ეკონომიკის ტრანსფორმაცია პანდემიის გაკვეთილებით
ეკონომიკის ტრანსფორმაცია პანდემიის გაკვეთილებით
"ახლა ინდუსტრიული ცენტრების დომინირების ეპოქაში შევდივართ... ეკონომიკის რესტარტი დაგვჭირდება არა იმ სახით, რა სახითაც მანამდე არსებობდა, არამედ უფრო ინდუსტრიული, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მიმართულებით"

როგორ შეიცვლება მსოფლიო პანდემიის შემდეგ? - ეს შეკითხვა დღეს ბევრს აწუხებს და სავარაუდო პასუხებიც არსებობს. ანალიტიკოსების შეფასებით, კრიზისი ისეთივე სიმძიმის იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და შესაბამისი მასშტაბის ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ნათლად წარმოაჩინა ქვეყნების სუსტი და ძლიერი მხარეები და კიდევ ერთხელ დააფიქრა
მთავრობაც, ბიზნესწრეებიც და მოსახლეობაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასურსათო დამოუკიდებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრული იზოლირება გიწევს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ამ პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომელი დარგების განვითარებას უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ. უპირველესად უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას - საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ქვეყნის თვითკმარობის გარანტიები უნდა
გვქონდეს. ამაში ვგულისხმობ სასურსათო უსაფრთხოებასა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას. სასურსათო უსაფრთხოება, ანუ ეკონომიკური ნომენკლატურის არსებობა 365 დღის განმავლობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ასეთი თვითკმარი სისტემის შესაქმნელად ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს.

პირველი ნაბიჯი არის კრიზისული სამომხმარებლო კალათის განსაზღვრა. კალათში ყველანაირი პროდუქტი კი არ უნდა შევიტანოთ, არამედ უნდა განისაზღვროს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები. პირობითად, კრიზისული ან თუნდაც კრიტიკული სამომხმარებლო კალათა შეიძლება შევადგინოთ 40 დასახელების პროდუქტისგან, რაც სავსებით საკმარისი იქნება ადამიანის სრულფასოვანი არსებობისთვის; მეორე ნაბიჯი გულისხმობს ინფორმაციის მიღებას საბაჟო სამსახურებიდან, კონკრეტულად კალათში შეტანილი პროდუქტების ნომენკლატურით რა, რამდენი და საიდან შემოდის იმპორტით. ამის შემდეგ, როცა უკვე განსაზღვრული გვაქვს, რა მოცულობის და რომელი პროდუქტების წარმოება უნდა დავიწყოთ საქართველოში, რათა კრიზისის დროს შევძლოთ მოსახლეობის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, უნდა დავიწყოთ პროტექციონისტული, წამახალისებელი პოლიტიკის გატარება, რათა ბიზნესს საჭირო მოცულობისა და რაოდენობის პროდუქციის წარმოების ინტერესი გავუჩინოთ. ჩვენ გახსნილი ეკონომიკის ქვეყანა ვართ, მაგრამ უნდა შევძლოთ და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციით კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულს. ამ ამოცანის შესასრულებლად დაახლოებით 3-5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა დაგვჭირდება.

კრიზისულ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ნომენკლატურის განსაზღვრისა და მოცულობა შეფასების შემდეგ უკვე კონკრეტულად იგეგმება, როგორ ვაღწევთ ამ ამოცანას. რაც მთავარია, სახელმწიფო პროგრამა ამ ნომენკლატურის ადგილობრივად წარმოების სამივე ეტაპს უნდა გულისხმობდეს: ადგილობრივად უნდა ვაწარმოოთ ნედლეული, ანუ პირველადი პროდუქტი; მეორე ეტაპია ლოგისტიკა, რაც გულისხმობს ნედლეულის ტრანსპორტირებას, დაფასოებას, შეფუთვას და შენახვას. სოფლის მეურნეობაში ბევრი პროდუქტი სეზონურია და შესანახავად სიმძლავრეები დაგვჭირდება. წარმოების ჯაჭვის მესამე რგოლი გადამმუშავებელი მრეწველობაა. ამ ინდუსტრიული ჯაჭვის ფეხზე დაყენება შეუძლებელი იქნება პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე. ამიტომ ყველა ძალისხმევა სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული. ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ისე უნდა წარვმართოთ, როგორც საინვესტიციო რესურსების მოზიდვის, ისე ეკონომიკური საზღვრების დაცვის მიმართულებით, რომ ადგილობრივად წარმოებული სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტებით ქვეყნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შევძლოთ.

