გაფლანგული მილიონები?! - "ფულს იღებ ერთი საქმისთვის და სხვა მიზნისთვის ხარჯავ" - კვირის პალიტრა

გაფლანგული მილიონები?! - "ფულს იღებ ერთი საქმისთვის და სხვა მიზნისთვის ხარჯავ"

კორუფცია ლათინურად გაფუჭებას ნიშნავს, ფართო გაგებით კი სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, როგორც წესი, პირადი სარგებლის მიზნით; "ქართულ-ჯიგრული პონტი" - ურთიერთობა, რომელიც ზოგჯერ შეიძლება კანონზე მაღლაც დადგეს და ძალაუფლების გამოყენებით ამ ურთიერთობის ერთი მხარე მეორეს პირადი სარგებლის მიღებაში დაეხმაროს.

200 ლარი 6 თვის განმავლობაში ის მინიმუმია, რომლითაც მთავრობა კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს დაეხმარება - ქვეყანას მეტის შესაძლებლობა არა აქვს. არადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყოველ წელს თავის ანგარიშში წერს, რომ სახელმწიფო უწყებებში მოკალათებული მოხელეების მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვა ბევრ შეკითხვას აჩენს და წლიდან წლამდე არც მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებს ვინმე. წესით, ბოლო ანგარიშიც საგამოძიებო უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ, ვფიქრობ, მთავრობაშიც ბევრს ჯერაც არ წაუკითხავს.

თითქოს ყველაფერი რიგზეა - მხარჯავ დაწესებულებებს მაკონტროლებელი ჰყავს და ეს დასკვნაც ამის მაგალითია, წვრილ კორუფციონერებსაც იჭერენ და შემდეგ თავს იწონებენ, რომ სამოხელეო დანაშაულს თავიანთ რიგებშიც კი არ შეურიგდებიან. თუმცა პრივილეგირებული კასტა სახელმწიფო ხაზინას ისე ხრავს, როგორც საკუთარ ბეღელს, რის მაგალითსაც ქვემოთ მრავლად შეხვდებით.

სისტემური ხარვეზები, ნაკლოვანი აღრიცხვა და "ჭარბი ფული"

ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ თვალში საცემია პროგრამებსა და საბიუჯეტო მუხლებს შორის ფულის გადანაწილების მასშტაბურობა და სიხშირე. მაგალითად, შარშან ხუთ სამინისტროს შორის პროგრამებზე, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებზე გადანაწილებულმა თანხამ ჯამში 1,3 მლრდ(!) ლარი შეადგინა. ზოგჯერ საბიუჯეტო ორგანიზაციები წლის განმავლობაში რესურსებს ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად ანაწილებენ, რომელთა გათვალისწინება სავსებით შესაძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზეც. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ამგვარი გადანაწილება ზოგჯერ საბიუჯეტო წლის დასაწყისშიც კი ხდება, რაც დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს. ზოგჯერ თანხები გადანაწილდება ისეთი ღონისძიებებისთვის (პროექტებისთვის), რომლებიც არც იყო გათვალისწინებული ბიუჯეტის კანონით და მათი განხორციელება წლის განმავლობაში გადაწყდა. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ქვეპროგრამას "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურება და განვითარება" 2019 წლის ბიუჯეტის კანონით დაფინანსება განსაზღვრული არ ჰქონია, თუმცა წლის განმავლობაში სამინისტროს სხვა პროგრამებიდან და ქვეპროგრამებიდან მასზე ჯამურად 4,8 მლნ ლარი გადანაწილდა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ყბადაღებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპებიც საკითხიც მოხვდა. აქამდე არაერთხელ მოგვისმენია, რომ ეს სახელმწიფო საწარმოები პარტიული აქტივისა და ნაჩინოვნიკარი პირების დასაქმების ბიუროდ იქცა, სადაც კოლოსალური ხელფასები აქვთ, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი წამგებიანი კომპანიების არსებობა ბევრ ეჭვს ბადებს.

ნათქვამია, რომ საჯარო სამართლისა და არაკომერციული იურიდიული პირების ნაერთი ბალანსის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტესთან დაკავშირებული ნაკლოვანებები. კერძოდ, 2018 წლის ბოლოს არსებული სსიპ/ა(ა)იპ-ების ნაშთის ჯამი 17,3 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის დასაწყისის მაჩვენებელს; 17 უწყების სხვადასხვა წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი ერთი და იმავე პერიოდის ფინანსური მაჩვენებლების ანგარიშგება არ ემთხვევა ერთმანეთს. 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ნაერთი ბალანსის დოკუმენტში ისევ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ინდივიდუალური სსიპ/ა(ა)იპ-ის შემოსავლების/ხარჯების შესახებ მათი ფორმირების წყაროების მიხედვით. აუდიტის სამსახურის თქმით, ზემოხსენებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა სსიპ/ა(ა)იპ-ების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული და ათვისებული რესურსების სრული ანალიზი, ხოლო ის, რისი შესწავლაც მოხერხდა, ასე გამოიყურება: ჯამურად სსიპ/ა(ა)იპ-ების შემოსავლები გაიზარდა 213 მლნ ლარით და 1,925 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ხარჯები გაიზარდა 201 მლნ ლარით და 1,757 მლრდ ლარს გაუტოლდა. სსიპ/ა(ა)იპ-ების მიერ მობილიზებული საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულოდ მისამართი თანხების მიუხედავად, მათ მფლობელობაში რჩება ჭარბი ოდენობის ფულადი რესურსი, რომელიც ნაშთის სახით განთავსებულია კომერციული ბანკების დეპოზიტებზე. აუდიტის სამსახური ამბობს, რომ დეპოზიტებზე განთავსებული სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ის დროულად იქნეს მიმართული სახელმწიფო პროდუქტების/სერვისების შექმნა-გაუმჯობესებისთვის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო საწარმოები ხელშეუხებლობით სარგებლობენ, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დარღვევისთვის კერძო ორგანიზაცია შესაბამის უწყებას უკვე, სულ ცოტა, დაჯარიმებული ეყოლებოდა, ან მისი ხელმძღვანელობა სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული, ხოლო მაშინ, როცა სახელმწიფო სახსრები მიმდინარე ხარჯებს არ ჰყოფნის და მთავრობა საშინაო თუ საგარეო ვალს სულ უფრო მეტი ინტენსივობით იღებს, სახელმწიფო საწარმოები ჭარბი ოდენობის ფულს საბანკო ანგარიშებზე ინახავენ.

ვალების პატიება

"ქართულ-ჯიგრულ პონტში"

მოკლედ, როგორც უკვე ვთქვით, მთავრობა საგარეო და საშინაო ვალს იღებს როგორც სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, ისე შეუძლია ეს ფული გადაასესხოს კიდეც. აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო რესურსისა და საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე გაცემული სესხებიდან შარშან ბიუჯეტს 120 მლნ ლარი უნდა მიეღო, ეს კი ნაკლებია ქვესასესხო ხელშეკრულებებით ბიუჯეტში მოსამართ ძირ თანხაზე. კერძოდ, ქვესასესხო ხელშეკრულებების საფუძველზე გადასესხებული კრედიტებიდან 2019 წელს მოსალოდნელი იყო 140,5 მლნ ლარის ოდენობის ძირი თანხის მობილიზება. თუმცა 2019 წელს მოხდა გეგმის კორექტირება, რომლითაც ბიუჯეტში მოსამართი ძირი თანხა 9 მლნ ევროს ოდენობით შემცირდა. აქვე ნათქვამია, რომ ცვლილებები შეეხო შპს "ენერგოტრანსს", რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წლის ივლისს-დეკემბერში გადასახდელი თანხები 2027-2028 წლებისთვის გადაუვადდა. ბუნებრივია, კითხვებს აჩენს კონკრეტული კომპანიის მიმართ მთავრობის ასეთი ლოიალურობა და სესხის 8-9 წლით გადავადება. როგორც გავარკვიეთ, შპს "ენერგოტრანსი" შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100%-იან წილს სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ფლობს, თავად "ენერგოტრანსს" კი სამეთვალყურეო საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც საინტერესეო გვარ-სახელებს შეხვდებით. მაგალითად, დავით ვარდიაშვილი, რომელიც 2013-2014 წლებში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო, 2016-2017 წლებში დაწინაურდა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, 2017-2018 წლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამავე უწყებიდან კიდევ ერთი კადრი მოხვდა სახელმწიფო სსიპ-ის მფლობელობაში არსებულ საწარმოში - საგანგებო სიტუაციების მართვის ყოფილი უფროსი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. "ენერგოტრანსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი. ალბათ, ამაზე ამბობდა პრემიერი "ქართულ ჯიგრულ პონტშიო", თორემ სხვა შემთხვევაში რით შეიძლება აიხსნას, სახელმწიფოს ნასესხებ ფულს რომ აძლევ კომპანიას, გადასახდელ თანხას უმცირებ და იმ შემცირებულსაც რამდენიმე წლით გადაუვადებ. არადა, აუდიტის სამსახური იმავე ანგარიშში ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოებს ჭარბი ფული ბანკებში აქვთ განთავსებული და საინტერესოა, ბიუჯეტის ვალს რატომ არ იხდიან. მოკლედ, კეთილსინდისიერი პროკურატურა და თავმოყვარე მთავრობა ამ საქმეს ასე არ დატოვებდა.

