"ბიზნესრვაფეხა" - ფრანსუა პინო რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტებთან ძმაკაცობას - კვირის პალიტრა

"ბიზნესრვაფეხა" - ფრანსუა პინო რა სარგებლობა მოაქვს პრეზიდენტებთან ძმაკაცობას

ფრანგი კოლექციონერი და მილიარდერი, "კრისტის" (Christie’s) სააუქციონო სახლის მფლობელი ფრანსუა პინო 2006 წელს თანამედროვე ხელოვნების ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიას სათავეში მოექცა. პინო პირველი არაამერიკელი და არაბრიტანელი იყო, ამასთან, პირველი უდიპლომო, რომელმაც ჟურნალ Art Review-ს ამ ყოველწლიურ რეიტინგში ყველას გადაასწრო. პინოს სააუქციონო სახლი გაყიდვის მოცულობით "სოთბისაც" (Sotheby’s) უსწრებს.

ფრანსუა პინო საფრანგეთის პროვინცია ბრეტანში 1936 წელს დაიბადა. მეტყევე მამა ძლივს ახერხებდა ოჯახის რჩენას. ფრანსუა თვითონ იყო საკუთარი თავის პატრონი და მხოლოდ იმ საქმის კეთება უყვარდა, რასაც ხეირი მოჰქონდა. სწავლა კი ასეთ საქმიანობად ნამდვილად არ ითვლებოდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში, პინოს ბრეტანსა და პარიზში შემთხვევითი შემოსავლებით გაჰქონდა თავი და ამ ხნის განმავლობაში ყველა ნათესავთან დაუბრება მოახერხა: ისინი რჩევა-დარიგებებს არ აკლებდნენ, ოღონდ ერთადერთი, რაც მათი შეგონებებიდან გაითავისა, ის იყო, რომ ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა. უკვე გამდიდრებულ პინოს უყვარდა ტრაბახი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი საბუთი მაქვს - მართვის მოწმობაო. მაგრამ მაშინ ნამდვილად არ ჰქონდა სასაცილოდ საქმე. საფრანგეთში გამდიდრების იმედი გადაეწურა და ალჟირში გაემგზავრა, საფრანგეთის იმდროინდელ კოლონიაში.

"სწორი" მეგობარი

რას საქმიანობდა მომავალი მილიარდერი გათავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანაში, ბურუსით არის მოცული, მაგრამ ალჟირიდან პინო ფულით დაბრუნდა. ის უკვე სხვა ადამიანი გახლდათ - თავის თავში დარწმუნებული, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. 27 წლის ასაკში კომპანია "პინო გრუპი" ჩამოაყალიბა და ხე-ტყით ვაჭრობა წამოიწყო. წლების განმავლობაში ფრანსუა სასარგებლო კავშირებს აბამდა. დაუმეგობრდა დამწყებ მოხელე ჟაკ შირაკს.

1973 წელს პინომ თავისი ინტუიცია გამოსცადა. საფონდო ბირჟის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე, ყველასთვის მოულოდნელად, შესანიშნავად მომუშავე "პინო გრუპი" 30 მილიონ ფრანკად მიჰყიდა ბრიტანელ ინვესტორებს. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში კი მათგანვე კომპანია უკან 5 მილიონ ფრანკად გამოისყიდა... ერთი წელიწადში უფრო მეტი იშოვა, ვიდრე მანამდე ხუთ წელიწადში. ამგვარი თამაში ფრანსუას მოეწონა, მაგრამ ანგარიშიანმა ბიზნესმენმა საკუთარ თავში აზარტული მოთამაშე მოთოკა და ახალ მოგებას ჩაუსაფრდა.

სამი წლის შემდეგ პინომ ჟაკ შირაკს ურჩია, არ გამგზავრებულიყო მატარებლით - რამდენიმე საათში კი ყველამ გაიგო, რომ იქ ტერორისტებმა ბომბი აამოქმედეს. მას შემდეგ მომავალ პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ პინოს წინაშე სიცოცხლით იყო დავალებული. წარმატებული მოხელის ხელშეწყობა ხე-ტყით ვაჭრობის ბიზნესზე ძალიან კარგად აისახა.

