რა პასუხი იქნება ბურებისგან - კვირის პალიტრა

რა პასუხი იქნება ბურებისგან

ერთობლივი ფერმის შექმნის სურვილი ქართველებსაც გაუჩნდათ

ბური ფერმერების პირველ ვიზიტს საქართველოში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა."საქართველოში იმდენი მიწა სად გვაქვს, გადამთიელებს მივყიდოთო", -უმეტესად ამას ამბობენ უკმაყოფილო გლეხები. გლეხებს პოლიტიკოსებმაც აუბეს მხარი და ბურების მეორე დელეგაციას, რომელიც საქართველოში გასულ კვირას მიწების დასათვალიერებლად ჩამოვიდა და სასტუმრო"თორში" გაჩერდა,"ლეიბორისტული პარტიის" წევრები მიუვარდნენ. ამან იმდენად შეაშინა ბური ფერმერები, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან სწორედ ადგილობრივთა მხრიდან შევიწროებას გაურბიან, რომ მათი ჩამოსახლების პროექტი, რაზეც ქვეყნის მთავრობაში დიდი იმედებს ამყარებენ, შესაძლოა, ჩაიშალოს.

რადგან ბურების მიმართ პროტესტი მოსახლეობაში თანდათან მატულობს, დიასპორის სამინისტრომ გადაწყვიტა, ამ თემის ზედმეტად გახმაურებას მოერიდოს. ბურების ჩამოსახლების შესახებ სამინისტროში ადრინდელთან შედარებით ნაკლებად ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ და ამბობენ, რომ ჩამოვლენ ბურები საცხოვრებლად თუ არა, ჯერ არ იციან.

საქართველოში ბურების პირველი დელეგაცია ნოემბერში ჩამოვიდა. მაშინ მათ კახეთი და სამეგრელო დაათვალიერებინეს. ბურების ვიზიტის შემდეგ დიასპორის სამინისტროში თქვეს, რომ სამხრეთაფრიკელებს საქართველო მოეწონათ, ნიადაგიც ხარისხიანია და დიდი ფერმების მოწყობა შეიძლება. ამჯერად კლიმატური პირობების გასაცნობად და მიწების დასათვალიერებლად ბური ფერმერების 29-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. სამხრეთაფრიკელი ფერმერები ქვემო ქართლში ჩაიყვანეს.

მიწის ნაყოფიერება პირველად ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში შეამოწმეს. ტალავერი აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია, ათი ათასზე ცოტა მეტი მცხოვრებით. როგორც კი უცხო ხალხი დაინახეს, სოფლელები გარეთ გამოიშალნენ და როცა შეიტყვეს, სამხრეთ აფრიკიდან რისთვის იყვნენ ბურები ჩამოსული, უკმაყოფილება ვეღარ დამალეს. ტალავერის მცხოვრები ტოფიკ შარიპოვი ამბობს, რომ მათ ისედაც მცირე ნაკვეთები აქვთ და წლის სარჩო გაჭირვებით მოჰყავთ, ამიტომ ახალი ხალხის ჩამოსახლება სოფელში არ მოეწონებათ.

ტოფიკ შარიპოვი:"არ ვიცი, დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ, როგორც პრეფექტი გვეუბნება, თუ აქ აპირებენ ჩასახლებას, მაგრამ არ მგონია, ხალხი ამას დაეთანხმოს, რადგან ჩვენ ისედაც ღარიბულად ვცხოვრობთ. თავს ბოსტნეულის, კარტოფილის, ლობიოს მოყვანით ვირჩენთ. რაც კი ახლომახლო მოსავლიანი მიწები იყო, წინა წლებში გაიყიდა. მათი მფლობელები სოფელში ჩამოსული არც გვინახავს, მიწები არენდით აქვთ გაცემული და ჩვენი სოფლელები ძალიან ძვირსაც უხდიან".

ბურების შემდეგი გაჩერება წალკა იყო. სტუმრები მიწას ხელით სინჯავდნენ და ასე ამოწმებდნენ.

ინკ ფოსტერი (სამხრეთაფრიკელთა დელეგაციის წევრი): "აქაური კლიმატი ჩვენისგან განსხვავებულია, მაგრამ კარგი მოსავლის მიღება შეიძლება. როგორც ვატყობთ, აქ პერსპექტივა არის. თანაც გადასახადები დაბალია. ჩვენი ქვეყნის დატოვება ძალიან გვიმძიმს, მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს".

