი მალევე უბრუნდება წონასწორობის რეალურ ნიშნულს.

ვითარებას ჩვენს რეალობაში ის ართულებს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია გაჩნდეს რეალური მოთხოვნაც - თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ქვეყანას ნამდვილად დააკლდება უცხოური ვალუტა. აქ კი უკვე არსებითია ცენტრალური ბანკის როლი და მისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესაძლებლობები.

შემდეგ კვირას მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება და ეს სავსებით ლოგიკური და სწორიც იქნება.

ერთია რომ, ფსიქოლოგიური ფაქტორების გადავლისა და მოლოდინების არხის განეიტრალების შემდეგ შესაძლებელია კურსის გაჯანსაღება, მით უფრო, გამართლებული სავალუტო ინტერვენციის მერე; მეორე, საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებაც. სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის ინსტრუმენტიც სწორედ საშუალოვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და მას მყისიერი ეფექტი არა აქვს. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ბანკი სწორედ ამ პერიოდში მოახერხებს ნომინალური გაცვლითი კურსიდან წამოსული ინფლაციური წნეხის შემცირებას და საშუალოდ, მესამე კვარტალის შემდეგ შეძლებს და ინფლაციას სამიზნე მაჩვენებლისკენ დაძრავს.

გლობალური კრიზისის გამო მნიშვნელოვნად ეცემა ფასები ნავთობზე, ბოლო თვეში 1 ბარელის ღირებულება თითქმის 34 დოლარით არის შემცირებული. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის მნიშვნელოვან შემცირებას ნიშნავს და ამის გადაფარვა 20 პუნქტით გაუფასურებულ ლარსაც კი არ შეუძლია.

ალბათ უსამართლობა იქნება, თუ ყველაფერს საგარეო ფაქტორებს მივაწერთ. გავიხსენოთ, რა გააკეთა საპენსიო სააგენტომ, სხვათა შორის ფარულად. სულ რაღაც 1 კვირის წინ მან 560 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინა კომერციული ბანკებისგან. ანუ, კომერციულ ბანკებს საპენსიო სააგენტომ დიდი რაოდენობით ეროვნული ვალუტა მიაწოდა. როგორ გგონიათ, რას უზამენ კომერციული ბანკები ამ ფულს?! ცხადია, მიმოქცევაში გაუშვებენ და ეს ბუნებრივიცაა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებამ მყისვე გაზარდა ლარი მიმოქცევაში. ამან, თავის მხრივ, საგრძნობლად დაარღვია ლარი-დოლარის თანაფარდობა, მით უფრო, როცა უცხოური ვალუტის შემოდინება უკვე პრობლემატური ხდება. გავიხსენოთ, როდის დაიწყო ლარმა მკვეთრი გაუფასურება - ესეც 1 კვირის წინ მოხდა. მეტიც, საპენსიო სააგენტოს ქმედების შესახებ ცნობილი გახდა 5 მარტს, ეროვნულმა ვალუტამ კი მკვეთრი გაუფასურება 6 მარტს დაიწყო. ეს ანალიზი ფულის მასის თეორიას უკავშირდება, რომელსაც მართალია ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, თუმცა ფაქტები ჯიუტია და ნათლად ვხედავთ ამ ყველაფრის ეფექტს ეროვნული ვალუტის კურსზე".

აკაკი ცომაია, ეკონომიკის ექსპერტი: "ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ობიექტური ფაქტორები განაპირობებს. ეს არის ლარის კურსის ფორმირებაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების ერთგვარი პასუხი იმაზე, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით ხდება მსოფლიოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. ადამიანებმა ცუდის შიშით იმაზე მეტი დოლარი მოიმარაგეს, ვიდრე რეალურად სჭირდებათ და ახლა დგება დრო, როცა ეს ფული უნდა გადაახურდაონ ლარში და საჭიროებისამებრ დახარჯონ.

ლარის კურსის ვარდნა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ის, რაც ხდება ამ დღეებში, მხოლოდ მოლოდინებია, დაახლოებით ისეთი, როგორიც საფონდო ინდექსების ვარდნაა უოლ-სტრიტზე. მოლოდინი აღმოჩნდება თუ არა იმ რეალობის შესაბამისი, რომელიც მომავალში შეიქმნება ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული ნაკადების შემცირებით, ჯერ არავინ იცის. მაგრამ სხვა თანაბარ პირობებში, ანუ, თუ რაიმე ცუდი მოვლენა არ მოხდა (განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად), ადამიანებმა ნელ-ნელა უნდა დაიწყონ დოლარის კონვერტირება, ვინაიდან სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად ლარი სჭირდებათ. სხვა თანაბარ პირობებში, ლარის ვარდნა მალე უნდა გაჩერდეს და დაიწყოს გამყარებისკენ ნაბიჯების გადადგმა."

