სად გადის ოქროს შუალედი ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის
02-08-2020
სად გადის ოქროს შუალედი ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის
"საუკეთესო შემთხვევაშიც კი, საქართველოს ყველა მოქალაქემ რომ მოინდომოს ქვეყანაში მოგზაურობა, შიდა ტურიზმი 1/3-ით თუ დააკომპენსირებს მიუღებელ შემოსავლებს"

მართალია, ჯერ ივლისის თვის ეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინა ორი თვის განმავლობაში ეკონომიკის კლება ორნიშნა იყო. პანდემიის გამო რეგულარული ფრენები და ტურიზმი ქვეყანაში ისევ შეზღუდულია, თუმცა სხვა ეკონომიკური საქმიანობა თითქმის სრულად დაიწყო. ტურისტების სიმცირე ეკონომიკის ბევრ სექტორს დაეტყო, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს და მოსალოდნელია, რომ მათი დატვირთულობა 2019 წლის დონეს
მხოლოდ 2022 წელს დაუბრუნდეს. ამ სეზონზე იმედს შიდა ტურიზმზე ამყარებენ, რაც მხოლოდ 33%-ით თუ ჩაანაცვლებს საერთაშორისო ტურიზმისგან მისაღებ შემოსავლებს, ისიც საუკეთესო შემთხვევაში. თუმცა სულ არაფერს მესამედი ნამდვილად სჯობს და შიდა ტურიზმიც ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობს, მაგრამ რა იქნება შემოდგომაზე, როცა ეს ნაკადებიც შემცირდება და ტემპერატურის
ვარდნასთან ერთად შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბმაც მოიმატოს? ხომ არ ვართ ახლა იმ ვითარებაში, როცა დიდი ქარიშხლის წინ სიმშვიდე დაისადგურებს ხოლმე?

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - კრიზისში ახლაც ვართ... იმის თქმა, რომ კრიზისი არ არის, ცოტა უხერხულია, რადგან მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შემცირებულია. წლის დასაწყისიდან დღემდე, შარშანდელთან შედარებით, ეკონომიკის მოცულობის და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაუარესებულია. თუმცა ადრეც გვილაპარაკია ამაზე და ვფიქრობ, ჩემი პროგნოზი მართლდება. ყველაზე უარესი, ანუ ფსკერი, უკან მოვიტოვეთ და ნელ-ნელა ზევით, ზედაპირისკენ მივიწევთ, ანუ უკეთესობისკენ მივდივართ. ეს უკეთესობაც შეფარდებითია, მაისში ეკონომიკური ვარდნა 16% იყო, შემდეგ თვეში -13%, ახლა კი ველოდებით, რომ რეცესია ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდება. რა თქმა უნდა, ეს პროგრესის მაჩვენებელი იქნება, თუმცა დამაკმაყოფილებელია თუ არა იმ პირობების ფონზე, რომელშიც მოსახლეობა იმყოფება, სხვა საკითხია. ამიტომ მდგომარეობა რთულია. ამას ისიც ემატება, რომ კრიზისი წმინდა ეკონომიკური წარმოშობის არ არის - სამედიცინო სფეროდან დაარტყა ეკონომიკას და, ფაქტობრივად, კოლაფსში ჩააგდო არა მარტო სამეწარმეო-ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ ადამიანური და კონტინენტთაშორისი ურთიერთობებიც. მსოფლიო ნოკდაუნის მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, წარმოება არ შეჩერებულა, გრძელდება სამეურნეო კავშირები, საქონელი და პროდუქცია მოძრაობს და იყიდება, მაგრამ გაცილებით შეკუმშული მასშტაბით. ეს ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის შედარებით დაბალ და საშუალოშემოსავლიან ფენაზე.

სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, მარტის თვის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა დაახლოებით 1 მილიარდი კაცი.

მართალია, შემდეგ სწრაფად მოხდა მათი ხელახლა დასაქმება, სხვა სფეროებში გადანაწილება, მაგრამ ამ ყველაფერს ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა გლობალური ეკონომიკისთვის. საქართველოც მსოფლიოს ნაწილია და ამ ვითარებას ვერ ასცდა.

