როგორ მდიდრდება სათამაშო ბიზნესი "დიდი ლოკდაუნისას" - ონლაინთამაშის პანდემია
როგორ მდიდრდება სათამაშო ბიზნესი "დიდი ლოკდაუნისას" - ონლაინთამაშის პანდემია
"პანდემიის გამო კაზინოები გაჩერდა, ონლაინთამაშების ვებგვერდებზე შემსვლელთა რაოდენობა კი უფრო გაიზარდა... მილიონამდეა მომატებული აზარტულ თამაშებში ჩართულ პირთა რიცხვი"

მაშინ როცა პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო საქართველოს ეკონომიკა ჯერ აპრილში 16,6%-ით, შემდეგ კი მაისში 13,5%-ით შემცირდა, სათამაშო ბიზნესი კვლავაც კოლოსალურ მოგებას იღებს. ამ "დიდ ლოკდაუნში", როცა ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ზოგმა კი საქმიანობის აღდგენაც ვეღარ შეძლო, ონლაინსათამაშო ბიზნესი უფრო გააქტიურდა და შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას აგრესიული სარეკლამო კამპანიით შეუტია. პანდემიის დროსაც კი, როცა
საზღვრები ჩაიკეტა და ბიზნესიც გაჩერდა, ონლაინსათამაშო ბიზნესში დადებული ფსონების ჯამი ასეულ და ათეულ მილიონებში გამოიხატება: 2020 წლის იანვარში - 120 მილიონი ლარი, თებერვალში - 135 მილიონი, ხოლო მარტში - 96 მილიონი.

ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტრომ "ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები
მოამზადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი ცვლილებებს ბევრი მიმართულებით ითვალისწინებს, მათ შორის ჩნდება მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ცნება, იზრდება სანებართვო მოსაკრებელი და წესდება ჯარიმა (მილიარდიანი ბრუნვის ბიზნესისთვის 2000 ლარის ოდენობით?!) სანებართვო პირობების დარღვევისთვის. თუმცა კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებმაც ქვეყანაში თამაშდამოკიდებულება და მისგან გამოწვეული პრობლემები უნდა შეამციროს. ეს ხელისუფლება ისე ამთავრებს მმართველობის რვაწლიან პერიოდს, რიხიანი განცხადებების მიუხედავად, ონლაინაზარტული თამაშების რეგულირებისთვის, ფაქტობრივად, ნაბიჯიც არ გადაუდგამს და თამაშდამოკიდებულება, როგორც სოციალური პრობლემა, რომელიც სუიციდის, ოჯახური ტრაგედიების, ადამიანების გაღატაკებისა და თაობების დაკარგვის მიზეზი ხდება, აზარტული თამაშების ბიზნესის ინტერესებს ანაცვალა.



თამარ ჯაფარიძე, "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი: "სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ საზოგადოებისა და მედიის ნაწილის გაერთიანების შედეგი იყო, რომ აზარტული თამაშების რეკლამები დღეს ქუჩებში, ფაქტობრივად, აღარ გვხვდება. ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო, რაც ყველას დამსახურებაა, ვინც აქტიურად ჩაერთო თამაშდამოკიდებულების საწინააღმდეგო სოციალურ კამპანიაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დღესაც, თითქმის ყოველდღიურად მირეკავენ დედები, რომ მათ შვილებს თამაშდამოკიდებულების გამო მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვთ, უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდნენ და ხვალინდელ დღეს შიშით შეჰყურებენ. უკვე მილიონამდეა გაზრდილი აზარტულ თამაშებში ჩართულ პირთა რიცხვი და ამას გახსნილი ონლაინანგარიშები, აქაუნთები მოწმობს. ამ მილიონი მოქალაქიდან თითოს უკან, სულ ცოტა, ორი კაციც რომ იყოს, ვგულისხმობ ოჯახის წევრებს, გამოდის, საქართველოს მოსახლეობის ნახევარს უდგას თამაშდამოკიდებულებისა და მისი შედეგების მძიმე პრობლემა.

ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ - 5 წლის ბავშვს მისი პირადი ნომრით ერთ-ერთ ონლაინკაზინოში ანგარიში გავუხსენით. ეს ნიშნავს, რომ ონლაინაზარტული სივრცე ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე ხელმისაწვდომია არასრულწლოვნებისთვის. ბევრი ბებიების, ბაბუებისა და სხვა ზრდასრული ნათესავების პირადი ნომრით გადის რეგისტრაციას და თამაშობს აზარტულ ონლაინთამაშებს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ დაუსახიჩრდება მოზარდს მყიფე ფსიქიკა, გაეზრდება დამოკიდებულება თამაშზე და იქამდე მიდის, რომ ყველანაირი ინტერესი უქრება - თანატოლებთან ურთიერთობის, გარე სამყაროს აღქმის, შეცნობის. მალე ეს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიდის და თაობის მნიშვნელოვან ნაწილს ვკარგავთ.

