გლეხობა მიწაზე უარს ამბობს - კვირის პალიტრა

გლეხობა მიწაზე უარს ამბობს

პრივატიზების შიშს დიდი თვალები და უფრო დიდი"მადა" აღმოაჩნდა

მიწის პრივატიზება 2011 წლის 1-ელ მაისამდე უნდა დასრულდეს. თუ მოიჯარეები ამ ვადაში პრივატიზებას ვერ მოასწრებენ,"სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის თანახმად, მოიჯარესა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება გაუქმდება და მიწა გაიყიდება. მაღალ საფასურთან ერთად საქმეს ისიც ართულებს, რომ პრივატიზაციის პროცესი დროებით შეჩერებულია.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროს მოსახლეობისთვის მიწა შემოსავლის ძირითადი წყაროა, რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურში ასეულობით განცხადება შედის ფერმერების მიერ სახნავ-სათესი მიწების ჩამოწერის შესახებ. მოიჯარეებს მიწის დათმობა ძალიანაც უმძიმთ, მაგრამ გადასახადები აშინებთ. სხვათა შორის, მიწების დაბრუნება ადგილობრივ ბიუჯეტსაც დააზარალებს, რომელიც ძირითადად მიწის გადასახადით ივსება...

2010 წლის 9 აგვისტომდე მიწის პრივატიზება მიწის გადასახადის ათმაგი მოცულობა ღირდა. მწირი მიწის 1 ჰა-ზე გადასახადი დედოფლისწყაროს რაიონში 34 ლარი იყო, ხოლო ნაყოფიერ მიწაზე -44 ლარი. შესაბამისად, პრივატიზებაც 340 და 400 ლარი ჯდებოდა. ფერმერებს, რომლებიც 10, 20, 50 თუ 100 ჰექტარს ფლობენ, პრივატიზებისთვის დიდი თანხები სჭირდებოდათ. არადა, მოუსავლიანი წლები ერთმანეთს წაეწყო და არათუ მიწის პრივატიზებას, ფერმერები დასამუშავებელი საწვავისა და შხამქიმიკატების ყიდვასაც ვეღარ გასწვდნენ. 2010 წლის 9 აგვისტოდან კი, კანონში შეტანილი ცვლილების თანახად, პრივატიზების საფასური მიწის გადასახადის ოცმაგ მოცულობამდე გაიზარდა. ეს ფერმერებმა ზურგში დანის ჩაცემად აღიქვეს, რადგან 1 ჰა-ზე 340 და 440 ლარის გადახდასაც ვერ ახერხებდნენ და ამ დროს თანხა პირიქით, გაუორმაგეს.

მაგრამ გაძვირების მანქანა ამაზე არ შეჩერებულა. მთავრობის #394 დადგენილებით 2011 წლის 1-ელი იანვრიდან მიწის გადასახადის ახალი განაკვეთები დაწესდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით. დედოფლისწყაროში 1 ჰა მწირი მიწისთვის გადასახადი 67 ლარი, ხოლო ნაყოფიერი მიწისთვის -87 ლარი გახდა. შესაბამისად, პრივატიზაციის ღირებულებამ 1340 და 1740 ლარს მიუკაკუნა ყოველი ჰექტარისთვის.

მთავრობის იმავე დადგენილებით სათიბ-საძოვრის გადასახადებიც გაიზარდა. დედოფლისწყაროსთვის 1 ჰა სათიბებზე 18 ლარი დაწესდა, ხოლო საძოვრებზე -15 ლარი (გაკულტურებული სათიბებსა და საძოვრებზე, შესაბამისად, 20 და 16 ლარი).

ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ პრივატიზაციის პროცესი შეჩერდა, როგორც ითქვა, მხოლოდ დროებით. ფერმერების იმ ნაწილისთვის, ვისაც ამხელა თანხების გადახდა არ შეუძლია, ამას მნიშვნელობა აღარც აქვს. თუმცა სხვა ნაწილისთვის, რომელსაც ურიის ვალის დადება და მიწის პრივატიზება მაინც გადაწყვეტილი აქვს, ეს დამატებითი მღელვარების მიზეზი შეიქნა.

"მოვედი, რომ მიწა ჩამოვიწერო. პრივატიზება აუცილებელი გახდა. უტოპიურ თანხებს ითხოვენ, სავარაუდოდ, ჰექტარზე 800 ლარს ამბობს ხალხი. ნამდვილად ვერ გავწვდები. გადასახადიც გაიზარდა იანვრიდან. საიდან უნდა მოვიტანო ამდენი ფული? არც მოსავალი მოდის, მინდორს თაგვია შესეული. წლების განმავლობაში, მიწიდან შემოსავალი რომ მიმეღო, წელიწადში ორ-სამ სულ საქონელს ვყიდდი და იმ ფულით ვხნავდი თუ ვთესავდი. საქონელსაც ვკარგავდი და არც მოსავალი მეძლეოდა. მოკლედ, მიწა წამგებიანი გახდა, ხალხს მისი თავიდან მოშორება სურს. ერთი კანისტრა"სალიარკა" 60-70 ლარი რომ დაუჯდება, გლეხმა იქ რა მოგება უნდა ნახოს?! საბუთებს მოვაწესრიგებ და მიწას ჩამოვიწერ. ამით მომავალ გადასახადებსაც თავს ავარიდებ. მეშინია, მოულოდნელად სოლიდური თანხის გადახდა არ მაიძულონ!" -გვითხრა ჩამოსაწერად მოსულმა ფერმერმა.

