სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" სოფლის მეურნეობის კულტურებს აქტიურად დააზღვევს - კვირის პალიტრა

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" სოფლის მეურნეობის კულტურებს აქტიურად დააზღვევს

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" აგროდაზღვევის სფეროში ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს.  2011 წლის პირველ კვარტალში ალდაგი ბისიაი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის დაზღვევის ისეთ პროდუქტებს შესთავაზებს, როგორიცაა შინაური ცხოველების, სათბურების, სიმინდის და სხვა კულტურების დაზღვევა.

როგორც "ალდაგი ბისიაის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ "თბილისი მერიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე აგროდაზღვევის სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა,  კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები მსოფლიოში ცნობილ გადამზღვევ კომპანიებთან, რომლებიც აგროდაზღვევის სფეროში წარმოქმნილი რისკის გადაზღვევას გააკეთებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს სეგმენტი საკმაოდ რისკიანია, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ბაზარზე შესასვლელად ინვესტიცია განვახორციელოთ. ამ მიზნით, ჩვენ  მოწვეული გვყავდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში სოფლის მეურნეობის კუთხით სადაზღვევო ინდუსტრიას ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ. საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან და შედეგად ნოემბრის თვიდან რამდენიმე ფერმერთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ ხორბლის მოსავალი დავუზღვიეთ.

უკვე ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სხვა კულტურების დაზღვევაზე, როგორიცაა სიმინდის, ბოსტნეულის, ასევე შინაური ცხოველების დაზღვევა, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნისთვის, ისე სადაზღვევო სექტორისთვის განვითარების შემდეგი ეტაპი სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებია და ამ სექტორის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. და ვფიქრობ, რომ სწორედ დაზღვევა შეუწყობს ამ ყველაფერს ხელს და მისცემს ბანკებს საშუალებას უფრო თამამად დააკრედიტონ ეს სექტორი, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაზრდის სოფლის მეურნეობის წილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში," - განაცხადა სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" პირველი კომპანიაა, რომელმაც  2010 წელს პირველი აგროდაზღვევის პოლისი გასცა. კომპანია აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის დაზღვევაზე. "ალდაგი ბისიაიმ" აგროდაზღვევის პირველი პოლისი ნოემბრის თვეში გასცა და ამ პერიოდში რამდენიმე ფერმერმა ხორბლის მოსავალი დააზღვია. სხვა კონკურენტებთან შედარებით "ალდაგი ბისიაი" სადაზღვევო პროდუქტის მრავალ ისეთ რისკს ფარავს, რომელიც შეიძლება ფერმერს სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს დაუდგეს. აღნიშნული პროდუქტით შესაძლებელია ხორბლის მოსავლის დაზღვევა  შემდეგი რისკებისაგან: გვალვა, მოყინვა, მიწის გაუწყლოვანება, სეტყვა, ხანძარი, ძლიერი ქარი, მტვრის ქარბუქი, კორიანტელი, ქარბორბალა, კოკისპირული წვიმა,  ზვავი,  და სხვა. გარდა ამისა, აგროდაზღვევის პოლისის მფლობელს  შესაძლებობა ეძლევა მიიღოს კვალიფიციური კადრის კონსულტაცია მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.

R