მობილური ბაზარი დიდი ცვლილებების მოლოდინში - კვირის პალიტრა

მობილური ბაზარი დიდი ცვლილებების მოლოდინში

მარტიდან წუთობრივი ტარიფი 24 თეთრამდე შემცირდება

15 თებერვლიდან მობილური ნომრები პორტაბელური ხდება. ეს ნიშნავს, რომ ერთი ქსელიდან მეორეში გადასვლა ნომრის შეუცვლელად იქნება შესაძლებელი. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამტკიცებენ, რომ პორტაბელურობის შემდეგ მობილურ ბაზარზე დიდი ცვლილებები მოხდება. გაიზრდება კონკურენცია კომპანიებს შორის, რასაც, პირველ რიგში, ტარიფის შემცირება და იმავდროულად, სერვისის გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს.

აბონენტი ერთი ქსელიდან მეორეზე ერთიანმა ადმინისტრატორმა უნდა გადართოს. ის ცხრაკაციანმა სატენდერო კომისიამ სამი კომპანიიდან შეარჩია. ტენდერში გამარჯვებულად "მედია პრო-ჯორჯია" დაასახელეს, რომელიც, როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობენ, ლიტვური კომპანიაა. თუმცა მობილურ კომპანიებში განმარტავენ, რომ ახალი ადმინისტრატორი - ქართული ჯგუფია, რომელიც უკვე ნაცადი სქემით, საერთაშორისო კომპანიის სახელით შემოიყვანეს. "მედია პროს" სახელით საკომუნიკაციო კომპანია ინტერნეტსივრცეში მართლაც იძებნება, რომლის სათავო ოფისი შეერთებულ შტატებშია, ერთ-ერთი წარმომადგენლობა კი ლიტვაშიც აქვს.

ქსელის შესაცვლელად აბონენტმა სასურველი მობილური კომპანიის ოფისში განაცხადი უნდა დატოვოს. ახალ ქსელში გადართვას ტექნიკურად ოპერატორი განახორციელებს. როგორც ოპერატორი ამბობს, გადართვა დაყოვნებისა და ტელეფონის გათიშვის გარეშე მოხდება. თუმცა კომპანია "მობიტელში", რომელიც ბაზარზე "ბილაინის" სახელით ოპერირებს, ამბობენ, რომ პირველ თვეებში ქსელიდან ქსელში აბონენტის გადართვას ორი კვირა დასჭირდება, შემდეგ კი ეს დრო ჯერ ერთ კვირამდე, მერე კი სამ დღემდე შემცირდება. უცხოეთის ქვეყნებში ქსელის შეცვლა გაცილებით მარტივია, ამისთვის მობილურ ოპერატორთან ეს-ემ-ესის გაგზავნაც საკმარისია. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ ტექნიკურ ოპერატორს საქართველოში ჯერ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვს.

ამ მომსახურებისთვის სატელეფონო კომპანიებმა ოპერატორს ფული უნდა გადაუხადონ. მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, თითოეულ ნომერზე 38 ევროცენტი - იმის მიუხედავად, დასჭირდება მას თუ არა ნომრის ტექნიკური მომსახურება (ყოველწლიური). თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზრის ლიდერებს, "მაგთისა" და "ჯეოსელს" თითქმის თანაბარი რაოდენობით, 8-9 მილიონამდე ნომერი აქვთ, მათ $4 მილიონამდე ექნებათ გადასახდელი. და თანაც, ტექნიკური ოპერატორისთვის ამ თანხის გადახდა მათ ყოველწლიურად მოუწევთ. კომისიას ჯერჯერობით ნომრები უკან მხოლოდ "ბილაინმა" დაუბრუნა, სულ 1,133 მილიონი ერთეული.

ლიდერ კომპანიებს ჯერ სიხშირეების დაბრუნების შესახებ არ განუცხადებიათ, თუმცა, კომისიაში დარწმუნებული არიან, რომ ამ მოთხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავენ. მობილურ ოპერატორებს სიხშირეები წინასწარ ჰქონდათ აღებული, რადგან მის გამოყენებას სამომავლოდ აპირებენ. "მაგთი" და "ჯეოსელი" რამდენიმე მილიონ ნომერს ფლობდნენ იმ დროს, როცა ქსელში დაახლოებით 1,2-1,4 მილიონამდე აბონენტი ჰყავთ ჩართული. 6 მილიონამდე ნომერი ჰქონდა აღებული "ბილაინს". მობილურ კომპანიებს მომსახურების მაღალი ტარიფები არ მოსწონთ, თუმცა პროტესტის ხმამაღლა გამოთქმას ერიდებიან.

კახი ყურაშვილი (კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია): "ერთ ნომერზე კომპანიამ 38 ევროცენტი უნდა გადაიხადოს, მაგრამ ეს სტატიკური ციფრი არ არის. ამ ღირებულებაში შედის ხარჯი, რაც ტექნიკური ოპერირების სისტემის დანერგვასა და მომსახურებას დასჭირდა. სულ სისტემა 4 მილიონ ევრომდე დაჯდა. მობილურ ოპერატორებს მილიონობით ნომერი აქვთ აღებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა არ არის ჩართული. ამიტომ მათ გამოუყენებელი ნომრების დაბრუნება მოუწევთ, ზედმეტი თანხა რომ არ გადაიხადონ".

ეს სისტემა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. ეს ქვეყნები უკვე მუშაობენ, რათა ხუთი წლის განმავლობაში უკვე ერთიან სისტემაში ჩაერთონ.

პორტაბელურობის ამოქმედების შემდეგ მობილურ ბაზარზე თამაშის წესები შეიცვლება. პირველ რიგში, ამან ბაზარზე კონკურენცია უნდა გაზარდოს. კომისიაში ელოდებიან, რომ ხარჯების ზრდის მიუხედავად, მობილური კომპანიები იძულებული გახდებიან, ტარიფების შემცირება დაიწყონ - იმის ხარჯზე, რომ აბონენტებს ქსელის თავისუფლად არჩევის საშუალება მიეცემათ და ამისთვის ძველი ნომრის გამოცვლა აღარ მოუხდებათ.

სპეციალისტები მოელიან, რომ აბონენტების უმრავლესობა იმ ქსელში ჩაერთვება, რომელსაც დაბალი ტარიფი აქვს. მაგალითად, "მაგთის" ახალ ბრენდ "ბანიდან" აბონენტი სხვა ქსელში 16 თეთრად საუბრობს. ახალი აბონენტების მოზიდვას ვარაუდობს "ბილაინი", რომლის ქსელშიც საუბარი ასევე ერთ-ერთი ყველაზე იაფია. კომპანიაში ამბობენ, რომ მობილური ბაზარი ცვლილებების ეტაპზე შედის და პორტაბელურობა კომპანიებისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება. ნომრების პორტაბელურობა მობილურ ბაზარზე კიდევ ერთ ცვლილებას გამოიწვევს. აზრს დაკარგავს მობილურების შიდა ბრენდების არსებობა, როგორიც "ბანი" ან "ბალია".

ასეთი ბრენდები ქსელის შიგნით ერთმანეთის კონკურენტები გახდებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პორტაბელურობის შემოღება ყველაზე მეტ აბონენტს "მაგთიში" გადაანაცვლებს, "ძვირიანი" 899-სა და 895-დან - იაფიანი "ბანისკენ". ამის გამო იზრდება შანსი, რომ მობილურმა კომპანიებმა ტარიფებს კიდევ უფრო დააკლონ.

მარტიდან კომისია კომპანიებს ტარიფის ზედა ზღვარს უწესებს. წუთობრივი ტარიფი 24 თეთრამდე უნდა შემცირდეს. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, რომ "მაგთისა" და "ჯეოსელის" ტარიფები ზედმეტად გაბერილია და მარტიდან ბაზრის ორ ლიდერს ამ ზღვრის გადაბიჯება აეკრძალება. ამჟამად მობილურ ქსელში კომისიის მიერ დადგენილი ერთი წუთი სასაუბრო დრო 28,8 თეთრი ღირს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში და 10 წელიწადზე მეტია უცვლელია. თუმცა კომპანიები აბონენტების გადასაბირებლად სხვადასხვა აქციას სთავაზობენ შედარებით დაბალი ტარიფებით.

პორტაბელურობა ფიქსირებულ სატელეფონო ქსელსაც უნდა შეეხოს. ამ სისტემაში საქალაქო ტელეფონები 15 ნოემბრიდან ჩაერთვებიან.

ნონა ქვლივიძე