კორონავირუსი ბიძინა ივანიშვილის ქონებასაც შეეხო - ბოლო ერთ კვირაში ქართველი მილიარდერის ქონება შემცირდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსი ბიძინა ივანიშვილის ქონებასაც შეეხო - ბოლო ერთ კვირაში ქართველი მილიარდერის ქონება შემცირდა

ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის შედეგად, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ამის შესახებ "ბლუმბერგი" იუწყება. გამოცემის ცნობით, ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც ერთმა ადამიანმა დაკარგა. არნო "ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში მე-4 პოზიციაზეა.

ახალი კორონავირუსის გამო, ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ქონებაც, რომელიც "ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან ერთადერთია.

კერძოდ, 30 აპრილის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება 5.20 მლრდ დოლარად იყო შეფასებული; 7 მაისის მონაცემებით კი - 5.17 მლრდ დოლარია. შესაბამისად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში მისი ქონება 30 მლნ დოლარით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

"ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

bpn.ge