მერაბ კაკულია, ფინანსისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: "ლარის ამჟამინდელი სწრაფი დევალვაციის ძირითადი მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული აჟიოტაჟია. ეკონომისტები ამას "შავი გედის ეფექტს" (Black Swan Effect) უწოდებენ, როდესაც ძნელად პროგნოზირებადი მოვლენის სწრაფი გავრცელება მკვეთრად უარყოფით მოლოდინებს წარმოშობს, რაც დამანგრეველ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგები საქართველოში აშკარად ჩანს (ტურისტული ნაკადების მკვეთრი კლება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობების შემცირება), ლარის ვარდნას დღეს უფრო იმ მოვლენების მოლოდინი აჩქარებს, რომლებიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება მოხდეს.

მაგალითად, ტრადიციული ექსპორტისა და რეექსპორტის კლება გლობალური რეცესიის გამო, უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირება, საბოლოო ჯამში კი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემა და სავალუტო შემოსავლების მოცულობის ვარდნა. დამცავ აქტივად ასეთ ვითარებაში საქართველოში, როგორც წესი, უცხოური ვალუტა, კერძოდ, აშშ დოლარი მიიჩნევა.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი დინამიკა ექნება პანდემიას და რამდენად შეძლებენ წამყვანი ეკონომიკები, კერძოდ მათი ცენტრალური ბანკები (აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპული ცენტრალური ბანკი და სხვ.) გლობალური ფინანსური ბაზრების დასტაბილურებას. მათი აქტიური ქმედებების შედეგად გასული კვირის ბოლოს საფონდო ინდექსები, დიდი ჩავარდნის შემდეგ, რამდენადმე გაუმჯობესდა, რაც მკრთალ იმედს იძლევა, რომ ვითარება უკონტროლო არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების (თურქეთი, რუსეთი და სხვა) ვალუტების კურსების დინამიკა. მაგალითად, რუსულმა რუბლმა უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ მკვეთრი დევალვაცია განიცადა (არა მარტო პანდემიის გამო), რაც ლარს დაღმასვლისკენ უბიძგებს. თუმცა, წინა კვირის ბოლოს რუბლი რამდენადმე გამყარდა. ასევე მნიშვნელოვანია აშშ დოლარის გლობალური პოზიცია. წინა კვირაში დოლარმა ისევ დაიწყო გამყარება თითქმის ყველა ვალუტის მიმართ, რაც ლარისთვის ნაკლებად სახარბიელოა.

უარყოფით მოლოდინებს მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება. როდესაც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების შემცირების მძაფრი მოლოდინი ყალიბდება, რასაც ასეთი გლობალური მიზეზი აქვს, მხოლოდ ინტერვენციების განხორციელება კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია. ასეთ ვითარებაში ინტერვენციებს მაშინ შეიძლება ჰქონდეს აზრი, როდესაც იგი მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივად გააზრებული, მიზანმიმართული ქმედებების შემადგენელი ნაწილია. ამ კონტექსტში, ეროვნული ბანკის მიერ გასული კვირის ბოლოს განხორციელებული ინტერვენცია დროული იყო.

საწვავის მსოფლიო ფასების ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება თავისთავად ხელს შეუშლის ფასების საერთო დონის ზრდას საქართველოში, თუმცა როდის და რამდენად აისახება ეს საწვავის ადგილობრივ ფასებზე, ძნელი სათქმელია. მედალს მეორე მხარეც აქვს, საზღვრების ჩაკეტვამ შესაძლოა შეაფერხოს იმპორტი და შესაბამისად, საქონლის მიწოდება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, რასაც აჟიოტაჟური მოთხოვნის პირობებში ფასების საერთო დონის ზრდა შეიძლება მოჰყვეს.

ვფიქრობ, მთავრობამ ღონისძიებების სერიოზული პაკეტი წარმოადგინა, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბანკებისა და სახელმწიფოს მიმართ ფინანსური ვალდებულებების გადავადებას, რათა ტურისტულმა და სხვა კომპანიებმა, აგრეთვე მოქალაქეებმა შეძლონ პანდემიის გამო წარმოქმნილ ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება. ამ ღონისძიების ეფექტიანობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პირობებით მოხდება მიმდინარე ვალდებულებების გადავადება და სესხების რესტრუქტურიზაცია. კაპიტალური ხარჯების ზრდასა და რამდენიმე სხვა ღონისძიებასთან ერთად, ეს პაკეტი საკმაოდ პროდუქტიული შეიძლება იყოს, თუმცა მისი განხორციელება კოორდინაციასა და მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ძალისხმევას მოითხოვს. ვფიქრობ, დამატებით საჭიროა საბანკო რეგულაციების შემდგომი შერბილება, კერძოდ, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების მოცულობის ლიმიტის შემცირება 200-დან 100 ათას ლარამდე.

იმედი მაქვს, რომ პანდემია ზაფხულამდე არსებითად შესუსტდება და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდებით, თუმცა ალბათ სერიოზული დანაკარგები გვექნება როგორც კერძო სექტორის, ისე საოჯახო მეურნეობების და სახელმწიფოს დონეზე. მიუხედავად ამისა, ყველას ვურჩევ, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ნუ დავხარბდებით ბანკების მიმართ ფინანსური ვალდებულებების გადავადებას, მომავალში ეს შეიძლება ბუმერანგივით დაგვიბრუნდეს".