რას გულისხმობს იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება

"ეს არ არის სწორი სოციალური პოლიტიკა. რასაკვირველია, ეს სიახლე მაღალშემოსავლიან ადამიანებს გაუხარდებათ, თუმცა ისიც საკითხავია, სჭირდებათ მათ სუბსიდირება? თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ ბინის შეძენა, ამას ისედაც გააკეთებენ, დახმარების გარეშე..."

საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-ს დაასუბსიდირებს. სუბსიდირება შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება. როგორც პრემიერმა განაცხადა, ამით მთავრობა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. სწორედ ეს პროექტია ჩვენი საუბრის თემა ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტ ირაკლი მაკალათიასთან.

- თუ მოქალაქე ბანკიდან აიღებს მაგალითად, 15%-იან სესხს, ის გადაიხდის მხოლოდ 11%-ს, 4%-ს კი სახელმწიფო გადაუხდის. პროექტი უნდა შევაფასოთ ორი - სოციალური და ეკონომიკური - თვალსაზრისით. ეკონომიკური მიზანი გასაგებია. მთავრობას უნდა, ერთი მხრივ, დაეხმაროს სამშენებლო ბიზნესს, ხოლო მეორე მხრივ - საბანკო სექტორს, რომ იპოთეკური სესხები გაიცეს და ბანკის ბრუნვა გაიზარდოს. ამავე დროს, ის ცდილობს, ხელი შეუწყოს სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, რომ ბინებზე მოთხოვნა გაიზარდოს და ეს სექტორიც გადარჩეს. ჩვენს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი მოდის ვაჭრობაზე, ამის შემდეგ კი მოწინავე პოზიციებზე სწორედ სამშენებლო და საბანკო სფეროებია და მათზე ზრუნვა აუცილებელია.

მიზანი კარგია, მაგრამ უნდა შევაფასოთ, როგორია მიზნის მიღწევის გზები. დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვეულებრივ, გადასახადის გადამხდელის ფულით. იპოთეკურ სესხებს, ძირითადად, იღებს მაღალ და საშუალოშემოსავლიანი მოსახლეობა. დაბალშემოსავლიან მოსახლეობას იპოთეკურ სესხებზე ხელი არ მიუწვდება, რადგან ამას სჭირდება შემოსავლების დადასტურება. ბანკისთვის ეს სეგმენტი არის რისკჯგუფი და მათთვის სესხის მიცემა არახელსაყრელია. გამოდის, რომ ამ სუბსიდირების პროგრამით მთავრობა ეხმარება მაღალშემოსავლიან და ნაწილობრივ - საშუალოშემოსავლიან მოსახლეობასაც, რომ ის ბაზარზე გააქტიურდეს.

გააქტიურდებიან თუ არა ეს ადამიანები და ამ ეკონომიკურ პირობებში გადაწყვეტენ თუ არა ბინების შეძენას, ეს ცალკეა შესაფასებელი და ამის განსაზღვრა ძალიან ძნელია, ყოველ შემთხვევაში, მე გამიჭირდება. აი, ამიტომ სოციალური თვალსაზრისით ეს მიმართულება სწორი არ არის.

ეს, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, 70-მილიონიანი პროგრამაა. გამოდის, რომ ბიუჯეტი, რომელსაც ხალხი, ანუ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვავსებთ, მაღალი და საშუალოშემოსავლიანი მოსახლეობის დახმარებას ხმარდება, არადა დღეს დაბალშემოსავლიან მოსახლეობას უფრო უჭირს. როცა სოციალური ფონიც და ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმეა, ბიუჯეტს გაფრთხილება უნდა. ასეთ ვითარებაში თავდაპირველად სწორედ დაბალშემოსავლიან ადამიანებს უნდა დაეხმარო.

