პურის რიგიც დადგა, მცხობელების ნაწილმა პური 50 თეთრით გააძვირა - კვირის პალიტრა

პურის რიგიც დადგა, მცხობელების ნაწილმა პური 50 თეთრით გააძვირა

პირველადი მოხმარების სურსათზე ფასები ისევ იზრდება. შაქართან ერთად, წინა კვირას ფასების ზრდის ლიდერი ფქვილი იყო. ფქვილის ფასმა 6-7 ლარით მოიმატა და წისქვილკომბინატები ბითუმად ტომარას 50-52 ლარად ყიდიან. შესაბამისად, პურის ქარხნების ნაწილმა რამდენიმე დღეა ფასებს 5-10 თეთრი მოუმატა. დანარჩენები, ვინც ძველ ფასს გაჭირვებით ინარჩუნებენ, ამბობენ, რომ თუ ფქვილის გაძვირება გაგრძელდება, ფასების ზრდა გარდაუვალი გახდება. რამდენიმე დღეა საცალო ქსელში გაძვირებულია მარილიც.

მსოფლიო ბირჟებზე ხორბალი მთელი კვირის განმავლობაში ძვირდებოდა.

მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებით შეშინებული ალჟირი, ერაყი, სხვა არაბული ქვეყნები ბირჟებზე ხორბლის დიდ პარტიებს ყიდულობენ, რაც მარცვლეულს კიდევ უფრო აძვირებს. ხორბლის დიდი პარტიები მოიმარაგეს თურქეთმა, იაპონიამ, ნიგერიამ. ხორბლის ფიუჩერსებს აძვირებს მშრალი ამინდები შეერთებულ შტატებში. საფრანგეთმა დიდი ოცეულის ქვეყნებს მოუწოდა, მარცვლეულის მთავარ მიმწოდებლებს ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა ურჩიონ. ამასობაში მსოფლიო შიმშილის ზღვარს უახლოვდება. მოშიმშილე მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად ყოველდღიურად იმატებს საპროტესტო ტალღაც. საპროტესტო აქციებმა მოიცვა ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა. მოთხოვნის ზრდის გამო მსოფლიო ბირჟებზე ისევ სპეკულაციური აჟიოტაჟია.

ხორბლის გაძვირების კვალდაკვალ ფქვილის ფასმა საქართველოშიც მოიმატა, ტომარა საშუალოდ 6-7 ლარით გაძვირდა. იმის გამო, რომ ხარჯებს ვეღარ გასწვდა, პური რამდენიმე ქარხანამ 5-10 თეთრით გააძვირა. იანვრიდან საბაჟო გადასახადის შემოღების შედეგად გაძვირდა იმპორტირებული მარილიც, რაც პურის ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია (საკვები მარილი საცალო ქსელშიც გაძვირდა და ადრინდელი 45-თეთრის ნაცვლად უკრაინულ მარილს ახლა 60 თეთრად ყიდიან). მეპურეებს მარილის 10-20%-ით ძვირად ყიდვა უწევთ. ფასმა მოიმატა ზეთზეც, რასაც პურის ცხობის დროს იყენებენ. საცხობების ერთი ნაწილი ძველ ფასს წონის, ზოგიც მოგების შემცირების ხარჯზე ინარჩუნებს. ჯერჯერობით პურს ძველ ფასად ყიდის ლოტკინის ქარხანა. მისი პური ქსელში 75 თეთრია, თუმცა ამბობენ, რომ ფქვილის ფასმა ცოტა კიდევ რომ მოიმატოს, პურის 5-10 თეთრით გაძვირება მოუწევს. კიდევ ერთი მსხვილი ქარხანა"კოლხი" ამბობს, რომ ფასის შენარჩუნების გამო მოგების მინიმალურ მარჟაზე მუშაობს. მაგრამ ფქვილი კიდევ თუ გაძვირდა, ფასებს დახლოებით 5-8 თეთრით"კოლხიც" გაზრდის.

ხარჯების ზრდის მიუხედავად ფასს ფქვილზეც და პურზეც ინარჩუნებს"პროგრესი", რომელიც საკუთარ წისქვილკომბინატს ფლობს და უკრაინიდან შემოტანილ ხორბალს ფქვავს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი დემურ ქურდაძე ამბობს, წინა კვირას უკრაინიდან ხორბლის შემოტანის პრობლემა შეექმნათ, იმის გამო, რომ ექსპორტი შეზღუდული იყო. ორშაბათიდან იმპორტს განაახლებენ და მარაგს შეივსებენ. წისქვილკომბინატიდან ამჟამად ტომარა ფქვილს 50 ლარად ყიდიან.

დემურ ქურდაძე (”პროგრესი"):"მოგებაზე აღარ ვმუშაობთ, ახლა იმას ვფიქრობთ, წარმოებამ როგორმე იარსებოს. ფქვილს ვერ ვაძვირებთ, პურზეც იგივე ფასი გვაქვს. ქარხნიდან პურს ისევ 40 თეთრად ვყიდით. ბაზარზე ჩვენი კონკურენტები აზერბაიჯანელები არიან, იმათ ყაზახური ხორბალი იაფად შემოაქვთ, რადგან აზერბაიჯანის გავლით ხორბლის ტრანსპორტირება მათ უფრო იაფი უჯდებათ. უკეთესი კავშირები აქვთ რუსეთთან, ამიტომ ფქვილსაც 1-2 ლარით იაფად ყიდიან. მაგრამ ჩვენ უკეთესი ხარისხის ფქვილი გვაქვს და წონასაც და ხარისხსაც პურზეც მოგების მინიმუმამდე შემცირების ხარჯზე ვინარჩუნებთ".

