"კრედიტებზე პროცენტების შემცირებას 6-7 ბანკი ამზადებს" - კვირის პალიტრა

"კრედიტებზე პროცენტების შემცირებას 6-7 ბანკი ამზადებს"

დავალიანების მქონე პირებს შარშან ბანკებიდან ისე ხშირად აღარ ურეკავდნენ

წლის ბოლოს ლიდერთა ხუთეულიდან ორმა ბანკმა კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად დაწია. ბანკმა "რესპუბლიკამ" დეკემბრიდან ბაზარზე 11%-იანი იპოთეკური სესხი გამოიტანა, მას მალევე მიბაძა "თიბისიმ" და პროცენტები გაუთანაბრა. სხვა ბანკები ამ გამოწვევას არ გამოხმაურებიან. თუმცა, როგორც საბანკო ექსპერტები ამბობენ, შემცირებას მალე კონკურენტებიც დაიწყებენ.

ბაზარზე ყველაზე დაბალი საკრედიტო განაკვეთები ახლაც ბანკ "რესპუბლიკას" აქვს, იპოთეკურ სესხს 11%-ად, სამომხმარებლო სესხს ფიქსირებულ 15%-ად და ავტოსესხსაც-15%-ად გასცემს. დეკემბერში დაწყებული პროცენტების შემცირების აქცია ბანკში თებერვლამდე გაგრძელდება. "თიბისი ბანკის" აქცია, რომლის დროსაც მასაც იპოთეკურ სესხზე 11%-იანი განაკვეთი ჰქონდა, ერთთვიანი იყო და ახალი წლის დადგომამდე დასრულდა.

"რესპუბლიკის" მარკეტინგულმა სვლამ გაამართლა, შემცირებულმა განაკვეთებმა ბევრი მომხმარებელი მიიზიდა და ბანკში სამივე კატეგორიის სესხზე ჩვეულებრივთან შედარებით გაათმაგებული განაცხადი შევიდა. თუმცა ბანკმა დაბალი პროცენტის სანაცვლოდ მოთხოვნები გაამკაცრა. იპოთეკური სესხი, სულ ცოტა, 5-6 წლით გაიცემა და ისიც მხოლოდ დოლარში. აქციამდე კი იპოთეკური სესხის უფრო ნაკლები ვადით გამოტანა იყო შესაძლებელი.

სამომხმარებლო სესხისთვის, უზრუნველყოფის სახით, ბანკი მსესხებელს უძრავი ან მოძრავი ქონების ჩადებას სთხოვს, რაც აქციამდე არ ხდებოდა. "თიბისი ბანკმაც" აქციის დაწყებისას თქვა, რომ სამომხმარებლო სესხის განაკვეთი 15%-მდე დაწია, რეალურად ათვლა 15%-დან იწყებოდა და მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესაბამისად, წლიური განაკვეთი შესაძლოა 20-24%-მდეც გაზრდილიყო. მარკეტინგული სვლა მაინც შედეგიანი გამოდგა, როგორც ბანკში ამბობენ, დიდი იყო მოთხოვნა როგორც იპოთეკურ სესხებზე, ისე სამომხმარებლოზე.

აქციის საბოლოო შედეგები ჯერ არ შეუჯამებია "თიბისის", მაგრამ წინასწარი მონაცემებით დაკრედიტების მოცულობა, სულ ცოტა, სამჯერ არის გაზრდილი.

"რესპუბლიკის" ფასდაკლება მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ ამ გამოწვევას ბევრი ვერ აჰყვა. კონკურენტების თქმით, "რესპუბლიკას" ამ რადიკალური ქმედებისკენ იმან უბიძგა, რომ ბანკი ბოლო თვეების განმავლობაში ზარალობდა და გამოსავალი მისთვის დაკრედიტების გაზრდა იყო.

როგორც ცნობილია, ბანკების შემოსავლის დიდი ნაწილი (70%-მდე) სწორედ კრედიტებიდან მიღებული სარგებელია. შესაბამისად, კრიზისისას ნანახმა ზარალმა ზოგიერთი მათგანი აიძულა, საკრედიტო აქტივობა გაეზარდა და საპროცენტო განაკვეთიც დაეწია.

საბანკო ბაზარზე პროცენტების კლების ტენდენცია, რომელიც ივნისიდან დაიწყო, ნოემბერშიც გრძელდებოდა. საშუალოდ, ლარში გაცემულ სესხებზე პროცენტმა შარშან დაახლოებით 1%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში-1,5%-დან 2%-მდე დაიკლო. კრედიტებზე საშუალო განაკვეთი დოლარში 16,5%-ია, ლარში-22%. 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით მთლიანად ბანკებს 6 მილიარდ ლარზე მეტი სესხი აქვთ გაცემული. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თანდათან იკლებს ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა.

11 თვის მონაცემებით, პრობლემური სესხები 203 მილიონი ლარია. ამიტომ იყო, რომ შარშან დავალიანების მქონე პირებს ბანკებიდან ისე ხშირად არ ურეკავდნენ და თანხის დაბრუნებასაც უწინდელი დაჟინებით აღარ სთხოვდნენ.

2009 წლის ჩავარდნის შემდეგ, შარშანდელი თებერვლიდან მოყოლებული, საბანკო სექტორის შემოსავლები შესამჩნევად იზრდება. შარშან წლის დასაწყისში სექტორს 2 მილიონ ლარამდე ზარალი აღერიცხა, 11 თვეში კი რეკორდული მოგება ნახა-159 მილიონი ლარი ნოემბერში. მაგრამ მოგებაზე გასვლა რამდენიმე ლიდერი ბანკის წყალობით მოხდა. მოგების 58% "საქართველოს ბანკზე" მოდის. შვიდი ბანკი კვლავ ზარალზე მუშაობს, მათ შორის ლიდერთა ათეულში შემავალი "რესპუბლიკა" და "ვითიბია".

სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბრისგან ბანკები თავს იკავებენ, მაგრამ ექსპერტები ელოდებიან, რომ ბაზარზე პროცენტების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება.

ზურაბ გვასალია (ბანკების ასოციაცია): "როცა პროცენტებს ერთი და ორი ბანკი ამცირებს, ეს ბაზარზე უცბად დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ კონკურენციას მაინც გააძლიერებს. ბევრმა ექსპერტმა "რესპუბლიკისა" და "თიბისი" ბანკის აქციას წინასახალწლო პიარი უწოდა, მაგრამ როცა 11%-ად გრძელვადიანი სესხები გაიცემა, ამას პიარს ვერ დაარქმევ. აქამდე ისმოდა პრეტენზიები ბანკების მიმართ, რომ ისინი კრედიტებს არ გასცემენ. როგორც ჩანს, ამ შეფასებებს საფუძველი ნელ-ნელა ეცლება. ბანკებს ახლა საკმარისი რესურსი აქვთ საკრედიტო პორტფელის გასაზრდელად, შარშანდელი 11 თვის მონაცემებით ბანკების აქტივები უკვე 10 მილიარდ ლარს აღემატება, მნიშვნელოვნად გაეზრდათ მოგებაც.

ცხადია, განაცხადების უმეტესობა იმ ბანკებში შედის, რომლებმაც ფასდაკლების აქციები გამოაცხადეს. კრედიტებზე ისეთი პირობები, ბუნებრივია, აღარ არის, როგორც 2007 წელს იყო, მოთხოვნები გამკაცრებულია, მაგრამ მაინც საკმაოდ ხელსაყრელი პროცენტია. დარწმუნებული ვარ, "რესპუბლიკას" სხვა ბანკებიც შეუერთდებიან.

მაქვს ინფორმაცია, რომ ემზადებიან კონკურენტ ბანკებში და უახლოეს მომავალში პროცენტს კიდევ 6-7 ლიდერი ბანკი შეამცირებს. რაც შეეხება "რესპუბლიკის" ზარალს, ის წმინდა საოპერაციო ხარჯებით არ არის გამოწვეული. ზარალი იმიტომ აღირიცხა, რომ ბანკი დავალიანების მქონე კომპანიებს აქტივებს არ უყიდის, არამედ დამატებით სესხებს სთავაზობს, ზარალს თავი რომ დააღწიონ. ამ პოლიტიკის შემუშავებაზე პროფესიონალები მუშაობენ და როგორ გაამართლებს, ვნახოთ".

იპოთეკურ სესხებზე პროცენტების დაწევამ და დაკრედიტების გააქტიურებამ გაყიდვა უძრავი ქონების ბაზარზეც გაზარდა.

ზურაბ ცუცქირიძე (უძრავი ქონების ექსპერტი): "ბოლო დროს უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდა. მოთხოვნა უმეტესად საცხოვრებელ ბინებზეა გაზრდილი. მოიმატა კომერციული ფართებისა და მიწის ნაკვეთების გაყიდვებმაც, მაგრამ ხელაღებით თქმა, რომ ეს ბანკების მიერ იპოთეკური სესხების გაიაფებამ გამოიწვია, ძნელია. საერთოდ, წინასაახალწლოდ ბინების გაყიდვა მატულობს. ხალხი უძრავი ქონების შეძენას ამ დროს ცდილობს.

თუმცა ზოგადად უძრავი ქონების გაყიდვას სტიმულს საბანკო კრედიტები აძლევს. მოთხოვნა ამჟამად მხოლოდ მეორად ბინებზეა, რადგან ბანკები მომხმარებლებს მშენებარე სახლების ფართებზე სესხს არ უმტკიცებენ. გაყიდვა ისევ გაჩერებულია მშენებარე სახლებში, რადგან მშენებლობები თითქმის ადგილიდან არ იძვრის".

ნონა ქვლივიძე