ტკბილი პროდუქტის მწარე ფასი - კვირის პალიტრა

ტკბილი პროდუქტის მწარე ფასი

რამდენიმეთვიან კონკურენციას წერტილი ესმება, ბაზრის მონოპოლისტი წილს კვლავ ზრდის

სურსათის ფასებმა, რომელიც შარშანდელი ზაფხულიდან მუდმივად იზრდებოდა, საახალწლოდ მორიგი რეკორდი მოხსნა. ხორბალთან, სიმინდსა და ცხიმეულთან ერთად, შაქარიც ფასების ლიდერია. ამჟამად საცალო ქსელში კილოგრამის ფასი 2,2-დან 2,3 ლარამდე მერყეობს და თუ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასაც გავითვალისწინებთ, გაძვირება ალბათ კიდევ გაგრძელდება. შაქრის ფასების ზრდაზე "ადგილობრივი ფაქტორებიც" მოქმედებს, პირველ რიგში, ბაზრის მონოპოლიური გადანაწილება. ფასს ბევრად თუ არა, მცირედით მაინც ბიძგს საბაჟო მოთხოვნის გამკაცრებაც მისცემს. დეკემბრიდან 12%-იანი საბაჟო გადასახადი დაეკისრათ შაქრის იმპორტიორებს, რომლებიც ადგილწარმოშობის სერტიფიკატს ვერ წარმოადგენენ. ეს ცვლილება, პირველ რიგში, გააძვირებს იმპორტს ბელორუსიიდან, საიდანაც ბოლო თვეების განმავლობაში დიდი მოცულობით შაქარი შემოდიოდა.

იმპორტიორები, რომლებსაც შაქარი ბელორუსიიდან შემოჰქონდათ, ამბობენ, რომ საბაჟო მოთხოვნები შაქრის ბაზრის მონოპოლისტის, აზერბაიჯანული "ქუოლიტი შუგარის" ინტერესების დასაცავად გაამკაცრეს. აზერბაიჯანული კომპანია ფლობს აგარის შაქრის ფხვნილის ერთადერთ მწარმოებელ "ქართულ შაქარსაც". აგარის ქარხნისთვის ნედლეულსაც აზერბაიჯანული კომპანია ყიდულობს და გამოშვებულ შაქარს ბაზარზე კომპანია "დაფნა ჰას" მეშვეობით ყიდის. 2008 წლის შემოდგომამდე აგარის ქარხანა გოჩა ძასოხოვს ეკუთვნოდა და სადისტრიბუციო ბაზრის დაახლოებით ნახევარს ფლობდა. ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ პრეზიდენტმა ბიზნესმენი მონოპოლიზმსა და ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა.

არადა, მაშინ ტომარა შაქარი 40-45 ლარის ფარგლებში ღირდა და იაფფასიანი ბრაზილიური და ინდური შაქარი ბაზარზე გაცილებით უფრო ადვილად აღწევდა, ვიდრე აზერბაიჯანელების შემოსვლის შემდეგ, რომლებმაც ქარხნის შესყიდვიდან მოკლე ხანში ბაზრის 80% დაისაკუთრეს. კონკურენტების შეზღუდვის ხარჯზე მათი წილი კიდევ იმატებდა. ბაზარზე შაქრის შემოტანა მცირე იმპორტიორებისთვის თითქმის შეუძლებელი გახდა. იმპორტისთვის საბაჟოზე შექმნილ პრობლემებზე ჩიოდნენ მსხვილი მწარმოებლებიც, მათ შორის "ყაზბეგის" მფლობელი გოგი თოფაძეც, რომელსაც ლიმონათის დასამზადებლად შაქრის შემოტანა ბელორუსიიდან უნდოდა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ თოფაძემ ხელშემშლელ მიზეზად ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანელების მფარველობა და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა დაასახელა.