ჩვენ გამოვითხოვეთ მონაცემები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ელექტრონულ თამაშებში 2019 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარის ფსონი დაიდო და მასზე დარიცხულმა მოგების გადასახადმა მხოლოდ 105 მილიონი ლარი შეადგინა, ჯამში კი ამ კომპანიების ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა 229 მილიონ ლარზე ცოტა მეტი.

2018 წელს აზარტულ ონლაინთამაშებში ფსონების მოცულობა 1,3 მილიარდი იყო, ხოლო 2017-ში 1,06 მილიარდი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, კოლოსალური შემოსავლების ფონზე რა მიზერულ თანხებს იხდის ბიუჯეტში ეს ბიზნესი. გამოდის, მილიარდზე მეტი ამოდის ყოველ წელს მოსახლეობის ჯიბიდან, მიდის აზარტული ონლაინთამაშების ჯიბეში და თითქმის სრულად რჩება. ამ სოციალურ პანდემიას, რომელიც უამრავ ადამიანს გონებას უზიანებს, პერსპექტივას უსპობს და სიცოცხლის ხალისს უკარგავს, ხელისუფლება უნდა ებრძოდეს. სწორედ ეს არის ყველაზე საშიში ვირუსი, რომელიც უკვე მასებს მოედო, და ამას სასწრაფოდ რეაგირება სჭირდება, თორემ მალე ქვეყანაში აღარავინ დარჩება, ვისაც თუნდაც არჩევნებზე მისვლის ინტერესი ექნება".

გიორგი კაპანაძე, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი: "მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო კაზინოები გაჩერდა, ონლაინთამაშები ჩვეულ რეჟიმში მოქმედებდნენ და მათ ვებგვერდებზე შემსვლელთა რაოდენობა კარანტინის დროს უფრო გაიზარდა. ამ სტატისტიკის ამსახველი მონაცემები არა გვაქვს, რადგან აზარტული ონლაინთამაშების კომპანიებს არა აქვთ მოთამაშეთა აღრიცხვის ვალდებულება, მაგრამ იზოლაციის დროს თვალში საცემად გაიზარდა აზარტული ონლაინთამაშების რეკლამა, უფრო აგრესიული გახდა როგორც სატელევიზიო, ისე ინტერნეტსივრცეში. ცდილობდნენ უფრო მეტი მოქალაქე ჩართულიყო აზარტულ ონლაინთამაშებში, ხოლო რადგან ამ სფეროს რეგულირება და კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხდება, მიზანსაც ადვილად მიაღწევდნენ.

ბიზნესი, რომელსაც დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი ბრუნვა აქვს, ფაქტობრივად, ნებაზეა მიშვებული, შესაბამისად, მისი მასშტაბი სულ უფრო იზრდება და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თუ ევროკავშირი აგერ უკვე მერამდენედ გვაფრთხილებენ, რომ ეს ბიზნესი სახელმწიფოს კონტროლს მიღმაა დარჩენილი და არსებობს მისი საშუალებით ფულის გათეთრების მაღალი რისკი.

კანონპროექ­ტი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, არ პასუხობს არც ერთ მოთხოვნას, მათ შორის ჩვენს მოთხოვნებსაც მოთამაშეთა რეესტრის, ასაკობრივი ცენზისა და მოქალაქეთა სოციალური დაცვის შესახებ. უსუსურია ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს მკაცრი რეგულირების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, ხოლო ბიუჯეტს შემოსავალი მოაკლდება. არადა, ამის რისკი და მაგალითი დღესაც ბევრი გვაქვს. ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებიც დღეს კაზინოში თუ ონლაინსივრცეში ბოლო თეთრებს აგებენ, სწორედ იატაკქვეშეთში ან ვალზე თამაშობს, ან როგორც ამბობენ, "ხელზე გამაზვა" ხდება. ეს რისკი კი არ არის, როგორც ხელისუფლების წევრებს სურთ წარმოაჩინონ, არამედ უკვე არსებული პრობლემაა. ეს ბიზნესი აღარიბებს მოსახლეობას, სახელმწიფოსაც და მძიმე სოციალურ ფონს ქმნის. ამიტომ მათი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს, რათა მოსახლეობამ ამოისუნთქოს. ამ კომპანიებს მილიარდობით ბრუნვა აქვთ, სახელმწიფო კი მიზერული თანხებით ბეგრავს. არადა, სწორედ ბრუნვის მიხედვით უნდა დაიბეგროს. 14-მილიარდიანი ბრუნვიდან გამომდინარე, სახელმწიფოს შეუძლია იმგვარი რეგულაციები მიიღოს, რომ უფრო მეტი მოიგოს თავად და მოსახლეობაც ნაკლებად დაზარალდეს.