- როგორც მოსალოდნელი იყო, კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დააზარალა. ახლა მთელი იმედი შიდა ტურიზმზეა, რომ მცირედით მაინც მოხერხდეს დანაკარგის კომპენსირება. ბოლო დროს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ "მწვანე ქვეყნის" სტატუსის მიუხედავად, საქართველო მაინც თავს იკავებს რეგულარული ფრენების აღდგენისგან იმ ქვეყნებთანაც კი, ვინც უპირობოდ გაგვიხსნა საზღვრები. ასეთი გადაჭარბებული სიფრთხილე შესაძლოა რგებს ჯანმრთელობას, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი ხომ არ იქნება ეკონომიკისთვის?
- როგორც იტყვიან, დანის პირზე სიარული გვიწევს - პანდემია ისევ არის, უბრალოდ, ჩვენ შევეგუეთ ექსტრემალურ ვითარებაში ცხოვრებას. გარდაბნის რაიონის 5000-კაციანი სოფლის ჩაკეტვა მიანიშნებს, რომ საფრთხე რეალურია და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვით უნდა ვუპასუხოთ, როგორც წინა თვეებში. ამიტომ მდგომარეობა უნდა შევაფასოთ მთელი დრამატიზმით და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
რაც შეეხება ტურიზმს, იდეალურ ვარიანტშიც საქართველოს ყველა მოქალაქემ რომ მოინდომოს ქვეყანაში მოგზაურობა, მოსახლეობის რესურსის გათვალისწინებით, უკეთეს შემთხვევაში, 1/3-ით თუ დააკომპენსირებს მიუღებელ შემოსავლებს. ეს მესამედი კი აისახება ხელფასებში, დასაქმებაში, საბიუჯეტო გადასახდელებში...

- გასაგებია სიფრთხილე, მაგრამ გახანგრძლივებული შეზღუდვების მიზეზით ხომ არ დაკარგავენ ინტერესს ჩვენი ქვეყნის ბაზრის მიმართ ბიუჯეტური ავიაკომპანიები? ისინი დიდი სიხშირით დაფრინავდნენ საქართველოდან ევროპაში. ხომ არ გამოდის ისე, რომ ეკონომიკურ პრობლემებს ამ დროებითი შეზღუდვებით უფრო ვახანგრძლივებთ და შემდგომ ძალიან გაძნელდება საწყის მდგომარეობაში დაბრუნება?
- გახსოვთ, ალბათ, ლარის ყოველი გაუფასურების შემდეგ მოქმედი თუ ყოფილი ფინანსთა მინისტრები აცხადებდნენ, ეროვნულმა ვალუტამ თავისი წონასწორობის ნიშნულს მიაღწიაო. აქაც ასეა, არავინ იცის, სად გადის ოქროს შუალედი ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკას შორის. ვითარების გამოსწორების კვალდაკვალ ე.წ. მწვანე დერეფანი უფრო მეტ ქვეყანასთან გაიხსნება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ წლევანდელი წელი ტურიზმისთვის ჩავარდა და ორიენტირი მომავალ წლებზე ავიღოთ. ასევე, უნდა ვიფიქროთ პერსპექტივაზე და არ უნდა ვიყოთ იმ დარგებზე ჩამოკიდებული თუ დამოკიდებული, რომლებიც მხოლოდ მომსახურებასა და სერვისზეა ორიენტირებული.