ბენი ვან ზილი (სამხრეთაფრიკელთა დელეგაციის წევრი): "უფულოდ აქ ჩამოსვლას აზრი არ აქვს, ამიტომ დიდი ინვესტიციების ჩადებას ვაპირებთ. თანაც ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას გვპირდება. დიდი ფერმერული მეურნეობების გამოცდილება გვაქვს, ამიტომ აქაც დიდი ფართობების შეძენა გვჭირდება. როცა დიდ ფერმებს შევქმნით, ადგილობრივებს დავასაქმებთ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, პროდუქტს ექსპორტზეც გავიტანთ".

ნიკა ავალიანი (დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილე): "ვფიქრობთ, რამდენიმე მსხვილი ფერმა გაკეთდება. ბურები ჯერ სწავლობენ, სად რისი მოყვანა შეიძლება, რა იქნება მომგებიანი. გარდა ამისა, ბაზარსაც სწავლობენ. სად შეიძლება გაყიდონ პროდუქტი. საქართველოს სამხრეთ აფრიკაზე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და აქედან საექსპორტოდ ბევრ ქვეყანაში შეიძლება გაიტანონ".

მიხეილ სოხაძე (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროექტის ხელმძღვანელი): "ბურების ჩამოყვანა ურიგო არ იქნება. ერთბაშად 40 ათასი ოჯახი არა, მაგრამ ათას კაცამდე რომ ჩამოვიდეს და ფერმები გააკეთონ, კარგი იქნება. ქართველები მათგან ბევრ რამეს ისწავლიან, რადგან ბურებს სოფლის მეურნეობის სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ. მათი"ჰოლშტეინის" ჯიშის ძროხები, დღეში 20-25 ლიტრ რძეს იძლევიან, ადგილობრივი ძროხა კი 5 ლიტრამდე იწველის. ბურებს შრომაც განაწილებული აქვთ. ქართველები რომ მათ მუშაობას შეხედავენ, ბევრს ისწავლიან".

ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება ქართველებმა ვერ შეძლეს. წვრილი გლეხური მეურნეობები არაეფექტურია, ვერც მათი კოოპერაციულად გაერთიანება ხერხდება. მიწის დასამუშავებლად დიდი ინვესტიციაა საჭირო, თანამედროვე ტექნიკაც ძვირი ღირს და მისი ფული ადგილობრივ გლეხს არ აქვს. აღმოჩნდა, რომ მიწის დამუშავების მოწინავე ტექნოლოგიების შესახებაც ჩვენში ცოტა რამ იციან. შესაბამისი ცოდნის გარეშე კი დღეს მაღალი მოსავლის მიღება შეუძლებელია. ამიტომაც ქვეყანაში სურსათის დეფიციტია და თითქმის ყველა სახეობის ბოსტნეული -ხახვი, ნიორი, პომიდორი და ახლა უკვე კარტოფილიც, უმეტესად უცხოეთიდან შემოდის. დაბალპროდუქტიულია ძროხის ადგილობრივი ჯიშებიც.

სამხრეთ ამერიკაში, კანადასა და ავსტრალიაშიც ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობები ბურებმა გამართეს. ამ ქვეყნებში მათ საშუალო ფერმას 50-100 ჰექტარი უკავია. სამხრეთ აფრიკას სურსათით სწორედ ბურების დიდი ფერმები კვებავენ, მაგრამ თეთრ ემიგრანტთა შთამომავლებს აბორიგენები ავიწროებენ. ფერმერებს მიწებიც წაართვეს, თუმცა ვეღარ მოუარეს. შევიწროებული ბურები წასასვლელს ეძებენ, ნაწილმა საქმე სხვადასხვა ქვეყანაში გადაიტანა. რაც შეეხება საქართველოს, ლეიბორისტების პროტესტისა და მსგავსი გამოსვლების შემდეგ, შესაძლოა ბურებმა ჩამოსვლა აღარ გარისკონ.

ბურებმა საქართველო ისე დატოვეს, მასპინძლებისთვის საბოლოო გადაწყვეტილება არ უთქვამთ."რამდენად მალე იქნება გამოხმაურება, ჯერ არ ვიცით. ჩვენ ვაჩვენეთ ადგილები და ახლა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, გადმოიტანენ ბიზნესს თუ არა", -აცხადებენ დიასპორის სამინისტროში. როგორც აღმოჩნდა, ბურებთან ერთობლივი ფერმის შექმნის სურვილი რამდენიმე ქართველმა მეურნემაც გამოთქვა და საკუთარი მიწის ნაკვეთიც შესთავაზა. ფერმერების მესამე ჯგუფს დიასპორის სამინისტრო თებერვალში ელოდება.

ნონა ქვლივიძე