სხვისთვის მოჭერილი ქამრები - კვირის პალიტრა

სხვისთვის მოჭერილი ქამრები

"შარშანდელთან შედარებით, ამ კრიზისის დროსაც კი 100 მილიონით იზრდება საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო ხარჯი"

"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე ხელისუფლება ჯერ კიდევ 2015 წელს, სავალუტო კრიზისის დროს ალაპარაკდა. ლარის გაუფასურების ფონზე (ეროვნული ვალუტა მაშინ 1,73-1,76 ნიშნულიდან 2,26-მდე დაეცა, ხოლო ფასები სურსათსა და მედიკამენტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა) მთავრობამ 20 მილიონი ჩამოიკლო ადმინისტრაციული ხარჯებიდან და ინფრასტრუქტურაში გადაისროლა. ლარის კურსის შემცირების გამო მთავრობამ ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვაზე გადასვლა დააანონსა. ეს გულისხმობდა, რომ მინიმუმამდე უნდა დაეყვანათ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ შეეძინათ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შეეზღუდათ ახალი ავტომობილების ყიდვა, გარდა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისა, დაახლოებით 30%-ით აპირებდნენ საწვავის ხარჯის შემცირებას, მინიმუმამდე უნდა დაეყვანათ მივლინებები და წარმომადგენლობითი ხარჯებიც 20%-ით შეემცირებინათ. 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა, თუმცა რეალურად კანონის მოქმედება მთელ რიგ უწყებებსა და თანამდებობის პირებზე არ გავრცელებულა და პრემიებიცა და დანამატებიც ბიუჯეტის ხარჯზე უშურველად რიგდებოდა.

"ქამრების შემოჭერისა" და მთავრობის შემცირების იდეით მოვიდა მთავრობის მეთაურად მამუკა ბახტაძეც და 14 სამინისტრო 11-მდე შეამცირა, თუმცა ამით არც სახელფასო და არც ადმინისტრაციული ხარჯები არ დაზოგილა. ახლა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ მთავრობა "ქამრების შემოჭერას" კიდევ ერთხელ დაგვპირდა და წლევანდელ ბიუჯეტში დაახლოებით 600 მილიონი ლარიც დაზოგა. თუმცა ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის, მთავრობამ მსხვილი თანხები დაზოგა მხოლოდ იმ პროგრამებიდან, რომლებიც პანდემიამ ისედაც შეაფერხა, ხოლო ხელფასების, პრემიების თუ ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ფაქტობრივად არაფერი მოუკლია.

არ დავზოგოთ ბიუჯეტი?!

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობამ მოქმედი ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა უნდა დაზოგოს და უპირველესად ეს ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს. ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ჩაშლილი გეგმა, რა თანხაა გათვალისწინებული 2020 წელს მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, შტატგარეშე დასაქმებულებზე, ავეჯის, საწვავის და სხვა საქონლისა და მომსახურების შეძენაზე.

ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი: "ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობამ გარკვეულწილად შეამცირა ხარჯები, მაგრამ ეკონომია გაკეთდა 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით და არა თუნდაც წინა წელთან შედარებით. მაგალითად, ადმინისტრაციული ხარჯები (შრომის ანაზღაურება და საქონლისა და მომსახურების შესყიდვა) 2020 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით 115 მლნ ლარით, ანუ 4%-ით იზრდება და 3,065 მილიარდი ლარი იქნება. შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა კი მცირდება 22 მლნ ლარით, მაგრამ 137 მლნ ლარით იზრდება საქონლისა და მომსახურების შეძენა. ეს ზრდა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვებთან არის დაკავშირებული, ხოლო 2019 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯები 308 მლნ ლარით (11%-ით) იზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პანდემიური სიტუაცია საქონლისა და მომსახურების ხარჯებს 195 მლნ ლარით ზრდის. აქედან 44 მლნ საკარანტინო სივრცეების მომსახურების ანაზღაურებაა, ხოლო 151 ჯანდაცვის დამატებითი ხარჯებია (ტესტები, პირადი დაცვის საშუალებები და სხვ.).

არადა, საქონლისა და მომსახურების ხარჯებში მთავრობას მნიშვნელოვანი ეკონომია უნდა გაეკეთებინა, მით უმეტეს, დისტანციურად მუშაობის რამდენიმეთვიან პერიოდში ტრანსპორტირებისა და საოფისე, ასევე სამივლინებო ხარჯები ავტომატურად იზოგებოდა.