მაგალითად, აგრარულ სექტორში აუცილებელია მიზანმიმართული, სწორი პოლიტიკის წარმართვა, რათა ადგილობრივი წარმოებისთვის საკმარისი ან უფრო მეტი ნედლეულის მოყვანა შევძლოთ. ამისთვის კი მიწის პრივატიზაციის საკითხი მიბმული უნდა იყოს არა იმდენად მის ფასზე, არამედ კონკრეტულ, მიზნობრივ საინვესტიციო გეგმაზე საკმაოდ მკაცრი რეგულაციებით. ძალზე დიდია უკვე პრივატიზებული მიწის ფონდიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის გამოყენებული. სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს უნდა გაუმკაცრდეს მოთხოვნები, მიეცეს გონივრული ვადა დასამუშავებლად, რათა დისბალანსი არ მივიღოთ. მოგეხსენებათ, როგორ ხდება საქართველოში - როცა ერთ წელს ღვინის წარმოებაა პოპულარული და ყველა ვენახს დასტრიალებს თავზე, მეორე წელს კი ვაზის ნაცვლად ნიორს თესავენ. ასე რომ არ მოხდეს და სასურსათო უსაფრთხოების პარამეტრები დაცული იქნეს, საჭიროა მიწის ფონდის სახელმწიფო მონიტორინგი.

- პარლამენტი მუშაობდა კანონზე, რომ უცხოელებს, რომლებიც ჩვენთან სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ და არ ამუშავებენ, ჯარიმა დაჰკისრებოდათ. ასეთ რამეს გულისხმობთ, ოღონდ მიწის ყველა მფლობელისთვის?
- მხოლოდ ფინანსურ სანქციებს არ ვგულისხმობ, უფრო შორსაც წავიდოდი. მიწის მფლობელებს უნდა დაუწესდეს გონივრული ვადა, რათა მიწა დაამუშაონ და კონკრეტული პროდუქტი მოიყვანონ. ცხადია, სახელმწიფოსგან საჭიროა ფინანსური სტიმულირება, შესაძლოა ეს სულაც 0%-იანი კრედიტები იყოს და ამავე დროს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებიც მივცეთ ფერმერებს კონკრეტული პროდუქციის წარმოებით დასაინტერესებლად. არა ვარ მომხრე მხოლოდ მათრახით ვაკეთოთ საქმე, მაგრამ მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპით კი უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ერთი მხრივ უნდა დავეხმაროთ, მივცეთ საქმის კეთების სტიმული ადგილობრივ მეწარმეებს, ხოლო მეორე მხრივ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები დავუწესოთ. მივცეთ გონივრული ვადა, რომ ეს გააკეთონ და თუ მაინც არ ან ვერ გააკეთებენ, მაშინ ეს მიწები იმავე ფასად გამოვისყიდოთ, რა ფასადაც თავის დროზე გაუკეთდა პრივატიზება. შემდეგ კი უნდა მოხდეს ამ მიწების რეპრივატიზაცია კონკრეტულ ინვესტორებზე.

მაგრამ მხოლოდ მიწის დამუშავებით პრობლემა არ წყდება. მაგალითად, ზაფხულში კახეთში ხშირად ადგილობრივად მოყვანილ კიტრს ღორებს აჭმევენ, რადგან სარეალიზაციო ბაზარი არ არსებობს ამდენი კიტრისთვის, მწარმოებელს კი ამხელა მოსავალი არაფერში სჭირდება. შემდეგ ადგილობრივი მოსავალი მოილევა და მთელ ზამთარს კიტრი თურქეთიდან შემოდის. იგივე შეიძლება ითქვას კარტოფილზე - ახალციხესა და ახალქალაქში მოსავალი ულპებათ ლოგისტიკის სისტემის უქონლობის გამო, პროდუქტს ვერც ახარისხებენ და ვერ ინახავენ. უნდა გვახსოვდეს - ლოგისტიკის გარეშე სოფლის მეურნეობას ვერ განვავითარებთ. აუცილებელია სამაცივრე მეურნეობების შექმნა. სახელმწიფოს ამისთვისაც დასჭირდება მნიშვნელოვანი სტიმულირება, რათა ჩვენი პროდუქტის კონკურენტუნარიანობა გავზარდოთ თურქულ, რუსულ თუ სხვა პროდუქტთან შედარებით.

მესამე კომპონენტი, როგორც ვთქვით, გადამმუშავებელი მრეწველობაა - კვების პროდუქტებისა თუ პირველადი მოხმარების საგნების დამამზადებელი. მაგალითად, საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე ცუდი ქირქილი მესმის, მე კი პირიქით მგონია - მადლობა უნდა ვუთხრათ მწარმოებლებს, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში ის მოგვაწოდეს, რისი წარმოებაც შეძლეს.

დაფიქრებულა ვინმე, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ჩვეულებრივი ქირურგიული პირბადეების წარმოებისთვის შესაბამის ტექნოლოგიებს არ ფლობენ? რა გააკეთა სახელმწიფომ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა წაეხალისებინა? ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ტექნოლოგიები მოვიზიდოთ უცხოეთიდან, სხვა ყველაფერი გვაქვს.