აუდიტის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტის შიდა რესურსებიდან გაცემულ სესხებზე ვლინდება სესხების გაცემისას გადამხდელის კრედიტუნარიანობის შეფასებასა და სესხების მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებული ხარვეზები. შიდა საბიუჯეტო სესხების (მოქმედი სესხები) სახით სულ გაცემულია 181,8 მლნ ლარი, რომლებზეც 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული სრული დავალიანება 359,8 მლნ ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულია 90 სესხი, რომლებზეც რიცხული დავალიანების 52% პირგასამტეხლოა, ხოლო 41% - სესხის ძირი თანხა.

სახელმწიფო ვალი

მაშინ როცა საბიუჯეტო ფულის ხარჯვაში მთავრობას ამდენი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხარვეზი აქვს და მის მიერ გაცემულ სესხებსაც პატიობს სახელმწიფო ორგანიზაციებს, სახელმწიფო ვალი სულ უფრო იზრდება და 2019 წლის ბოლოს 20,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

2016-2018 წლებში ვალის წლიური ზრდის ტემპი მცირდებოდა, თუმცა 2019 წელს ვალის ნაშთი 15,9%5-ით გაიზარდა. მთავრობის ვალის მოცულობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 14,8%-ით (2,566 მლრდ ლარით), ხოლო 2017 წელთან შედარებით 24%-ით (3,853 მლრდ ლარით) გაიზარდა. ეს ზრდა განაპირობა როგორც დამატებითი სესხების აღებამ, ასევე ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებამ. 2019 წელს, 2017 წელთან შედარებით, ვალის ნაშთის ზრდაში კურსის ეფექტი 28,1%-ს შეადგენს, დანარჩენი 71,9% კი ახალი სესხების აღებაზე მოდის. 2018 წელთან შედარებით ნაშთის მატებაში კურსის ეფექტი უკვე 35,6%-ია. მთავრობის ვალის ნაშთზე ლარის გაუფასურების ეფექტი გაცილებით დიდია, ვიდრე ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯებზე და ეს გამოწვეულია წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობით. მთავრობის ვალის პორტფელის ზრდის, ლარის გაუფასურებისა და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად 2018 წელთან შედარებით, ჯამურად 386,6 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები როგორც საგარეო, ასევე საშინაო სესხებზე და 2,901 მლრდ ლარი შეადგინა.

მილიონები დაუგეგმავი პროექტებისთვის და 0%-ით შესრულებული 11 დაგეგმილი პროექტი

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს ათვისების დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც ამ პროექტების შეფერხებით განხორციელებაზე მიუთითებს. 2019 წელს საინვესტიციო კრედიტების სახით საგარეო წყაროებიდან ბიუჯეტში მოზიდულ იქნა 978 მლნ ლარი, რაც თავდაპირველი გეგმის 75%-ს შეადგენს და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5,5%-ით ჩამორჩება. აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ამის მიზეზია საინვესტიციო კრედიტების მნიშვნელოვნად დაბალი ათვისება წლიურ გეგმასთან შედარებით. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული 1,301 მლრდ ლარის მოცულობის შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტით 52 საინვესტიციო პროექტის დაფინანსება დაიგეგმა. ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებით მათი დაფინანსება ჯამურად 370 მლნ ლარით შემცირდა. კერძოდ, ბიუჯეტიდან ამოღებულ იქნა 197 მლნ ლარის ღირებულების 10 საინვესტიციო პროექტი, საიდანაც 9 პროექტს, ღირებულებით 177 მლნ ლარი, 8 თვის მდგომარეობით საკრედიტო რესურსი არ ჰქონდა ათვისებული. თუმცა ცვლილების მიუხედავად, 2 პროექტში მაინც ათვისებულ იქნა თანხა, ჯამურად 984 ათასი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 21 პროექტის, რომელთა ათვისების მაჩვენებელი 8 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის 50%-ზე ნაკლები იყო, დაფინანსება ჯამურად 330 მლნ ლარით შემცირდა.

2019 წლის განმავლობაში განხორციელდა 4 ისეთი საინვესტიციო პროექტი, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო არც თავდაპირველი ბიუჯეტის კანონით და არც მასში შეტანილი ცვლილებით. დაუგეგმავ პროექტებში წლის ბოლოს საკრედიტო რესურსის ათვისებამ 3,7 მლნ ლარი შეადგინა.

აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2019 წელს 11 საინვესტიციო პროექტში საკრედიტო სახსრები საერთოდ არ ათვისებულა. ამ პროექტებში ჯამურად 243 მლნ ლარის ოდენობის რესურსის მიმართვა იგეგმებოდა. ასევე, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს.

2019 წელს საინვესტიციო კრედიტებში ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა 4,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო კრედიტში გადახდილია 1,2 მლნ. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ "აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას" 2019 წლის განმავლობაში დარიცხული აქვს 309 ათასი ლარის ვალდებულების გადასახადი. პროექტზე ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2018 წლის 24 აგვისტოს, თუმცა მისი ათვისება 2019 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული არ იყო.

