როგორ მიიღებენ დახმარებებს თვითდასაქმებულები - კვირის პალიტრა

როგორ მიიღებენ დახმარებებს თვითდასაქმებულები

"თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილი შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშეა, ისინი ვერ წარადგენენ მას და შესაბამისად, დახმარების გარეშეც დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაზე მეტად შესაძლოა მათ სჭირდებოდეთ დახმარება"

თვითდასაქმებულები, რომლებმაც პანდემიის დროს სამსახური დაკარგეს, სახელმწიფოსგან ერთჯერად დახმარებად 300 ლარს მიიღებენ. 15 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციის პორტალი გაიხსნება - მიკრო, მცირე ან ინდმეწარმედ რეგისტრირებული თვითდასაქმებულები მარტივად დაამტკიცებენ თავიანთ ვინაობას და დახმარების მისაღებად მხოლოდ საბანკო ანგარიშის წარდგენა მოუწევთ. ხოლო აღურიცხველმა კატეგორიამ ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს - ცნობა იურიდიული პირისგან, ვისთანაც საქმიანობდნენ, მიღება-ჩაბარების აქტი ან საბანკო ამონაწერი. განაცხადებს ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია განიხილავს. ექსპერტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ასე 800 000 თვითდასაქმებულიდან უმეტესობა დახმარების გარეშე დარჩება. ამ თემაზე ეკონომიკის დოქტორ ირაკლი

მაკალათიას ვესაუბრეთ.

- ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად დაყო: იდენტიფიცირებულები და ისინი, ვინც არაოფიციალურად საქმიანობდნენ. დახმარების მისაღებად პირველ შემთხვევაში მხოლოდ ანგარიშის ნომრის გაგზავნა მოუწევთ, ხოლო მეორე კატეგორიას მოუწევს დამტკიცება, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით, რომ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ნამდვილად ეკუთვნის. რამდენად სამართლიანად განსაზღვრა ხელისუფლებამ კრიტერიუმები და რა რისკებს შეიცავს ამგვარი მიდგომა?

- დასაქმებულთა შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი თვითდასაქმებულთა კატეგორიაშია. დახმარებას ყველაზე მეტად ისინი საჭიროებენ. ამიტომ მათი სწორად იდენტიფიცირება და დახმარებების გაცემა აუცილებელია. თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილი შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშეა, ისინი ვერ წარადგენენ მას და შესაბამისად, დახმარების გარეშეც დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაზე მეტად შესაძლოა მათ სჭირდებოდეთ დახმარება.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 840 000 თვითდასაქმებულია. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი 150 000 თვითდასაქმებულის იდენტიფიცირებას შეძლებენ და დაეხმარებიან. გამოდის, სახელმწიფო ეხმარება დაანონსებული დასახმარებელი კატეგორიის 18%-ს. რისკებს რაც შეეხება, მღვრიე წყალში თევზის ჭერა ადვილია - როცა სრული სია არ არის და ბევრი გაურკვევლობაა, შესაძლოა უსამართლოდაც გადანაწილდეს დახმარებები. ეს პრაქტიკაში ადრეც გვქონია - შესაძლოა ისეთმა კატეგორიამ მიიღოს დახმარება, ვინც არ არის ბენეფიციარი, ვიღაცას კი ორ-ორჯერ დაეხმარებიან და ა.შ. ამაში დამნაშავე ის სისტემური ცდომილება იქნება, რაც არაზუსტ აღრიცხვიანობას მოჰყვება.

ცხადია, რისკი არსებობს, მით უმეტეს, რომ მსგავსი ფაქტების მწარე გამოცდილებაც გვაქვს.

- რა კატეგორიებად იყოფიან თვითდასაქმებულები და რომელ კატეგორიას გაუჭირდება ყველაზე მეტად დოკუმენტების წარდგენა? - დასაქმებულები იყოფიან ორ დიდ კატეგორიად - დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. თვითდასაქმებულების წილი მთლიან დასაქმებულთა ნახევარს შეადგენს, სოფლად მათი წილი კიდევ უფრო მაღალია (73%). აღრიცხვას ის ართულებს, რომ თვითდასაქმებულთებიც სამ ქვეკატეგორიად იყოფა: დამქირავებლები, დამოუკიდებლად მომუშავეები და ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავეები. უსასყიდლოდ მომუშავე თვითდასაქმებულთა რაოდენობა 40%-მდეა, რთულია რომ მათ შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდეთ და ამ ნაწილის იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დამოუკიდებლად მომუშავეთა კატეგორიაც ნაწილობრივ აღირიცხება: ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები, გარე მოვაჭრეები და სხვ. მათ უდიდეს ნაწილს არა აქვს შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი, შესაბამისად, ისინიც დახმარების გარეშე დარჩებიან.

