რომან კაკულია: "თუ ვინმე ფასებს არაგონივრულად გაზრდის, ყველას დავასახელებთ"
23-03-2020
რომან კაკულია: "თუ ვინმე ფასებს არაგონივრულად გაზრდის, ყველას დავასახელებთ"
არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი მარაგები?!

ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო აზღვევს. შესაძლოა დასახელებულის გარდა, სხვა პროდუქტები გაძვირდეს. აქვს თუ არა მთავრობას ბერკეტი, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, უმრავლესობის დეპუტატი რომან­ კაკულია გვესაუბრება.

- როდესაც წინ გაურკვეველი მომავალი გაქვს, ნებისმიერი ოჯახი უპირველესად მარაგის შექმნაზე ფიქრობს. ეს მყისიერი რეაქციაა და ყველამ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება ვერ გამოავლინოს.
ამიტომ მთავრობამ სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად მსხვილ დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შესთავაზა. ამით უთხრა, თუ გაძვირების მიზეზი არის არა ორმაგი მოგების სურვილი, არამედ ის, რომ ახალი პროდუქტი გაზრდილი კურსით შემოიტანე და ამიტომ ფასის გაზრდა გიწევს, ორი თვის განმავლობაში სუპერმოგებით ნუ ივაჭრებ, დარჩი ზომიერების
ზღვარზე, რათა შეინარჩუნო სტაბილური ტენდენცია, რისკებს კი მე დაგიზღვევო.

ამის შემდეგ ბაზარზე მოქმედ კონკრეტულ ბიზნესმენთა შორის ნაკლებად მეგულება ისეთი, ვინც მაინც უპასუხისმგებლოდ მოიქცევა. ამიტომ 2-3 თვის განმავლობაში, ვფიქრობ, ფასები აღარ გაიზრდება. ერთი რამ შეიძლება კიდევ გაკეთდეს - კერძოდ, ლიმიტირებული გახდეს ქვეყნიდან სასურსათო პროდუქტის გატანა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე პროდუქტებზე ფასის ზრდას არ ველოდები. რამდენიმე გამონაკლისი შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ ამ საქმეში საზოგადოებრივმა წნეხმაც უნდა იმუშაოს.

- დასჯით ვერავის დასჯით, იურიდიულად უფლება არა გაქვთ?
- ამწუთას ასეთი კანონი არ არსებობს, მიღებას კი დრო სჭირდება. აუცილებლობის შემთხვევაში პარლამენტი დაჩქარებულადაც იმოქმედებს, მაგრამ, მგონი, ამის აუცილებლობა არ დადგება, რადგან პანიკის ტალღამ გადაიარა.

- პროდუქტის მარაგი რამდენი გვაქვს?
- დაახლოებით ორი თვის ხორბლის მარაგი გვაქვს. გარდა ამისა, დამატებით ხორბლით დატვირთული გემი მოდის ამერიკიდან. ყველას ინტერესშია, პროდუქციის გამყიდველისაც და მყიდველისაც, რომ პროდუქციამ საზღვრებზე დამოუკიდებლად იმოძრაოს. გლობალურ მსოფლიოში, როცა თვითკმარ პროდუქციას არც ერთი ქვეყანა არ აწარმოებს და ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული, ცხადია, ამის დარეგულირება ხდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ მიმართულებაზე იმიტომ დაინიშნა პასუხისმგებელ პირად, რომ მას ყველა შესაძლო შემომტანთან კონტაქტი აქვს, იცის, ვის რა ტიპის კონტრაქტები აქვს. თუ სადმე ლოჯისტიკური შეფერხება იქნება, საქმეში მთავრობა ჩაერთვება.
შეფერხება გამორიცხულია 2-3-თვიან პერიოდზე, მერე რა იქნება, ცხადია, ვერავინ გათვლის.



- საქმეც ეგ არის, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონას რეჟიმში ცხოვრება.
- ოპტიმიზმის საფუძველს ის მაძლევს, რომ მიუხედავად დღევანდელი მძიმე ვითარებისა, ჯერჯერობით შეგვიძლია მას დროებითი (ვითარება არაპროგნოზირებადი იქნება მაშინ, როდესაც მსოფლიოს ეკონომიკის სტრუქტურებს საფრთხე დაემუქრება) ვუწოდოთ.

ამჟამად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი მსყიდველ­უნარიანობის შენარჩუნება. რაც შეეხება ბიზნესს, როცა დაპაუზების რეჟიმში გადაგყავს, მთავარია, ის გადარჩეს, მის შემდგომ განვითარებაზე ფიქრის დრო ახლა არ არის. სანამ დაპაუზების რეჟიმში ვართ, ვფიქრობ, დაწესებული შეღავათები საკმარისია. ბუნებრივია, ლაპარაკი არ არის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. ახლა მთავარია, თუ რამდენის უფლება შეგვიძლია მივცეთ თავს და არა ის, თუ მთავრობას რამდენი ემეტება, ან ხედავს თუ ვერა საჭიროებას. ჩემი აზრით, 2 თვე არის ის დრო, როდესაც გვირაბის ბოლოს გავალთ და სინათლე გამოჩნდება.

- მინდა შევეხოთ ზოგიერთი დისტრიბუტორის არაკეთილსინდისიერ საქციელს...
- მინდა ყველას მკაცრად ვუთხრა, რომ არც ერთი კომპანია თუ პირი, რომლებიც დაკავშირებული იქნება პროდუქტებზე ფასების არაგონივრულ ზრდასთან, არ დარჩება უცნობი საზოგადოებისათვის. ყველას დავასახელებთ, თუ ვინმე ასე მოიქცევა. დანარჩენი ყველამ საკუთარ სინდისთან გაარკვიოს, როგორ აპირებს ამ იარლიყით ცხოვრებას.

"საერთო საქმისთვის, მე რაც შემიძლია, ის გავაკეთე"


გოჩა მოწყობილი ქობულეთის აგრარულ ბაზარში ხორბლის ფქვილის მაღაზიას ფლობს. ის მომხმარებელს პურის ფქვილს ძველ ფასად ან ნისიად, სახლებში მიტანის სერვისით სთავაზობს. საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ ორი სიტყვა მაინც გამოვტყუეთ.
- შექმნილ სიტუაციაში ყველა ცდილობს თავისი წილი სიკეთე აკეთოს საერთო საქმისთვის, მე რაც შემიძლია, ის გავაკეთე. როდესაც კორონავირუსის გამო აჟიოტაჟი დაიწყო, მაშინ ვთქვი ოჯახში, რაც მოგებას ვნახავთ, ის გავაჩუქოთ, მოვახმაროთ სიკეთეს და ღმერთი მერე უფრო მეტს მოგვცემს-მეთქი. სიტყვას არ გავტეხ. ცხოვრებაში მთავარი პატიოსნება, ჰუმანურობა და სიკეთის კეთებაა - ადამიანობა ამით იზომება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?