ავტოგაქირავების ჩემპიონი- ჯეკ ტეილორი ოჯახით
10-01-2011
წლების განმავლობაში, ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით, ჯეკ ტეილორი ყველაზე მდიდარი ადამიანების ასეულში შედიოდა. ტეილორის საოჯახო კომპანია, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების გაქირავებას სთავაზობს, უპირველესია მომსახურების ამ სფეროში.

მის ბიზნესიმპერიაში დაახლოებით 700 ათასი ავტომობილი, 6 ათასზე მეტი ფილიალი და 50 ათასი თანამშრომელია. კიდევ 153 ათასი ავტომობილი კორპორატიულ კლიენტებს ემსახურება. უმდიდრესთა "ფორბსისეულ" რეიტინგში ტეილორისა და მისი ოჯახის ქონება 2009 წელს $9,5 მილიარდად იყო შეფასებული, თუმცა 2010 წლისთვის ისინი $6 მილიარდამდე "შემსუბუქდნენ" და მე-40-დან 123-ე ადგილზე
ჩამოინაცვლეს. ეკონომიკური კრიზისი ტეილორების ოჯახისთვის ერთობ ზარალიანი გამოდგა.

87 წლის ჯეკ ტეილორი ამერიკელი ბიზნესმენის სანიმუშო მაგალითია, რომელმაც წარმატების მწვერვალს მხოლოდ საქმოსნობის უნარით მიაღწია. ბიზნესი მან სამართლიანობის, პატიოსნებისა
და კლიენტებისადმი განსაკუთრებული ყურადღების პრინციპებზე დააფუძნა. თავბრუდამხვევი კარიერისა და წარმატების მიუხედავად, ჯეკ ტეილორსა და მის ოჯახს არც ქველმოქმედება და არც მშობლიური ქალაქი სენტ-ლუისი დავიწყებიათ. ფონდი, რომელსაც ჯეკ ტეილორის ქალიშვილი ენი ხელმძღვანელობს, ეხმარება წარმატებულ სტუდენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან და სხვებსაც, ვინც ცოდნის მიღებას ესწრაფვის.

კარიერის შენებას 1923 წელს დაბადებული ჯეკ ტეილორი განათლების მიღებით შეუდგა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთ წელიწადში ორი კოლეჯი გამოიცვალა და 40-იანი წლების დასაწყისში ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ჯეკი იძულებული გახდა, უნივერსიტეტი დაეტოვებინა. მან სამსახური სამხედრო-საზღვაო ავიაციაში დაიწყო მფრინავ-გამანადგურებლად. ტეილორმა რამდენიმე ჯილდოც დაიმსახურა, ხოლო ჯარში შეძენილი უნარები, დისციპლინა და ამტანობა ბიზნესმწვერვალების დასალაშქრავად ძალიან გამოადგა.

ბიზნესნიშის ძიება


მფრინავ-გამანადგურებლისთვის, საჰაერო ბრძოლების შემდეგ, კომერცია გაცილებით ნაკლები რისკი იყო. მისი ბიზნესის ისტორია 1957 წელს დაიწყო. ჯეკმა "კადილაკის" დილერ ართურ ლინდბერგთან დაიწყო მუშაობა სენტ-ლუისში და მალევე დაასკვნა, რომ მისი საქმე მეწარმეობა იყო. ტეილორს კონტაქტი ჰქონდა დამკვეთებთან, რომლებიც "კადილაკებს" ქირაობდნენ. ჯეკი გაკვირვებული დარჩა ამ ოპერაციების სიადვილითა და მოხერხებულობით. მან რაღაცები დათვალა და დამაიმედებელი ციფრებიც მიიღო. ტეილორმა თავისი ბოსი დაარწმუნა, ცალკე გაქირავების ბიზნესი წამოეწყოთ. ამისთვის თავისი ხელფასის ნახევარი გადადო, ბოსს კი 25%-იანი წილი არგუნა. Executive Leasing company-ს საავტომობილო ფლოტი შვიდ მანქანას ითვლიდა.

ჯეკს არ დაუგეგმავს ჭიდილი მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც მომხმარებელს იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. ტეილორმა არჩია, რამე თავისუფალი ნიშა შეევსო. ფირმა თავდაპირველად გრძელვადიან გაქირავებაზე იყო ორიენტირებული, 1962 წლიდან კი ხანმოკლე გაქირავებასაც მიჰყო ხელი. თავდაპირველად ამას უსიამოვნებები მეტი მოჰქონდა, ვიდრე შემოსავალი. ჯეკმა ენერგიული თანაშემწე დონ ჰოლცმანი დაიხმარა. დონის ანგარიშით, საქმისთვის 17 ავტომობილი იყო საჭირო. ჰოლცმანს ესმოდა, რომ მსხვილ კონკურენტებს, Hertz-სა და Avis-ს ვერაფერს დააკლებდა. მან დამკვეთები აეროპორტებში მოძებნა.

სწორედ დონმა შენიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიებს ხშირად სჭირდებოდათ მანქანები, ოღონდ მხოლოდ დროებით. ფირმამ ავტომობილების იჯარით აღება შესთავაზა სადაზღვევო კომპანიების იმ კლიენტებისთვის, ვისი ავტომობილიც დაიმტვრა ან მოიპარეს, აგრეთვე ოჯახებს, ვისაც მანქანა მხოლოდ მცირე ხნით სჭირდებოდა. ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ეკონომიკის დაცემის დროსაც საკმაოდ მაღალ დონეზე რჩებოდა. ჰოლცმანმა კომპანია 1965 წელს დატოვა, თუმცა ტეილორს კომპანიის სტაბილურად გაზრდის გზა უკვე ნაპოვნი ჰქონდა.


"თან წაგიყვანთ"


1969 წლიდან კომპანია სენტ-ლუისს გასცდა და განყოფილება ატლანტაში (ჯორჯიის შტატი) გახსნა. ამას მალე მოჰყვა ოფისები ფლორიდასა და ტექსასში. მაგრამ ტეილორმა დაინახა, რომ კომპანიის სახელი ხელს არ უწყობდა საქმის წარმატებას და ის შეცვალა. ახლა ფირმასExecutive Leasing company ერქვა, აშშ-ის სამხედრო ფლოტის სიამაყის, "ენტერპრაიზის" ანალოგიით. ეს სიტყვა ინგლისურად თამამ წამოწყებას, მეწარმეობას, ინიციატივიანობას აღნიშნავს.

ჯეკმა დაარწმუნა გარაჟებისა და ავტოსახელსონოების მეპატრონეები, მათი დამკვეთები "ენტერპრაიზში" გაეგზავნათ, სანამ ავტომობილები გაჩერებული ეყოლებოდათ. ავტომობილისტები მაშინ უკვე ისე იყვნენ მანქანას შეჩვეული, რომ უმისოდ გაძლება ერთ დღესაც უჭირდათ და სიამოვნებით სარგებლობდნენ კომპანიის საკმაოდ იაფი მომსახურებით, სანამ მათ ოთხთვალა მეგობრებს ხელოსნები არემონტებდნენ. საქმე განსაკუთრებით კარგად 70-იანი წლების დასაწყისში წავიდა. ამის მიზეზი ერთი სასამართლო პრეცედენტი გახდა, როდესაც სადაზღვევო ფირმებს დააკისრეს კლიენტისთვის კომპენსაციის გადახდა იმ დღეებისთვისაც, როცა დაზღვეულ ავტომობილს კომპანია არემონტებდა, ხოლო კლიენტები ქვეითად რჩებოდნენ.

ორლანდოს განყოფილების მენეჯერს მოუვიდა იდეა, გამქირავებელ ოფისებამდე კლიენტი უფასოდ მიეყვანათ. ეს მომსახურება უცებ დაინერგა სწრაფად მზარდი კომპანიის ყველა ოფისში. ასე ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომელიც კომპანიის ცნობილ ლოზუნგში გამოიხატა- WE’ll pick you up, რაც დაახლოებით ასე ჟღერს: "თან წაგიყვანთ".

1974 წლის ენერგეტიკულმა კრიზისმა ბიზნესი ცოტა ხნით შეაფერხა. საწარმო მოგებას კვლავ ტოვებდა, მაგრამ მისმა შემცირებამ მეპატრონეები აიძულა, ბიზნესის დივერსიფიკაციაზე ეფიქრათ. შეიძინეს Keefe Coffee Company, რომელიც სასტუმროების ნომრებში არიგებდა ყავას. ასე დაიწყო "ენტერპრაიზ კეპიტალ გრუპის" მშენებლობა, რასაც არაერთი შენაძენი მოჰყვა. მისმა წილმა საერთო შემოსავალში 10% მიაღწია.


ზრდა მწვერვალებისკენ

ტეილორის კომპანიამ ორიენტაცია დამკვეთთა სრულყოფილ მომსახურებაზე აიღო და თანამშრომელთა წახალისების სისტემაც შექმნა. 1980 წელს შეიქმნა დაჯავშნის ნაციონალური ცენტრი, სადაც უფასო ზარით მუშტარს ავტომომსახურების შეკვეთა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლო.

70-იანი წლების საკმაოდ კარგი ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდა 80-იანებში. 1984-დან 1990 წლამდე ზრდა წელიწადში საშუალოდ 27%-ს აღწევდა. საფრთხე 1990 წელს გაჩნდა, როცა ბაზარზე "ჰერცი" და "ნეიშნელი" ახალი შეთავაზებებით შეიჭრნენ. კონკურენტების დაძლევას თითქმის ათწლეული დასჭირდა.

1989 წელს ტეილორი ბაზარზე ბიზნესის ახალი სახელწოდებით წარდგა: Enterprise Rent-A-Car Company. დამკვეთებს 500 ოფისი ემსახურებოდა 50 ათასი სატრანსპორტო საშუალებით. დაიწყო ახალი სახელის ბრენდად დამკვიდრება, პირველი ტელესარეკლამო ბიუჯეტი $5 მლნ იყო. რეკლამა გადიოდა ჟურნალისტური გამოძიების პოპულარულ გადაცემა "60 წუთშიც". 1990 წელს "ენტერპრაიზმა" $800 მლნ გამოიმუშავა. კომპანია საერთო ჯამში მეხუთე პოზიციაზე იყო ავტოგაქირავების ფირმებს შორის, თუმცა ბიზნესის ზოგიერთ ქვესეგმენტში პირველობას ინარჩუნებდა.

ჯეკ ტეილორის ვაჟმა ენდრიუმ, რომელიც 80-იანი წლებიდან კომპანიის პრეზიდენტი იყო, ხოლო 1991 წლიდან აღმასრულებელი მენეჯერი გახდა, მამისგან საქმის გაფართოების ესტაფეტა გადაიბარა. გაფართოების მიუხედავად, მაღალ დონეზე შენარჩუნდა მომსახურების ხარისხი, კარგი მენეჯერების მიზიდვისა და პერსონალის განუწყვეტელი სწავლის ხარჯზე.

1992 წლიდან კომპანია აშშ-ის 100 უმსხვილეს ქალაქში ამოქმედდა, შემოსავალმა პირველად გადააჭარბა $1 მილიარდს. სწრაფი ზრდა გაგრძელდა და 1995 წელს $2,46 მილიარდს მიაღწია, ხოლო 1999-ში- $4,73 მილიარდს. გასაქირავებელ კომპანიას უკვე Eneterprise Fleet Services-ი ერქვა და ამ "ფლოტის" რიცხვი ნახევარ მილიონს აღწევდა, რამდენიმე ქვეყანაში გახსნილ 4 ათას ოფისში. უმსხვილესი კონკურენტი "ჰერცი" "ენტრეპრაიზმა" 1996 წელს ჩამოიტოვა უკან ოფისებისა და მანქანების რაოდენობით...

ტეილორების მსხვილი საერთაშორისო ჰოლდინგი დღეს წარმომადგენლობებსა და ფილიალებს ფლობს კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ირლანდიაში. აშშ-ში რამდენიმე ათასი ოფისია და მთელი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ისთვის ნებისმიერი მათგანი, ყველაზე დიდი, 15 კილომეტრის რადიუსშია განლაგებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები