"10 წლის შემდეგ" -მობილური ტარიფი მცირდება - კვირის პალიტრა

"10 წლის შემდეგ" -მობილური ტარიფი მცირდება

არამობილური რეაქცია მარეგულირებელი კომისიისგან

მობილურით საუბარი გაზაფხულზე უნდა გაიაფდეს. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, რომ "მაგთისა" და "ჯეოსელის" ტარიფები ზედმეტად გაბერილია და წუთობრივი ტარიფი 28,8 თეთრიდან 24 თეთრამდე შეამცირა. მარტიდან ბაზრის ორ ლიდერს ამ ზღვრის გადაბიჯება აეკრძალება. შეზღუდვა არ შეეხება მესამე მოთამაშე "მობიტელს", რომელიც ბაზარზე "ბილაინის" სახელით ოპერირებს. კომისიაში ამბობენ, რომ ამ ზომებს მონოპოლისტების შეზღუდვის მიზნით მიმართეს, მათ შედარებით მცირე წილის მქონე კონკურენტი რომ არ დაჩაგრონ და მომავალში ახალშემოსული კომპანიები ბაზრიდან ვეღარ განდევნონ.

ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში 28,8-თეთრიანი წუთობრივი ტარიფი ხელშეუხებელი იყო. მომხმარებლები წლების განმავლობაში ჩიოდნენ, რომ მობილურზე საუბარი საქართველოში მეტისმეტად ძვირი ღირდა და რომ "მაგთი" და "ჯეოსელი", რომლებიც "ბილაინის" შემოსვლამდე ბაზარს თითქმის თანაბრად ინაწილებდნენ, ზემოგებაზე მუშაობდნენ. თუმცა ტარიფის გადახედვა არავის უფიქრია. "მობიტელის" შემოსვლის შემდეგ ბაზარზე ვითარება შეიცვალა, გაჩნდა კონკურენციაც.

"მობიტელმა" მის ქსელში ფასები დაწია, რამაც კონკურენტები აიძულა, აბონენტების შესანარჩუნებლად ფასდაკლების აქციები დაეწყოთ. შარშან ზაფხულში მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიებს ურთიერთჩართვის ტარიფი 46%-ით შეუმცირა (ურთიერთჩართვის ტარიფი არის საფასური, რასაც კომპანიები ერთმანეთს აბონენტების მომსახურებისთვის უხდიან. მაგალითად, "მაგთი" მისი აბონენტის მომსახურებაში "ჯეოსელს" ამჟამად, შემცირების შემდეგ, 14,8-ის ნაცვლად 8 თეთრს უხდის). ამის შემდეგ მომხმარებელი ელოდა, რომ შემცირება საცალო ფასზეც უნდა ასახულიყო.

კონკურენცია მართლაც გაიზარდა, მობილურმა კომპანიებმა აბონენტების შესანარჩუნებლად ბრძოლა გაამძაფრეს და ფასდაკლების ახალი აქციები წამოიწყეს. თუმცა როცა კომისიამ მათი შემოსავალი დაიანგარიშა, აღმოჩნდა, რომ მობილური კომპანიების შემოსავალმა, შემცირების ნაცვლად, ზოგ შემთხვევაში მოიმატა -გამავალი ზარების (სხვა ოპერატორებთან განხორციელებული ზარების) გაძვირების ხარჯზე. მაგალითად, "მაგთიმ" რამდენიმე თვის წინ აქცია წამოიწყო და აბონენეტებს შესთავაზა ახალი სატარიფო პაკეტი: ზარის წამოწყება 10 თეთრი, შემდეგ მეორე წუთიდან კი სხვა ნებისმიერ ქსელთან საუბარი წუთი 18 თეთრი ღირდა, შიდა ქსელში, "ბანისა" და "მაგთი-ფიქსის" აბონენტებთან კი 5 თეთრი. აქცია არჩევითი იყო.

მოგვიანებით კი ამ აქციაში კომპანიამ ყველა საკუთარი აბონენტი უკითხავად ჩართო. იმის გამო, რომ აბონენტების 80% ყველაზე ხშირად სწორედ ერთ წუთამდე საუბრობს, კომპანიის შემოსავლებმა იმატა. ამას გამავალ ზარებზე გაზრდილი საფასურიც დაემატა, კომისიის გაანგარიშებით, "მაგთის" აბონენეტებს კონკურენტ ქსელებთან დასაკავშირებლად წუთი 28,8 თეთრზე მეტი -31,2 თეთრი უჯდებოდათ. აქციის დაწყების შემდეგ "მაგთის" საერთო შემოსავალში სხვა ქსელში გამავალი ზარების მომსახურების წილმა 51%-დან 57%-მდე იმატა, შესაბამისად გაიზარდა მოგებაც.

შარშანდელ 10 თვეში მობილურმა კომპანიებმა სულ 600 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. "ჯეოსელი" ლიდერობს 285 მილიონი ლარით, "მაგთიმ" 272 მილიონ ლარამდე მიიღო, ბილაინის" შემოსავალი კი 70 მილიონი ლარი იყო. ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირების გარდა, შარშან სექტემბრიდან კომპანიებს აქციზის 10%-იანი გადასახადი დაუწესდათ. სწორედ 10%-იანი აქციზის მიზეზით, "მაგთიმ" და "ჯეოსელმა" კომისიას მიმართეს და ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. მაგრამ კომისიამ მათი მოთხოვნა არ გაიზიარა და ის ძველ ნიშნულზე დატოვა.

ამჟამად მობილურ ბაზარზე წილები ასე ნაწილდება: "ჯეოსელი" -45%, "მაგთი" -42% და "ბილაინი" -13%. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი აქტიური აბონენტი -1447 ათასი, "ჯეოსელს" ჰყავს. მას 120 ათასით ჩამორჩება "მაგთი". ყველაზე მეტი მომხმარებელი ანუ აბონენტების 40% "ლაი-ლაის" ქსელშია ჩართული, 24% "მაგთის" აბონენტია, 14% -"ბალის", "ბილაინის" კი 13% (ივნისში მისი წილი 11% იყო).

მარეგულირებელმა კომისიამ დაიანგარიშა, რომ "ჯეოსელს" ზარის ერთი წუთი, საშუალოდ, 11 თეთრი უჯდება, "მაგთის" კი 13,6 თეთრი. კომისიის დაანგარიშებით, მობილურის აბონენტი ჩვენთან თვეში საშუალოდ 110 წუთს საუბრობს. ამ ციფრების შემდეგ მობილური კომპანიების მოგების მოცულობაც ბუნებრივი ხდება. კომპანიების საბაზო ტარიფებისა და სამომხმარებლო აქციების გათვალისწინებით, საქართველოში მობილური კავშირის ერთი წუთის საშუალო ღირებულება 17-თეთრია.

თავად კომპანიები ხელოვნურად გაბერილი ტარიფების არსებობას უარყოფენ. "ჯეოსელი" ამბობს, რომ ახალი განაკვეთის დაწესება მათთვის წამგებიანი იქნება. ბაზრის ლიდერ კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ მოდელს არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ ის სუბიექტურ მოსაზრებებზეა დამყარებული. გაასაჩივრებენ თუ არა, ამას მოგვიანებით გადაწყვეტენ. მეთოდიკას, რომლითაც მარეგულირებელმა კომისიამ ზღვრული ტარიფი დაიანგარიშა, არც "მაგთიკომი" ეთანხმება, სადაც მიაჩნიათ, რომ კონკურენციამ ტარიფები ისედაც ლიბერალური გახადა და ზედმეტი ჩარევა საჭირო არ არის. ამის მიუხედავად, კომპანია კომისიის გადაწყვეტილებას შეასრულებს.

24 თეთრი -ეს არის ზღვრული ტარიფი, რაც ნიშნავს, რომ საუბრის ფასმა ამ ზღვარს არ უნდა გადააჭარბოს. ახალი ტარიფები დამტკიცებიდან სამი თვის შემდეგ ამოქმედდება.

კომპანიების შემოსავლები აბონენტების ზრდის ხარჯზე მატულობს, შესაბამისად იზრდება ტრაფიკის, სასაუბრო წუთების რაოდენობაც. ამიტომ ახლა კომპანიები აბონენტების გადაბირებისთვის იბრძვიან. ამისთვის მათ კვლავაც შეუძლიათ ახალი აქციების წამოწყება. აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გადაწყვეტილებას მომხმარებელი თავად იღებს, ამიტომ კომპანია მის ტარიფს დამოუკიდებლად ადგენს. ამ შემთხვევაში ტარიფის დადგენაში კომისია ვერ ჩაერევა. ზედა ზღვარი შეეხება არაარჩევით ტარიფს ანუ ავტომატურად ჩართულ საფასურს. თუმცა კომისიაში საშუალო 17-თეთრიანი ღირებულების ზრდას აღარ ელოდებიან. ამბობენ, რომ მათ მიერ შემოღებულ ახალ ბერკეტს გაზაფხულიდან კონკურენციის ზრდა მოჰყვება, რაც კომპანიებს ტარიფის გაზრდის საშუალებას არ მისცემს.

მარეგულირებლის ვარაუდით, კონკურენციის ზრდა და ფასების შემცირება ნომრების პორტაბელურობის ამოქმედებასაც მოყვება. მომავალი თვიდან აბონენტებს ერთი მობილური ოპერატორიდან მეორეზე გადასართველად ნომრის გამოცვლა, რაც ახალი სიმ-ბარათის აღებას ნიშნავს, აღარ დასჭირდებათ. მობილური ქსელის შეცვლა ნომრის გამოუცვლელად გახდება შესაძლებელი. მომსახურე კომპანიის შეცვლას ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტებიც შეძლებენ. სავარაუდოდ, აბონენტები იმ ქსელში ჩაერთვებიან, რომელსაც დაბალი ტარიფი ექნება. სპეციალისტების შეფასებით, ქსელებს შორის აბონენტების დიდ ნაკადებად გადადინება არ მოხდება და ამ ცვლილების შედეგად, ქსელებს საშუალოდ აბონენტთა 10%-15% თუ შეიცვლის.

ნონა ქვლივიძე