შარშან გაზაფხულზე "ქართული შაქარი" სარემონტოდ გაჩერდა და მისი მარაგების ამოწურვის შემდეგ ბაზარზე დეფიციტი რომ არ შექმნილიყო, იმპორტს გზა გაუხსნეს. ბაზარზე გაჩნდნენ ახალი, შედარებით მცირე იმპორტიორებიც. იმპორტის ზრდა ოფიციალურ სტატისტიკაზეც აისახა. იმპორტმა ზრდა ივლისიდან დაიწყო და III კვარტალში საშუალო მოცულობასთან შედარებით გაორმაგდა. შარშან იანვარ-ნოემბერში სულ ქვეყანაში 121,6 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა, 2009 წელს კი 105 ათასი იყო. გაიზარდა იმპორტი ბელორუსიიდანაც, რომლის ფასი საკმაოდ ხელსაყრელი იყო და "ქუოლიტი შუგარს" კონკურენციას უწევდა. 2010 წლის დეკემბრამდე ბელორუსიიდან იმპორტმა, 2009 წელთან შედარებით, 243%-ით მოიმატა და 12,9 ათას ტონას მიაღწია. სანაცვლოდ შემცირდა იმპორტი ბრაზილიიდან.

ბელორუსიიდან შემოტანილი პროდუქციის ერთ-ერთი რეალიზატორი კომპანია "მაგფა" იყო, რომელიც აზერბაიჯანელი მომწოდებლის შემდეგ ბაზარზე სიდიდით მეორე დისტრიბუტორია... რამდენიმეთვიან კონკურენციას დეკემბრის გადაწყვეტილება წერტილს დაუსვამს. რადგან ბელორუსიასთან საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება არ აქვს, ამ ქვეყნიდან შაქრის შემომტანს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.

ცვლილება ფინანსთა მინისტრმა ამგვარად ახსნა: "შაქრის საბაჟო მოსაკრებლით დაბეგვრის პრეტენზია ჩემამდეც მოიტანეს. საქმე ის გახლავთ, რომ შაქარი 12%-ით ყოველთვის იბეგრებოდა. სერტიფიკატი გულისხმობს, რომ პროდუქცია სრულად უნდა იყოს წარმოებული ერთ ქვეყანაში. ანუ შაქრის ლერწამი ან ჭარხალი, რომელიც არის ნედლეული, მოყვანილიც და წარმოებულიც ერთსა და იმავე ქვეყანაში უნდა იყოს. პრობლემა იმან შექმნა, რომ შაქრის ლერწამი არ იყო მოყვანილი იმ ქვეყანაში, საიდანაც შაქარი შემოდიოდა. ბუნებრივია, ის ჩთ-1 სერტიფიკატის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და დაიბეგრება".

ნაწილობრივ საბაჟო შეზღუდვისა და ნაწილობრივ მსოფლიო ბაზარზე გაძვირების შემდეგ, არსებობა რამდენიმე იმპორტიორმა შეწყვიტა. მათ შორის "კა-დე ტრეიდ გრუპმა", რომელსაც შაქარი ბელორუსიიდან შემოჰქონდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტის იმპორტმა აზრი დაჰკარგა.

გაძვირებას უჩივიან სხვა მცირე მეწარმეებიც, რომლებიც შაქარს საბითუმოდ ყიდულობენ, უმეტესად "ქუოლიტი შუგარისგან", თვითონ აფასოებენ და ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებს ამარაგებენ.

იოსებ თაბაგარი (ინდმეწარმე "კრისტალი"): "შაქარს ბითუმად ვყიდულობთ ბაზარზე და ვაფასოებთ. ხან ბრაზილიურია, ხანაც ინდური, გერმანული, -ასე გვეუბნებიან. ცოტა ხნის წინ ბაზარზე ბელორუსიიდან იმპორტირებულიც გამოჩნდა. კარგი შაქარია, როგორც ვიცით, იქაური ქარხნები შაქრის ლერწამს ჭარხალს ურევენ, რომელიც ადგილობრივად მოდის. ამიტომ შაქრის ფხვნილი უფრო ტკბილი გამოდის. ბოლო დროს შაქარი ისე გაძვირდა, ვეღარ ვყიდულობთ, არარენტაბელური გახდა, ამიტომ დაფასოება შევწყვიტეთ. თანაც მარკეტების 99% ე.წ. "პოსლეზე" მუშაობს, თანხას ხელზე არ გვაძლევენ, შეიძლება 4-5-ჯერ მიგიყვანონ და ხელცარიელი გამოგისტუმრონ. ზოგიც იკეტება, ზოგიც გარბის და ასე მუშაობა ძალიან რთულია".

გიორგი ბარბაქაძე (ინდმეწარმე "სიუხვე"): "ტომარას უკვე 102 ლარად ვიღებთ "მაგფასთან", რომელსაც შაქარი ბელორუსიიდან შემოაქვს და აგარის შაქრის ფასი თითქმის ერთნაირია ან ძალიან მცირე განსხვავებაა, ლარი ან ლარ-ნახევარი. როგორც ვიცი, აგარის შაქარი უკრაინულ ნედლეულს იყენებს, "მაგფას" კი ბელორუსიიდან შემოაქვს, ორივე ბრაზილიურზე უკეთესია ხარისხით, ადრე აზერბაიჯანიდანაც შემოჰქონდათ, მაგრამ ის დაბალი ხარისხის იყო. ბოლო დროს სომხეთიდანაც გამოჩნდა, ისიც კარგი ხარისხისაა".

აზერბაიჯანელი იმპორტიორი არ უარყოფს, რომ მთავრობამ საბაჟო გადასახადი ბელორუსულ პროდუქციაზე ადგილობრივი წარმოების დასაცავად შემოიღო.

ალხან ალიზადე ("ქუოლიტი შუგარის" დირექტორი): "რამდენია ბაზარზე ჩვენი წილი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 50%-ზე მეტია. ჩვენ ძირითადი კონკურენტი ბელორუსიული შაქარია, რომელიც დიდი ოდენობით შემოდიოდა. მცირე მოცულობით ხდებოდა იმპორტი ევროპიდან და სომხეთიდან. ჩვენი ფასები დეკემბრამდე თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ დაბეგვრის შემდეგ უფრო ძვირი გამოდის. ჩვენ მწარმოებლები ვართ, საქართველოში გვაქვს წარმოება და ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, მე მგონი, ნორმალურია. ჩვენი წილიც ბაზარზე ალბათ მოიმატებს. რაც შეეხება ფასებს, რა იქნება ერთი კვირის შემდეგ, ზუსტად თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ მსოფლიო ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ფასები ზემოთ წავა".

ნედლეულის გაძვირების გამო ფასების ზრდას ლიმონათისა და "კოკა-კოლას" მწარმოებლებიც აპირებენ. გაძვირდება ტკბილეულიც. მურაბების, ხილფაფების მწარმოებლები ამბობენ, რომ დანახარჯის 75% შაქარზე მოდის და ეს პროდუქციის ფასზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.

შაქრის ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 30 წლის მაქსიმუმს აღწევს და გაძვირებას განაგრძობს. ერთი ტონა თეთრი და რაფინირებული შაქრის ფასმა ლონდონის ბირჟაზე (2008 წლის ივნისში ფასი $383 იყო) $750-ს გადააჭარბა. ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტის ფასის მატება ბრაზილიაში ცუდ მოსავალს დაუკავშირეს. ახალი წელიც უსიამოვნო ინფორმაციით დაიწყო, მსოფლიოს შესაძლოა შაქრის დეფიციტი შეექმნას. რადგან ინდოეთს, რომელიც ყოველწლიურად 250 მილიონ ტონას აწარმოებს, ექსპორტი კვლავაც შეზღუდული აქვს. მოსავლის შემცირებას ელოდებიან ტაილანდში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. შაქრის დეფიციტს ხელს ისიც უწყობს, რომ შაქრის ლერწამს, სიმინდსა და სოიოსთან ერთად, აქტიურად იყენებენ ბიოსაწვავის წარმოებაში. შაქარზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, ამიტომ ძვირი იმპორტისა და შეზღუდული მსოფლიო მარაგების გათვალისწინებით, შაქრის გაძვირება 2011 წელსაც გაგრძელდება.

ნონა ქვლივიძე