სასკოლო სახელმძღვანელოების გაიაფება შესაძლებელია - კვირის პალიტრა

სასკოლო სახელმძღვანელოების გაიაფება შესაძლებელია

წიგნის ქაღალდის დღგ-ით დაბეგვრამ უცხოეთში დასტამბვა უფრო მომგებიანი გახადა...

სასწავლო წლის დაწყება მოსახლეობის ჯიბეს მნიშვნელოვნად დაეტყო. ყველას, ვისაც ოჯახში მოსწავლე ჰყავს, სხვა სასკოლო აქსესუარებთან ერთად, სახელმძღვანელოების შეძენაც მოუხდა და ალბათ წიგნების ფასით, მსუბუქად რომ ვთქვათ, ბევრი უკმაყოფილო დარჩა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში წიგნის ბეჭდვას საგადასახადო კანონმდებლობაც აძვირებს, რის გამოც ხშირად ქართველ გამომცემლებს ურჩევნიათ, წიგნი უცხოეთში დაბეჭდონ და ის თანხა, რაც წესით ადგილობრივ ბიზნესში უნდა რჩებოდეს, დაკვეთების სხვა შემსრულებლებს გადაუხადონ.

გოდერძი გოდერძიშვილი (პოლიგრაფისტთა ასოციაციის თავმჯდომარე): - საბჭოთა პერიოდის შემდეგ, საგამომცემლო ბიზნესის განვითარება საქართველოში 2000 წლიდან დაიწყო. სტამბებმა, გადაიარაღების მიზნით, ახალი საბეჭდი დანადგარების შეძენა დაიწყეს. ამ ბიზნესისთვის ეს წარმოების ძირითადი საშუალებებია და რა თქმა უნდა, მათი შემოტანა დამატებული ღირებულების გადასახადით იბეგრება. 2003-2004 წლებში, კანონში შესული ცვლილების თანახმად, დღგ-ით დაბეგვრა მაღალი ხარისხის პოლიგრაფიულ ქაღალდზეც გავრცელდა. საქართველოში მომუშავე სტამბები უცხოეთში წარმოებულ პროდუქციას ფასებით კონკურენციას ვეღარ უწევენ. ასეთი საგადასახადო პოლიტიკის პირობებში, უცხოეთში წიგნის დაბეჭდვა და შემდეგ მისი საქართველოში ჩამოტანა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ადგილობრივად დასტამბვა.

იმ ქვეყნებში, სადაც ქართული სახელმძღვანელოები იბეჭდება, ქაღალდზე საგადასახადო შეღავათები ვრცელდება. ხოლო საქართველოში მზა წიგნის შემოტანა, ქაღალდის შემოტანისგან განსხვავებით, არ იბეგრება.

რა თქმა უნდა, წიგნი არ უნდა იბეგრებოდეს, მაგრამ რატომ აყენებს სახელმწიფო თავის მეწარმეებს - ამ შემთხვევაში პოლიგრაფისტებს - წამგებიან მდგომარეობაში უცხოელ კოლეგებთან შედარებით? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ სამუშაო ადგილების შექმნას საზღვარგარეთის სტამბებში უწყობს ხელს და არა საქართველოში.

ბევრ ქვეყანაში წიგნის საბეჭდი ქაღალდი დღგ-ით არ იბეგრება. ჩვენს სტამბებსა და გამომცემლობებს რომ ჰქონდეთ ქაღალდის დღგ-ის გარეშე ყიდვის შესაძლებლობა, აუცილებლად გაუწევდნენ კონკურენციას უცხოელ პოლიგრაფისტებს. ბოლო წლებში ტენდენცია იქით წავიდა, რომ არათუ გამომცემლებს, არამედ თვით სტამბებსაც კი არ უღირთ წიგნის აქ დაბეჭდვა, საზღვარგარეთ აბეჭდვინებენ წიგნებს და ისე შემოაქვთ. ეს პირდაპირ ურტყამს სტამბის ბიუჯეტს, მცირდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი წიგნების 50%-ზე მეტი უცხოეთშია დაბეჭდილი - ჩინეთში, ინდოეთში, ძირითადად მაინც თურქეთში. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენმა სტამბებმა რაც უნდა დაბალ მოგებაზე იმუშაონ, კონკურენციას მაინც ვერ გასწევენ.

ჩვენი სტამბები ხარისხის თვალსაზრისით უკვე ისეთ წიგნებს ბეჭდავენ, არაფრით რომ არ ჩამოუვარდება საზღვარგარეთ დაბეჭდილს. პლუს ამას, საქართველოში შეგიძლია მცირე ტირაჟით დაბეჭდო, საზღვარგარეთ კი იძულებული ხარ, დიდი მოცულობით დასტამბო, რადგან სხვა შემთხვევაში სტამბა შეკვეთას არ იღებს. იქ დაბეჭდვა, სულ მცირე, 18%-ით იაფი ჯდება, რადგან უცხოეთში ქაღალდი არ იბეგრება. აქ ქაღალდის იმპორტიორები იძულებული ხდებიან, მოიძიონ დაბალი ხარისხის ქაღალდი, რომელიც დღგ-თი არ იბეგრება და იმაზე დაბეჭდონ. გამოდის, ჩვენ კარგი ხარისხის წიგნების გამოცემა კი შეგვიძლია, მაგრამ საგადასახადო წნეხის გამო ვერ ვახერხებთ ამის გაკეთებას. შესაბამისად, ჩვენი პროდუქციაც უცხოურ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს. ქართული სტამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ შეკვეთას, თუ დამკვეთს ძალიან ეჩქარება.

- კანონმდებლებს არ მიმართეთ ინიციატივით?

- რამდენჯერმე იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ყველა ჩვენი წინადადება უპასუხოდ დარჩა. მეტსაც გეტყვით. ყოველ გაზაფხულზე თბილისში წიგნის გამოფენა იმართება. სტუმრებს შორის მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დაფარეს, ისე მოეწონათ საქართევლოში დაბეჭდილი წიგნების ხარისხი. გამომცემლებმა, რა თქმა უნდა, შესჩივლეს სახელმწიფო მოხელეებს საკანონმდებლო ბარიერების შესახებ. დაპირება ბევრი მივიღეთ, მაგრამ დღემდე ერთიც არ შესრულებულა.

წარმოიდგინეთ, თუ წიგნის ქაღალდი დღგ-ისგან გათავისუფლდება, წიგნებიც შესაბამისად გაიაფდება. მაგალითად, ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი სკოლაში დადის და მათი სახელმძღვანელოების შესაძენად 170 ლარი გადავიხადე. ყველას არ აქვს ამის საშუალება. პირიქით, ტენდენცია იქით უნდა წავიდეს, რომ სახელმძღვანელოები გაიაფდეს იმის ხარჯზე, რომ ბიზნესს ნაკლები გადასახადი ჰქონდეს. კანონში ერთი ცვლილებით შესაძლოა, არათუ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ამ ბიზნესის განვითარებას, არამედ, ხელმისაწვდომი გავხადოთ წიგნი მომხმარებლისთვის და საქართველოში წიგნიერების დონეც ავამაღლოთ.