"სოფლის მეურნეობაში დახარჯული ფული წყალმა წაიღო" - კვირის პალიტრა

"სოფლის მეურნეობაში დახარჯული ფული წყალმა წაიღო"

"ქართულ სოფელს დღეს არანაირი იურიდიული სტატუსი არ აქვს, ის არ არის ტერიტორიული ერთეული, მხოლოდ გეოგრაფიული სახელწოდებაა. სოფელს არ აქვს სათემო საკუთრება, ხოლო სოფლის მეურნეს კი შესაბამისი სტატუსი"

ანტიკრიზისული გეგმის სოფლის მეურნეობის ნაწილი ძალაში შევიდა და ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, აგრობარათებითა და მათზე დარიცხული ქულებით ისარგებლონ. ახალი სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შედეგების შესამსუბუქებლად შეიქმნა. მსოფლიო ეკონომიკის კრიზისმა, თვითიზოლაციამ და გართულებულმა მიმოსვლამ კიდევ ერთხელ დაანახვა ყველას, რომ ძლიერია ის, ვისაც საკუთარი მოსახლეობის ძირითადი სურსათით უზრუნველყოფა შეუძლია. საქართველოში კი, სადაც ბაზრის 70-80% იმპორტირებულ პროდუქტზე მოდის, სურსათი მნიშვნელოვნად გაძვირდა, რაც კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვა კორონავირუსის გამო გაღარიბებულ და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას.

მთავრობა ფერმერებს 1 ჰექტარზე სთავაზობს აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას, სადაც 1 ქულა 1 ლარს უდრის. ამ ქულებით შეიძენენ სასუქებს, მცენარეთა მოსავლელ საშუალებებს, სათესლე და სანერგე მასალებს, აგრეთვე შესაძლებლობა ექნებათ საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად შეიძინონ დიზელის საწვავი. 42 ათას ფერმერს სამელიორაციო დავალიანება სრულად ჩამოეწერება, ხოლო წლეულს ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან. იზრდება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების კომპონენტები და სახელმწიფოს თანადაფინანსების პროცენტი. შეძლებს თუ არა მთავრობა ამ და სხვა ნაბიჯებით სოფლის მეურნეობის დარგის სტიმულირებას, სოფლის მეურნეობის აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი გვესაუბრება.

- სამწუხაროდ, ეს არ არის სისტემური და კომპლექსური რეფორმა, არამედ კიდევ ერთი კამპანიური ღონისძიებაა მხოლოდ სოციალური დანიშნულებით. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ დახმარებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ მიიღებს. ჯერ ერთი, მიწების რეგისტრაციის პრობლემა დგას ქვეყანაში და 900 ათასამდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა რეგისტრირებული არ არის. წარმოუდგენელია ეს წლის ბოლომდე მოესწროს.

- სახელმწიფო ახლაც სთავაზობს ფერმერებს მიწის უფასოდ რეგისტრაციას საკუთრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენისას. - მიწის გამარტივებული რეგისტრაციის რამდენი პროგრამაც უნდა ავამოქმედოთ, სასურველ შედეგს ვერასდროს მივიღებთ, რადგან მთავარი დამაბრკოლებელია სრული უნდობლობა ისეთი ფაქტის მიმართ, როგორიც არის სოფლის მეხსიერება, ოჯახისა და გვარის, მეზობლობის მეხსიერება. სწორედ ამის უგულებელყოფა განაპირობებს, რომ ქართული სოფელი დღეს სამართალსუბიექტი არ არის და არანაირი იურიდიული სტატუსი არა აქვს. ქართული სოფელი არ არის ტერიტორიული ერთეული, ის მხოლოდ გეოგრაფიული სახელწოდებაა. სოფელს არა აქვს სათემო საკუთრება, ხოლო სოფლის მეურნეს შესაბამისი სტატუსი. ამ საკითხზე 15-მდე წერილი მაინც გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრებს წინა ხელისუფლებაშიც და ამ ხელისუფლების ყველა მთავრობის მეთაურს.

მიწათსარგებლობის დეფინიცია რომ ნახოთ, ყველგან წერია, რომ ეს არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ამა თუ იმ პირის სახელზე. ადრე ეს იყო ჩანაწერი საკომლო წიგნში. მაგრამ არის კიდევ ერთი დეფინიცია, რომელიც მოცემულია ენციკლოპედიებში და ეს არის მსოფლიო გამოცდილება, ანუ სოფლის მეხსიერება. სოფელი ამით ცხოვრობდა და არსებობდა. ვიღაცას ჰგონია, რომ სოფელი სამეურნეო ერთეულია, რაც მცდარი შეხედულებაა, რადგან ის სახლობის ტერიტორიული ერთეულია, სამკვიდრო, და ის, ვინც მასში ცხოვრობს, ამ სოფლის მკვიდრია. დღეს ეს ყველაფერი მოშლილია.