აუდიტის სამსახური კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო უწყებებს, უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისება და ასევე, გაითვალისწინონ პროექტების მიმდინარე შესრულების მდგომარეობა დამატებითი სესხების მოზიდვის საჭიროებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ სესხზე ვალდებულების გადასახადით გაწეული დამატებითი ხარჯებისა და გაჭიანურებული ან/და დაუსრულებელი პროექტების რაოდენობის ზრდა.

"ნასესხების გადასესხება მიდის და მერე ამ ფულს ან ჩამოწერენ, ან განუსაზღვრელი ვადით გადაავადებენ"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ბიუჯეტის დაგეგმვისას ხარვეზები ყოველთვის შეიძლება იყოს და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრიობაც იცვლება ხოლმე, მაგრამ ეს გამონაკლისია. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მანკიერებამ სისტემური ხასიათი მიიღო, რაც ძალიან სერიოზულ შეკითხვებს აჩენს. მეჩვენება, რომ პროექტების წარდგენას საერთაშორისო ინსტიტუტებთან კრედიტების მისაღებად ხშირად ფორმალურ საფუძველი აქვს, რათა უბრალოდ ფული მიიღონ, რომელიც შემდგომ გამოიყენება სულ სხვა მიზნებისთვის, რაც თავისთავად იწვევს კორუფციულ რისკებს. როცა ფულს ითხოვ ერთი საქმისთვის და მერე მას სხვა საქმისკენ მიმართავ, ვითარება უკონტროლო ხდება და ათასი მანიპულაციის საშუალება ჩნდება.

ასეთი მანკიერი სისტემის არსებობის შემთხვევაში, ვეჭვობ, საგარეო დახმარება, რომელსაც ხელისუფლება კორონავირუსით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ელოდება, შესაძლოა სულ სხვა მიმართულებით დაიხარჯოს და არ მოხმარდეს იმ პროექტებს, რისთვის გამოგვიყვეს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი. წინა ხელისუფლების დროსაც ასე ხდებოდა. გვახსოვს ცნობილი 4,5 მილიარდი, რომელიც ქვეყანამ აგვისტოს ომის შემდგომ მიიღო და იქაც ხარჯვის ნაწილში ბევრ შეკითხვას მოიძიებთ ამ მიმართულებით. ეს ძალიან შემაშფოთებელია და თავი რომ დავანებოთ კორუფციულ რისკებს და შიდა მანიპულაციებს, საერთაშორისო ინსტიტუტები ამაზე მძიმედ რეაგირებენ.

როცა ის ინსტიტუტი, რომლისგანაც კრედიტი აიღე, გააცნობიერებს, რომ ის ფული სხვა რამეში დახარჯე, სულ ცოტა, ის მოხდება, რომ ამ საკრედიტო ხაზზე წვდომას შეგიწყვეტენ.

საბიუჯეტო სახსრების, საერთაშორისო დახმარებების თუ კრედიტების მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულებით ჩვენ ვიღებთ დიდ აჯაფსანდალს, რაც საბოლოოდ მთავრდება კორუფციით, ფულის არაეფექტური გამოყენებით და ამიტომაც გვაქვს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს. ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ სტაბილური და მდგრადი ეკონომიკა - მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის მოცულობა უკვე საგანგაშო ზღვარს უახლოვდება, რომლის მიღმაც ვეღარ შევძლებთ ვერანაირი კრედიტებით სარგებლობას. ეს არის ერთი უბედურება, მეორე უბედურება კი ის, რომ ეს ფულიც უყაირათოდ იხარჯება, სახელმწიფო კი ამ კრედიტებზე მიმდინარე გადასახადებს იხდის. ეს ხომ ნაჩუქარი ფული არ არის. ყოველწლიურად ამ სესხების მომსახურებისთვის თანხა გვაქვს დასაფარავი, მთავრობა კი გარკვეულ სუბიექტებს აძლევს ფულს, ანუ ნასესხების გადასესხება მიდის და მერე ამ ფულს ან ჩამოწერენ, ან განუსაზღვრელი ვადით გადაავადებენ. ბუნებრივია, მისი გადახდა შემდეგ უწევს არა ამ ფულში ხელის მოფათურეს, არამედ თითოეულ ჩვენგანს, გადასახადის გადამხდელს.

იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ საკუთარ თავს არავინ იჭერს და ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი არ არსებობს, ხოლო პროკურატურა ამ სისტემის ნაწილია და პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობს, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტის ფულის ფლანგვის ამ შავბნელ ლაბირინთებში გავერკვევით და რომც გავერკვეთ, შევძლებთ მათზე რეაგირებას.