"შავსათვალიანი კაცი" 10 მილიარდით ჯიბეში - კვირის პალიტრა

"შავსათვალიანი კაცი" 10 მილიარდით ჯიბეში

ლეონარდო დელ ვეკიო - სათვალის ჩარჩოების "მბრძანებელი"

სათვალის მწარმოებელი კომპანია Luxottica-ს მეპატრონე ლეონარდო დელ ვეკიო, "ფორბსის" მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა 2010 წლის ნუსხაში 59-ე ადგილზე იყო. მისი ქონება $10,5 მილიარდად შეაფასეს. "ლუქსოტიკა" ბიზნესიმპერიაა, უამრავი საწარმოთი სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ოპტიკურ და დამცავ ლინზებს, სათვალის ჩარჩოებსა და აქსესუარებს აწარმოებენ.

იყო დრო, როცა იტალიური პრესა ლეონარდო დელ ვეკიოს "სინიორ ნესუნოს" უწოდებდა, ანუ "მისტერ არავინს". ბიზნესი იზრდებოდა, თუმცა დელ ვეკიო ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. დღეს ლეონარდო ფლობს აქციების 73%-იან პაკეტს Luxoticca Group SPa-ში, რომელიც სათვალის ჩარჩოების უმსხვილესი მწარმოებელია. წოდება "მისტერ არავინ" ბ-ნ დელ ვეკიოს "წონას" აშკარად აღარ შეეფერება. ახლა მას იტალიაში ლეონარდო მეორეს ეძახიან. ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ ის არანაკლებ ცნობილია, ვიდრე პირველი - ლეონარდო და ვინჩი.

დელ ვეკიოს პოლიტიკაც იტაცებდა, თუმცა საბოლოოდ ქალიშვილ მარისას აღზრდა (ის ახლა სათვალეების მუზეუმს ხელმძღვანელობს) და საბირჟო გარიგებები ამჯობინა. "ლუქსოტიკა" იტალიის 30 უმსხვილეს კომპანიაში შედის. აგორდოელი მუშებიც - საწარმოს მონორიტარული აქციონერები, ლამის აღმერთებენ მეპატრონეს. მათი ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე კონკურენტთა საწარმოებში და სასადილოც უფასო აქვთ. იტალიაზე კი სათვალის ოპტიკის მსოფლიო ბაზრის 27% მოდის. "დელ ვეკიო" იტალიურიდან ითარგმნება, როგორც "ბერიკაცი" და 74 წლის კაცს, რომელმაც ღირსეული და შინარსიანი ცხოვრება განვლო, უფლება აქვს, იამაყოს.

"სტრატეგიის საფუძვლები"

"სად არის სათვალე?" - ამ კითხვით იწყებდა დილას მონასტრის მნე ბერი. პატარა ლეო შვიდი წლიდან მილანის ობოლთა ერთ-ერთ თავშესაფარში იზრდებოდა, რომელსაც ბერები ინახავდნენ. დედას მუდმივი სამუშაო არ ჰქონდა და მოსამსახურედ მუშაობდა ოჯახებში. ქმარი არ ჰყავდა, სამაგიეროდ ხუთი შვილი გააჩინა და იძულებული შეიქნა, ისინი თავშესაფარში მიებარებინა. 14 წლის ასაკში ლეომ მუშაობის დაწყება გადაწყვიტა, დედას დახმარება სჭირდებოდა. იდგა მშიერი 1949 წელი, თუმცა ოკეანის გაღმიდან დოლარების შემოდინებამ იტალია გამოაცოცხლა.

დაიწყო გზების, სახლების მშენებლობა, ქარხნების აღდგენა. ლეონარდო ავტომობილის სათადარიგო ნაწილების ქარხანაში მოეწყო შეგირდად. სამუშაო დიდად საინტერესო არ ყოფილა, თუმცა ბიჭმა ლითონის დამუშავება, მისთვის ფორმის მიცემა, გაპრიალება ისწავლა. თხელი, ძლიერი თითებით რთულ ამოცანებსაც ყველაზე სწრაფად უმკლავდებოდა. ლეო საკუთარი საქმის წამოწყებაზე დაფიქრდა.

როცა ლეონარდო აგორდოში მოხვდა, მეხსიერებაში ამოუტივტივდა ბავშვობაში მრავალჯერ გაგონილი ფრაზა - "სად არის სათვალე?" მთელი ხუთიათასკაციანი ქალაქი, მოხუცებისა და ბავშვების გარდა, სათვალეებს ამზადებდა, ისევე როგორც მეზობელი ქალაქები. ალპებისპირა ბელუნოს პროვინციაში იტალიური ოპტიკის 90% იწარმოებოდა. ჩარჩოების დიდ ნაწილს ულამაზო ყვითელი პლასტიკისგან ამზადებდნენ, იყენებდნენ ცელულოიდსაც, ლითონსაც.

მარშალის გეგმას ამერიკიდან ევროპაში შემოჰყვა "როკენროლი", ჯინსები, ჭრელა-ჭრულა პერანგები. მოტოროლერებზე ამხედრებული ახალგაზრდობა პლაჟისკენ მიეშურებოდა. მათთვის სათვალე უკვე იყო არა რაღაც ლინზების წყვილი, არამედ მოდური აქსესუარი, პირველ რიგში - მზისგან დამცავი; მუქი, ნახევარ სახეს რომ ფარავს, ყველაფერს ირეკლავს და საღამოს, საცეკვაო მოედანზეც კი "აუცილებელია".

პირველი ჩარჩო დელ ვეკიომ 19 წლისამ შეიმუშავა და დაამზადა. ჯერ სხვებისთვის მუშაობდა, შემდეგ საკუთარი საქმის დაწყება გადაწყვიტა. ლეონარდო მიხვდა - დარგში, სადაც დიდი კონკურენცია და უამრავი მწარმოებელია, მხოლოდ ის გაიმარჯვებს, ვისაც სტრატეგია აქვს. ბელუნოში ზოგი ხელოსანი ჩარჩოებს ამზადებდა, ზოგიც რკალებს, სხვები ოპტიკას, მეოთხენი აწყობდნენ.

ასეთ სიჭრელეში ბაზარზე სათვალის ახალი მოდელების გამოშვება, მით უმეტეს, მათი კოლექციებისა, ძნელი და ხანგრძლივი საქმე იყო. არადა, ყველა კაბასა თუ კოსტიუმს ხომ თავისი შესაფერისი სათვალე სჭირდება - ისევე როგორ ჰალსტუხი, შარფი, ფეხსაცმელი... სენიორ ლეონარდო, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს მილანური მოდის სახლების აღმავლობას, ამას ერთ-ერთი პირველი მიხვდა. მან საკუთარი ფირმის შექმნა გადაწყვიტა. ამიერიდან სათვალე "თვალის პროთეზი" კი აღარ იქნებოდა, არამედ ხელოვნების ნიმუში. 1961 წელს აგორდოში კომპანია "ლუქსოტიკა" დაიბადა.

1971 წელს ლეონარდომ თავისი პროდუქცია MIDO-ზე წარადგინა (ოპტიკის საერთაშორისო გამოფენა მილანში). ეს ნამდვილი გარღვევა იყო. პროდუქცია ინოვაციური იმიტომ აღმოჩნდა, რომ ერთი მწარმოებლის მიერ იყო დამზადებული. ბითუმად შემსყიდველები ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი მაღალხარისხიანი პროდუქცია ასეთ ხელმისაწვდომ ფასად იყიდებოდა. "ვერტიკალური ინტეგრაციის სისტემა" დღეს ოპტიკის სამყაროში მყარად დამკვიდრდა - ერთი კომპანიის ჭერქვეშ სათვალის შემუშავებისა და წარმოების მთელი კომპლექსი ექცევა.

KvirisPalitra.Geბრენდების შემგროვებელი

ათწლეულის დასასრულისთვის დელ ვეკიოს კომპანია მძლავრი სტრუქტურის, ფინანსურ ჯგუფ Delin SARL-ის ცენტრად იქცა. მან საუკეთესო ინჟინერები და დიზაინერები შემოიკრიბა. ცნობილი ბრენდების მფლობელების ყურადღების მისაქცევად ლეონარდომ უპრეცედენტოდ აგრესიული სამეწარმეო და სადისტრიბუციო ექსპანსია წამოიწყო. ხან რა ხერხს მიმართა და ხან რა იღონა, საბოლოოდ, ევროპის ყველა სავაჭრო ქსელი, რომელიც "ლუქსოტიკის" ოპტიკით ვაჭრობდა, მის ფრთებქვეშ აღმოჩნდა.

შემდეგ დელ ვეკიომ კიდევ ერთი გენიალური ნაბიჯი გადადგა. "ლუქსოტიკა" უკვე იყო ხარისხის გარანტია. კლიენტებს კი რასაკვირველია სურდათ, ცხვირზე პრესტიჟული ბრენდი დაეკოსებინათ. ლეონარდომ პირველმა "დააქორწინა" ბელუნოური სათვალის ხარისხი პარიზულ და მილანურ მოდის სახლებთან. პროდუქცია კონკურენტებისაზე ძვირი გახდა, სამაგიეროდ, ახლდა ძვირფასი სამარკო ნიშანი. "ლუქსოტიკის" პირველი კლიენტი იყო სახელგანთქმული "არმანი".

1988 წელს დელ ვეკიომ მოიპოვა ლიცენზია ფუფუნების კლასის სათვალეებზე ცნობილი მოდელიერისგან. წავიდა და წავიდა! 1989 წელს კომპანიამ მიიღო უფლება, ეწარმოებინა ბრენდებიValentino da Vogue; 1991 wels - Yves Saint Laurent-i da Oliver-i; 1993 wels - Emporio Armani da Tacchini; 1995 wels - Persol-ი, Moschino da Web-ი; 1996-ში - Bulgari; 1998 wels - Ferragamo da Ungaro; 1999-ში - Chanel-ი; 2003-Si - Versace...

1995 წელს "ლუქსოტიკა" დღეში 70 ათას სათვალის ჩარჩოს ამზადებდა, წელიწადში კი 15 მილიონამდე. შრომისუნარიანობის მაგალითს თანამშრომლებს ფირმის მეპატრონე აძლევდა, რომელიც წარმოებაში დღე-ღამეში 20 საათს ატარებდა. თითქმის არ ისვენებდა ზაფხულის ერთი თვის გარდა, რომელსაც საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს ატარებდა. 1999 წლისთვის წარმოება დღეში 81 ათას ჩარჩომდე გაიზარდა.

90-იანი წლების დასაწყისიდან ლეონარდო მსოფლიოში უდიდეს ამერიკის ბაზარს "უთვალთვალებდა" და 1995 წელს გამიზნული "დარტყმა" მიაყენა. შეიძინა US Shoe ჩორპორატიონ-ი, ოპტიკის მაღაზიების უმსხვილეს ქსელ Lenschrafters-ის მფლობელი 900 მაღაზიით. თავის დროზე Lenschrafters-მა დანერგა მომსახურების ახალი სახე – სათვალის შეკვეთით დამზადება ერთ საათში.

"ლუქსოტიკის" ყველაზე ცნობილი მარკა მაინც Ray-Ban-ია. არა იმიტომ, რომ ეს სარკოზის ან რინგო სტარის საყვარელი სათვალეა, არამედ იმიტომ, რომ ის დელ ვეკიოსთვის ამერიკის დაპყრობის სიმბოლოდ იქცა. დღეს აშშ-ზე სათვალეების იმპერიის მთელი გაყიდვის 2/3 მოდის. "რეი-ბანი" ლეომ 1999 წელს Bausch & Lomb-ისგან იყიდა, რომელიც მაშინ სიძნელეებს განიცდიდა.

დღეს დელ ვეკიოს ხელთ ფუფუნების კლასის სათვალის 13 მარკაა, რომლებიც ლიცენზიით მზადდება. კიდევ 7 ბრენდი კომპანიას ეკუთვნის. მასზე მეტი ბრენდი მხოლოდ იტალიურ შაფილო-ს აქვს, თუმცა კონკურენტები "ლუქსოტიკას" მოგებით ჩამორჩებიან. ის ფლობს 5627 სპეციალიზებულ მაღაზიას 130 ქვეყანაში, რასაც გაყიდვის 52 ათასი პუნქტი ემატება. იტალიელების ექსპანსია კი გრძელდება...