მეორე სუნთქვა

1988 წლისთვის 52 წლის ფრანსუა უკვე პატივსაცემი საშუალო ბიზნესმენი იყო, ერთგული მეუღლითა და ოთხი შვილით. სწორედ მაშინ პინომ გადაწყვიტა, მიეფურთხებინა რესპექტაბელურობისთვის და ძალიან, ძალიან მდიდარი გამხდარიყო.

ფრანგულ-აფრიკული სავაჭრო კავშირის (ჩFAO) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პოლ პაოლიმ 1989 წლის მიწურულს პინო მოწილედ მიიწვია. მან 20%-იანი "ულუფით" დაიწყო და სულ რამდენიმე თვეში მთელ კომპანიას დაეუფლა. აფრიკას კარგად იცნობდა. რისთვის სჭირდებოდა დამხმარეები? დირექტორები, პაოლის ჩათვლით, მაშინვე დაითხოვა, ხოლო "პინო გრუპმა" სავაჭრო კავშირის საქმე განაგრძო - აფრიკაში ელექტროდანადგარების მიწოდება.

ასეთი აგრესიული შთანთქმა პინოს ჭკუაში დაუჯდა. თან შესაძლებლობაც მიეცა, დაახლოებულ მოხელეებთან ნაცნობობით ბლომად ფული ეშოვა. 1991 წელს სახელმწიფო ბანკმა "კრედი ლეონემ" ამერიკული სადაზღვევო კომპანია "იგზეკიუტივ ლაიფის" ყიდვა გადაწყვიტა. ამერიკული კანონმდებლობა ბანკებს მზღვეველების აქციების 25%-ზე მეტის შეძენას უკრძალავდა. "კრედი ლეონემ" საქმეში რამდენიმე ფრანგული საშუამავლო ფირმა ჩართო, მათ შორის პინოს "არტემისი" და მათი დახმარებით "იგზეკიუტივ ლაიფი" იყიდა. ბანკის მადლიერება ერთობ უხვი აღმოჩნდა: შუამავლებს ნება დართეს, სადაზღვევო კომპანიის ბალანსზე არსებული ყველა ფასიანი ქაღალდი გაეყიდათ. სხვადასხვა შეფასებით, პინომ ამ გარიგებით $1-დან $2 მილიარდამდე იშოვა. მისი ახალი იმპერიაც ამ ფულზე დაშენდა.

ამერიკის მთავრობამ დარღვევის შესახებ მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ შეიტყო. კიდევ ხუთი წელიწადი დასჭირდა ფრანსუას იძულებას, რომ $185 მილიონი გადაეხადა - ნანახი ხეირის მეათედი. მეგობარი შირაკი ამ კონფლიქტში ბოლომდე იცავდა პინოს ინტერესებს, რომელმაც ნაშოვნი მილიარდები მაშინვე საქმეში ჩადო და "კონფორამა" იყიდა, თავისი პირველი საცალო სავაჭრო ქსელი.

კიდევ ერთი წლის შემდეგ ამას მიემატა ერთ-ერთ უმსხვილესი პარიზული უნივერმაღი "პირნტემპსი", სადაც ტოპმენეჯერები დაუყოვნებლივ შეცვალა თავისი ხალხით. 1994 წელს პინომ დაისაკუთრა საცალო სავაჭრო ქსელი La Redoute და საფრანგეთში წიგნების ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელი Fnac-ი. ჯგუფს ეწოდა Pinault-Printemps-Redoute-ი (PPR) და საფრანგეთის უმსხვილეს საცალო სავაჭრო გაერთიანებად გადაიქცა, დაახლოებით $16 მილიარდიანი კაპიტალით.

აგრესიული შესყიდვებისა და მენეჯერების ტოტალური დათხოვნისთვის პინოს "რვაფეხა" შეარქვეს. ხუმრობდნენ, რომ მისი კომპანია ვაჭრობდა ყველაფრით - ჭიკარტით დაწყებული, ტრაქტორით დამთავრებული.