ცოტა რთულია ზეპირად თქმა, სად შეიძლებოდა უფრო მეტად "შემოეჭირათ ქამრები", რადგან ხარჯები არ არის ბიუჯეტში ჩაშლილად წარმოდგენილი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ, მაგალითად, შარშან საქონლისა და მომსახურების მუხლიდან 81 მლნ ლარი მივლინებებზე დაიხარჯა, 22,6 მლნ წარმომადგენლობითი, ხოლო 199 მლნ ლარი საოფისე ხარჯი იყო. ამავე მუხლიდან 242 მლნ ლარი დაიხარჯა შტატგარეშე დასაქმებულებზე. ასეთი მაღალი ხარჯი ცალკე პრობლემაა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ნეპოტიზმის რისკების კუთხით. მაგრამ რაც ჩამოვთვალე, თუნდაც ამ თანხების დაზოგვით შესაძლებელი იყო უფრო დიდი ეკონომიის გაკეთება. იბადება ლეგიტიმური კითხვა, რატომ არ გაკეთდა მეტი ეკონომია სხვადასხვა არააუცილებელი ხარჯის დაზოგვით?

მსხვილი ეკონომია გაკეთდა ინფრასტრუქტურულ ხარჯებში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 117 მლნ ლარით ამცირებს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ხარჯებს, საიდანაც 86 მლნ ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაზე მოდის; 50 მლნ ლარით მცირდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ხარჯები; 44 მლნ ლარით მცირდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 53 მლნ ლარს სპორტის დაფინანსების პროგრამებიდან ზოგავს, 21 მლნ-ს - კულტურის დაფინანსებიდან, 20 მლნ-ს - ზოგადი განათლების რეფორმისა და მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფიდან, 18 მლნ-ს - ინფრასტრუქტურის განვითარებიდან, 9 მლნ-ს კი უმაღლესი და პროფესიული განათლებიდან. თავდაცვის სამინისტრო 15 მლნ ლარს მიმდინარე ხარჯებიდან ზოგავს, ხოლო 60 მლნ-ს - კაპიტალური ხარჯებიდან, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო პროდუქციის შეძენა. მათ შორის არის საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის დროებით შეჩერება.

ჯამში ეკონომიის 83% სამ უწყებაზე მოდის და, ფაქტობრივად, ის ხარჯები შემცირდა, რაც ეპიდემიამ ავტომატურად შეამცირა სამუშაოების ტემპის შეზღუდვის გამო. ამის იქით ანტიკრიზისულ ბიუჯეტში ქამრების შემოჭერა არსად არ ჩანს.

მეტიც, შარშანდელთან შედარებით, ამ კრიზისის დროსაც კი 100 მილიონით იზრდება საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო ხარჯი. ასე რომ, ამ საყოველთაო კრიზისის დროს, როცა მოსახლეობას ასე უჭირს, ხოლო შემცირებული შემოსავლების ფონზე ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად ახალი რეკორდული ვალის აღება უწევს სახელმწიფოს, კარგი იქნებოდა, სახელმწიფო სექტორსაც ცოტა გაეჭირვებინა, მით უფრო, რომ ვხედავთ, როგორ უჭირს კერძო სექტორს.

ბოლო მონაცემებით, 80 ათასმა კაცმა დაკარგა სამსახური, ხოლო კიდევ უფრო მეტს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი. არაფერი მოხდებოდა, თუ, მაგალითად, სახელმწიფო უწყებებში არ აიღებდნენ დანამატს, რამაც შარშან 113 მილიონი ლარი შეადგინა.

დეკლარირების მიუხედავად, წლების განმავლობაში არანაირი ქამრების შემოჭერა არ მომხდარა. სამინისტროების რაოდენობის 18-დან 14-მდე შემცირებასაც სახელფასო ხარჯების არანაირი დანაზოგი არ მოჰყოლია. მეტიც, ბიუჯეტიდან სახელფასო ფონდში გადარიცხული თანხები ყოველწლიურად იზრდებოდა და თუ 2013 წელს 925 მილიონი იყო, ახლა 1,29 მილიარდამდე ავიდა, თანაც აქ ვგულისხმობ მხოლოდ წმინდა ბიუროკრატიულ ხარჯებს. ამაში არ შედის მასწავლებლების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები.