ღარიბ ქვეყნებში აზარტულ თამაშებს მოგების მისაღებად თამაშობენ. მოთამაშეებს ჰგონიათ, უკანასკნელი კაპიკებით მაინც მოიგებენ. ეკონომიკური რეცესიის გამო ძალიან ბევრი მოქალაქე უმუშევარი დარჩა და არსებობს რისკი, რომ თამაშდამოკიდებულთა წრე უფრო გაიზარდოს, მით უმეტეს, რომ ამას ხელს უწყობენ აგრესიული სარეკლამო კამპანიით ტელევიზიებსა და ინტერნეტსივრცეში. მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალებამ შეძლო, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა სარეკლამო შემოსავლებზე მაღლა დაეყენებინა და ეს პირველ რიგში იყო და არის ჰოლდინგი "პალიტრამედია", რომელმაც წლების წინ უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამირებაზე, შემდგომ კი მას მხარი აუბა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ყველა სხვა მედიასაშუალებას, განსაკუთრებით ტელევიზიების სარეკლამო ბადეს თუ გადავხედავთ, დაახლოებით 60% სათამაშო ბიზნესის წილად მოდის. ესეც ადასტურებს, რომ ამ ბიზნესს დღეს ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს და შეუძლია ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი რეკლამაში გადაიხადოს. დააკვირდით რეკლამის შინაარსსა და კონტენტს. ის გათვლილია სასოწარკვეთილ, შემოსავლის უქონელ მოქალაქეებზე. მათ პირდაპირ უბიძგებენ, რომ უკანასკნელი ფული სწორედ აზარტულ ონლაინსივრცეში დახარჯონ.

ამ 8 წლის განმავლობაში მათ მოახერხეს თავი აერიდებინათ ყველანაირი რეგულირებისთვის, მეტიც, "თამბაქოს შესახებ" კანონისთვისაც და დღემდე სამორინეებში დაშვებულია თამბაქოს მოხმარება, მაშინ როცა ყველა დახურულ სივრცეში აკრძალულია. მიაღწიეს იმას, რომ ორი მოწვევის პარლამენტში ვერ მოხერხდა "აზარტული თამაშების რეგულირების შესახებ" კანონპროექტის გატანა, მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე მომხრე დეპუტატი უმრავლესობაშიც ჰყავდა.

ამ 8 წლის განმავლობაში მუდმივად გვესმოდა, რომ ხან კანონზე მუშაობა მიმდინარეობს, ხან მისი ინიცირება მოხდა პარლამენტში, ხან საპატრიარქოსთან გაიმართა კონსულტაციები, მაგრამ დღემდე არც კანონი გვაქვს და არც მისი აღსრულების მექანიზმები.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ აზარტული ბიზნესის ლობიზე, იმაზე, რომ შესაძლოა ეს ბიზნესი მმართველ გუნდს აფინანსებს, ფაქტია, ამ ბიზნესს უდიდესი გავლენა აქვს და ახერხებს პოლიტიკაში საკუთარი ამინდის შექმნას, პოლიტიკური ნების თავისი ინტერესებისთვის მორგებას. საბანკო სფეროშიც კი ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რეგულაცია ამოქმედდა. დარწმუნებული ვარ, მათაც არ მოსწონდათ შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ამ პროცესს წინ ვერ აღუდგნენ, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული "რეკლამის შესახებ" კანონი კი ჩავარდა, არაფერს ვამბობ უფრო მკაცრ­ შეზღუდვებზე. არავინ ამბობს, რამხელა დარტყმას იღებს ქვეყანა და მისი მოსახლეობა სათამაშო ბიზნესის უკონტროლობით. ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი აკლდება მოსახლეობის ჯიბეს, საქართველოს ეკონომიკას და სათამაშო ბიზნესის გავლით ხშირ შემთხვევაში ოფშორულ ანგარიშებზე კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ ირიცხება. ხელისუფლების უმოქმედობა ხელს უწყობს სოციალური ფონის დამძიმებას, ხალხის გაღარიბებას, უიმედობის, ნიჰილიზმის დანერგვას და ქვეყანას უკეთესი მომავლის პერსპექტივის გარეშე ტოვებს".

P.S. "პალიტრამედია" ჯერ კიდევ 2016 წლიდან წარმართავს სოციალურ კამპანიას "არ ითამაშო, იცხოვრე". არაერთი ჩვენი მოქალაქის მძიმე ისტორია ვუამბეთ საზოგადოებას, თუ რამდენად ტრაგიკული ზიანის მოტანა შეუძლია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას არა მარტო მოთამაშეებისთვის, მათი ახლობელ-ნათესავებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის. არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, სახელმწიფოებრივი ინტერესი ვიწრო ბიზნესინტერესზე მაღლა დაეყენებინა და მოქალაქეების სიცოცხლეზე, მათი ოჯახების კეთილდღეობაზე ეფიქრა. მიუხედავად ამისა, აზარტული ონლაინთამაშები დღესაც უამრავი ოჯახის უბედურებისა და თაობების დაკარგვის მიზეზია. ამიტომ ხელისუფლება მოსახლეობასთან დიდ ვალშია, თუ არა შარში, რისთვისაც პასუხისგება, ალბათ, არჩევნებზე მოუწევს.
პეპსის მაიმუნობა
06 ივლისი 2020 10:47
იყიდება პეპსი გათამაშებით---- გავაგზავნე ს.მ.ს. და პასუხი არ გაინტერესებთ გათამაშება არ ტარდებაო. შეინახე კარგად ცივი ნიავი არ მიაკარო თავსახურსო.

როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები