ვის კარს მიუკაკუნებს სპეციალური მმართველი?!
ვის კარს მიუკაკუნებს სპეციალური მმართველი?!
"ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არ არის მხოლოდ ინტერნეტის წყარო, არამედ პოლიტიკური დატვირთვის მქონე ობიექტია"

მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, პარლამენტმა რეკორდულად სწრაფად დაამტკიცა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები. ამიერიდან კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შეუძლია სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ ყველა ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს. მაგალითად, თუ კომპანია აქციების, წილების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელსაც ექნება უფლება დანიშნოს ან გაათავისუფლოს კომპანიის
დირექტორი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები; სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ ამ ქმედებით ან გარიგებით ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ
გარემოს; შეუძლია შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ცვლილებების თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე.

სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგობის შედეგად, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ სპეციალურ მმართველს კომპანიის წილის ან აქციის გაყიდვის უფლება აღარ ექნება, თუმცა სხვა ბერკეტებით მას მაინც მნიშვნელოვანი ძალაუფლება ეძლევა.

გიორგი კაპანაძე, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი: "სიახლე რისკის შემცველია ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოპერირებენ. ეს იქნება ძალზე უარყოფითი სიგნალი იმ კომპანიებისთვის, რომელთაც შეიძLლება საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროში შემოსვლა მოინდომონ. ამ კანონის გამო შესაძლოა ბევრმა კომპანიამ თავი შეიკავოს ამ სფეროში ინვესტიციების დაბანდებისგან. წარმოიდგინეთ, კომპანიის ნებისმიერი ქმედება, რომელსაც მარეგულირებელი არასათანადოდ მიიჩნევს, შესაძლოა სპეციალური მმართველის დანიშვნის საბაბი გახდეს. ამის შემდეგ კომპანიას უკვე ის მართავს და არავინ იცის, რამდენად ეფექტიანი იქნება მისი გადაწყვეტილებები კომპანიისთვის. სპეციალური მმართველის დანიშვნა უკვე თავისთავად დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის და ამაზე ბევრი ისაუბრეს კანონპროექტის განხილვისას სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებმა. არ შემიძლია არ დავეთანხმო "მაგთიკომის" დამფუძნებელს, რომელმაც თქვა, რომ ამ კანონის არსებობის შემთხვევაში წინა ხელისუფლების დროს მისი დაჭერა არ დასჭირდებოდათ, ისე "დააწერდნენ" კომპანიას. ამ ცვლილებებამდეც მარეგულირებელს საკმარისი ბერკეტი ჰქონდა სწორი და დროული რეგულაციების გასატარებლად. ბოლო დროს რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილების მომსწრეც გავხდით. მაგალითად, კომისიამ ინტერნეტზე დაგეგმილი ტარიფების ზრდა უსაფუძვლოდ მიიჩნია და კომპანიებს ამის უფლება არ მისცა; გამარტივდა რეგიონებში მცირე ოპერატორებისთვის დაშვების პირობები ქსელზე, რომელსაც მსხვილი ოპერატორები ფლობენ. ის, რაც ახლა ხდება, არის მძიმე ფორმით კომპანიის საქმიანობაში ჩარევა - უნიშნავ დროებით მმართველს, უზღუდავ აქციების გაყიდვას, იღებ გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელი პირების დანიშვნისა თუ მათი გათავისუფლების შესახებ...
ბევრი ქვეყნის მაგალითს გავეცანი და მარეგულირებლის მსგავსი მიდგომა, როცა პირდაპირ შედიან კომპანიის მმართველობაში, ფაქტობრივად, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ გვხვდება.

მარეგულირებელი კომისია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მაგრამ კანონმდებლობაში არც ასეთი ცნება არსებობს და არც არავის განუსაზღვრავს, რა არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, როცა ლაპარაკია სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, იქნება ეს მობილური ოპერატორი თუ ინტერნეტპროვაიდერი, ნებისმიერის საქმიანობა შესაძლოა ჩაითვალოს კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმიანობად და ეს გახდეს სპეციალური მმართველის დანიშვნის მიზეზი.

ითქვა, რომ კანონი მედიასაშუალებებს არ შეეხება, მაგრამ ხვალ რომ მარეგულირებლის ხელმძღვანელი შეიცვალოს, შეიცვალოს ხელისუფლება და მისი მიდგომაც ამ საკითხის მიმართ, ეს ჩანაწერი კანონში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მედიაზე, კონკრეტულად კი მაუწყებლებზე ტოტალური კონტროლის ძლიერ ბერკეტად.

ეს ჩანაწერი იძლევა შესაძლებლობას, რომ ბიზნესი კანონის საფუძველზე შეავიწროონ. მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლებელია კომისიის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა იმდენად ცუდად მართოს კომპანია, რომ მფლობელმა მისი გაყიდვა გადაწყვიტოს. ეს ჩანაწერი მუდმივად არასტაბილურ მდგომარეობაში ამყოფებს ბიზნესს, რადგან ტოვებს შესაძლებლობას, რომ წლების განმავლობაში ნაშენები ბიზნესი ერთ დღეს დაკარგო.

- თქვენს ყველა კვლევაში ჩანს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა და ბაზრის 80% "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" ხელშია. არის შანსი, რომ სპეციალური მმართველის ბერკეტი ბაზარზე ახალი მოთამაშეების დასაშვებად იქნეს გამოყენებული?
- ბაზარი ოლიგოპოლიურია, მხოლოდ ორი კომპანია გვყავს და ახალი ოპერატორები, ახალი ძლიერი მოთამაშეები გვჭირდება, მაგრამ ეს კანონი ამას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს. რაც უფრო რთული და ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული კანონი გვექნება, მით ნაკლები იქნება შესაძლებლობა, ისედაც არაკონკურენტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოვიდეს, ან არსებულ მცირე ოპერატორებს ექნეთ განვითარების შესაძლებლობა.
"მაგთიკომს" რომ სპეციალურ მმართველს დაუნიშნავ, ეს მცირე ოპერატორებს ვერ გააძლიერებს. ამით მხოლოდ დიდი კომპანია დაზარალდება. არ მიმაჩნია სწორად ერთის დაზარალებით მეორის გაძლიერება.

დაუშვებელია კომპანიების ძალზე გამსხვილება, რაც მათ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ფლობის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ მარეგულირებლის თანხმობით შეიძინეს ჯერ "სილქნეტმა" "ჯეოსელი" და შემდეგ "მაგთიკომმა" "კავკასუს ონლაინის" საცალო ქსელი, "რკინიგზის ტელეკომი" და კიდევ რამდენიმე მცირე რეგიონული ოპერატორი. ამაზე ხმაც არ ამოუღია მარეგულირებელს, არადა, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები აზარალებს ბაზარს, როცა ორ კომპანიას აძლევ მთელ ძალაუფლებას. მიუხედავად ამისა, მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა სპეციალური მმართველის გამოყენებით ნამდვილად არა მგონია სწორი.