- მძღოლი, ძიძა, რეპეტიტორი, ოჯახში დამხმარე, მოხუცის მომვლელი - თვითდასაქმების ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა საქართველოში. ფიქრობთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ საჭირო დოკუმენტების წარდგენას? - თუ მათ თავისი საქმიანობა მიკრობიზნესად არ აქვთ რეგისტრირებული, შეუძლებელია დაამტკიცონ, რომ ანაზღაურებას იღებდნენ. ყველაზე იოლად პრობლემას ის ტაქსის მძღოლები გადაჭრიან, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებული ტაქსების რეფორმის გამო.

მთავარი დამამტკიცებელი საბუთი შემოსავლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტია.

შესაძლოა დაქირავებული ხელზე იღებდა შემოსავალს, მაგრამ ამ შემთხვევაში დამსაქმებელს მისი დასაქმების შესახებ ინფორმაცია გადაგზავნილი უნდა ჰქონდეს შემოსავლების სამსახურში. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პირი დახმარების გარეშე დარჩება.

- ხელისუფლება ამბობს, რომ იდენტიფიცირებული ჰყავს 150 000 თვითდასაქმებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ 150-200 000 შეიძლება იყოს `ჩრდილში~ მოქცეული. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას? - საქართველოს ეკონომიკაში დიდია არაფორმალური ეკონომიკის წილი, სადაც დასაქმებულებს ოფიციალური შემოსავლების დამადასტურებელი საბუთები არ აქვთ. ამ ეტაპზე თვითდასაქმებულთა დაახლოებით 18% რომ მოხვდა ბენეფიციართა სიაში, ეს გვაფიქრებინებს, რომ ჩრდილში ბევრი მოქალაქე მოექცევა, ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ. პირადი მაგალითებითაც ვიცით ისეთი კატეგორიის პირები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას მისდევენ, თუმცა ოფიციალურ შემოსავალს არ იღებენ. არაფორმალური ეკონომიკის დიდი წილი ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ არის განვითარებული არც ტექნოლოგიურად და არც ფინანსურად. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა მცირე შემოსავალს იღებს. გარდა აღრიცხვისა, პრობლემაა მათი არასახარბიელო სოციალური მდგომარეობაც.

- როგორ ფიქრობთ, რატომ განსაზღვრა ხელისუფლებამ თვითდასაქმებულებისთვის მხოლოდ ერთჯერადი დახმარება 300 ლარი, მაშინ როცა დაქირავებით დასაქმებულები 6 თვე 200 ლარს მიიღებენ? ანუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ისინი უფრო მარტივად იპოვიან სამსახურს? რაში შეიძლება იმყოფინოს ადამიანმა ერთჯერადად 300 ლარი?

- მარტში 206,1 ლარი შეადგინა საარსებო მინიმუმმა, რომლის გაანგარიშების მეთოდოლოგია კრიტიკას ვერ უძლებს. და ამ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ დახმარებას მიიღებენ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები. არიან ოჯახები, რომლებიც ერთი დასაქმებულის შემოსავალზე არიან დამოკიდებული და მათთვის დახმარება კიდევ უფრო მწირი ხდება. საკითხავია, რატომ გადანაწილდა უმუშევართა კომპენსაცია 6 თვეზე, თუ კრიზისული პერიოდი 3 თვეზე ითვლება? 300-ლარიან დახმარებაზე განმარტება არც გაკეთებულა, არადა, ყველა სამთავრობო გადაწყვეტილებაზე, რომლებიც კრიზისულ პერიოდში მიიღება, ხალხს ყველაფერი რაციონალურად უნდა აუხსნან, მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, რატომ კეთდება ესა თუ ის პროგრამა და რა შედეგებია მოსალოდნელი.

რეალურად, დახმარებები, რომლებიც ბენეფიციართა და ბიუჯეტის სწორი დაგეგმვით უნდა გაიცეს, ყოველგვარ მეთოდოლოგიურ განმარტებას ან რაციონალურ ახსნას არის მოკლებული.

მთავრობის წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ 200 ლარი არ არის საკმარისი, მაშინ როგორ მოიპოვოს ალტერნატიული ფინანსები ადამიანმა, როცა ეკონომიკა გაჩერებულია? თუ მთავრობა ეკონომიკას აჩერებს, მაშინ ფულადი დახმარება უნდა მისცეს. თუ ამას ვერ უზრუნველყოფს და მხოლოდ მცირედ სოციალურ დახმარებას გასცემს, მაშინ ალტერნატიული შემოსავლების მიღების წყაროც უნდა შესთავაზოს.