- იდეა სოფლის მეურნეობის განვითარების, ადგილობრივი პროდუქციისა და იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის შესახებ, ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა და ამისთვის 2,3 მილიარდი ლარი დახარჯა როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა...
- სოფლის მეურნეობას ვერ დავაყენებთ ფეხზე, თუ გადამმუშავებელი მრეწველობა არ გვექნება, რადგან მოყვანილ პროდუქტს გადამუშავება და დისტრიბუცია სჭირდება, რათა საბოლოო სახით დახლზე აღმოჩნდეს. დღემდე რაც კეთდებოდა, არასისტემური ხედვის შედეგი იყო, კონტექსტიდან ამოგლეჯილი კონკრეტული კამპანიური პროექტები ხორციელდებოდა მაღალი კორუფციული რისკებით. ამიტომ ეს ყველაფერი წყალში გადაყრილია. სასურსათო უსაფრთხოებაზე საუბრისას მთლიანი სისტემას ვგულისხმობ. რაზეც ვისაუბრეთ, აქედან ერთი მცირე კომპონენტიც რომ ამოაგდოთ, სისტემა არ იმუშავებს.
ეს უნდა იყოს საათივით აწყობილი მექანიზმი, დაწყებული ნედლეულის მოპოვებით და საბოლოო პროდუქტით დასრულებული. ეს არ საჭიროებს კოლოსალურ ინვესტიციებს. ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია, ოღონდ იმ პირობებში, თუ სახელმწიფოს აგრესიული პროტექციონისტული პოლიტიკა ექნება, მათ შორის ეკონომიკური საზღვრის დაცვის იმ ტიპის მექანიზმების ამუშავებით, რომლებიც შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკამათო გახდეს. დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არა გვაქვს საბაზრო ეკონომიკის უპირატესობებზე ლექციის მოსმენის ფუფუნება. ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ზეამოცანა, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო ამოცანაც ჩვენი ქვეყნისთვის.

- ეს მომავლის საქმეა, დღესვე რომ დავიწყოთ მუშაობა, შედეგის მიღწევას წლები დასჭირდება. რა შეიძლება გაკეთდეს დღეს გაჩერებული ბიზნესის კვლავ ასამუშავებლად?
- ვფიქრობ, მსხვილ ბიზნესს შეუძლია თავად იპოვოს როგორ შიგა, ისე გარე ფინანსური რესურსები, რათა რეორგანიზაცია მოახდინოს და ბაზარზე თავისი ადგილი შეინარჩუნოს. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კი მოკლევადიანი სოციალური პროგრამები უნდა ამუშავდეს. თუმცა ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ, მინდა პერსპექტივა, გრძელვადიანი პროგრამა დავინახოთ.

დღეს საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეკონომიკის რესტარტი შეუძლებელია და აგიხსნით რატომ. იმ გაგებით, რაც დასავლეთშია, ჩვენ ეკონომიკა არა გვაქვს. როცა დასავლეთში ლაპარაკობენ ეკონომიკის ხელახლა გაშვებაზე, ძირითადად, იგულისხმება ინდუსტრიული სექტორის ამუშავება, რაც ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს. როცა ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, ვგულისხმობთ მომსახურების სფეროს - ტურისტულ ბიზნესს, სასტუმროებს, რესტორნებს და ა.შ. ჩვენ კი გამოვაცხადეთ, რომ ეს ბიზნესები საგანგებო მდგომარეობის გამო დავკეტეთ, მაგრამ რომ არ დაგვეკეტა, ისინი თავისით დაიკეტებოდნენ. ამიტომ დღეს საქართველოს მაგალითზე ეკონომიკის მოქოქვაზე საუბარი არარეალურია, ქარხნები და ფაბრიკები ისედაც, ფაქტობრივად, არა გვაქვს და რაც გვაქვს, არც გაჩერებულა.

მეტსაც გეტყვით - ეკონომიკის რესტარტს იმ სახით, რაც კრიზისამდე გვქონდა, აზრი არა აქვს. ტურისტულ ბიზნესში დღეს რესურსების ჩადება წყალში გადაყრილი ფულია. ტურისტული მიმოსვლა რადიკალურად შემცირდება რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც. შესაბამისად, ხელოვნურ სუნთქვაზე ბიზნესის კვება ქარისთვის გატანებული რესურსი იქნება, რადგან იმ მასშტაბის ტურისტული ბიზნესი, რაც აქამდე იყო, მაინც ვერ აუშავდება.
ამიტომ ხელისუფლებისთვის ამოცანას ის ართულებს, რომ ჩვენ დაგვჭირდება ეკონომიკის რესტარტი არა იმ სახით, რა სახითაც მანამდე არსებობდა, არამედ უფრო ინდუსტრიული, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მიმართულებით, რითაც გადაწყდება, მათ შორის, დასაქმების საკითხებიც.
აქამდე სამყაროს ჰქონდა ილუზია, რომ ფული იყო დომინანტი და ბოლო 50 წლის განმავლობაში მაქსიმალურად იბერებოდა მომსახურების სფეროს ბუშტი, კაცობრიობა სამომხმარებლო ბულემიით დაავადდა. ეს ყველაფერი დამთავრდა!

ახლა ინდუსტრიული ცენტრების დომინირების ეპოქაში შევდივართ. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება სრულიად ახალი ეკონომიკური ხედვით სრულიად ახალი ეკონომიკის აშენება. ეს არ იქნება მოკლევადიანი პროექტი, ჩვენ მტკივნეული წლების გავლა მოგვიწევს, მაგრამ ეს არის ობიექტური აუცილებლობა და ჩვენ ნაცვლად ამას არავინ არ გააკეთებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?