უთოვლობა საქართველოს ზამთრის კურორტებს აზარალებს - კვირის პალიტრა

უთოვლობა საქართველოს ზამთრის კურორტებს აზარალებს

უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო, წლეულს საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტების რაოდენობა რეკორდულად მცირეა. ბაკურიანსა და გუდაურში სასტუმროების ნაწილი დაკეტილია, ნაწილიც რამდენიმე სტუმრის ანაბარაა დარჩენილი.

ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, თბილმა ზამთარმა შესაძლოა ტურისტული სეზონი კიდეც ჩაშალოს. ტურისტები შედარებით მეტია ახლად გახსნილ ზამთრის კურორტზე მესტიაში... იმედს გამოვთქვამთ, რომ გაზეთის ნომრის გამოსვლის დროისთვის კურორტები უკვე დათოვლილი იქნება.

ლევან აბრამიშვილი (კოტეჯის ტიპის სახლების მფლობელი დაბა ბაკურიანში): "ექვსი კოტეჯი მაქვს და ჯავშანი ყველაზე მოხსნილია. შარშან სამი კოტეჯი მქონდა და იმით შეგულიანებულმა, რომ ბაკურიანში ყველა სასტუმრო გადატვირთული იყო, სამი კოტეჯიც დავამატე. ყველა თოვლის მოსვლას ელოდება. არადა, იმედი მქონდა, რომ წლეულს ყველა კოტეჯი დაიტვირთებოდა, ფასებიც არ შემიცვლია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირდა.

ბოლო რამდენიმე წელია ვცდილობ, სტაბილური ფასი შევინარჩუნო და ამით მუდმივი კლიენტი მოვიზიდო. მხოლოდ საახალწლოდ გამოაცოცხლა ბაკურიანი სტუმრების სიუხვემ, 3 იანვრის შემდეგ კი დაბა ისევ დაიცალა. უთოვლობა თუ გაგრძელდა, დიდი ზარალი მოგვადგება. ბევრს კრედიტი აქვს აღებული ბანკში. იანვრის შუა რიცხვებია და სასტუმროების უმეტესობა მხოლოდ 10%-იანი დატვირთვით მუშაობს".

ბაგრატ ხაჩატურიანი (საოჯახო სასტუმრო "სან მარიას" მფლობელი დაბა ბაკურიანში): "ჩემი სასტუმრო 32 სტუმარზეა გათვლილი და ახლა მხოლოდ 5 დამსვენებელი მყავს. სეზონი ბაკურიანში 20 დეკემბრს იწყებოდა ხოლმე და ამ დროს ყველა საბაგირო მუშაობდა, ახლა კი თოვლი არ არის და საბაგირო ვის რად უნდა. შარშანდელი სეზონითაც არ ვიყავით კმაყოფილი.

ჯერ კარგად მოთოვა, მაგრამ იანვარში დათბა, თოვლი დადნა და წვიმდა. თეორიულად არსებობს საშიშროება, რომ ზამთრის სეზონი ჩაიშალოს. რაღაც რაოდენობით დამსვენებელი ჰავის გამო მაინც ჩამოდის დაბაში, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ხეირია.

ახალი წლის შემდეგ ფასები შევამცირეთ კიდეც. უთოვლობის გამო ბაკურიანიდან უცხოელებიც კი წავიდნენ. დიდად არც მომსახურების ხარისხით არიან კმაყოფილი. მაგალითად, ბაკურიანში, სასტუმროში შესაძლოა ნებისმიერ დროს წყლით მომარაგების პრობლემა გაჩნდეს და სხვ".

ოთარ ფავლენიშვილი (სასტუმრო "მზის სახლის" მფლობელი გუდაურში): "გუდაურში თოვლი თითქმის არ არის და დამსვენებელიც ნაკლებია. საახალწლოდაც კი რამდენიმე სასტუმრო დაკეტილი იყო-სტუმრები არ ჰყავდათ. რამდენიმე ახლაც არ მუშაობს. საახალწლოდ უცხოელებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ რომ არ მოთოვა, უკმაყოფილო წავიდნენ. ერთადერთი იმედი ის რჩება, რომ შესაძლოა ნამდვილი ზამთარი მოგვიანებით დადგეს და მარტის თვემდე გაგრძელდეს.

