"ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა" - კვირის პალიტრა

"ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა"

გლობალური ეკონომიკის რეცესიაში შესვლის მიუხედავად, როცა ბიზნეს აქტივობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხდებით, ეს არის საქართველოში იაპონიის მხრიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი ინვესტიცია. მისივე თქმით, ენერგეტიკა იყო და არის პრიორიტეტი და ტოპ-მიმზიდველი სექტორი ინვესტორებისთვის

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, 100-წლოვანი ისტორიის მქონე უმსხვილესი იაპონური ენერგეტიკული კორპორაციის TEPCO – ს შვილობილი კომპანია TEPCO Renewable Power „დარიალი ჰესის“ მეწილე გახდა.

იაპონური კორპორაციის ოფიციალური რელიზის თანახმად, TEPCO- მ საქართველოში ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც TEPCO ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შემოვიდა.

"საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გუნდმა ძლიერი მზაობა გამოხატეს ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით. ასევე მოხიბლული დავრჩით საქართველოში ჩვენი კერძო პარტნიორების, სელერებისა და ყველა იმ მხარის მუშაობით, ვინც ყველანაირად მხარში გვედგა, რათა ეს ტრანზაქცია შემდგარიყო, მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შექმნილი ვითარებისა", - აღნიშნავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ „TEPCO“ - ს მფლობელობაში არსებული ენერგო სადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.

"ინტერპრესნიუსი"