ფასების უიმედო პროგნოზი - კვირის პალიტრა

ფასების უიმედო პროგნოზი

პირველადი მოხმარების ბევრ პროდუქტზე ფასების ზრდა ისევ გრძელდება და არც სამომავლო პროგნოზია დამაიმედებელი. როგორც იმპორტიორები ამბობენ, უახლოეს დღეებში სურსათზე ფასები კიდევ მოიმატებს. ამჯერად გაძვირების ძირითადი მიზეზი გლობალური სასურსათო კრიზისია. კვების პროდუქტების დეფიციტი, რის შესახებაც გაეროს ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე მართლაც შეიქმნა.

სურსათის გაძვირების შიშით, ხალხმა პირველადი მოხმარების პროდუქტების მომარაგება დაიწყო. თბილისში ბევრი სავაჭრო ობიექტის დახლებიდან უკვე გაქრა შაქარი, რადგან მოსახლეობა ერთბაშად დიდ პარტიებს ყიდულობს. ამასთან, ბევრი მაღაზია თავს იკავებს გაძვირებული შაქრის შესყიდვისგან. მომწოდებლებმა ტომარაზე 6 ლარი მოუმატეს და მისი ჩაბარების ფასი უკვე 120 ლარს გადასცდა. შუამავლები, რომლებიც შაქარს ბითუმად ყიდულობენ და შემდეგ აფასოებენ, შაქრის მონოპოლისტ მომწოდებელ "ქუოლიტი შუგარის" საწყობებს მიაწყდნენ. საბითუმო იმპორტიორის ოფისთან პარასკევს ტრაილერების გრძელი რიგები დადგა. თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საკმარისი პროდუქტი აქვს მომარაგებული. მოსახლეობა ფქვილს, ზეთს, ბრინჯს, მაკარონსა და სხვა სურსათსაც იმარაგებს.

ინფლაციის თითქმის 80%-იანი წილი სწორედ სურსათის ფასებზე მოდის. ამას დაემატა საწვავის, სატრანსპორტო დანახარჯების გაძვირება, გაიზარდა კომუნალური ხარჯები... მაგრამ ფასები ამ ნიშნულზე გაჩერებას არ აპირებს. ეროვნული ბანკის სპეციალისტების პროგნოზით, ინფლაცია რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ მოიმატებს და ფასები მხოლოდ წლის მეორე ნახევარში დასტაბილურდება. მოსახლეობისთვის რაც ყველაზე მტკივნეულია, ფასები მოიმატებს პირველადი მოხმარების პროდუქტზე. წისქვილკომბინატებს ახალი წლის შემდეგ $15-ით გაზრდილი ფასით უწევთ ხორბლის უკრაინიდან შემოტანა, ყაზახეთიდან კი $25-ით გაუძვირდათ, სადაც ფასებმა მსოფლიო ბირჟების გავლენით მოიმატა.

ერთ ტონა ფოთამდე მოტანილ უკრაინულ ხორბალში მათ $415 დოლარი, ხოლო გარდაბნამდე მოტანილ ყაზახურში $380 დოლარი გადაიხადეს. გადამუშავების შემდეგ ტომარა ფქვილს გორის "კარმენი", კაჭრეთისა და მარნეულის წისქვილკომბინატები გასული კვირის ბოლოს 46,5 ლარად ყიდდნენ, რაც ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი იყო. ცოტა უფრო ძვირი, 48 ლარი ღირს ფქვილი სხვა წისქვილკომბინატებში. როგორც წისქვილკომბინატებში ამბობენ, დაახლოებით ორ კვირაში მსოფლიო ფასების გავლენით ტომრის ფასი 1-2 ლარით კიდევ მოიმატებს. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ აღწევს ხოლმე საქართველომდე იმპორტიორ ქვეყნებში ხორბლის გაძვირება. 20 დღის შემდეგ ის უკვე პურის ფასზეც აისახება.

შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის. ხორბლის როგორი მოსავალი მოვა ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, მარტში გაირკვევა. არაპროგნოზირებადი სიტუაციაა რუსეთშიც, სადაც შარშანდელმა გვალვამ მარცვლეულის მსოფლიო დეფიციტის შექმნაში დიდი როლი ითამაშა. მწირი მოსავლის გამო რუსეთმა ფქვილის ექსპორტი შეწყვიტა. ცოტა ხნის წინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ექსპორტი ისევ აღადგინა, თუმცა მხოლოდ სიტყვით. ფქვილის რუსეთიდან გატანა ისევ პრობლემად რჩება. კიდევ ერთმა მსხვილმა ექსპორტიორმა უკრაინამ ჯერ განაცხადა, ექსპორტზე დაწესებულ კვოტებს თებერვლისთვის მოვხნიო, მაგრამ გადაწყვეტილება მალევე უარყვეს.

მსოფლიო ბირჟებზე კი ხორბალი კვლავ ძვირდება. ტუნისში ფასების მატებით გამოწვეული არეულობის შემდეგ ხორბლის პანიკური შესყიდვები დაიწყეს. გაზრდილი მოცულობით ყიდულობს ხორბალს ალჟირი და ლიბიაც. ეგვიპტემ ერთ დღეში ბირჟაზე ერთბაშად 1 მილიონი ტონა ხორბალი შეისყიდა, რამაც ბირჟებზე პანიკა დათესა.

ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნის, არგენტინის მთავრობამ განაცხადა, რომ შესაძლოა მარცვლეულის ქვეყნიდან გატანა შეზღუდოს და ექსპორტზე კვოტები დააწესოს. ამ გადწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ადგილობრივმა ფერმერებმა სიმინდი და სოიო გააძვირეს. პურის დეფიციტით შეშინებულმა ქვეყნებმა სახელმწიფო რეზერვების შექმნა დაიწყეს. რეზერვების დიდი მოცულობით შევსების შესახებ განაცხადა თურქეთმაც.

სახელმწიფო რეზერვების შექმნაზე საუბარი საქართველოშიც დაიწყეს. როგორც ამბობენ, ხორბლის დარეზერვებაზე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დაიწყო. ჯერჯერობით არ ჩანს ხორბლის დაპირებული პარტია უკრაინიდან, რომელსაც საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე დაპირდნენ. თუმცა თბილისში მაინც იმედი აქვთ, რომ კიევი პირობას შეასრულებს, მეგობარი ქვეყნისთვის საექსპორტო კვოტას მოხსნის და ხორბალს შეღავათიან ფასში მოაწვდის.

საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის წისქვილკომბინატებში 140 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, ხოლო კიდევ 35 ათას ტონას იმპორტიორები თვის ბოლომდე შემოიტანენ.

ხორბლის გაძვირების კვალდაკვალ კვების სხვა უმთავრესი პროდუქტიც ძვირდება. რეკორდსმენი კვლავაც შაქარია, რომლის ფასმა ბოლო დღეებში კიდევ 5%-ით მოიმატა. წლეულს გაორმაგებულია კარტოფილის ფასიც, გაძვირდა ბრინჯი. მწვავედ დეფიციტურია წიწიბურა, რომელიც არც რუსეთში იშოვება და ვეღარც უკრაინიდან შემოაქვთ. მსოფლიო ტენდენციის გავლენით მოსალოდნელია ყავაზე ფასის ზრდაც. მზესუმზირის ზეთის შესასყიდი ფასი უცხოეთის ბაზრებზე 20%-ით გაძვირდა.

დიმა შენგელია (იმპორტიორი, "დიპლომატ-ჰოლდინგის" ხელმძღვანელი): "ფასებმა ყველა სახეობის სურსათზე მოიმატა. რასაც ვტვირთავთ, იანვრიდან ყველაფერი 5-10%-ითაა გაძვირებული. გაძვირდა მაიონეზი, ყველი, ვერმიშელი, ჰერკულესი, რომელიც უკრაინიდან შემოგვაქვს. უკრაინელი მომწოდებლები მიზეზად მსოფლიოში შექმნილ სურსათის დეფიციტს ასახელებენ. დეფიციტია წიწიბურაც, რომელიც ადრე უკრაინიდან შემოგვქონდა, მაგრამ ახლა აღარსად იშოვება. დაახლოებით ერთი თვე არ იქნება და მერე თუ გამოჩნდა, ცხადია, ფასი მომატებული ექნება. ჩვენ ზეთის იმპორტზე არ ვმუშაობთ, მაგრამ ვიცი, რომ რუსული ზეთი გაძვირდა. რადგან ფასები ხშირად იცვლება, ზეთი არარენტაბელურია და ამიტომ აღარ შემოგვაქვს".

ფასების ზრდას ჯერჯერობით არ გეგმავს ქართული ზეთის მწარმოებელი "ბათოილი", რომელიც ქართულ ზეთს "მზიურის" სახელით ყიდის. თუმცა ამბობენ, რომ მომავალში ყველაფერი ნედლეულის ფასებზე იქნება დამოკიდებული.

მაღალი ინფლაციის ფონზე 7-წლიან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია საარსებო მინიმუმმა, რომელიც 1-ელი იანვრისთვის 149,5 ლარს შეადგენს და ბოლო შვიდ წელიწადში 53,3 ლარითაა მომატებული. (2004 წლის ბოლოს საარსებო მინიმუმი ზრდასრული ასაკის მამაკაცისთვის 96,2 ლარი იყო. 2005 წელს - 98,3 ლარი, 2006 წელს - 120,3 ლარი, 2007 წელს - 115,9 ლარი, 2008 წელს - 130,7 ლარი, 2009 წელს - 126,1 ლარი და 2010 წელს 149,6 ლარამდე გაიზარდა). საარსებო მინიმუმს სტატისტიკის სამსახური ძირითადად სასურსათო კალათის საფუძველზე ანგარიშობს და 40 დასახელების ყველაზე აუცილებელ პროდუქტს აერთიანებს. კალათაში შემავალ სურსათის ჩამონათვალს ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს, იმის შესაბამისად, შრომისუნარიან მამაკაცს არსებობისთვის ყოველდღიურად რამდენი კალორია სჭირდება. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში 70% სურსათის წილად მოდის, 30% არასასურსათო ხარჯებს უკავია.

კანონმდებლობით, საარსებო მინიმუმის საფუძველზე უნდა განისაზღვრებოდეს პენსიისა და სოციალური დახმარების ოდენობა... მოძველებულია საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაც. ის 2003 წლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა და აღარ შეცვლილა (მაგალითად, გათვალისწინებულია, რომ ზრდასრულმა მამაკაცმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს 250 გრამი ხორბლის პური, ლობიო - 20 გრ, ძროხის ხორცი - 40 გრამი, ღორის ხორცი - 10 გრამი, თევზი - 40 გრ, კარტოფილი - 150 გრ, შაქარი - 50 გრ. ღვინო - 20 გრ და ა.შ). არადა, მას შემდეგ შეიცვალა მოსახლეობის მოთხოვნილებები სურსათზეც და არასასურსათო ხარჯების ოდენობაც.

ფასები უკვე კრიტიკულ სიმაღლეებს იპყრობს. არაერთი სახელმწიფო სოციალური აფეთქების ზღვარზეა. ნაკლებად დაიმედებელი ინფორმაციები მოდის სურსათის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნებიდან. კვლავაც წყალდიდობაა ბრაზილიაში, პაკისტანში, ავსტრალიაში. სურსათზე მოთხოვნა კი კვლავ იმატებს, რაც მსოფლიოს სურსათის დეფიციტს უქადის.

სოციალურ მდგომარეობას ამძიმებს საწვავის გაძვირება. "ლუკოილმა", "ეკო ჯორჯიამ", "ვისოლმა" საწვავის ფასი ყველა სახეობაზე 5-10 თეთრით გაზარდეს. ეჭვს არ იწვევს, რომ მათ მალე სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან. ბოლო 4 თვეში ბრენტის ტიპის ნავთობი ბირჟებზე 15%-ით გაძვირდა და ბარელზე $98-ს მიაღწია. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მატულობს სპეკულაციური გარიგებები ბირჟებზე, ეს კი, თავის მხრივ, ფასების ხელოვნურ გაზრდას იწვევს.

ნონა ქვლივიძე