- კრიზისმა დაგვანახა, რომ უფრო "მშვიდად" ის ქვეყნები იყვნენ, ვისაც სურსათის წარმოება შეუძლიათ. ამ მიმართულებით საქართველომ რაიმე კონკრეტული გააკეთა თუ მთელი სამთავრობო და პოლიტიკური სპექტრი არჩევნებზეა გადართული?
- პანდემია, უმუშევრობა, შემოსავლების შემცირება, არჩევნები, საგარეო და საშინაო პოლიტიკა - ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, მაგრამ ჩვენ მაინც პერსპექტივაზე გათვლით უნდა ვიმოქმედოთ. სოფლის მეურნეობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ჩამორჩენილი ვართ, მარცვლეულით უზრუნველყოფის დონე, მხოლოდ ხორბალს თუ ავიღებთ, საუკეთესო შემთხვევაში 15%-ია; თუ ხორბალსა და სიმინდს ავიღებთ, ჯამში 26%-იანი უზრუნველყოფა გვაქვს. თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის მთლიან გამოშვებას ავიღებთ და სასწორის მეორე პინაზე იმპორტს დავდებთ, იმპორტი მთლიანი მოთხოვნის 70%-ს ფარავს. ხორცით თვითუზრუნველყოფის დონე 47%-ია. მაგრამ ვინ თქვა, რომ რასაც მოვიხმართ, საკმარისია? თითქმის ყველა მიმართულებით ჩამოვრჩებით მოხმარების რაციონალურ, რეკომენდებულ ნორმებს. თითქმის 100%-იანი თვითუზრუნველყოფა გვაქვს კვერცხით, მაგრამ თვითმოხმარებაა რაციონალური ნორმების 75%. კარტოფილის წარმოებითაც თითქმის 100%-ით ვუახლოვდებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს, მაგრამ ჩვენი მოხმარება რაციონალური ნორმის 2/3-ია, რძის პროდუქტების კი მხოლოდ 45%. სამხრეთის ქვეყანა გვქვია და ბოსტნეულითაც კი მხოლოდ 31%-ით ვაკმაყოფილებთ მოხმარების ოპტიმალურ ნორმას, ხორცის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 30% და სხვ.

1988 წელთან შედარებით ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ შემცირდა და ამაში არ შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქცეული სავარგულები. როგორ გავზრდით თვითუზრუნველყოფას, როცა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მცირეა, დაბალია სოფლის მეურნეობის ფინანსური უზრუნველყოფა და ინვესტიციები. მართალია, პირდაპირი შედარება მართებული არ არის, მაგრამ უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 20-ჯერ მეტია საბანკო სექტორში, ვიდრე სოფლის მეურნეობაში. ამიტომ დარგს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარი გადის ქვეყნიდან იმპორტული საქონლის შესაძენად. წარმოიდგინეთ, ამ თანხის ნახევარი მაინც ინვესტიციებად რომ მიდიოდეს ჩვენს აგრარულ სექტორში, რაოდენ კარგ შედეგებს მოიტანდა.

- პანდემიისას მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამა აამოქმედა, როგორც კონკრეტული დარგების მიხედვით, ისე ბიზნესს გაუწია შეღავათი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამან ერთგვარი დამცავი ბალიშის როლი შეასრულა?
- მიუხედავად ნაკლოვანებებისა, მაგალითად, ზოგი მიმართულებით საფრთხეები გადაჭარბებით შეფასდა, ზოგან კი პირიქით, მთავრობის მიღებულმა ზომებმა კატასტროფის მედიცინის როლი შეასრულა ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით - ანუ პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწია ხალხსაც და ეკონომიკასაც. თუ განვიხილავთ მოსახლეობის ზოგად მდგომარეობას, მართალია, აქცენტი გადავიტანეთ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამასაც ხომ თავისი ეკონომიკური ფასი აქვს? შეგვიძლია პირობითადაც და რეალურადაც თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე ღირებულებაში გადავიყვანოთ. მსოფლიოში ეს ცნობილი მეთოდია ალტერნატიული ღირებულებისა და რიგი სხვა მაჩვენებლების გამოყენებით. თითოეული ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, მაგრამ ამ მეთოდის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ დაახლოებით 700 მილიონი ლარის ღირებულების სიცოცხლე "დავზოგეთ". წმინდა ეკონომიკური კუთხით კი, რომ არა სწორი სამედიცინო პოლიტიკა, მოსახლეობის კეთილდღეობა და შემოსავლები 2,5-ზე მეტად შემცირდებოდა. სასურველი იქნებოდა მეტი დახმარება, მაგრამ "ჭამა ქონებაზე კიდიაო", ესეც ნათქვამია. რადგან ასეთი სოციალური დატვირთვა მიეცა ბიუჯეტს, რეალურ განზომილებაში ის დაახლოებით 6%-ით მეტია შარშანდელზე. მართალია, ეს საგარეო და საშინაო სესხის ხარჯზე მოხდა, მაგრამ დიდწილად მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება.

