ბიზნესი ორისთვის -ჰიულეტს + პაკარდი - კვირის პალიტრა

ბიზნესი ორისთვის -ჰიულეტს + პაკარდი

იყო და არა იყო რა, იყო ორი ამერიკელი ბიჭი კარგი ოჯახებიდან, დევიდ პაკარდი და უილიამ ჰიულეტი. თანატოლებისგან ორივეს განსაკუთრებული მიზანსწრაფულობა გამოარჩევდა. უყვარდათ ჭიებსა და პეპლებზე ნადირობა, გიჟდებოდნენ თევზაობაზე და მუდამ რკინის ნივთებსა და მავთულებში იქექებოდნენ. ორივე უბნის სპორტულ გუნდებს მეთაურობდა. "გრძელო" დეივი უპირატესობას კალათბურთს ანიჭებდა, ხოლო მკვირცხლი უილი -ბეისბოლს. სიტყვა "რადიო" კი შორეულ 20-იან წლებში ორივეს ჯადოსნური ეჩვენებოდა.

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ერთმანეთისგან ასეულობით კილომეტრის დაშორებით, ორი ამერიკელი ბიჭი რკინის ნივთებისა და მავთულებისგან "მოლაპარაკე" ყუთებს აწყობდა. მიღწევებისთვის ორივემ მშობლებისგან საჩუქრად რადიოკონსტრუქტორი მიიღო. პაკარდის ფიზიკის მასწავლებელმა რადიოწრე მოაწყო და მეექვსეკლასელი დეივი ხელმძღვანელად დანიშნა. პაკარდი ადმინისტრატორად იყო დაბადებული, რადიოწრის წევრებისთვის წახალისებისა და დასჯის მთელი სისტემა შეიმუშავა.

უილი შინ ჩხირკედელაობდა. სურდა საყვარელი მამისთვის, პროფესორ ჰიულეტისთვის ყველა დაავადების სამკურნალო მოწყობილობა შეექმნა. ბიჭი ასეთი იყო, ყოველთვის უნდოდა, რაღაც "ყველაზე, ყველაზე მაგარი" გამოეგონებინა და სახელი საუკუნოდ გაეთქვა. ერთხელ უილიმ დირექტორის კაბინეტის კარს სახელური მოაძრო. მაშინ ბავშვები კარის ლითონის სახელურებს ათასგვარი ასაფეთქებელი სისაძაგლით ტენიდნენ (გოგირდი, გვარჯილა). უილის "ბომბი" არ აფეთქებულა, თუმცა ის რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის ერთ-ერთი პირველი მოდელი გახლდათ.

ორივე ყმაწვილი სტენფორდის უნივერსიტეტში მოეწყო (კალიფორნიაში, ქალაქ პალო-ალტოში). შეხვედრა გარდაუვალი იყო. ისინი ნახევრად ცარიელ აუდიტორიაში, რადიოტექნიკის ლექციაზე გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა ლექტორს, მეგობრები ფრედიკს ეძახდნენ, სტუდენტები -ტერმინატორ ფრედს, კოლეგები -ბატონ ფრედერიკ ტერმანს. მოგვიანებით მას ამერიკელებმა "სილიკონის ველის მამა" უწოდეს.

რადიომონტაჟისადმი ლტოლვამ სტუდენტები ჰიულეტი და პაკარდი ლექტორ ტერმანთან დააახლოვა. ყმაწვილები თეორიის საფუძვლებს "ისრუტავდნენ" და ფრედს შედეგებით აოცებდნენ. ტერმანი მიხვდა, რომ ამ ყმაწვილებთან საქმის დაჭერა შეიძლებოდა. თუმცა მათი დარწმუნება, რომ კომერციისთვის მიეყოთ ხელი, ადვილი არ აღმოჩნდა. 30-იანი წლების შუაში უილისა და დეივის გზები გაიყო. პირველმა სტენფორდის უნივერსიტეტის დიპლომით სწავლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განაგრძო, მეორე კი აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა და "ჯენერალ ელექტრიკის" ნიუ-იორკის განყოფილებაში მოეწყო ინჟინრად. იდგა დიდი დეპრესია და ამერიკელი ხალხი ისე შიმშილობდა, როგორც არასდროს.

