რა შანსები აქვთ მეწარმეებს დავების განხილვის საბჭოებში - კვირის პალიტრა

რა შანსები აქვთ მეწარმეებს დავების განხილვის საბჭოებში

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრების რაოდენობა წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. მაგალითად, თუ 2005 წელს განსახილველად მხოლოდ 25 განაცხადი შევიდა, 2008 წელს საჩივრების რაოდენობამ 443-ს მიაღწია, კიდევ ერთი წელიწადში გაორმაგდა, ხოლო შარშან მნიშვნელოვნად გადააჭარბა 1 ათასს.

ფინანსურ უწყებაში საჩივრების მატებას საბჭოს მიმართ გაზრდილი ნდობით ხსნიან, გადასახადის გადამხდელებს კი თავიანთი სიმართლე აქვთ - გახშირდა ჯარიმებისა და სანქციების უსამართლოდ დარიცხვა, ამიტომაც ცდიან ბედს საბჭოში, იქნებ გაუმართლოთ...

ვიდრე საჩივარი განსახილველად სამინისტროს დავების საბჭოში შევა, ჯერ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტმა უნდა განიხილოს. ეს დეპარტამენტი თავად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული და შემოსავლების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს. გამოდის, სამსახური ჯერ სანქციას უწესებს ბიზნესს, შემდეგ კი თავისივე ქმედების სამართლიანობაზე მსჯელობს.

რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახური უმეტეს შემთხვევაში თავის"შეცდომას" არ აღიარებს და კამათიც ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ინაცვლებს. საბჭოს თავმჯდომარე ფინანსთა მინისტრია, მოადგილედ კი თავისი მოადგილე ჰყავს. 13-კაციანი შემადგენლობიდან ოთხი პარლამენტის წევრია, ყველა უმრავლესობიდან. საბჭოში ასევე შედის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. როგორც ვხედავთ, ყველა წევრი მთავრობის მოხელეა, ან მთავრობასთან ასოცირებული უწყებების წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებებში ერთსულოვნების მიღწევა არ გაუჭირდებათ. თუ მომჩივანის სასარგებლო გადაწყვეტილება არც დავების განხილვის საბჭომ მიიღო (ასეთი რამ კი ხშირად ხდება), რჩება სასამართლო, სადაც უკვე ბაჟია გადასახდელი.

ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 1362 საჩივარი მიიღო და 1263-ზე დაასრულა წარმოება. სადავო თანხამ 690.541.066 ლარი შეადგინა. საბჭომ 420 შემთხვევაში, სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნები. სამწუხაროდ, დავების განხილვის საბჭოში არ მოეპოვებათ ზუსტი სტატისტიკა, რამდენი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და რამდენი ნაწილობრივ. 666 გადამხდელს უარი ეთქვა, 177 საჩივარი სხვადასხვა მიზეზით განუხილველი დარჩა. ყველაზე ხშირად დავა ეხებოდა არასწორად წარმოებული საგადასახადო აღრიცხვის, ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აღურიცხავი საქონლის გამო დარიცხულ ჯარიმებს, საზღვარზე საქონლის გადმოტანისთვის შეფარდებულ სანქციებსა და ხარჯის დოკუმენტაციის არარსებობის გამო დარიცხულ თანხებს.

წლეულს 1-ელი იანვრიდან საბჭოში დავების განხილვის პროცედურა შეიცვალა. თუ აქამდე საჩივრის განხილვის შეჩერება ორზე მეტჯერ არ შეიძლებოდა, ახლა შეჩერებების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. გამოდის, დავების განხილვის საბჭოს შეუძლია მეწარმის საჩივარი სამჯერ, ოთხჯერ ან მეტჯერაც შეაჩეროს.

დავით თომაძე (ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი): - დავების განხილვის პროცედურას საგადასახადო კოდექსი არეგულირებს, სადაც წერია, რომ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კოდექსს, შესაძლოა გასაჩივრდეს ჯერ შემოსავლების სამსახურში, ხოლო შემდეგ, როცა შემოსავლების სამსახურისგან მომჩივანი ვერ მიიღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, შეუძლია გაასაჩივროს ან დავების განხილვის საბჭოში, ან სასამართლოში.

თუმცა დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. საჩივრის განხილვის პროცედურა ასეთია: თუ საჩივარი ხარვეზს არ შეიცავს, საბჭო იხილავს საჩივარს მომართვიდან, ყველაზე მეტი, 20 დღის განმავლობაში. თუ საჩივარი დამატებით შესწავლას მოითხოვს, თუ შემოსავლების სამსახურს ან მომჩივანს დამატებითი მტკიცებულებები აქვთ წარმოსადგენი, ასეთ შემთხვევაში საჩივრის განხილვა შესაძლოა შეჩერდეს. ხარვეზად შესაძლოა იყოს მიჩნეული, მაგალითად, თუ საჩივარი არ არის ხელმოწერილი, ან წარმოდგენილია იმ დოკუმენტების გარეშე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს; არ არის მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო მონაცემები; თუ მოთხოვნის არსი გაუგებარია ან საჩივარი ქართულ ენაზე არ არის დაწერილი. თუმცა შარშანდელთან შედარებით ხარვეზის განსაზღვრის საფუძვლები საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია.

სხვათა შორის, პირობა, რომ საჩივარი დავების განხილვის საბჭოში შემოსვლამდე ჯერ შემოსავლების სამსახურში უნდა იქნეს განხილული, არ ვრცელდება ისეთ დავებზე, რომელიც არასაგადასახადო შემოწმებით არის გამოწვეული. მაგალითად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით გამოწვეული საგადასახადო მოთხოვნები პირდაპირ საბჭოში საჩივრდება. საბჭოში ერთი და იმავე დავის კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არსებობს ახალაღმოჩენილი გარემოება.

- სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრები რომ გაგვემიჯნა, ეს უფრო ნათელს გახდიდა საბჭოს მუშაობის შედეგებს...

- როდესაც საჩივრის დაკმაყოფილება ხდება, შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ მომჩივანს ან სრულად გაუნულდა დაკისრებული გადასახადი, ან საბჭომ მხოლოდ ნაწილობრივ შეუმცირა. მაგრამ სანამ ახალი გადაანგარიშება არ მოხდება და ახალი საგადასახადო მოთხოვნა არ გამოიცემა გადამხდელისთვის, რა ფისკალური შედეგი დადგება, ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ. ამიტომ სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ საჩივრებს ვერ ვმიჯნავთ. თუ მეწარმეს შემოსავლების სამსახურმა დააკისრა მოჭრილი თანხა ჯარიმის სახით, როცა ამ თანხას ვაუქმებთ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯარიმა მთლიანად განულდება, მაგრამ როცა რამდენიმე გადასახადია დარიცხული და ვთქვათ, საგადასახადომ არასწორი კოეფიციენტი მიუყენა, ვეუბნებით, რომ გადაიანგარიშონ. ამ დროს შესაძლოა ითქვას, რომ საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

- როცა მეწარმისთვის დაკისრებული ჯარიმა სრულად უქმდება, ეს ნიშნავს, რომ დავების განხილვის საბჭო საგადასახადოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. არ უნდა დადგეს იმათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მანამდე მეწარმეს უსამართლოდ ან არასწორად დაარიცხა გადასახადი თუ ჯარიმა?

- გაუქმების მოტივი სხვადასხვაგვარია. შესაძლოა მიზეზი იყოს საგადასახადო ორგანოს შეცდომა დაანგარიშებისას, ან არასაკმარისი მტკიცებულებები დარიცხვისთვის. ახალი წლიდან ამოქმედდა პატიოსანი გადამხდელის პრინციპი, შესაძლოა შემოსავლების სამსახურმა სწორად დაარიცხოს გადასახადი, მაგრამ თუ გადამხდელის გადაცდომას ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია, თუ დასტურდება, რომ გადაცდომა არცოდნით, შეცდომით იყო გამოწვეული, კანონი იძლევა საშუალებას, საბჭომ გადაწყვეტილება გადამხდელის სასარგებლოდ მიიღოს.

რაც შეეხება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას, დავების განხილვის საბჭოს ასეთ საკითხებზე მსჯელობის უფლებამოსილება არ აქვს, თუმცა ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, რომელზეც საბჭო მსჯელობს, შემოსავლების სამსახურს ეგზავნება, თუნდაც დარიცხული თანხის ხელახლა გადასათვლელად. საბჭოს ყველა გადაწყვეტილებაში აღწერილია მოტივაცია, რატომ დაკმაყოფილდა საჩივარი. შესაძლოა იყოს ჩანაწერი, რომ საგადასახადოს თანამშრომელმა არასწორად გამოიყენა ესა თუ ის მეთოდი, რაც დაკისრებული სანქციის გაუქმების საფუძველი გახდა. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მოვალეობა სათანადოდ არ შეასრულა. ეს უკვე თავად საგადასახადო ორგანოს შიდა კონტროლის მექანიზმებით უნდა გამოსწორდეს. საბჭო არ არის ორგანო, რომელიც გამოვლენილ პირებს დასჯიდა.

მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე): - ეს ორივე საბჭო, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე ფინანსთა სამინისტროში, დაკომპლექტებულია სახელმწიფო მოხელეებით. თუ კომპანიას სახელმწიფო მოხელე აჯარიმებს და შემდეგ ისევ ხელისუფლების წარმომადგენელი განიხილავს მისი დაჯარიმება-არდაჯარიმების საკითხს, ობიექტურობა უკვე საეჭვოა. თუ უფრო დეტალურად გავეცნობით დავების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ გამართლებულთა კატეგორიის უმეტესობას ჯარიმებს მაინც უტოვებენ. 2005 წელს იყო კერძო საარბიტრაჟო სასამართლოები, მხოლოდ სამ თვეს იმოქმედეს. ანუ მეწარმის ბედს კონკრეტული კერძო არბიტრაჟი წყვეტდა და არა სახელმწიფო მოხელე. ხელისუფლებამ სწორედ იმიტომ გააუქმა არბიტრაჟები, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ახლა კი ეს საბჭოები ვაჭრობის ადგილებად იქცა. წარმოუდგენელია, შემოსავლების სამსახურმა დაგაჯარიმოს და ისევ მან მოგიხსნას ჯარიმა. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ადგილი, სადაც იდება გარიგებები ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, ძირითადად საჯარიმო თანხის შემცირების თაობაზე. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტწილად ასეთი გარიგებები მსხვილ ბიზნესთან მიდის, მცირე მეწარმეების საჩივრებს კი ხშირად არც აკმაყოფილებენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, კერძო არბიტრაჟების ინსტიტუტი აღადგინონ, როგორც ეს ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია".

"საპატიო" საჩივრები

- დავების განხილვის საბჭომ სრულად დააკმაყოფილა კომპანია"კასტელი საქართველოს" სარჩელი და შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული 6,5 ლარი აპატია.

- პირველი საჩივარი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ „კეთილსინდისიერი გადამხდელის" პრინციპით დააკმაყოფილა, შპს „აჭარა ტექსტილს" ეკუთვნოდა. კომპანიას საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანისთვის დაკისრებული ჯარიმა სრულად გაუუქმდა.