"შავი ბრძანება" 31 დეკემბერს გამოიცა და ძალაში 1-ელ იანვარს შევიდა - კვირის პალიტრა

"შავი ბრძანება" 31 დეკემბერს გამოიცა და ძალაში 1-ელ იანვარს შევიდა

თუმცა ძველი ზედნადებების გამოყენებისთვის 15 თებერვლამდე არ დაჯარიმდებით

საახალწლოდ მეწარმეებს ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთი "საჩუქარი" შესთავაზა, მაგრამ ამის შესახებ კერძო სექტორმა მხოლოდ ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ფინანსურ უწყებებში დასაქმებული ახლობელ-ნათესავებისგან თუ კულუარული ინფორმაციით შეიტყო. არავინ ელოდა, რომ კახა ბაინდურაშვილი სწორედ ახალი წლის ღამეს გამოსცემდა ახალ ბრძანებას "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" (#996), 31 დეკემბერს მოაწერდა ხელს 186-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც მეორე დღესვე, ანუ 1-ელი იანვრიდან შევიდოდა ძალაში.

ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან გაუქმებულია სასაქონლო ზედნადების ძველი ფორმა და ყველა მეწარმესა თუ ფიზიკურ პირს ზედნადების ახალი ფორმით სარგებლობა ევალება. ამას გარდა, ყველა, ვინც სასაქონლო ზედნადებს იყენებს, ვალდებულია ამ დოკუმენტაციის რეესტრი აწარმოოს და შემდეგ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს. ეს დამატებით ხარჯსა და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული. დღის წესრიგში ავტომატურად დადგა კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებში ცვლილებების შეტანის საკითხი, ზედნადების ახალ ფორმებზე მოსარგებად. მართალია, ფინანსთა მინისტრის "საახალწლო დოკუმენტში" მითითებულია, რომ სასაქონლო ზედნადები არ იქნება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, როგორც წლების წინ იყო, მაგრამ ზოგჯერ მეწარმეს დადასტურება ხელმოწერის გარდა ბეჭდითაც მოუწევს.

გამალებული დაჯარიმებებისა და მკაცრი ადმინისტრირების შემხედვარე მეწარმეებმა 1-ელი იანვრის შემდეგ შევსებულ ძველი ფორმის სასაქონლო ზედნადებებს გადახედეს და ბუნებრივად გაუჩნდათ კითხვა - ხომ არ ჩაითვლებოდა მათი გამოყენება კანონდარღვევად. მით უმეტეს, ახალი წლის დღეებში მეწარმეებს მოულოდნელი სიახლის შესახებ არ შეუტყვიათ. გაურკვევლობასა და ქაოსს ისიც ამძაფრებდა, რომ არსად ყოფილა მითითებული, როდის ამოქმედდებოდა ცვლილებები - ბრძანების ძალაში შესვლისთანავე, 15 დღის შემდეგ, თუ ერთი თვის ვადაში.

პანიკური ვითარება რამდენიმე დღეს გაგრძელდა: სასაქონლო ზედნადების ახალი ფორმების ძიებაში ხალხი საკანცელარიო მაღაზიებს მიაწყდა, მაგრამ ამაოდ. ფინანსთა სამინისტროს ცხელ ხაზზე განმარტებებს ითხოვდნენ, საბუღალტრო პროგრამების შესაცვლელად კი რიგები დადგა. ფინანსურმა უწყებამ მხოლოდ 21 იანვარს ინება და ელექტრონული ფოსტით მეწარმეებს შეტყობინება დაუგზავნა, რომ ბრძანება "გადასახადების ადმინისტირების შესახებ" 15 თებერვლიდან ამოქმედდება, მანამდე კი, როგორც შემოსავლების სამსახურის პრესცენტრში დაგვარწმუნეს, ძველი ზედნადების გამოყენებაც ნებადართულია.

შემოსავლების სამსახურში ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ გვითხრეს, რომ სანამ ზედნადების ახალი ფორმის გამოყენება სავალდებულო გახდება, მეწარმეებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დაუგზავნიან და მოკლე ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებენ მისი შევსების წესების შესახებ.

ახალი ზედნადებით დისტრიბუციისას უნდა მიეთითოს საქონლის მიწოდების თარიღი, საათი და წუთი; სავალდებულოა აღინიშნოს როგორც საქონლის მიმღების, ასევე ჩამბარებლის პირადი ნომერი. დისტრიბუტორების შეფასებით, ზედნადები გართულებულია და შევსება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ამდენად მექანიკური შეცდომის ალბათობაც მოიმატებს, რაც შესაძლოა დაჯარიმების კიდევ ერთი საბაბი გახდეს. გარდა ამისა, ადრე შეიძლებოდა ზედნადებისთვის, ძირითადი რეკვიზიტების დაცვით, ინდივიდუალური სახე მიგეცათ. ახლა კი დამტკიცებული ფორმა იქნება სავალდებულო.

როცა ფინანსთა მინისტრი ახალ ბრძანებას აწერდა ხელს, კეთილსინდისიერი მეწარმეები პრეზიდენტისგან საახალწლოდ მადლობის წერილს იღებდნენ. პრეზიდენტი მადლობას უხდიდა მათ რეფორმატული კურსის შენარჩუნებისთვის, რის შედეგადაც მსოფლიო ბანკმა საქართველო პლანეტის პირველ რეფორმატორად აღიარა. როგორც პრეზიდენტი წერილში შენიშნავდა, ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ მას სათანადოდ არ უსმენენ და სახელმწიფო უსამართლოდ ექცევათ, რომ საკმარისი არ კეთდება ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. სააკაშვილი 2011 წლიდან სამართლიანი, მარტივი და სანდო ურთიერთობებზე დამყარებული საგადასახადო სისტემის დაპირებას იძლეოდა... მსგავსი წერილი ბევრმა ისეთმა ინდმეწარმემ მიიღო, ვისი ბიზნესიც უკვე დალუქული ან დახურულია.

"სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დატერორება ისევ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა 100 ლარით მხოლოდ იმიტომ დამაჯარიმა, რომ მის მაჯის საათზე აღნიშნული დრო სალაროს ქვითარზე მითითებულ დროს არ დაემთხვა. ცდომილება დაახლოებით 10 წუთი იყო, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მისი საათი არ მუშაობდა გამართულად. თუმცა ასეთ დროს გაჩუმება და უსიტყვოდ დამორჩილება სჯობს, რადგან შესაძლოა ათასი შარი მოგდონ და ჯარიმა გაგიათმაგონ.

პრეზიდენტის მადლობის წერილი მეც მივიღე, მაგრამ მას უკან საგადასახადოს ინსპექტორი მოჰყვა, რომელმაც გაგვაფრთხილა, აფთიაქების გარდა, სულ ცოტა, ორი ვიდეოთვალის დამონტაჟება სასურსათო მაღაზიებსაც მოგიწევთო. ფასიც კი დაგვისახელა, 600 ლარი. არც ის დაუმალავს, რომ ის მაღაზიები, რომელთა ფართი 30 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია, შესაძლოა მალე ლიკვიდაციას დაექვემდებაროს, რადგან მთავრობა ბიზნესების გამსხვილების მომხრეა და წვრილ-წვრილ მაღაზიებს მსხვილი სუპერმარკეტები შთანთქავენ", - შემოგვჩივლა ერთ-ერთმა მეწარმემ.