პურის ქარხნებმა სოფლის მეურნეობის მინისტრს შეუთვალეს, რომ პურის მცხობელებს ისევ მისცეს ფქვილის იმპორტის უფლება, როგორც ეს ადრე იყო. მათი თქმით, უკრაინულ ხორბალს ადგილობრივი იმპორტიორები ხელოვნურად გაზრდილ, გაორმაგებულ ფასში ყიდიან, რაც ფქვილს აძვირებს. პურის მცხობელები კი ფქვილს თვითონ შედარებით იაფად შემოიტანდნენ, რაც პურის ფასსაც დაარეგულირებდა.

სპეკულაციური ფასი ადევს შაქარსაც. წინა კვირის დასაწყისში ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა, რამაც შაქრის ფასებზეც იმოქმედა. ბითუმად შემსყიდველები და დამფასოებლები ამბობენ, რომ აგარის ქარხანა რამდენიმე დღით გაჩერებული იყო, ხოლო ბელორუსიიდან იმპორტირებული შაქარი საბაჟო ბარიერების გამო აღარ შემოუტანიათ, რამაც შაქრის დეფიციტი გამოიწვია. 50-კილოგრამიანი ტომრის საბითუმო ფასმა 102 ლარიდან დაიწყო და კვირის ბოლოს 125 ლარამდე ავიდა. ბევრ მარკეტში დახლები დაცარიელდა. გაძვირებით შეშინებული ხალხი 5-10 კილოგრამ და მეტ შაქარს ერთბაშად ყიდულობდა. რამდენიმედღიანმა დეფიციტმა მოვაჭრეებს სპეკულაციებისკენ უბიძგა. გაძვირების შემდეგ გაყიდვის მიზნით, სავაჭრო ობიექტებმა შაქარი დახლქვეშ დააწყვეს. კილოგრამის ფასმა თბილისის სავაჭრო ქსელში 2,80 თეთრამდე მოიმატა, ხოლო რეგიონებში 3,50 ლარადაც იყიდებოდა.

გასული კვირის შუაში საბითუმო საწყობებში შაქრის ახალი პარტია შემოიტანეს და ფასებმა შემცირება დაიწყო, ტომრის ფასმა 118 ლარამდე დაიწია. ამის მიუხედავად, დისტრიბუტორებს შაქარი მაღაზიებში მაინც მომატებულ ფასში მიჰქონდათ. როგორც მაღაზია"სალვეში" განაცხადეს, მათმა მომწოდებლებმა კვირის ბოლოს შაქარს 50 თეთრი მაინც მოუმატეს და კილოგრამი შაქარი 2,80 ლარად ჩააბარეს. ფასების შემცირება მსხვილმა სუპერმარკეტებმა უფრო შეძლეს, საშუალოდ 2,50 ლარამდე, შედარებით მცირე მაღაზიებში პროდუქტი 30-50 თეთრით ძვირი ღირდა. მომავალში ფასების გაჩერების გარანტიას მონოპოლისტი მომწოდებელი ვერ იძლევა.

შაქრის იმპორტიორ და მწარმოებელ აზერბაიჯანულ კომპანია "ქუოლიტი შუგარში", რომელიც ახლა უკვე"აგარის შაქრის კომპანიად" იწოდება, ამბობენ, რომ თუ ფასი მსოფლიო ბირჟებზე გაიზრდება, პროდუქტს ისინიც გააძვირებენ. კომპანიის ხელმძღვანელი ალხან ალიზადე ამბობს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, მარაგებიც საკმარისი აქვთ და არსებული ფასები ჯერჯერობით შენარჩუნდება. წინა კვირას სავაჭრო ქსელში სხვა პირველადი მოხმარების საკვებიც გააძვირეს. კიდევ 20 თეთრით მოიმატა იმპორტირებული ზეთის ფასმა. ჯერჯერობიც ძველი ფასი რჩება ქართულ ზეთზე.

მსოფლიო ბირჟებზე ისევ მატულობს ნავთობის ფასები. განსაკუთრებით მას შემდგ, რაც აშშ-ის ეკონომიკის ზრდის შესახებ ოპტიმისტური პროგნოზები გაკეთდა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მარტის ფიუჩერსების გაძვირების მიზეზი საწვავზე მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდაა. რადგან უკვე ნათელია, რომ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიიდან გამოდის, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საწვავზე მოთხოვნა მომავალში კიდევ მოიმატებს.

ციფრების ენით

-თებერვალში მსოფლიოში ხორბლის მოსავლის პროგნოზის შეფასება და მარაგების დათვლაა დაგეგმილი. ამან შესაძლოა თებერვლიდან ფასები დაასტაბილუროს.

-კოტ-დივუარიდან კაკაოს მარცვლის ექსპორტის შეფერხების გამო მსოფლიოში კაკაოსა და შოკოლადზე ფასების 10%-ით ზრდაა მოსალოდნელი.

-უკრაინა წლეულს საექსპორტო ბაზრებზე 13 მლნ ტონა ხორბალს გაიტანს, რაც დაახლოებით ის მოცულობაა, რასაც ამ ქვეყნისგან ექსპორტის შეზღუდვის გარეშეც ელოდნენ.

ნონა ქვლივიძე