- ამ სკანდალურ კანონპროექტს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე წინ უძღოდა ხმაურიანი ამბავი, რომელიც ეხება "კავკასუს ონლაინის" ერთ-ერთი მფლობელის მიერ წილის 49%-ის გაყიდვას. მარეგულირებელმა არაერთხელ მოსთხოვა კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, დააჯარიმა კიდეც, თუმცა არაფერი შეცვლილა. ამ საქმეს ხომ არ უკავშირდება ცვლილებები კანონში და პირველი, ვის კარზეც სპეციალური მმართველი დააკაკუნებს, "კავკასუს ონლაინი" იქნება?
- მართალია, "კავკასუსმა" გაყიდა საცალო ქსელი, მაგრამ მის მფლობელობაშია მეტად მნიშვნელოვანი საბითუმო ინტერნეტის ინფრასტრუქტურა შავი ზღვის ფსკერზე. ეს კომპანია არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. თავისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ფრანკფურტისა და სოფიის ინტერნეტის მონაცემების გაცვლის ცენტრებთან უშუალო კავშირით "კავკასუს ონლაინი" უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს. ამავე კაბელით მარაგდება სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. არსებული მონაცემებით, კომპანია ოფშორში რეგისტრირებულ ორ კომპანიას ეკუთვნის. წილები ერთ-ერთი ამ კომპანიის ბენეფიციარმა გაასხვისა. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას 49%-იანი წილი, რომელიც აზერბაიჯანულმა კომპანია "ნექსოლმა" 61 მილიონად იყიდა. მარეგულირებელი "კავკასუსისგან" წილების გასხვისების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, შემდეგ კი კომპანია სამჯერ დააჯარიმეს საერთო ჯამში 270 ათასი ლარით და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაც მოსთხოვეს. დადგა საკითხი კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებაც. "კავკასუსში" აცხადებენ, რომ კომპანიამ ჯარიმები გადაიხადა და მარეგულირებელს მეწილეების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა კომისია წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას კვლავ ითხოვს. საქმე სტოკჰოლმის სასამართლომდე მივიდა და მხოლოდ ახლა ვიგებთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის განცხადებებით, რომ ამ გარიგების შესახებ თურმე ინფორმირებული ყოფილა როგორც ყოფილი პრემიერი ბახტაძე, ისე კომისიის თავმჯდომარე და უკვირს, ახლა რატომ შეიცვალა კომისიის პოზიცია. სხვათა შორის, ამ გარიგების შესახებ ხელისუფლებასთან კულუარული მოლაპარაკება ბევრ შეკითხვას აჩენს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელზეც მეთიუ ბრაიზა ლაპარაკობს. ვგულისხმობ ციფრული ჰაბის პროექტს - ლაპარაკია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელის შექმნაზე, რომელიც ფრანკფურტიდან შანხაიმდე იქნება გადაჭიმული და "კავკასუს ონლაინის" 1200-კილომეტრიანი კაბელი ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამიტომაც მგონია, რომ კანონში ცვლილებების შეტანის წინა პირობა სწორედ "კავკასუს ონლაინში" განვითარებული მოვლენებია. ალბათ, კომპანიაში დროებითი მმართველის შეყვანა სურთ, მაგრამ შემდეგ როგორ დაბრუნდება წილები, ეს ძნელად წარმოსადგენია. დიდ გარიგებაზეა საუბარი, რომელიც დაახლოებით შარშან დაიდო. მეორე მხრივ, თუ ვლაპარაკობთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბაზარზე მოქმედ ბიზნესსუბიექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტს სწორედ "კავკასუს ონლაინი" ფლობს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არ არის მხოლოდ ინტერნეტის წყარო, არამედ პოლიტიკური დატვირთვის მქონე ობიექტია, როგორც ინფორმაციის მაგისტრალური გამტარი. მისით დაინტერესებას რუსეთი კომპანია "ვიმპელკომის" სახით წლების წინ გამოხატავდა. ასევე კაბელის გარშემო განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ. ფაქტია, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კაბელი შესაძლოა საინფორმაციო ნაკადების გაკონტროლების მძლავრი მექანიზმი გახდეს. ამიტომაც ადვილი მისახვედრია, ვინ არის შეშფოთებული იმით, რომ სტრატეგიული კაბელის გარკვეული წილი იმ აზერბაიჯანული კომპანიის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ალიევების ოჯახთან ასოცირდება. სომხეთში ინტერნეტმიწოდების დიდი წილი ხომ ამ კაბელით ხორციელდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ საკითხში დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს და კანონში შესული ერთი ცვლილება ამ ამბავთან შედარებით რა მოსატანია".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები