გიორგი პერტაია: კოდექსში პრობლემები არის - კვირის პალიტრა

გიორგი პერტაია: კოდექსში პრობლემები არის

ბიზნესომბუდსმენს მთავარ პრობლემად ბიზნესისთვის საწარმოო დანაკარგების საკითხი მიაჩნია

ბიზნესომბუდსმენის პოსტზე გიორგი პერტაიას უპირატესობა სამ კანდიდატს შორის მიანიჭეს. მან მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები უნდა დაიცვას და მთავრობასთან შუამავლის ფუნქცია იკისროს. ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ რაც შეიძლება პატარა სამსახურს შექმნის, მცირე ბიუჯეტით, ბიზნესს ტვირთად რომ არ დააწვეს; პირველ რიგში, საგადასახადო კოდექსის დახვეწაზე დაიწყებს მუშაობას. ამ საკითხებზე მეწარმეებისგან შენიშვნებისა და რჩევების მიღება ბიზნესომბუდსმენმა უკვე დაიწყო. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია მას საკუთარი მოსაზრებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ცხელ ხაზზე:

28-28-28. რას გააკეთებს ბიზნესისთვის და შეცვლის თუ არა არსებულ საგადასახადო გარემოს, ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენს ვესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაგიჭირეს მხარი ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე?

- ალბათ იმიტომ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამ სფეროში ვარ, მთავრობასა და ბიზნესს შორის. 2004 წელს ამერიკის სავაჭრო პალატაში დავიწყე მუშაობა. ამ დროს საბაჟოზე ძალიან დიდი პრობლემები იყო, მუდმივად მიწევდა მთავრობასთან კომპანიების ინტერესების დაცვა. თუმცა თავიდან ეს ჩემი ფუნქცია არ ყოფილა. ამასობაში მთავრობაშიც გამიცნეს. პრობლემა ზოგს ფოთში ჰქონდა, ზოგს - კანონმდებლობასთან და დილიდან საღამომდე დავრბოდი. ყოველთვის ვცდილობდი, ობიექტური ვყოფილიყავი. ჩემი კლიენტები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები იყვნენ, თუმცა არასოდეს მიფიქრია დამეცვა ადამიანი, რომელიც მთავრობის წინაშე მტყუანი იყო, რადგან ამით გავაფუჭებდი უფრო პატიოსანი ინვესტორისა თუ იმპორტიორის საქმეს და გადასახადის გადამხდელის უფლებებს ვეღარ დავიცავდი.

ბიზნესში ერთის ინტერესებს რომ დაიცავ, ჩათვალე, რომ ამის შესახებ ნახევარმა ბიზნესმა იცის. თუმცა ცუდი გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

- იმ დროის შემდეგ რა შეიცვალა ბიზნესისთვის?

- უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, კორუფციის თვალსაზრისით. ადრე საბაჟოზე იმპორტიორს რომ ეთქვა, ამა და ამ კანონში ასე წერია და გამიშვიო, სიცილით დაიხოცებოდნენ. საგადასახადოში მისვლა ხომ ტანჯვა-წამება იყო. შემდგომ პერიოდში კორუფცია საგრძნობლად შემცირდა, ქვედა დონეზე დარჩა წვრილ-წვრილი გარიგებები და კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობაც დადგა. ახალი კოდექსი აუცილებელი იყო, სამწუხაროდ, რეფორმა შედარებით გვიან დაიწყო. კოდექსი რაგინდ კარგი იყოს, მთავარი ახლა ადმინისტრირებაა. თუ ამას მახინჯი ფორმით აკეთებ, კარგი კოდექსიც იკარგება. ახალი საგადასახადო კანონმდებლობა სრულებით სხვაგვარია. ორი-სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საგადასახადო დეკლარაციების 80% ელექტრონულად გაფორმდებოდა. ვითარების ისე დახატვა არ მინდა, რომ ყველაფერი კარგადაა, პირიქით, სერვისისა და ადმინისტრირების კუთხით რეფორმები უნდა გაგრძელდეს. კოდექსზე რაღაც ეტაპამდე უნდა მივიდეთ, გავაუმჯობესოთ, რაც ორ-სამ თვეში მოხდება და მერე ბიზნესმაც და მთავრობამ უნდა თქვას, რომ ეს არის კოდექსის ოპტიმალური ვარიანტი და მერე თუნდაც ორ წელიწადს მასში ძირეული ცვლილება აღარ უნდა შევიდეს, რათა ბიზნესმა კომფორტულად იგრძნოს თავი და არ ეშინოდეს, რომ უცბად რაღაც შეიცვლება, რადგან ბიზნესისთვის ყველაზე საზიანო დაუგეგმაობაა.

- ახალი კოდექსი ამოქმედდა. რა არ მოსწონს ბიზნესს ყველაზე მეტად?

- შენიშვნები შემოვიდა, მაგრამ ბიზნესის მხრიდან დიდი აქტიურობა არ იგრძნობა, ნაწილი კოდექსის განხილვაში მაინც არ ერთვება. აქტიურად ვწერდი ბიზნესასოციაციებს, მონაწილება მიეღოთ პროექტის შემუშავებაში, მაგრამ ბიზნესის ნაწილს ურჩევნია, ძალაში შესვლას დაელოდოს და რეაგირება მერე დაიწყოს. მიმაჩნია, რომ ეს ნორმალურია. ვერ მოსთხოვ ბიზნესს, წინასწარ კოდექსები იკითხოს. ათასი საქმე აქვს. თუ ბარიერი დაინახა, პრობლემა შეეხო, რეაგირებას იწყებს.