გარდა სახელფასო ხარჯებისა, საინტერესოა ბიუროკრატიისთვის გამოყოფილი სხვა თანხებიც, მათ შორის საწვავის, ოფისის ხარჯი, სამივლინებო თანხები და სხვ. თუ 2013 წელს ამისთვის გამოყოფილი იყო 1 მილიარდი ლარი, შარშანდელი მონაცემებით, ხარჯი 1,7 მილიარდამდე გაიზარდა. შესაძლოა ამაზე ფასების ზრდამაც მოახდინა გავლენა, მაგრამ არა 70%-ით, როგორც თავად ხარჯების მოცულობაა გაზრდილი. მე "ქამრების შემოჭერა" იმგვარად მესმის, რომ ნაკლები ფული უნდა დავხარჯოთ და არა პირიქით".

ძირს პრემია, მაღლა დანამატი...

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტს მონიტორინგს უწევს და დროდადრო მეტად საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს. წესით, ამ ცნობებს უპირველესად ძლიერნი ამ ქვეყნისანი უნდა ეცნობოდნენ და არა იმიტომ, რომ შესაძლოა არ იცოდნენ, სად და რამდენი იხარჯება სახელმწიფო ხაზინიდან, არამედ თუნდაც იმიტომ, სულ ცოტა, უხერხულობა იგრძნონ, რომ მათი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ შეესაბამება.

ბოლო სამი წლის მონაცემებს თუ ავიღებთ და სახელმწიფო უწყებებში ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯს გადავხედავთ, აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს 1,056 მილიარდი, 2018 წელს - 1,047 მილიარდი, ხოლო 2019 წლის 9 თვეში უკვე 1,1 მილიარდი გაიცა. როგორც დაგვპირდნენ, დაუმსახურებლად პრემიებს აღარ გასცემდნენ და მათი მოცულობა ასე შემცირდა: 2017 წელს 29 მილიონ ლარზე მეტი გაიცა, 2018-ში 7,5 მილიონამდე, ხოლო 2019 წლის 9 თვეში - 4,8 მილიონამდე. სამაგიეროდ, დანამატს ბევრი არაფერი მოჰკლებია. საჯარო უწყებებში 2017-ში დანამატის სახით 182 მილიონ ლარზე მეტი გაიცა, 2018-ში 142 მილიონამდე ჩამოვიდა, ხოლო 2019-ში 163 მილიონამდე გაიზარდა. აუდიტის ანგარიშში მოვიძიეთ შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯი, რამაც 2019 წლის 9 თვეში 174 მილიონი ლარი შეადგინა. საინტერესო იყო ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლობითი ხარჯების ნახვა, მათ შორის არის თანხა, რასაც მთავრობა პრეზენტაციებსა თუ მიღებებზე, საექსკურსიო-სანახაობით ღონისძიებებზე თუ პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა აქტივობებზე ხარჯავს. ამისთვის გასული წლის 9 თვეში სახელმწიფო უწყებებს თითქმის 14 მილიონი ლარი დაუხარჯავთ. აქედან ყველაზე მეტი პარლამენტსა და მასთან არსებულ დაწესებულებებზე მოდის - 3,8 მილიონი, მთავრობის ადმინისტრაციამ 0,5 მილიონი დახარჯა 9 თვეში, ხოლო პრეზიდენტმა - 283 ათასი.

საინტერესო სურათს გვაძლევს სამივლინებო ხარჯები.

ჯამურად მივლინებებში 2019 წლის 9 თვეში დაიხარჯა 62 მილიონ ლარზე მეტი - უფრო მეტი, ვიდრე წინა ორ სრულ წელიწადში: 2017 წელს 57 მილიონი და 2018-ში - 58 მილიონი.

2 მილიონი დახარჯეს 9 თვეში მივლინებებში პარლამენტარებმა, 2,4 მილიონი - მთავრობის ადმინისტრაციამ, 1,5 მილიონი კი პრეზიდენტმა. სხვათა შორის, თვალში საცემად არის გაზრდილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მივლინების ხარჯები. 2017 წლის 537.000 მომდევნო წელს თითქმის გასამმაგდა და 1,5 მილიონს გადააჭარბა. არადა, როგორც მახსოვს, კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტის უფლებამოსილებები უფრო შეიკვეცა და საინტერესოა, რას ემსახურება ასე გაზრდილი ხარჯები და რა შედეგის მომტანია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის თითქმის მესამედი უკიდურეს სიღარიბეს ებრძვის. თუმცა მხოლოდ პრეზიდენტს რას ვერჩით, ზემოთ მოყვანილი რამდენიმე მონაცემიც კმარა იმის შესაფასებლად, როგორ "მომჭირნედ" ხარჯავს სახელმწიფოს ფულს მთავრობა, ხოლო ქამრების შემოჭერა კი სინამდვილეში მხოლოდ მოსახლეობას უწევს.

ემა ტუხიაშვილი