მთავრობამ ბევრის მომდურებას ცოტას განაწყენება ამჯობინა - კვირის პალიტრა

მთავრობამ ბევრის მომდურებას ცოტას განაწყენება ამჯობინა

კახეთში უკვე ორი კვირაა, ყურძენი იკრიფება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლეულს შარშანდელზე უკეთესი მოსავალია და ყურძენი იმ ვენახებშიც კი მოვიდა, რომლებიც მეპატრონეების მიერ მიტოვებული და მოუვლელია. თავის მხრივ, სახელმწიფო ამაყობს, რომ მათი წყალობით, ყურძნის ჩაბარება ღვინის ქარხნებში ორგანიზებულად მიმდინარეობს და წლეულსაც, ყოველ კილოგრამზე, გლეხებს დამატებით თანხას უხდიან.

კახეთში, გურჯაანში, საგანგებოდ რთველისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თაოსნობით შტაბიც გაიხსნა, რომელსაც რთველის ორგანიზება და გლეხების მიერ ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების კოორდინაცია დაევალა. სახელმწიფომ გლეხებს ყურძნის კრეფაში ჯარისკაცებიც კი დაახმარა. შარშანდელივით, ღვინის ქარხნებთან ყურძნით დატვირთული ავტომობილების კილომეტრიანი რიგებიც აღარ დგას. წლევანდელი რთველით კმაყოფილი ბევრია, თუმცა უკმაყოფილოებიც არიან.

ალიკა კუპატაძე (სოფელ ბუშეტის გამგებელი): "ასეთი ორგანიზებული რთველი, წლეულს რომ გვაქვს, კახეთში ჯერ არ ყოფილა. გამგეობის თანამშრომლებმა წინასწარ შეაგროვეს მონაცემები, რა ფართობზე და დაახლოებით რა მოსავალი უნდა დაეკრიფა თითოეულ გლეხს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გლეხები რიგრიგობით კრეფდნენ და აბარებდნენ ყურძენს ქარხნებში. ამიტომ წლეულს, შარშანდელისგან განსხვავებით, გლეხს აღარ უხდება ქარხანასთან 3-4 დღის განმავლობაში რიგში დგომა, აღარ უფუჭდება დაკრეფილი მოსავალი. პირიქით, ახლა როგორც კი კრეფენ, მაშინვე აბარებენ და წონაშიც არაფერი აკლდებათ.

საფერავის ჯიშის ყურძენი წლეულს ადრე შემოვიდა, შარშანდელთან შედარებით უფრო ხარისხიანი მოსავალია. ალბათ გახსოვთ, შარშან კახეთში ვენახების ნაწილი დაისეტყვა. კილოგრამ საფერავში გლეხებს 65 თეთრს უხდიან, აქედან სახელმწიფოს სუბსიდია 25 თეთრია. რამდენიმე დღეში რქაწითელიც შემოვა. მას ქარხნები 45 თეთრად ჩაიბარებენ და აქაც 15 თეთრს კილოგრამზე სახელმწიფო გადაიხდის. ყურძენს ჩვენი გლეხებისგან აკურის ღვინის ქარხანა იბარებს".

ზურა სეფიაშვილი (ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირის მკვიდრი): "ყურძენი პირველად მოვიყვანე. ვენახი იჯარით მქონდა აღებული და 4 ტონამდე საფერავი მოვკრიფე. ჭიკაანის ღვინის ქარხანაში ჩავაბარე და კილოგრამში 65 თეთრი მიანგარიშეს. ვაუჩერი მომცეს და ფულს რამდენიმე დღეში ბანკში გამინაღდებენ. რომ ვიანგარიშე, წმინდა მოგება 1700 ლარი გამოვიდა. ბევრი არ არის, მაგრამ არც უკმაყოფილო ვარ".

წლევანდელი რთველით უკმაყოფილო კახეთში ძირითადად მსხვილი ფერმერები არიან. კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, კახელმა ფერმერებმა გვიამბეს, რომ მხარეში, ყურძნის ჩაბარების პროცესს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ლამის "სოდი" და "კუდი" აკონტროლებს.

"ყველამ კარგად იცის, რომ კახეთში ყურძნის მოსავალი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე რეალურად ქარხნებს შეუძლიათ მიღება. ხალხს კარგად ახსოვს წინა წლების გამოცდილება, როცა ყურძნის ჩაბარება დასწრებაზე იყო. თუ დროულად ვერ ჩააბარებდი ქარხანას, განწირული იყავი იმისთვის, რომ მთელი მოსავალი გაგფუჭებოდა. ხალხის უკმაყოფილებასაც სწორედ ეს იწვევდა. წლეულს კი სახელმწიფომ გლეხების გულის მოგების პოლიტიკა აირჩია. ჯერ იმათ ყურძენს იბარებენ, ვისაც ვენახი 10 ჰექტარზე ნაკლებ ფართობზე აქვთ გაშენებული, ხოლო ვისაც დიდი ვენახები გვაქვს, მოსავალი გვიფუჭდება. აბა, ერთი სცადე და ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე მიიტანე ყურძენი ქარხანაში, მაშინვე დაგადგებიან და შენი მოსავლიანად გამოგაპანღურებენ.

ჩვენ არც სახელმწიფო სუბსიდიას გვაძლევენ, ანუ ყურძენს ყოველთვის იმაზე იაფად ვაბარებთ, ვიდრე გლეხები. აქ, ალაზნისპირზე, ერთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენს 300 ჰექტარამდე საფერავის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. შარშან იჯარით ოთხ ადამიანზე გასცა. დიდძალი მოსავალი მოიწიეს, მაგრამ ჩაბარება რომ გადაწყვიტეს, აღმოჩნდა, რომ კილოგრამში 20-25 თეთრით ნაკლებად უნდა აეღოთ, ვიდრე გლეხებს. გადაწყვიტეს, მოსავალი მცირე ნაწილებად, ერთ-ერთი ღვინის ქარხნის მძღოლებზე გაეფორმებინათ და სხვების მსგავსად ამ გზით მიეღოთ საპრეზიდენტო სუბსიდია. მაგრამ ეს ამბავი "გასკდა" და ისინი 200 ათასი ლარით დააჯარიმეს, იმ ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ვენახებში მოწეული ყურძენი კი ავტომობილებითვე გამოაბრუნეს ქარხნიდან. საცოდაობა იყო იმის ცქერა, როგორ ფუჭდებოდა მანქანების საბარგულზე დაყრილი ასობით ტონა საფერავი და როგორ სდიოდა ნაჟური. ხალხი სათლებს უდგამდა მანქანებს და ყურძნის წვენს აგროვებდა. შარშანდელი ზარალის შემდეგ, ის ვენახები არავის დაუმუშავებია და არის ასე მიტოვებული. ალბათ წლეულსაც ასეთი მდგომარეობა გვექნება. გლეხების მოსავალს რომ ჩაიბარებენ ქარხნები, ჩვენი ყურძენი სად უნდა წავიღოთ?" -თავისი სათქმელი გაუზიარა "ეკოპალიტრას" ერთ-ერთმა კახელმა ფერმერმა.

ტარიელ გაბუნია ("რთველი -2009" შტაბის უფროსი): -რთველი შარშანდელზე გაცილებით ადრე დაიწყო. პირველად ყურძენი დედოფლისწყაროში დაიკრიფა. ეს პირველი რთველია ბოლო წლების განმავლობაში, როცა ქარხნებში რიგი არ დგას. ყველაფერი კეთდება, რათა კახელმა მევენახეებმა მოწეული მოსავალი ჩააბარონ უახლოეს ღვინის ქარხნებში. ამ ეტაპზე მხოლოდ 20 ღვინის ქარხანა იბარებს ყურძენს, მაგრამ მთლიანად, რთველის დასრულებამდე, ყურძენს 50-მდე ქარხანა ჩაიბარებს. მოსავალს 120 ათას ტონამდე ველოდებით. აქედან დაახლოებით 70% რქაწითელი იქნება, 20%-მდე საფერავი, დანარჩენი კი ჰიბრიდული ჯიშები. შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავალია.

- საპრეზიდენტო სუბსიდია, რომელიც თითოეულ ჩაბარებულ კილოგრამზე თანხის დანამატს გულისხმობს, მსხვილ ფერმერებზე თუ ვრცელდება?

- ეს პროგრამა უშუალოდ გლეხების ხელშეწყობისკენ არის მიმართული. ხდება გლეხების სუბსიდირება, რათა მათ შეძლონ საკუთარი შრომის ღირსეულად ანაზღაურება.

- იქნებ განმარტოთ, ვინ მიიჩნევა გლეხად  - ის, ვისაც 10 ჰექტარზე ნაკლები ფართობის ვენახი აქვს?

- ასეთი პირობითი დაყოფა არ არსებობს. მეწარმეებს, რომლებსაც საკუთარი ღვინის ქარხანა აქვთ და ამ ბიზნეში არიან, ბუნებრივია, საპრეზიდენტო სუბსიდია არ მიეცემათ.

- ჩვენი ინფორმაციით, იმათ, ვისაც დიდი ვენახები აქვთ და შესაბამისად, დიდი მოსავალი, პრობლემები ექმნებათ ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით...

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ვინმეს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდეს. ქარხნები დამოუკიდებელი სუბიექტები არიან და არ განასხვავებენ გლეხსა და ფერმერს. ამ საკითხს თავად ბაზარი არეგულირებს. არც ფასის დაწესებაში ერევა სახელმწიფო. წლეულს მოსავალი შარშანდელზე მეტია და, შესაბამისად, საფერავის ყურძენზე ფასი ნაკლებია. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სუბსიდია უცვლელი რჩება და კილოგრამ საფერავზე 25 თეთრია.

- ქარხნების სიმძლავრეები ხომ განსაზღვრულია, მთელი მოსავლის მიღებას შეძლებენ?

- კახეთში დღეს არსებული ქარხნების სიმძლავრეები სავსებით საკმარისია წლევანდელი მოსავლის მისაღებად. რთველი კახეთში, ალბათ, ოქტომბრის მიწურულს დასრულდება.

* * *

როგორც ვხედავთ, კახეთიდან მომავალი ინფორმაცია განსხვავებულია. ერთი მხრივ, მევენახეები მართლაც კმაყოფილი არიან, რომ ღამისთევისა და რიგებში ყურყუტის გარეშე აბარებენ ყურძენს. ეს აუარესებდა პროდუქციის ხარისხს და მისაღებ თანხასაც ამცირებდა. ამასთან, შესაძლებელი იყო, ჩაბარება საერთოდ ვერ მოეხერხებინა. საკითხის მეორე მხარე კი ის არის, რომ მსხვილი ფერმერები, ვისაც დიდ ფართობებზე აქვთ ვენახი, წამგებიან მდგომარეობაში ექცევიან. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ირკვევა, რომ მათგან ყურძენს ბოლო რიგში იბარებენ და გარანტიებიც არ აქვთ. ცხადია, არც სუბსიდია ერგებათ.

რთველის ორგანიზატორთა გათვლა გასაგებია: ყურძენი მეტია, ვიდრე ამას ბაზარი ითხოვს. შესაბამისად, ან მთელი ყურძენი ვერ ჩაბარდება, ან მეღვინეებს მოუწევთ მევენახეების დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან. მოხელეებს ურჩევნიათ, ერთი მსხვილი ფერმერის ნაცვლად ყურძენი რამდენიმე მევენახეს ჩააბარებინონ, მართლაც, სად რთველით უკმაყოფილო ერთი ადამიანი და სად ათი ან ოცი!

მოკლედ, ხელისუფლებამ სოციალურ ანგარიშიანობას მიმართა, მაგრამ ბიზნესი სოციალისტურის მსგავს ჩარევას ვერ იტანს. შეთავაზება, სამწუხაროდ, ბაზრის მოთხოვნაზე მეტია, ხოლო ხალხი ძველებურად ელოდება, რომ ყურძენი სახელმწიფომ უნდა ჩაიბაროს. ფერხდება ვენახების გამსხვილების ტენდენცია, რაც ქართულ ყურძენს გააიაფებდა და უფრო კონკურენტულს გახდიდა. ამას გარდა, მეღვინეებს ხარისხის კონტროლის შესაძლობლობა ეზღუდებათ. ვინაიდან ყურძენს სავალდებულოდ იბარებენ, იმ ხარისხს უნდა დასჯერდნენ, რასაც მიიღებენ. თავის მხრივ, მევენახესაც აღარ აქვს სტიმული, რომ მეზობელსა და კონკურენტს ხარისხით აჯობოს.

რეცეპტების გამოწერა ძნელია. ფაქტია, რომ მოსოციალისტურო ეკონომიკის ელემენტები ჯერ კიდევ საკმაოდაა შემორჩენილი. ხელისუფლებამ შესაძლოა მეტ-ნაკლები წარმატებით მოაგვაროს ხოლმე რთველისგან მომდინარე სოციალური უკმაყოფილება, მაგრამ ასე დარგი მუდამ დახმარების მომლოდინე და სხვათა ხელის შემყურე დარჩება.