ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში - კვირის პალიტრა

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში

ბოლო დროს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სულ უფრო ხშირად მიგვითითებს ქვეყანაში კორუფციის რისკების არსებობაზე, თუმცა ხელისუფლება პასუხად ამბობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მხოლოდ გაუმჯობესდა და შესაბამისად, როგორ შეიძლება ქვეყანა, ერთი მხრივ, მიმზიდველი იყოს ბიზნესის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ან თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, კორუფციაში იფლობოდეს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბერლინის ბიუროც, რომელმაც კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა და თქვა, რომ საქართველოში გასულ წელს, 2018-თან შედარებით, მაჩვენებლები ორი ქულით გაუარესდა.

ოფიციალურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, რომელიც საქართველოს ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ რეგისტრირებულ დანაშაულს აღრიცხავს, 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში მოხდა 224 სამოხელეო დანაშაული და აქედან 4% გაიხსნა. შარშანდელ იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7% იყო (248 შემთხვევა). ამ სტატისტიკაში ერთი საგულისხმო მონაცემია. მართალია, წინა წელთან შედარებით ოდნავ შემცირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები, მაგრამ გაზრდილია გადამეტება; შემცირებულია ქრთამის აღება, მიცემა და სამსახურებრივი გულგრილობა, სამაგიეროდ, მთელი 1400%-ით(!) არის გაზრდილი სხვა კატეგორიის სამოხელეო დანაშაული, მათ შორის ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან უკანონოდ გათავისუფლება, ჩვენების მიცემის იძულება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება და სხვა.

საგანგებოდ და გამარტივებულად

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. აღმოჩნდა, რომ

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადდა 1495 ელექტრონული ტენდერი, ჯამურად 557 მლნ ლარის ღირებულების. გამართული ტენდერების ნახევარზე მეტში ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა.

2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტენდერების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა. ასევე შემცირდა კონკურენციაც.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127,2 მლნ ლარის ღირებულების 11 316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29,2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის ამ საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემაა მათი ხშირი გამოყენება და შერჩეული მიმწოდებლის კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან. "ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღეს 45 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები (პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%). კვლევაში განხილული 21 შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. არის ისეთი შესყიდვებიც, როცა მიმწოდებელს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს...

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება არ აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს. ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზსა და კორუფციული რისკების გაკონტროლებას.

თითო პრეტენდენტი 580 ტენდერში

ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი: "საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა. გაჩნდა განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვების წესით ისარგებლოს. ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო შესყიდვები 21 მარტიდან 22 მაისამდე. პირდაპირი შესყიდვის გამოყენების საფუძვლად შემსყიდველები ყველაზე ხშირად გადაუდებელ აუცილებლობას ასახელებდნენ. ამ საფუძვლით დახარჯული 57 მლნ ლარი მთლიანი დანახარჯის თითქმის 45%-ია.

გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა (24,4 მლნ ლარი) ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა, მეორე ადგილზეა სასტუმროების მომსახურების შეძენა (23,6 მლნ). აღსანიშნავია საკვებ პროდუქტებსა და სასმელებზე დახარჯული 15,3 მლნ, აგრეთვე სანიტარიულ მომსახურებასა და ჰიგიენურ საშუალებებზე დახარჯული 1,4 მლნ ლარი. სასტუმროებს საკარანტინო სივრცედ ისე ქირაობდნენ, რომ შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობდა. სასტუმროს ზოგადი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა, მაგალითად, როგორიც არის ადგილმდებარეობა და პრიორიტეტი ენიჭებოდა აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლომდებარე ობიექტებს; ასევე მჭიდროდ დასახლებული ადგილებისგან მოშორებით მდებარე ობიექტებს.

მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო სავენტილაციო სისტემა - სასტუმროს ნომრებს უნდა ჰქონოდა ცენტრალური ან ინდივიდუალური გათბობა-გაგრილების ისეთი სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ოთახებს შორის ჰაერის ცირკულაციას. სასტუმროების დაქირავება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა. 2020 წლის 21 მარტიდან კი ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა - მაქსიმუმ 100 ლარი 1 ნომრის ღირებულება.

21 მარტი-22 მაისის პერიოდში გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მეტი - 19,9 მლნ ლარი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დახარჯა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 10,4 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 10 მლნ-მდე მოდის სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე. თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა სამსახურმა - ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ 7,7 მლნ ლარი დახარჯა გამარტივებული შესყიდვების გზით, საიდანაც 6 მლნ ლარამდე სატრანსპორტო მოწყობილობებისა და სათადარიგო ნაწილებისთვის დაიხარჯა. ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირდაპირი შესყიდვით 9,4 მლნ ლარი დახარჯა, აქედან 8,2 მლნ სამედიცინო მოწყობილობებზე, ხოლო 1 მლნ - ფარმაცევტულ პროდუქტებზე. 190 ათასი დაიხარჯა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე.

