ინფლაციის წამალი?! - კვირის პალიტრა

ინფლაციის წამალი?!

"სამწუხაროდ, ფული მატერიალური დოვლათით არ არის გამყარებული"

რამდენიმე დღის წინ "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმის" ეთერში ეკონომიკის ექსპერტმა პაატა შეშელიძემ მსმენელებს გააცნო მოსაზრება, როგორ არის შესაძლებელი ინფლაციასთან ბრძოლა... მან განაცხადა, რომ აუცილებელია მსოფლიოში აპრობირებული ოქროს სტანდარტის შემოღება და ხელისუფლებას საკუთარი წინადადებები შესთავაზა. გადავწყვიტეთ, ექსპერტის ხედვა ჩვენი გაზეთის მკითხველებისთვისაც გაგვეცნო.

პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს" პრეზიდენტი: - ინფლაცია ფულის მასის ზრდას ნიშნავს და მისი შეჩერება მონეტარული პოლიტიკის ცვლილებით შეიძლება. თანამედროვე სამყაროში ფული ქაღალდის ნიშანია, რომელსაც სახელმწიფო საგადამხდელო საშუალებად აღიარებს. მიმოქცევაში მას ცენტრალური მთავრობები უშვებენ, თუმცა ის რეალური მატერიალური დოვლათით არ არის გამყარებული. არადა, სულ რაღაც 40 წელიწადია, რაც მსოფლიო ამ სისტემაზე გადავიდა. მანამდე ფული, პირველ რიგში, ამერიკული დოლარი, ოქროს მარაგებით იყო უზრუნველყოფილი. სხვა ქვეყნები კი რეზერვად სწორედ ამერიკულ დოლარს იყენებდნენ. მართალია, ეს იდეალური მოდელი არ გახლდათ, ვინაიდან ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობა რეზერვში არსებული ოქროს რაოდენობით განისაზღვრებოდა, მაგრამ როცა ეს სისტემა შეჩერდა, კაცობრიობამ უარესი შედეგი მიიღო. პოლიტიკოსებს ხელ-ფეხი გაეხსნათ, თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცათ და ფულის მიმოქცევა სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ გადაიტანეს.

არადა, 1976 წელს, როცა ფულის "ოქროზე მიბმა" შეწყდა, ერთი უნცია ოქრო 35 დოლარს შეესაბამებოდა, დღეს კი დაახლოებით 1.400 დოლარი ღირს...

ამ მაგალითიდან ცხადი ხდება, როგორი იყო ინფლაციის დონე ამ 40 წლის განმავლობაში. პოლიტიკოსებს შეზღუდვა არ ჰქონდათ და ამ შესაძლებლობას ისინი თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ცხადია, აქ მხოლოდ საქართველოზე არ მაქვს საუბარი. ზოგადად, პოლიტიკოსებისთვის ფულის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა მისი დაბეჭდვაა. ამ დროს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერაფერს ხვდება, მაგრამ ფაქტია, რომ არსებული ნომინალის მიმართ ყველაფერი ძვირდება. ყველა წუხს, რომ ცხოვრება გაძვირდა, ანუ ლარისა და დოლარის მიმართ, ყოველდღიური მოხმარების სურსათის (შაქრის, პურის, კარტოფილის...) ფასმა მოიმატა. თუ ამ ყველაფერს ოქროს უნციებში გადავიყვანთ და ისე დავითვლით, აღმოჩნდება, რომ არც ისე დიდ პრობლემასთან გვქონია საქმე... ახლა კი ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება, ფასები იზრდება, რადგან მოსახლეობა შემოსავალს ფულად ნიშნებში იღებს.

- ასეთ ვითარებაში თქვენ რა გამოსავალს სთავაზობთ ხელისუფლებას?

- ხელისუფლებას კლასიკური ფულის აღდგენას ვთავაზობ. ჩემი აზრით, ფული, რომელსაც ჩვენ ახლა ვიყენებთ, სინამდვილეში მხოლოდ ნომინალური გათვლაა, რომლის მოქმედების არეალი საქართველოს ვერ სცდება. თან ლარის გამოყენება მეტ ხარჯებს საჭიროებს... ოქრო და ვერცხლი კი ბევრად უფრო დიდ ტერიტორიაზე მოქმედებს.

- საქართველოში ოქროს სტანდარტის დანერგვა და გამოყენება როგორ წარმოგიდგენიათ?

- ძალიან მარტივად. საქართველოში არსებობს ოქროსა და ვერცხლის მონეტები და მათი შეძენა შესაძლებელია.

ცენტრალური ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ქაღალდის ფული შეზღუდული უნდა იყოს და ოქროს მარაგის შესაბამისი. ამასთან, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, როცა მოუნდება, მისთვის სასურველი ოდენობის ოქრო, ნებისმიერ შემთხვევაში, არსებული პროპორციებით გამოისყიდოს.

ოქროში ნომინირებულ ლარში ფასების ზრდა ასეთი მტკივნეული არ იქნება და სარგებლის განაკვეთებიც, ე.წ. საბანკო პროცენტს რომ ეძახიან, 2-3 ერთეულამდე დაიწევს... ეს უნივერსალური მეთოდია და როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მთავრობებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. თან არც ცენტრალური ბანკი და მისი რეგულირების სისტემა დაგვჭირდება.

რატომ არ შეიძლება, ოქროს მონეტები გამოიცეს და საჭიროების შემთხვევაში, კერძო ბანკებმა ბანკნოტები გამოუშვან...

მოდით, ამ ყველაფერს ძალიან მარტივად ავხსნი. მოსახლეობამ, ყველა კონკრეტულმა ადამიანმა უნდა მოითხოვოს, რომ მისი შრომის, დახარჯული დროისა და ენერგიის ანაზღაურება ოქროთი მოხდეს. ფარატინა ქაღალდების მიღების გამო, ყველა ჩვენგანის ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება. თუ ადამიანის ყოველთვიური შემოსავალი 300-400 ლარია, დღევანდელი კურსით, მას შეუძლია მიიღოს ანაზღაურება ოქროს უნციის მეათედის, ორი მეათედის ფორმით, მაგრამ მას გარანტია ექნება, რომ ის, ხვალ და ზეგ, საბეჭდი მანქანის ერთი დატრიალებით, არ გაუფასურდება. ანუ მას ოქროს ვერ გაუყალბებენ...

ნებისმიერი დროის ეკონომიკური აღორძინება ოქროს სტანდარტის პრინციპის დამკვიდრებასთან არის დაკავშირებული. ცნობისთვის, კაცობრიობა ლითონის მონეტარული პრინციპით ცხოვრობდა ასწლეულების წინაც. სხვათა შორის, კოლხური თეთრი, რომლის არსებობაც დღემდე გვეამაყება, მონეტის ფორმის სუფთა ვერცხლის ფული იყო.

ლალი პაპასკირი