როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს - კვირის პალიტრა

როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს

"უკვე 3 თვის შემდეგ უნდა შევძლოთ აღმავლობის სტადიაზე გადასვლა. მართალია, ძველი დონის მიღწევას უფრო მეტ დროს მოვანდომებთ, მაგრამ პროგრესის ნიშნები და გამოცოცხლება უკვე 3 თვეში აშკარა იქნება"

რამდენით გაიზრდება უმუშევართა რიცხვი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად? სხვადასხვა გათვლით, საქართველოში სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი შესაძლოა დაახლოებით 300 ათასმა კაცმა დაკარგოს. რას გააკეთებს სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილთა დასახმარებლად? მთავრობა გვპირდება, რომ კრიზისის პირისპირ მარტოს არავის დატოვებს. ისიც ითქვა, რომ იქნება ფინანსური დახმარება, სულ ცოტა, საარსებო მინიმუმის ოდენობის მაინც, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია ცნობილი. რას ამბობენ კრიზისის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები? მათი თქმით, ფაქტობრივად, ბოლო კაპიკებით გააქვთ თავი და ხელისუფლების ფინანსური დახმარების გარეშე უახლოეს მომავალში პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი გაუჭირდებათ.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკა შეიკუმშა, ერთობლივი მოთხოვნა და მიწოდება შემცირდა და მივიღეთ ე.წ. საბიუჯეტო მაკრატელი - ანუ ერთდროულად შემოსავლები მკვეთრად შემცირდა და ხარჯები გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ პრობლემები, რომლებიც ჰქონდა ბიუჯეტს, უფრო გამრავლდება. ამიტომაც არის საჭირო დამატებით რესურსების მოძიება. ცოტა გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ უკვე შედგენილია პარამეტრები, რომელთა მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, დაგეგმილთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება სწორედ ამ გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საბიუჯეტო მაკრატლის ხარჯზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 220 ათასზე მეტი კაცია უმუშევარი. ახლა დგას საკითხი, რამდენით გაიზრდება მათი რიცხვი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო და თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაპაუზებას, ეს ციფრი, სულ ცოტა, გაორმაგდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი და როდის დაუბრუნდება ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმს. ამ გარემოებებზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, გაიზრდება თუ არა კიდევ უმუშევართა არმია.

საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალზე სუსტია როგორც გლობალური მასშტაბით, ისე ეკონომიკური განვითარების დონით. მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული პროდუქციით მსოფლიოში მეორე ასეულის დასაწყისში - 103-ე ადგილზე ვართ. თუ ავიღებთ მთლიან შიგა პროდუქტს მოსახლეობის ერთ სულზე, ჩვენი მაჩვენებელი საშუალოევროპული მაჩვენებლის მხოლოდ 13%-ია, ბიუჯეტის ხარჯები მოსახლეობის ერთ სულზე - 7,1%, ხოლო სოციალური დაცვის ხარჯები კიდევ უფრო ნაკლები - 4,2%. შედარებისთვის: უმუშევართა დახმარება ევროკავშირში დაახლოებით 1.500 დოლარია, ამერიკაში - 1.200, ხოლო ჩვენთან ეს საერთოდ არ არის გათვალისწინებული და უმუშევარი ადამიანი, ფაქტობრივად, იმ სოციალური დახმარების პაკეტის ხარჯზეა, რასაც სახელმწიფო შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში აძლევს სიღარიბის ზღვარსა და მის ქვემოთ მყოფ ოჯახებს. ამიტომ, როგორც იტყვიან, "ჭამა ქონებაზე კიდია" და იმ მოკრძალებული შესაძლებლობებიდან, რაც გვაქვს ან რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონდეს საგარეო დახმარების მიღების შემდეგ, საკმაოდ რთული პერიოდის გადატანა მოგვიწევს.

იმ 3-მილიარდიან პაკეტს, რომელიც გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხარდაჭერისა და კერძო ბიზნესისთვის, თავისი მიზნობრივი, პროგრამული დატვირთვა აქვს და სოციალური დახმარების დასარიგებლად მისი სრულად გამოყენება, ბუნებრივია, გამორიცხულია.

აშშ-მა უმუშევრად დარჩენილ თითოეულ მოქალაქეს დახმარების სახით 1.200-დოლარიანი ჩეკი გადასცა. იაპონიაში დაახლოებით 1.000 დოლარის დახმარება მიიღეს მოქალაქეებმა, ხოლო ჩვენ ამის ფუფუნება ნამდვილად არა გვაქვს. მაგრამ, როგორი მცირეც უნდა იყოს ჩვენი ფინანსური რესურსი, ამ მძიმე ვითარებაში ხელისუფლებამ მაინც უნდა მოახერხოს და დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, ვინც შემოსავალი დაკარგა. დიდი დარტყმა მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესმა, მომსახურების სექტორმა. შემცირებასთან ერთად, უკვე შეიმჩნევა დასაქმების ბაზრის ფორმატის ცვლილება და ცალკეული პროფესიებისა და საქმიანობათა სახეობების მიხედვით ვაკანსიების რაოდენობის ზრდა. თვალში საცემია და კიდევ უფრო გაიზრდება დასაქმების აბსოლუტური რიცხვი სამედიცინო სფეროში, ფარმაციაში, სამედიცინო აპარატურის წარმოებასა და მიწოდების სექტორში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საქმიანობებში, სოფლის მეურნეობაში...