ხშირად ვლაპარაკობთ ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე და ამ დროს ბიუჯეტის ფულით მაღალშემოსავლიან ადამიანებს ვეხმარებით. ეს არ არის სწორი სოციალური პოლიტიკა. რასაკვირველია, ეს სიახლე მაღალშემოსავლიან ადამიანებს გაუხარდებათ, თუმცა ისიც საკითხავია, სჭირდებათ მათ სუბსიდირება? თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ ბინის შეძენა, ამას ისედაც გააკეთებენ, დახმარების გარეშე...

- მაგრამ ახლა ბინის შეძენის მსურველებს მოტივაცია გაეზრდებათ. ჯობია, მათ ყიდვა ახალ წლამდე მოასწრონ?

- ვერ გეტყვით. ისინი ელოდებოდნენ ბაზარზე ბინების ფასის შემცირებას, რადგან პანდემიის გამო ხალხს ბინების ყიდვისთვის არ ეცალა და მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ ფასები არ შემცირებულა, ამიტომ ეს მაინცდამაინც ვერ იმოქმედებს მომხმარებლის ქცევაზე. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით.

ფასები პერიოდულად იზრდება და თუ ახლა სუბსიდირებით მოტივაციას აუმაღლებ, რატომაც არა, იყიდის, თუმცა ვიმეორებ - ახლა, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება.

- ანუ გამოდის, რომ ღარიბს ართმევს და მდიდარს აძლევს? - არა, მხოლოდ ღარიბს არა, ყველას ართმევს და მდიდარს აძლევს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მდიდარი მეტ გადასახადს იხდის და იქნებ ეკუთვნის კიდეც ღარიბზე მეტი, მაგრამ ხალხის ფულის მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის გამოყენება სწორი არ არის, მით უმეტეს, რომ შეგვეძლო ეს ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგვეხარჯა. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუბსიდირება მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, იპოთეკური სესხები კი 10-15-წლიანია. აქედან გამომდინარე, ხუთწლიანი დახმარება იქნება კი მოტივატორი, რომ გავიქცეთ და ბინები ვიყიდოთ?

შეიძლება ბევრმა იკითხოს: "აბა, რა ექნათ? ეკონომიკურად როგორ გაეძლიერებინათ საბანკო თუ სამშენებლო სექტორი?~ საქმე ის გახლავთ, რომ უკვე ერთი წელია, რაც ახალი საბანკო რეგულაციები მიიღეს, რის შედეგადაც სამშენებლო სექტორში გაყიდვები შემცირდა. სამშენებლო კომპანიების მთავარი მოთხოვნა სწორედ ამ რეგულაციების გაუქმება იყო, რათა ადამიანებს სესხის აღებისა და ბინების შეძენის საშუალება ჰქონოდათ და ეს ბიზნესიც ამუშავებულიყო.

- რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა სამშენებლო ბიზნესის შეჩერების შემთხვევაში? - 16%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვაქვს. ყველა დარგი მძიმე მდგომარეობაშია. ვერ დავასახელებთ დარგს, რომელიც არ დაზარალდა. გვაქვს უფრო მეტად და ნაკლებად დაზარალებული დარგები, თუმცა სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. აქედან გამომდინარე, სამშენებლო ბიზნესის ჩავარდნა უმძიმესი დარტყმა იქნება არა მარტო ამ ბიზნესის, არამედ მისი დამხმარე დარგებისთვისაც.

ესენი არიან სამშენებლო მასალების გამყიდველები, ავეჯის დამამზადებლები, ტექნიკის სახლების თანამშრომლები...

ასეთ სუბსიდირებას, როგორც წესი, შედეგი არ მოაქვს ხოლმე. ცოტ-ცოტა თითქმის ყველა დარგს დავეხმარეთ, თუმცა, ცალკე საკითხია, ეფექტიანი იქნება თუ არა ეს დახმარება. მაგალითად, ცხრა პროდუქტის ფასის სუბსიდირება წყალში გადაყრილი ფული აღმოჩნდა.