სულ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადდა 1495 ელექტრონული ტენდერი, რომელთაგან 328 შეწყდა, არ შედგა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. შემდგარი ტენდერების ჯამური ღირებულება 557 მლნ ლარია. შესყიდვის საშუალებად შემსყიდველები, ძირითადად, ირჩევდნენ ელექტრონულ ტენდერს, აუქციონის გარეშე. ასეთ ტენდერში წინადადების ღირებულების წარდგენა ერთხელ შეიძლება, ფასების კლება ვაჭრობის დამატებით რაუნდებში არ ხდება. ეს შესყიდვის საშუალება 2016 წლიდან არსებობს, რომლის მიზანიც დამატებით რაუნდებში ფასის მნიშვნელოვანი კლების თავიდან აცილებაა, რათა ეს მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ მოხდეს.

ჩვენი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ყოველი მეორე ელექტრონული ტენდერი კონკურენციის გარეშე გაიმართა. 974-დან 580 ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აქედან 400-მდე ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, დანარჩენი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. ჯამში 235 მლნ ლარი განაწილდა ისეთი ტენდერებით, რომლებშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რაც ტენდერების ჯამური თანხის 54%-ია".

"საკომპენსაციო კონტრაქტები" სასტუმროებისთვის?!

კვლევაში ცალკეა გამოყოფილი შესყიდვები, რომლებმაც ყურადღება სხვადასხვა საეჭვო გარემოების გამო მიიქცია. ძირითადად, ეს მმართველი პარტიის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას უკავშირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ შესწავლილი კონტრაქტებიდან გამოვლინდა, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო (პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%). ამ 25 კომპანიის მფლობელებმა 2016-2020 წლებში "ქართულ ოცნებას" ჯამში 2,3 მლნ ლარზე მეტი შესწირეს. მაგალითად, შპს "ყვარლის ედემის" მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს "ქართულ ოცნებას" ჯამში 65.000 ათასი ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277.300-ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. სასტუმროს 2013-2019 წლებში 400.000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76.000 ლარი ჰქონდა მიღებული. "ყვარლის ედემთან" დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში "ქართული ოცნებისთვის" სულ 235.000 ლარი აქვთ შეწირული.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია შპს "ბაკურიანი ინს" სასტუმროს საკარანტინო სივრცედ გამოყენების მიზნით 21 მარტს 675.740 ლარის, ხოლო 19 მაისს 257.072 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. 3 მარტს და 12 მაისს "სასტუმრო "ივერია ინმა" ტურიზმის ადმინისტრაციისგან პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 1,9 მლნ ლარის ღირებულების ორი კონტრაქტი მიიღო. 25 მარტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან პირდაპირი შესყიდვით შპს "რენესანს კონსტრაქშენმა" 88.740-ლარიანი კონტრაქტი მიიღო. 13 მარტს ტურიზმის ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს სასტუმრო "გუდაური ინს" სასტუმროს საკარანტინო სივრცედ გამოყენების მიზნით 700.620-ლარიანი, ხოლო 12 მაისს - 176,246 ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა... აღნიშნულ ოთხ სასტუმროს ერთმანეთთან ის აკავშირებს, რომ ოთხივეში წილის მფლობელია პაატა კოკაია, რომელმაც 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილს 55.000 ლარი შესწირა. საგანგებო მდგომარეობის დროს პაატა კოკაიას კუთვნილმა სასტუმროებმა ჯამში 3,8 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს.

სახელმწიფო შპს "სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ" პირდაპირი შესყიდვის გზით სს "თ&რ დისტრიბიუშენიდან" 200.000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი შეიძინა. კონტრაქტები 1-ლ და 23 აპრილს გაფორმდა. 2015-2020 წლებში ამ კომპანიას სულ 875.000 ლარამდე ღირებულების 15 კონტრაქტი აქვს მიღებული პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვით. სს "თ&რ დისტრიბიუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რაფიელ სურამელაშვილმა 2016-2017 წლებში "ქართულ ოცნებას" 105.000 ლარი შესწირა, კომპანიის საბჭოს წევრმა ნიკა ზაუტაშვილმა ამავე პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს - 130.000 ლარი, კიდევ ერთმა წევრმა და კომპანიის დირექტორმა ზურაბ აღნიაშვილმა კი სხვადასხვა წელს ჯამში 145.000 ლარი გაიღო იმავე სუბიექტების სასარგებლოდ. კომპანია "თ&რ დისტრიბიუშენმა" საკუთარი სახელით 2016-2017 წლებში "ქართულ ოცნებას" 115.000 ლარი შესწირა. ჯამში ამ კომპანიამ და მასთან დაკავშირებულმა ყველა პირმა ერთად 495.000 ლარი შესწირეს "ქართულ ოცნებასა" და სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს "უიკენდისგან" 6 აპრილს 1.329.680 აშშ დოლარის (დაახლოებით 4,2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 7 აპრილს კომპანიამ კიდევ ერთი, 20.617-დოლარიანი (დაახლოებით 68.000 ლარის) კონტრაქტი მიიღო. შპს "უიკენდი" პირდაპირი შესყიდვით კონტრაქტებს 2020 წლის აპრილიდან იღებს და ზემოაღნიშნული ორი ხელშეკრულების გარდა, 60.000 ლარამდე ჯამური ღირებულების 23 კონტრაქტი აქვს მიღებული. შპს "უიკენდის" 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ბონდო გოლეთიანმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 25.000 ლარი შესწირა.