ამან უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ უახლოეს წლებში აღარ მოგვიწიოს ყოველწლიურად 400-500 მილიონი დოლარზე მეტის გატანამ იმ პროდუქციის შესაძენად, რომლის წარმოებისთვის აქ იდეალური კლიმატური პირობებია. ეს პროდუქცია რომ აღარ უნდა ვიყიდოთ ჩვენს ახლო თუ შორეულ მეზობლებში, საქართველოსთვის ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების საკითხია. მომავალში აუცილებლად გაგვეზრდება დასაქმება სურსათისა და მზა პროდუქტების ადგილზე მიტანისა და მომსახურების სფეროში. კიდევ უფრო გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა ონლაინგაყიდვების სფეროში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში. ფაქტობრივად, ეკონომიკის ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ არათუ კლება, არამედ დასაქმების ზრდა გვექნება და ერთ სფეროში უმუშევრად დარჩენილები სამსახურს მოიძიებენ სხვა, ამ ეტაპზე მოთხოვნად ბიზნესში. თუმცა მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილს ხელისუფლების დახმარება, დასჭირდება. ვფიქრობ, დღევანდელი პოტენციალისა და რესურსების გათვალისწინებით, მაინც შესაძლებელია დაახლოებით 200-220 ათასი კაცის ფინანსურად დახმარება, სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში, თვეში 400 ლარის ოდენობით. ეს თვეში დაახლოებით 80-90 მილიონი ლარის რესურსის მობილიზებას მოითხოვს და შესაბამისად, 3 თვის განმავლობაში ეს ციფრი 240-დან 270 მილიონ ლარამდე მიაღწევს.

- ამბობთ, რომ თვეში შესაძლებელია 400-ლარიანი დახმარება გაეწიოს ერთ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს და არა ოჯახს? - დიახ, ვგულისხმობ ერთ კაცს და ვფიქრობ, ამ ტვირთის აწევის შესაძლებლობა ნამდვილად შესწევს საქართველოს ბიუჯეტს, მით უფრო იმ დახმარებისა და მხარდაჭერის წყალობით, რომელსაც გარედან ველოდებით, ასევე იმ თანხების ხარჯზე, რომელიც ბიზნესმა შეიტანა სახელმწიფოს სპეციალურ ფონდში. ამ პერიოდმა კარგად დაგვანახა, რომ ვირტუალური საშუალებებით დაშორიშორებულმა ადამიანებმა გაჭირვების ჟამს ისეთივე სოლიდარობა, ემპათია გამოიჩინეს, როგორიც მანამდე არაერთხელ, რთულ პერიოდში, მათ შორის თბილისში წყალდიდობის დროს გამოუჩენიათ. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების თანადგომისა და ურთიერთგატანის მუხტი საკმაოდ ძლიერია და ვფიქრობ, ეს შედეგს მოიტანს. და კიდევ, საზოგადოებას მართებს თვითშეგნებითა და პასუხისმგებლობით მოახდინოს სახელმწიფო დახმარების მონეტიზაცია.

რაც უფრო დისციპლინირებული იქნებიან ჩვენი მოქალაქეები, დაიცავენ წესრიგს, დარჩებიან სახლში, მით მეტად გადაარჩენენ იმ სახელმწიფო რესურსებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მათთვის ეკონომიკური დახმარებისთვის. ამით სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის უფრო ფართომასშტაბიანი დახმარების შანსი მიეცემა.

- რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ამდენ ხანს ხელისუფლებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება უმუშევრად დარჩენილთა დახმარების თაობაზე? შესაძლოა მათთვის ფინანსური დახმარება ამ ეტაპზე ვერ მოსწრებულიყო, მაგრამ ეცოდინებოდათ მაინც, რომ ხელისუფლებამ დაადგინა კონკრეტული თანხა და შინ დარჩენილი ადამიანები უფრო მშვიდად იქნებოდნენ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ რეგულაციების, რეკომენდაციების დაცვას, მით უფრო რომ ახლა ვირუსის გავრცელების ყველაზე საპასუხისმგებლო ფაზაში შევდივართ და ძალიან გვჭირდება ხელისუფლებისა და მოსახლეობის შეთანხმებული მოქმედებები.

- ხელისუფლებას არა აქვს ის ფუფუნება, რითაც ოპოზიცია სარგებლობს. ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა გააჟღეროს ნებისმიერი ციფრი, ინიციატივა და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა მას, ფაქტობრივად, არ მოეკითხება. ხელისუფლების წონასა და ავტორიტეტს კი მისი დანაპირები განსაზღვრავს - რომ იტყვის, აუცილებლად უნდა გააკეთოს. ამიტომ მწირი რესურსების, ამ რესურსების მოძიების და საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკების დამთავრებამდე ამ ციფრების წინასწარ გაჟღერება და მოსახლეობისთვის პირობის წინასწარ მიცემა რთული იყო. გარდა ამისა, თავად ფაქტი და პროცესია უპრეცედენტო. ეკონომიკის მხარდაჭერა აღმოჩნდა იმ რესურსების მძევალი, რომელიც დარჩება ჯანდაცვის სექტორს. ახლა პირველი რიგის ამოცანაა ადამიანის გადარჩენა, მისი ჯანმრთელობა და მხოლოდ ამის შემდეგ ეკონომიკის დახმარებაზე ფიქრი.

- როგორ დაითვლის ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილებს? ვინც მანამდე ჩრდილოვან ეკონომიკაში იყო მოქცეული, არც ხელფასს იღებდა ოფიციალურად და შესაბამისად, არც საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა ბაზაში ირიცხებოდა, როგორ დაეხმარება მათ მთავრობა? - საქართველოში ოფიციალურად ხელფასების გაცემა უნაღდო ანგარიშსწორებით ხდება, შემდეგ ის იბეგრება და წლის განმავლობაში რა შემოსავალს რომელი წყაროდან ვიღებთ, ეს ინფორმაცია ყოველი ჩვენგანის შესახებ შემოსავლების სამსახურს აქვს. ამ მონაცემების მიხედვით გაკონტროლდება, ვინ დაკარგა სამსახური. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც გრადაციის გაკეთება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სოციალურ დახმარებას 100 ათასზე მეტი ოჯახი იღებს, ხოლო დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა დაახლოებით ოთხჯერ მეტია. ამის მიხედვითაც შესაძლებელია განსაზღვრა, თუ ვინ საჭიროებს უმუშევრობის დახმარებას, ოღონდ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობაც, რომ მათი ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის მიზნობრივად, საჭიროებების მიხედვით დავეხმაროთ.

- არსებობს ასეთი მოსაზრებაც - უმუშევრობის შემწეობის გაცემას ხომ არ სჯობს ეს ფული მივცეთ ბიზნესს, რომელიც შეძლებს არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ან დასაქმების პერსპექტივის შექმნას? - ამ საკითხში ოქროს შუალედია მოსაძებნი. სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი რიგი მუხლები გათვალისწინებულია სწორედ ამ დატვირთვით და ცალკეული სამშენებლო და საინვესტიციო პროექტები იმას ემსახურება, რომ არ შეჩერდეს წარმოება და სწორედ ბიზნესის ფუნქციონირების ხარჯზე მოხდეს დასაქმებულთა შემოსავლების ფორმირება. აქ საუბარია მედლის ორ მხარეზე - ერთი მხრივ, ბიზნესის მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის ხარჯზე და მეორე მხრივ, იმ ადამიანების აგრესიული დახმარება, ვინც წარმოების პროცესიდან ამოვარდა და შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ამ ორი მიმართულების კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის შენელებას.

- ბრძანეთ, რომ ხელისუფლებამ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში უნდა გასცეს უმუშევრობის დახმარება. ფიქრობთ, რომ სწორედ ამდენ ხანს გაგრძელდება ეკონომიკური კრიზისი? თუ 3 თვის შემდეგ ამ საკითხის გადახედვა კიდევ ერთხელ მოუწევს მთავრობას? - ექსპერტების, ეკონომისტების ვარაუდით, ამ კრიზისს აქვს ლათინური V-ს განვითარების გზა - კრიზისი და შემდეგ შედარებით სწრაფი გამოცოცხლება და აღმავლობა. იყო ასეთი პროგნოზებიც - ხომ არ მიიღებდა ეს კრიზისი ლათინური L-ის ფორმას, ანუ დაცემა და შემდეგ ხანგრძლივი სტაგნაცია, ხოლო გამოცოცხლება დაიწყებოდა დაახლოებით 3-6 კვარტალის შემდეგ. მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაო რესურსი, პოტენციალი და ოპტიმიზმი იმისთვის, რათა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან კრიზისი არ გახდება ლათინური L-ის მსგავსი და ამიტომ უკვე 3 თვის შემდეგ უნდა შევძლოთ აღმავლობის სტადიაზე გადასვლა. მართალია, ძველი დონის მიღწევას უფრო მეტ დროს მოვანდომებთ, მაგრამ პროგრესის ნიშნები და გამოცოცხლება უკვე 3 თვეში აშკარა იქნება.