ფუფუნების სამყაროს მბრძანებელი

ფრანსუას გაუჩნდა ჰობი - კოლექციონერობა. როცა ფულის შოვნისგან ისვენებდა, გამოფენებზე დადიოდა და ცნობილ ექსპერტებსა და კოლექციონერებს ხვდებოდა. ამასაც ბიზნესმენის პოზიციიდან აკეთებდა, უყვარდა ფუფუნება და შესაბამის საშუალებებსაც იძენდა. 1998 წელს ხელოვნების ნიმუშების ბაზარი დაეცა. პინომ დრო იხელთა და სააუქციონო სახლი "კრისტი" იყიდა. სწორედ ის სახლი, რომელიც, სხვა ბრიტანულ სააუქციონო სახლ "სოთბისთან" ერთად, ხელოვნების ნიმუშების ბაზრის 90%-ს აკონტროლებს. "კრისტის" გამგეობის სხდომები უკვე ფრანგულ ენაზე იმართებოდა. ერთ წელიწადში ბრიტანელთაგან კომპანიის ხელმძღვანელობაში ერთადერთი ადამიანი დარჩა... ფრანგმა ბიზნესმენმა სახელი გაითქვა, როგორც ანგარშიანმა და ცივსისხლიანმა კომერსანტმა. ის ამბობდა: "ჩემი კონკურენტები ან თავად მოკვდებიან, ან მე შევჭამ".

მომდევნო წელს ფრანსუა იტალიურ "გუჩი გრუპსა" და ფრანგულ "ივ სენ ლორანს" დაეუფლა. "გუჩი", ფაქტობრივად, ცხვირწინ ააცალა ბერნარ არნოს, ფუფუნების საგნების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის მფლობელს. "გუჩის" ხელმძღვანელები, დომენიკო დე სოლე და ტომ ფორდი პინომ მოქმედების არნახული თავისუფლების დაპირებით მოხიბლა და მათი დახმარებით აქციების დამატებითი ემისია მოახდინა. არნოს წილი იტალიურ კომპანიაში 34-დან 20%-მდე შემცირდა, პინო კი 44%-ის მფლობელი გახდა. სამ წელიწადს ცდილობდა არნო "გუჩის" უკან დაბრუნებას, მაგრამ საბოლოოდ იძულებული შეიქნა, თავისი წილიც კონკურენტისთვის მიეყიდა. როგორც კი "გუჩიზე" სრული კონტროლი მოიპოვა, პინომ კინწისკვრით გააგდო კომპანიიდან ფორდიცა და დე სოლეც.

ამ მაქინაციამ ბერნარ არნო და ფრანსუა პინო დაუძინებელ მტრებად აქცია. თუმცა "გუჩის" ახალ მეპატრონეს კონკურენტის გაბრაზება მხოლოდ ახალისებდა. "მე და არნო ისე ვიქნევთ მუშტებს, როგორც ორი პირზე რძეშეუმშრალი ყმაწვილი", - ხუმრობდა ფრანსუა. პრესამ "გუჩის" გამო მომხდარ პინო-არნოს დაპირისპირებას "ხელჩანთების ომი" შეარქვა.

...გავიდა დრო და პინომ გადაწყვიტა, საქმეებს ჩამოშორებოდა. ქონება ოთხივე შვილს გაუყო, ძირითადი მმართველობა კი უფროს ვაჟს გადაულოცა. პინო-უფროსმა ამერიკული მხატვრობის უმდიდრესი კოლექციის შევსება განაგრძო და სათავეში ჩაუდგა "შატო-ლატურს", მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სავენახე მეურნეობას.

ფრანსუა პინო ერთი იმათგანია, ვისზეც ამბობენ: "თქვენ მდიდარი ხართ, თუ არ იცით, ფული რამდენი გაქვთ".

მისი კომპანიების ზუსტი ღირებულება ბირჟებზე ფასების ცვალებადობაზეა დამოკიდებული. უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში "ფორბსმა" 2010 წელს "ყველაზე მდიდარ ბრეტანელს" 77-ე ადგილი მიანიჭა, ხოლო მისი ქონება $8,7 მილიარდად შეაფასა (ორი წლით ადრე ფრანსუა 39-ე იყო, $16,9 მილიარდით). სავაჭრო ქსელების, სასახლეებისა და ვენახების გარდა, 77 წლის პინოს საკუთრებაშია პარიზის "მარინის" თეატრი და საფეხბურთო კლუბი "რენა", ხოლო მეგობრების სიაში - ნიკოლა სარკოზი.