ორიოდე წლის შემდეგ სამეული ერთმანეთს კვლავ სტენფორდში შეხვდა და ერთობლივი ბიზნესიც წამოიწყეს. ფული არ ჰქონდათ. უილიცა და დეივიც ას დოლარზე ცოტა მეტს გამოიმუშავებდნენ თვეში. თან დეივი დაქორწინდა. მისი რჩეულის, ლიუსის მშობლებმა ახალდაქორწინებულებს ავეჯით გაწყობილი ნახევარსარდაფი უქირავეს პალო-ალტოში. ოჯახის მთავარი "განძი" ძველი, დაფეხვილი "სტუდებეკერი" იყო, რომელიც უკანა ეზოში, ავტოფარეხში ჟანგდებოდა. სწორედ ამ ავტოფარეხში გადაზიდეს მეგობრებმა რადიოხარახურა ფრედერიკის ლაბორატორიიდან. პროფესორი ტერმანი დუნედ შეეწინააღმდეგა "მძარცველებს". იყო ჭორები, რომ პირველ წლებში "ჰიულეტ-პაკარდს (HP) ფრედი აფინანსებდა, თუმცა მისმა ბიოგრაფებმა ეს ვერსია დამაჯერებლად უარყვეს. მაშინ პროფესორს საერთოდ არ ჰქონდა ფული, ხოლო ზედმეტი ფული არც არასოდეს ჰქონია. HP-ის მწირი საწყისი კაპიტალი ყველა ბიზნესცნობარშია შეტანილი, ეს ერთგვარი რეკორდიც გახლდათ -$538.

ბიჭები ავტოფარეხიდან

პალო-ალტოს ავტოფარეხში მუშაობა გახურდა. პაკარდი იხსენებდა: "მთავარი სულაც არ ყოფილა ყველა შესაძლო ხერხით ფულის შოვნა. ჩვენ ასე ვმსჯელობდით: თუ შეკვეთა არ გაქვს, შენთვის იმუშავე. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით საათში 25 ცენტს გამოვიმუშავებდით". შრომობდნენ ლუკმაპურისთვის და ავტოფარეხში სამეცნიერო კვლევა თითქმის არ მიმდინარეობდა. ის ელექტროსარემონტო სახელოსნოს უფრო ჰგავდა, ვიდრე საექსპერიმენტო ლაბორატორიას. "ბიზნესი ცუდად არ მიდიოდა, ავტოფარეხში ის დაწყევლილი "სტუდებეკერი" რომ არ ყოფილიყო გაკვეხებული", -ეს უკვე ჰიულეტის მემუარებიდანაა. მაგრამ ვერც ერთი რუტინული სამუშაო ვერ მოაშლევინებს ახალგაზრდა ინჟინერს დაკვირვებას, მსჯელობასა და დასკვნების გაკეთებას.

ჯერ კიდევ სტენფორდის ლაბორატორიებში შენიშნა შორსმჭვრეტელმა უილიმ ერთგვარი არაწრფივი დამოკიდებულება ნათურის სიმხურვალესა და მის ელექტროწინაღობას შორის. ცხრათვიანი ფიქრისა და ექსპერიმენტების შემდეგ მზის შუქი იხილა პრინციპულად ახალმა ტონურმა გენერატორმა. ის აშკარად ჯობდა ანალოგებს დაბალი თვითღირებულებით, მცირე ზომებითა და ბრწყინვალე მახასიათებლებით. კომპანიონებმა პირმშოს HP 200 A უწოდეს. ახალი პროდუქტისთვის გასაღების ბაზრის მოძებნა ფრედ ტერმანმა ითავა. მოწყობილობა არცთუ ძვირი ღირდა, რამდენიმე ათასი დოლარი. თუმცა მაშინ ასეთი ხარჯების გაღება მხოლოდ პენტაგონს ან შოუბიზნესის ზვიგენებს თუ შეეძლოთ. სწორედ იმ დროს უოლტ დისნეის სტუდიაში ფილმ "ფანტაზიის" შექმნაზე იმტვრევდნენ თავს. მოგვიანებით ეს ფილმი ხმისა და გამოსახულების ყველაზე იღბლიანი სინთეზის კლასიკურ ნიმუშად იქცა. დისნეის ძალიან სჭირდებოდა კომპაქტური სადგურები ბგერითი ეფექტების ორიგინალური სისტემის გასამართავად. ტერმანის წინადადება დროული აღმოჩნდა და სტუდიამ ერთდროულად რვა ტონური გენერატორი შეიძინა. ასე დაიწყო HP-ის იმპერიის ისტორია.