- თუ ეკონომიკა დროულად არ ამუშავდა, სად შეიძლება დასაქმდნენ ეს მოქალაქეები და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს სოციალურ სიდუხჭირეს? - მთავრობას ორი ვარიანტი აქვს - ან ფინანსურად უზრუნველყოს მოქალაქეები, ან გახსნას ეკონომიკის სექტორები და ხალხს დასაქმების შესაძლებლობა მისცეს. სუსტი ეკონომიკისა და ბიუჯეტის გამო, თუნდაც საგარეო დახმარებებით, საქართველო დიდხანს და სრულად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებს შემოსავლებით. მოკლევადიან პერიოდში ამის გაკეთება კიდევ შესაძლებელია, თუნდაც საბიუჯეტო დანაზოგების გაკეთებით. თუმცა სრულფასოვანი დახმარება და მით უფრო გრძელვადიან პერიოდი, ძალიან გაუჭირდება. ამიტომაც ბიზნესისა და დასაქმებულების ყველაზე უკეთესი დახმარება მათთვის ჯანდაცვის რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით ეკონომიკის გახსნაა.

- თუ თვითდასაქმებულთა აღრიცხვა შეუძლებელია, რა უნდა ექნა ხელისუფლებას? - ჩვენ არაფერი გვითქვამს იმ უმუშევრებზე, რომლებიც კრიზისამდეც არ მუშაობდნენ, ასე რომ, სოციალური ფონი უფრო მძიმეა, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჩანს. ყველა უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულის აღრიცხვა ტექნიკურად წარმოუდგენელია, ამიტომ ფინანსური დახმარება უნდა გაცემულიყო ოჯახების მიხედვით. ახლა ზუსტ კვლევას ვერ ჩავატარებთ, თუმცა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია მიზნობრივი ჯგუფების გამოვლენა მარტივი გამორიცხვის, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა გამორიცხვის გზით. დარჩენილი მოქალაქეები დახმარების მოლოდინში არიან. თუმცა ყველაზე ეფექტიანი დახმარება ეკონომიკის მაქსიმალური გახსნა და ხალხისთვის სამუშაო ადგილების მიცემაა. ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური დახმარება როგორც ბიზნესისთვის, ისე დასაქმებულთათვის.

- არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ წარუდგინა ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა, სადაც გათვალისწინებული სოციალური პაკეტიც. ზოგი საპენსიო შენატანების დაბრუნებას სთავაზობდა, ზოგიც 3 თვის განმავლობაში 1000-ლარიან დახმარებას ითხოვდა უმუშევრად დარჩენილებისთვის. თქვენთვის ოპოზიციის რომელი ანტიკრიზისული ხედვაა უფრო მისაღები? - ცხადია, ოპოზიციაში ყოფნა და რჩევების მიცემა ბევრად ადვილია, თან პასუხისმგებლობაც ნაკლებია და ოპოზიციას აქვს ფუფუნება, ხელისუფლებაზე ბევრად მეტ დახმარებაზე გააკეთოს განაცხადი. მთავარი ის არის, თუ რა პრინციპით უნდა დაგეგმოს ყველაფერი მთავრობამ - კერძოდ, მიზნობრივ ბენეფიციართა განსაზღვრა, მაქსიმალურად მიახლოება რეალურ მაჩვენებელთან, ბიუჯეტის განსაზღვრა, მოზიდული ფულადი დახმარებების ეფექტიანი გამოყენება, სახელმწიფო ბიუჯეტში დანახარჯების სწორი გადანაწილება, პროექტების პრიორიტეტებად დალაგება, ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული პროექტების გაჩერება და გამოთავისუფლებული ბიუჯეტის სოციალურ დახმარებებზე გადამისამართება; მათ შორის საპენსიო სისტემის შეჩერება, რომელიც დღეს ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მცირე ეკონომიკა გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის რესურსებს ვერ ვითვისებთ, ხოლო დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში წარმოუდგენელია, თვეობით იყოს გაჩერებული ეკონომიკა. მოსახლეობა გაღატაკებისა და შიმშილის პირას არის მისული და ამ პირობებში ყველაზე ეფექტიანი გზა ეკონომიკის სწრაფი ამუშავება და მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების დაბრუნებაა. ამას გარდა, რაც უფრო დიდხანს იქნება ეკონომიკა გაჩერებული, მით მეტ კომპანიას გაუჩნდება პრობლემა და პოსტკრიზისულ პერიოდს მით მეტი ფინანსური პრობლემით შევხვდებით.