დღეს რომ სოფელი წარმოდგენილი იყოს როგორც ტერიტორიული ერთეული, მაშინ იქ არსებული ყველა მიწა, ტყე, წყალი და სხვა რესურსი იქნებოდა სოფლისა და თემის მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში. დღეს კი ეს ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრებაა და სწორედაც სოფელსა და თემებს უნდა გადასცეს მუდმივ მფლობელობაში.

ასეთ შემთხვევაში შევძლებთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. მთელ მსოფლიოში ამგვარად ჩამოყალიბდა ვერტიკალური ინტეგრაციის კოოპერატივები, სადაც გაერთიანებულია აგროპროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლი. ასეთ შემთხვევაში, სოფელი, ფაქტობრივად, ყალიბდება როგორც ბრენდის მწარმოებელი.

- მთავრობის გათვლებით, ახალი პროგრამით დაახლოებით 200 ათასი ფერმერი ისარგებლებს. როგორც ჩანს, სწორედ ამდენს აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

- მათ თქვეს, რომ ასეთი 42 ათასი ფერმერია, ხოლო მთლიანობაში წლის ბოლომდე ამ პროგრამით შესაძლოა 200 ათასამდე ფერმერმა ისარგებლოს. გარდა ამისა, ლაპარაკია ერთწლიანი კულტურების ხელშეწყობაზე, თუმცა ერთწლიანი კულტურების თესვის პერიოდი, მოგეხსენებათ, დასრულდა. თანაც საინტერესოა, რომელი ერთწლიანი კულტურები გვაქვს? სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააუქმა მარცვლეულის ჯიშთა გამოცდისა და თესლის წარმოების სახელმწიფო კომპანია. არადა, ეს ქვეყანა მარცვლისა და ხორბლის სამშობლოა და რომელ შედარებით უპირატესობაზე მელაპარაკებიან სხვა ქვეყნების მაგალითზე. სპეციალური სახელმწიფო პროგრამით აზერბაიჯანმა მარცვლეულში მიაღწია მოთხოვნილების 85-90%-იან თვითუზრუნველყოფას. ხოლო სომხეთმა, რომელსაც ჩვენზე გაცილებით უარესი ბიოლოგიური, გეოგრაფიული და კლიმატური პირობები აქვს, 55%-იანი თვითუზრუნველყოფა შეძლო. ჩვენ დღეს მარცვლეულზე ჩვენი მოთხოვნილების მხოლოდ 8%-ს ვაკმაყოფილებთ.

- კორონავირუსის გამო კვლავ გააქტიურდა სასურსათო უსაფრთხოების საკითხი. რისი წარმოების პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას? ხომ არ შეგვიძლია მთელი სასურსათო კალათის თვითუზრუნველყოფა? - საქართველოს ბიო- და აგროპოტენციალს 10-12 მილიონი კაცის გამოკვების რესურსი აქვს. ეს კვლევა XX საუკუნის 90-იან წლებში მოეწყო. მასში ცნობილი ფრანგი ექსპერტები იყვნენ ჩართული. მე და ჩემს თანამოაზრეებს არასდროს გვითქვამს, რომ მარცვლეულის 100%-იან თვითდაკმაყოფილებაზე უნდა ვიმუშაოთ, გვაქვს პოტენციალი, რომ მოთხოვნილების 60-65% ადგილობრივი წარმოებით დავაკმაყოფილოთ. ამისთვის სულ საჭიროა 120 ათასი ჰა მიწა, რომლის მოსავლიანობა ჰა-ზე 3,5 ტონა იქნება. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში 80 ათას ჰა-ზე შეგვიძლია ვაწარმოოთ სიმინდი და გპირდებით, რომ სასურსათო სიმინდზე მოთხოვნა გაიზრდება. ყველა პირობა გვაქვს, რომ ყველა სახის მარცვლეული, მათ შორის ქერი და შვრია მოვიყვანოთ, დაახლოებით მილიონი ტონა პირველ ეტაპზე და შემდეგ 1,2 მილიონამდე გავზარდოთ. სასურსათოდ 520 ათასი ტონა გვჭირდება. ვისაც მარცვლეული აქვს, აქვს ხორცი, კვერცხი, ცხიმი და კიდევ ბევრი სხვა პროდუქტი, ის ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანაა.

სამრეწველო მეფრინველეობა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ქვეყანაში იყო 75 მეფრინველეობის ფაბრიკა, დღეს კი თითზე ჩამოსათვლელია. ქათმის ხორცის იმპორტმა 75 ათას ტონას გადააჭარბა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მეტად საეჭვო ხარისხის ქათამი შემოდის, მათ შორის ჩინეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვ. ჩვენ კი ქათმის წარმოების უდიდესი ტრადიცია გვაქვს, რომელსაც ხელოვნური ბარიერებითაც ვკლავთ. მაგალითად, 2006 წლიდან ნედლი ქათმის ხორცი 18%-იანი დამატებული ღირებულებით იბეგრება, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია ამ გადასახადისგან. მარტივად რომ ვთქვათ, ამით იმპორტის წახალისება ხდება.

- ბოლო 8 წელიწადში სოფლის მეურნეობაში 1,5-2 მილიარდი ლარი დაიხარჯა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შედეგს წლების შემდეგ ვნახავთ თუ დიდი მოლოდინი არც უნდა გვქონდეს?

- ეს ფული არაეფექტიანად დაიხარჯა და, ფაქტობრივად, წყალმა წაიღო, რადგან რეალურად ის არ მოხმარებია ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას. ის, ძირითადად, მოიხმარეს შუამავალმა ვაჭრებმა და გადამმუშავებელმა საწარმოებმა, ანუ მოგებაზე ორიენტირებულმა პირებმა, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება იაფად წაართვან პროდუქტი გლეხებს და რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ. შედეგად გლეხს ეკარგება ყველანაირი სტიმული შემდგომი წარმოებისთვის. ამასთან, სოფლად მცხოვრები ადამიანი ვერ ხედავს სოფლის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. შედეგიც სახეზეა - 38%-ით არის შემცირებული სოფლის მოსახლეობა და ეს გაძლიერებული მიგრაცია გრძელდება. არადა, საქართველოს სასოფლო ტერიტორიების ტევადობა დაახლოებით 4,2 მილიონი კაცია, დღეს კი სტატისტიკური მონაცემებით 1,5 მილიონი კაცი ცხოვრობს. მათგან მხოლოდ 330 ათასია ჩართული სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში შესაძლოა ყოველთვის დაბალი იყოს, მთავარია, ეკონომიკა ვითარდებოდეს და ეს წილი ისეთი უნდა იყოს, რომ ძირითად პროდუქტებზე ქვეყნის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ბოსტნეულის, ბაღჩეულის, ხილისა და ციტრუსის პრობლემა. ყველაფერი დამოკიდებულია სწორ აგრარულ პოლიტიკაზე. თუ არ გვექნება სწორი აგრარული პოლიტიკა, ეს საკითხები ვერასდროს გადაწყდება. სოფლის განვითარების გარეშე შეუძლებელია რამე შედეგის მიღწევა და ამაში იგულისხმება სოფლის ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა. ეს არის სოფლად მცხოვრებთა სოციალური და კულტურული სტატუსის მიახლოებითი გათანაბრება ქალაქში მცხოვრებთა სტატუსთან. სოფელს სჭირდება გზა, წყალი, ელექტროენერგია, კლუბი, საბავშვო ბაღი და სხვა ინფრასტრუქტურა. ამის გარეშე სოფელი ვერ იარსებებს, დაიცლება და ფორმალური სოფლის მეურნეობაც კი გაქრება.

- როგორც თქვენ ბრძანებთ, სწორი აგრარული პოლიტიკით რამდენ ხანში შეუძლია საქართველოს ხელშესახები შედეგის მიღება? - ჩემი ინფორმაციით, შემუშავებულია სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027 წლებისთვის, სადაც ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები არც სოფლის განვითარებაზე და არც სასურსათო უსაფრთხოებაზე.

დღეს მთავრობამ, ფაქტობრივად, ჩააგდო საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ფერმერების დახმარების პროგრამა.

ამიტომ სოფლად მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ - თავადვე რაც შეიძლება მეტი აწარმოონ დასავლეთ საქართველოში სიმინდი, აღმოსავლეთში - ხორბალი, სამხრეთში კი ქერი და შვრია. სამომხმარებლო დონეზე ყველგან უნდა გვქონდეს ბაღჩეული და ბოსტნეული. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საოჯახო პირობებში მეფრინველეობის განვითარებას. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, როგორც მერძეული, ისე მეხორცული მეცხოველეობის განვითარებას.

პანდემიის გამო არავინ იცის, რა იქნება ხვალ, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ კარტოფილის წარმოებას სვანეთში, სამხრეთ საქართველოსა და რაჭაში. თხილის წარმოება უნდა განვავითაროთ დასავლეთში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ხეხილს მივაქციოთ ყურადღება.

მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოების ფორმით, სხვაგვარად არ გამოვა. გლეხი უნდა იყოს ჩართული წარმოება-გადამუშავება-რეალიზაციის პროცესში. პროდუქციის ყოველ გადამუშავებაზე დამატებული ღირებულება იქმნება და გლეხი დაინტერესებული უნდა იყოს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციითა და იქიდან მოგების მიღებით. ამგვარი შედეგის მისაღებად, სხვადასხვა კულტურის მიხედვით, სულ 3-დან 5 წლამდეა საჭირო.

აგრარული პოლიტიკის იდეა, სხვა ამოცანებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა არის მიწასთან გლეხკაცის მარადიული ურთიერთობა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მოფრთხილებისა და მისი შრომის სტიმულირების პოლიტიკა. არ შეიძლება გლეხკაცი განვიხილოთ თოხის მობაყუნე ადამიანად. ის სოფელში მნიშვნელოვანი ფიგურაა. გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქმნელია, ხოლო სოფელი ეროვნული კულტურის საძირკველი. ეს დამოკიდებულება გადაწყვეტს სოფლის პრობლემას. სოფლის მეურნეობა რეგულირებადი დარგია და მას ყოველთვის სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. ხომ გაგიგიათ, "სოფლად ნუ ჩაკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგიხდებაო"!