კობა ბურკიაშვილი (სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამმართველოს უფროსი): "პრივატიზება ამ ეტაპზე შეჩერებულია. მთავრობაში პრივატიზების ახალი წესსა და ახალ ფასებზე მუშაობენ. ჯერჯერობით მათგან ახალი დადგენილება არ მიგვიღია, ამიტომ ფასებზე ვერაფერს ვიტყვი. მოსახლეობას დავაიმედებ, რომ ფასები ხელმიუწვდომელი არ იქნება".

1-ელი იანვრიდან მიწის გადასახადები გაიზარდა და ამასთან ერთად, ადგილობრივ ხელმძღვანელობას უფლება აქვს, 50%-მდე გაზარდოს დაწესებული გადასახადი.

მოსახლეობას აქვს მონაცემები (რომლებიც სხვა დროსაც გამართლებულა), რომ 1 ჰა საძოვრის პრივატიზება 400 ლარი დაჯდება, ხოლო სახნავის -800 ლარზე მეტი, რაც ოცმაგ ფასზე ნაკლები გამოვა.

ივანე ლობჯანიძე (მირზაანელი ფერმერი): "ორი წელიწადია, მოსავალი არ მიმიღია, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიქნები. ამას პრივატიზებაც დაერთო, რისთვისაც ძლივს გამოვნახე თანხა. ყველა საბუთი მოვამზადე და თელავის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურში წარვადგინე, მაგრამ ამაოდ. სამი კვირაა, პასუხს ველოდები და არაფერი ისმის. იანვრიდან მიწაც გაძვირდა და საძოვარიც. ახალი ტარიფის ოცმაგი ოდენობა რომ მიანგარიშონ, ნამდვილად ვეღარ შევწვდები...

ჩემს სოფელში ხალხი აღარ ცხოვრობს, ყოველი მეორე სახლი გამოკეტილია. სწორედ მიწებთან დაკავშირებულ ამ გაუსაძლის პირობებს გაექცა ყველა, სახლ-კარზეც და მიწაზეც ხელი ჩაიქნიეს, უბედურებაა, როცა გლეხი სოფელს ტოვებს!"

ნინო ბულაშვილი (ფერმერი): "მიწის პრივატიზება რა ხანია გავაკეთე. თანხაც ბოლომდე გადავიხადე, მაგრამ ახლახან 1500 ლარის გადასახადის შეტყობინება მომივიდა. როცა გასარკვევად დავრეკე, მითხრეს, ეკონომიკის სამინისტრომ დაგაწერათო, თანაც ერთი კვირის ვადაში მთხოვენ თანხის გადახდას. ერთ კვირაში 1500 ლარის მშოვნელები რომ ვიყოთ დედოფლისწყაროელები, ამდენს კი არ ვიწუწუნებდით საქვეყნოდ".

რამდენიმე დღის წინ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე დედოფლისწყაროელ ფერმერებს შეხვდნენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე პირობას დებდა, რომ პრივატიზების შეფერხებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მიიღებდა და ყველა მათგანს პასუხს გასცემდა, მაგრამ პირობა ჯერჯერობით შეუსრულებელია."გლეხებს საკმარისი დრო ჰქონდათ პრივატიზებისთვის. მაისამდე ვინც ამას ვერ მოახერხებს, ის დროულად ვერც მიწას დაამუშავებს და ვერც სახელმწიფოსთვის დოვლათს შექმნის, ამიტომ მიწის მფლობელიც ვეღარ იქნება. მიწა ექნება მას, ვინც ქვეყნისთვის დოვლათს შექმნის", -აცხადებდა დავით გიორგაძე.

"ყველა პირობა შეგვიქმნეს, რომ მოსავალი ვეღარ მიგვეღო და ახლა გვადანაშაულებენ, სახელმწიფო დოვლათს ვეღარ ქმნითო?! წლებია, საწვავსა და შხამქიმიკატებს ძვირად გვასყიდებენ, მიწის ფასს გვიოცმაგებენ, ყველა გზა მოგვიჭრეს, გაგვაღარიბეს და ახლა მთლად ცარიელზე გვტოვებენ?! ალბათ, ეს ყველაფერი ამბოხების გარეშე არ ჩაივლის და თუ მიწები გაგვიყიდეს, სისხლისღვრამდე მივალთ, ამას ხალხი აღარ მოითმენს!" -ამბობენ კახელი ფერმერები.

ლალი მეხრიშვილი, დედოფლისწყაროდან