რატომ ჯობია სწავლა უსწავლელობას

მეორე მსოფლიო ომმა ბიზნესმენების პოზიცია გაამყარა. ჰიულეტი კომპანიის მართვას რამდენიმე წლით მოსწყდა, წარმოებას პაკარდი ხელმძღვანელობდა. აშშ-ში რამდენიმე ქარხანა ააშენა. HP-ის თანამშრომლები ჭედდნენ ამერიკული იარაღის გამარჯვებას -ხელში სარჩილავებითა და საკმარისი შემოსავლებით ჯიბეში. იმ წლებში დევიდმა კატეგორიული უარი თქვა ამერიკის მთავრობის სარფიან წინადადებაზე, კომპანია სახელმწიფოსი გამხდარიყო და კერძო სააქციო საზოგადოების გზა ამჯობინა. თუმცა ამას სამთავრობო შეკვეთების რაოდენობა არ შეუმცირებია. იმავდროულად, ამერიკის არმიის გენერალური შტაბის ოფიცერი უილიამ ჰიულეტი გარშემო მყოფებს უმტკიცებდა, რომ ბავშვობაში ტყუილად არ იგონებდა რადიომართვად ბომბებს. უილის არ უწევდა იერიშებში მონაწილეობა ან სანგრებში კანკალი, ის თავით მუშაობდა (თვალსაჩინო მაგალითი იმ ბავშვებისთვის, ვისაც კარგად სწავლა არ უნდა). იაპონიის დამარცხების შემდეგ უილი ერთ-ერთი სადაზვერვო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნეს, მათი საქმე სამეცნიერო-საწარმოო შპიონაჟი იყო ჰონსიუსა და ჰოკაიდოს კუნძულებზე. უილის არასოდეს უარუყვია, რომ იაპონური ინდუსტრიული საოცრებების ნანგრევებზე ხელი კარგად მოითბო. შესაძლოა ჰიულეტი სწორედ მაშინ განიმსჭვალა განსაკუთრებული ინტერესით შორეული აღმოსავლეთის ცივილიზაციების მიმართ.

40-იანი წლების მიწურულს HP-ის საქმეები კიდევ უფრო კარგად წავიდა. დეივი პრეზიდენტი იყო, უილი კი "ვიცეს" სტატუსს სჯერდებოდა, თუმცა ეს ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენდა. ორივე უკვე მეოჯახე, წარმატებული კაპიტალისტი იყო. როცა 60-იან წლებში დეივი სახელმწიფო სამსახურში წავიდა, პრეზიდენტად უილი დარჩა. მისი ერთპიროვნული მმართველობის წლებში Hewlett-Packard-ი საერთაშორისო მარკა გახდა. ელექტრონიკა სულ უფრო დიდ ადგილს იკავებდა ადამიანთა ცხოვრებაში. ევროპელთა, აზიელთა და ამერიკელთა სულ უფრო მეტი ფული ილექებოდა კომპანიის ანგარიშებზე. ნამდვილი ბუმი მაშინ დაიწყო, როცა ბაზარზე სერიული გამომთვლელი მანქანები გამოჩნდა. HP-მა პირველმა შექმნა პროგრამული კალკულატორები სამეცნიერო და ფინანსური გაანგარიშებებისთვის. მოგვიანებით HP-ი გახდა კომპიუტერული ტექნიკის პერიფერიული ნაწილების წარმოების ლიდერიც. "ჰიულეტ-პაკარდის" პრინტერები დღესაც მსოფლიოში ყველაზე მეტი იყიდება. ფულის უხვი ნაკადი არ წყდება...

ჰიულეტიცა და პაკარდიც მრავალშვილიანი მამები გახდნენ, შექმნეს საოჯახო ფონდები, შეიძინეს მდიდრული ვილები, გოლფის მოედნები, სანადირო სავარგულები და ნეხვიანი ფერმებიც კი სოფლურ ამერიკაში. ორივემ მრავალი ჯილდო და წოდება მიიღო და სიბერის წლებში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაეფლო. დევიდი 1997 წელს გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, უილიამი კი კომპანიონსა და მეგობარს 2001 წელს მიჰყვა, როცა 87 წლის იყო. მანამდე, 2000 წელს, "ფორბსმა" ჰიულეტის სიმდიდრე $9 მილიარდად შეაფასა.