ფასები შარშანდელთან შედარებით გაზრდილია, რადგან ყველაფერი გაძვირდა და აქაც მოიმატა სერვისის საფასურმა, ასე, 10-15%-ით. მე მაინც არ გამიძვირებია, რადგან მუდმივი მომხმარებელი მყავს და მირჩევნია ისინი კმაყოფილი მყავდეს. ერთი ეგ არის, ტურისტებისთვის გუდაურში არანაირი გასართობი არ არსებობს, რის გამოც ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას. ამიტომაც ჩვენი სტუმრების კარგ განწყობაზე ზრუნვა ისევ ჩვენ გვიწევს, როგორც ვახერხებთ-ქართული სუფრითა და მოლხენით".

მაია სიდამონიძე (ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი): "საახალწლოდ ზამთრის კურორტებზე ყველა სასტუმრო გადატვირთული იყო. აქამდე არ თოვდა, მაგრამ ახლა მცირე თოვლი მოვიდა, როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში. იმედი გვაქვს, თოვა გაგრძელდება და სეზონი არ ჩაიშლება. შარშანდელ სეზონზე საქართველოში 60 ათასმა უცხოელმა ტურისტმა დაისვენა ზამთრის კურორტებზე. წლეულს ბაკურიანსა და გუდაურს მესტიაც დაემატა. ჩვენი პროგნოზით, მხოლოდ უცხოეთიდან საქართველოს ზამთრის კურორტებზე 100 ათასამდე ტურისტს ველოდებით.

მესტიაში ზამთრის საკურორტო სეზონი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ბაკურიანსა და გუდაურში. მესტია უკვე გადატვირთულია სტუმრებით, სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარდა და ერთგვარ კომფორტს უქმნის სტუმრებს. სრულდება პირდაპირი ავიარეისები თბილისიდან მესტიაში, მოქმედებს რამდენიმე კარგი სასტუმრო და "გესტჰაუსი". ამ ზამთარს მესტიის მაქსიმალურად დატვირთვას ველით, თუმცა წლეულს იქ ალბათ მეტწილად ადგილობრივი დამსვენებლები ჩავლენ. ბაკურიანსა და გუდაურში ბევრი უცხოელიც ჩამოდის. მათ შორის ჭარბობენ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთსა და უკრაინიდან ჩამოსული სტუმრები.

მართალია, სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ მომსახურების სფეროს ხარისხი ჯერ კიდევ პრობლემური თემაა და მოკლე ვადაში არ მოგვარდება. ის პირდაპირ უკავშირდება პროფესიულ განათლებას, მის ხარისხს. განათლების სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფი შევქმენით, სადაც სტანდარტები განიხილება. პროფესიული სასწავლებლები მოწოდებული იქნებიან, პროფესიონალური კადრები ამ სტანდარტებით მოამზადონ.

გუდაური, ბაკურიანი და მესტია-ზამთრის ეს სამი კურორტი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ბაკურიანი უფრო საოჯახო ტიპის დასვენებაზეა მორგებული, გუდაური უფრო ახალგაზრდული, სპორტული კურორტია. გვინდა, მესტია უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტი იყოს, რომელიც არა მარტო სათხილამურო ტრასებით, არამედ სანახაობრივადაც იქნება გამორჩეული. ეს კურორტს დამატებით ღირებულებას შესძენს.

სხვათა შორის, ახლა მესტიაში დასვენება საკმაოდ იაფია, რადგან პირველი სეზონია. სამომავლოდ, რაც უფრო განვითარდება ეს კურორტი და მოთხოვნაც გაიზრდება, კერძო სექტორი ალბათ ფასებს გაზრდის. საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბაზარზე კონკურენციაც გაიზრდება და ფასებიც დარეგულირდება".