რას გულისხმობს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა და რომელ ბიზნესს შეეხება შეღავათები? - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა და რომელ ბიზნესს შეეხება შეღავათები?

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

"ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ. ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ. რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებისთვის, უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ და ყველა სასტუმროსთან მიმართებაში, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, ესაა სასტუმროების 95%-ზე მეტი, ჩვენ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება", - აღნიშნა თურნავამ.

მისივე განცხადებით, მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს.

"ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი, სარესტორნე ბიზნესი, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული მოცულობით დატვირთავს ამ ობიექტებს და შემდგომ უკვე საერთაშორისო ტურიზმი. გარდა საერთო შეღავათებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას წლის ბოლომდე, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ს თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისას, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ, გაისტუმრონ ძველი ვალდებულებები, ხელფასები და მოემზადონ ახალი ვალდებულებებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით", - განაცხადა თურნავამ.

დღეს ასევე, ცნობილი გახდა, რომ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებენ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზ.  ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება.

"ეს არის სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ჩვენს ტურისტულ ობიექტებს დაეხმარება, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც 1 ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას," - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ტურისტულ კომპანიებს საბანკო გარანტიის პროცენტს 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს.

მისივე თქმით, ტურისტული კომპანიები ასევე ისარგებლებენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათით, რაც შეეხება ტურიზმში მოქმედ სხვა კომპანიებს და ყველა იურიდიული პირს, რომელიც ამ ბიზნესშია.

ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამი ეტაპი დაასახელა. პირველ ეტაპზე ინდუსტრიის მომზადება მოხდება, მეორე ეტაპზე 15 ივნისიდან, ადგილობრივი ტურიზმი აღდგება. მესამე ეტაპზე კი, საერთაშორისო ტურისტების მიღება მოხდება.

" ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული გეგმა, რომლითაც მოვემზადებით გახსნისთვის. პირველ ეტაპზე ესაა რასაკვირველია ტურისტული ინდუსტრიის დახმარება, რომ დავნერგოთ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული უსაფრთხო სტანდარტები. იგივე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და აეროპორტებში, განთავსების და კვების ობიექტებში, გიდებთან. როგორც კი დამტკიცდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები მათ დავნერგავთ. მანამდე ჩვენ ლოკალური გაიდლაინებით ვამზადებთ ამ ინდუსტრიას. სატრანსპორტო კომპანიებს შეეხებათ ეს. ასევე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადახვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, რომელთაც უკვე დაიწყეს ერთმანეთში საზღვრების გახსნის პროცესი და ჩვენ ამის თანამონაწილე უნდა გავხდეთ. ასევე ვმუშაობთ ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, ეს იქნება პირველი დერეფნები, რომლის შიგნითაც ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან იმოძრავებენ . გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან იმ მიმართულებებზე, სადაც უახლოეს პერიოდში აღდგება ოპერირება და რა არის ამისთვის გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი მარკეტინგული სტრატეგია გადაეწყობა ახალი იმიჯის გასამყარებლად, საქართველო როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.

მეორე ეტაპი, ესაა გახსნა 15 ივნისს ჩვენი ბაზრის შიდა ტურიზმისთვის ამ დროისთვის უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს ესტუმროს სასტუმროებს. მესამე ეტაპია - პირველი ივლისი, როდესაც მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ მომენტს. ეს ყველაფერი მოხდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრიორიტეტის დაცვით და ამ ეტაპისთვის ფრენების ეტაპობრივი აღდგენა მოხდება", - განაცხადა თურნავამ.