კოდექსში პრობლემები არის. მაგალითად, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილში, რაზეც ფინანსთა სამინისტროსთან ვმუშაობთ. დასაზუსტებელია საწარმოო დანაკარგების, საწვავის ხარჯებიდან გამოქვითვის საკითხები, ინვენტარიზაციის პროცედურები. განსაკუთრებით პრობლემური საწარმოო დანაკარგების თემაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და ყველა მეწარმეს აღელვებს. პრობლემა შესაძლოა ჯერ არ ჰქონდეს, მაგრამ მომავალში შეექმნეს. ეს არის პრობლემა, რომელშიც ვერც ერთ მხარეს ვერ დაადანაშაულებ, ვერც საგადასახადოსა და ვერც ბიზნესს. კომუნისტების დროს ეს რაღაც სტანდარტებით იყო განსაზღვრული. რეალურად ეს ბიზნესს კლავს, უსპობს ინტერესს, რომ ნოუ-ჰაუ შექმნას. რატომ უნდა შევზღუდოთ მეწარმე, ჰქონდეს ტექნოლოგია, რომელიც ეფექტურად მუშაობს.

უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითს მოვიყვან. შესაძლოა ნაჭრის ერთი მეტრით ჩემი კონკურენტი ერთ შარვალს კერავს, მაგრამ მე კარგი ტექნოლოგია მაქვს და სამ შარვალს ვამზადებ. კომუნისტების დროს დადგენილი იყო, რომ ერთი მეტრი ნაჭრიდან ერთი შარვალი უნდა შეკერილიყო. ამ საკითხში ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა საბჭოთა ნორმები დატოვეს. განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემის მოგვარებას მეწარმის დეკლარირების საფუძველზე ამჯობინებენ. მეწარმე თვითონ ამბობს, ერთი მეტრი ნაჭრიდან რამდენ შარვალს კერავს. სხვა მაგალითი: საწარმო ხის მაგიდებს ამზადებს. ერთი კუბური მეტრიდან ერთი მაგიდა გამოდის, მაგრამ დამზადების დროს რჩება ბურბუშელა, რაც დანაკარგია. საგადასახადო შედის და მეწარმეს ეუბნება, რომ ბურბუშელა გაყიდული აქვს. ანუ ბურბუშელას დანაკარგად არ უთვლის, ან იმაზე ედავება, რომ მასალისგან ორი მაგიდა გააკეთა და გაყიდა, არალეგალურ რეალიზებად უთვლის. ამის გამო შეიძლება საწარმოს საურავები დაარიცხოს. დანაკარგების პრობლემა ყველას ეხება, ხაჭაპურის მცხობელიდან დაწყებული, არმატურის წარმოებით დამთავრებული. ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, თან სასწრაფოდ, შორს ვერ წავალთ. ნებისმიერ საგადასახადოს შეუძლია შევიდეს და დააჯარიმოს, რადგან უდანაკარგო წარმოება არ არსებობს. მეორე მხრივ, საგადასახადოს პოზიციაც გასაგებია, არ არსებობს სტანდარტი, რომელიც იტყვის, რომ ერთი კუბური მეტრი ხისგან კეთდება ერთი მაგიდა, ერთი კილო ფქვილისგან - ორი ხაჭაპური და სხვ. ასეთი რამ არც უნდა არსებობდეს. თუ ახალ მაკონტროლებელ ორგანოებს არ შევქმნით და თვითდეკლარირებისკენ წავალთ, ეს ბიზნესს უფრო იაფი დაუჯდება. საბოლოო შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან არ არის, მაგრამ ჩემი აზრია, რომ დანაკარგის განსაზღვრა თვითდეკლარირების საფუძველზე უნდა მოხდეს.

- მცირე და განსაკუთრებით მიკრობიზნესს აინტერესებს, როგორ მოხდება მათი გამიჯვნა.

- 15 თებერვლამდე ყველას აქვს უფლება, დარეგისტრირდეს, აიღოს მიკრობიზნესის სერტიფიკატი ან მცირე ბიზნესის სტატუსი მიიღოს. ამავე დროს უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს სავალდებულო არ არის. ანუ მიკრო- და მცირე ბიზნესს თუ სურს შეღავათებით სარგებლობა, საგადასახადოს უნდა მიმართოს.

- როგორ უნდა აჩვენონ და დაასაბუთონ ამ ბიზნესებმა ბრუნვა?

- ეს უკვე საგადასახადოს საქმეა. მას აქვს საშუალება, რომ დათვალოს.

- საბაჟოზე ხელითა და ავტომობილით ტვირთის შემოტანა თებერვლიდან აიკრძალა. ეს ბაზარზე ფასებს არ გაზრდის?

- თავიდან მართლაც შეიძლება გაუჭირდეთ იმ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც საქონელი ასე შემოჰქონდათ, მაგრამ მერე იპოვიან გზას. შემოსავლების სამსახურს ორი არჩევანი ჰქონდა, ერთი - კონტრაბანდასთან ან საზღვარზე ებრძოლა, ან ქვეყნის შიგნით. მეორე მეთოდი რომ აერჩია, დაიწყებოდა ბიზნესების მასობრივი ინვენტარიზაცია, დოკუმენტაციის გადასინჯვა, რაც ბიზნესს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნიდა...

- გეზ-ში განბაჟების საფასურს ადრე ხარჯებში ითვლიდნენ, ამის დასტურად დოკუმენტს ხელზე აძლევდნენ, ახლა მესიჯებს იღებენ. ჩაითვლება თუ არა ეს თანხა ხარჯებში?

- ტყუილად ღელავენ, ეს თანხა ხარჯებში ჩვეულებრივ აისახება. დამიჯერეთ, ბიზნესს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვთ, თუნდაც, როგორ მოხდება საწარმოო დანაკარგების გამოქვითვა.

ნონა ქვლივიძე