ასეთი პროგრამების რისკი დიდია. ხშირად ამას არ მოსდევს ისეთი შედეგი, როგორსაც მოელიან და რაც უნდა კეთილი მიზანი ჰქონდეთ, მას ვერ აღწევენ.

- ასეთი სუბსიდირება სამშენებლო ბიზნესს დაეხმარება? ჩავარდნისგან დაიცავს? - ძნელი სათქმელია... არა მგონია, ჩავარდნისგან დაიცვას. ცხადია, რაღაც შეღავათები იქნება, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, 4%-იანი სუბსიდირება გამოიწვევს თუ არა მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდას. როცა ასეთ პროგრამებს გვთავაზობენ, უნდა მოაყოლონ პროგნოზიც - რამდენით შეიძლება გაიზარდოს გაყიდვა, როგორ დაეხმარება ეს სექტორს... ახლა ასეთი არაფერი გვსმენია. ერთი მხრივ, გვაქვს 70 მილიონი (რაც სუბსიდირებისთვის არის გათვალისწინებული), მაგრამ შესაფასებელია, როგორ ეკონომიკურ ეფექტს მივიღებთ სამშენებლო სექტორიდან ამ ფულით. უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს მივიღებდით, ახალი საბანკო რეგულაციები და შეზღუდვები რომ გაუქმებულიყო. მეორე მხრივ, სამშენებლო ბიზნესის უკეთ დახმარება შეიძლებოდა მათთვის გადასახადების შემცირებით ან დროებით გაუქმებით.

ამასთან, თუ 70 მილიონით სამშენებლო სექტორს ვეხმარებით, სხვა დარგებსაც ხომ უჭირთ? იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა? დღეს ყველას გვჭირდება დახმარება. არ შეიძლება კაბინეტიდან განსაზღვრო, რომელ დარგს უფრო უჭირს და რომელს - ნაკლებად. ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. თუ დახმარება უნდათ, უპირველესად დაბალშემოსავლიან ადამიანებს უნდა დაეხმარონ, გადასახადები შეუმსუბუქონ, თორემ ასე ცალ-ცალკე სამშენებლო სექტორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სექტორის დახმარება როგორ უკუეფექტს მოიტანს, ამის გათვლა ახლა ადვილი არ არის. არც იმაზე უმსჯელიათ, ხომ არ შეიძლებოდა, ეს ფული ასე სექტორების მიხედვით კი არ განაწილებულიყო, არამედ გადასახადების შემცირებასა და დაბალშემოსავლიანი სოციალური ჯგუფების ფულად დახმარებას მოხმარებოდა. ვფიქრობ, ამ ორი მიმართულებით ფულის ხარჯვა უფრო დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანდა.

- მთავრობის განცხადებით, თუ მშენებელი ფართობის 30%-ს თავისუფალ ბაზარზე ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ ფართს შეიძენს და დევნილებს დააკმაყოფილების. ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. გამოითქვა ეჭვი, რომ ამ პროექტში კორუფციული გარიგების ნიშნები ჩანს... - ასეთ პროგრამებს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს.

გაურკვეველია, არის თუ არა ეს 30% საკმარისი ეკონომიკური სტიმულისთვის და ეს მართლაც შეიძლება იქცეს კორუფციულ რისკად...

სამშენებლო სექტორი მოტივირებული უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება დიდი ფართობი გაყიდოს, ახლა კი მოტივირებული იქნებიან, რაც შეიძლება ნაკლები გაყიდონ, რომ დარჩენილი ფართობი სახელმწიფომ შეიძინოს. შედეგად მეტ შეღავათს მიიღებს ის, ვინც სამთავრობო წრეებთან იქნება დაახლოებული.

დევნილების დახმარება ძალიან კარგია, მაგრამ სამშენებლო სექტორში ასე ჩარევა ნამდვილად აჩენს კორუფციის საფრთხეს.