- თუ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სურათი შენარჩუნდება, ეკონომიკაში ვითარების გაუარესებას შემოდგომისთვის აღარ უნდა ველოდოთ?
- თანდათან მივდივართ გაუმჯო­ბესებისკენ, მაგრამ მაგიდაზე სამჯერ დავაკაკუნოთ, რომ მეორე ტალღამ არ მოგვიწიოს. საქართველო იზოლირებული კუნძული არ არის. ჩვენზე გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. პანდემიის მეორე ტალღა აზვირთდა და ამიტომ მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ დღევანდელი ვითარება შევინარჩუნოთ.

რა თქმა უნდა, ამას შევძლებთ, რესურსი და გამოცდილება უკვე გვაქვს, მაგრამ ამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად გაცილებით მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო.

ემა ტუხიაშვილი
beso
09 აგვისტო 2020 23:36
როგორ უნდა დაწერო ამაზე კომენტარი? ან აუდიტორიაში უნდა შეხვიდე ლექციის წასაკითხად ან უნდა დაწერო ახალი ანტიდიურინგი, ბუნებრივია სხვა ეპონიმით. სამწუხაროა! ბ-ნ სოსო ის 8 მილიარდი, რომ არ გესესხა და არ შეგევსო ბიუჯეტი (კი არ შეავსე, არამედ სესხია არსებითად ბიუჯეტ), რა გარემოებასთან გექნებოდა საქმე? ახლა მითხარი გაისად რამდენის სესხებას ექნება ადგილი? ექნება თუ არ ექნება? ბ-ნ სოსო ხვდებით რა პროცესთან გაქვს საქმე? სამწუხაროა, რომ ამ პროცესს აქ არ აფასებენ (ვდები საქმედია?) და ამაზე სურათს საერთაშორისო ორგანიზაციები იძლევიან, რადგან აქ რაზე მსჯელობს ექსპერტი(რის გაგება აქვს მას?) ნეტა ვინ უწყის? ასე ეს ქვეყანა ვერ გაფრინდება! სამწუხაროა ის, რომ საქართველოში მომავალი სპეციალისტებიც პირველი კურსის პირველ სემესტრში იკარგება. ამას თვენი მორჩილი 25 წელია აღნიშნავს და არც მომავალში ველოდები განსხვავებულს, ხოლო სამ კაცსაც ვერ დაინახავ ამ ქვეყანაზე ერთად რამის გაკეთების სურვილი ჰქონდეს (მაჩვენეთ სამი ან ხუთი კაცის ერთობლივი გამოკვლევა ან პროექტი). ჰე, ვინ ხართ მანდ მომავლიდან!?
ალექს
04 აგვისტო 2020 08:18
უხერხული , ჩვენში ეკონომიკაზე საუბარია, ის ჩვენ რაც გვაქვს-საქართველოს, ტურიზმიან არატურიზმიანად , ავსტრიის ერთი სოფლის ეკონომიკაა და ნამყოფი ვარ : ერთ მწკრივად ჩამწკრივებული სახლებია გამჭოლი ერთმანეთში, სავსეა მართლა ტურისტებით და არა გადამფრენი მძღოლ ექსპედიტორებით და ჩელნოკებით , სვამენ და ჭამენ იქვე მოყვანილ ავსტრიულ სასმელსაჭმელს, მეორე მწკრივში სასტუმროებია, ოჯახურები -კედლიან შპალერიანად ავსტრიული, იქ სძინავთ არაავსტრიელებს ავსყტრიულ ქვეშაგებში ! ჰოო , ნუ აქვთ ერთი იაღლიში აქვთ : თვითმფრინავი არაა ავსტრიული !
ჩვენი ეკონომიკის ნახევარი სავალალოდ, ჩრდილშია და ისიც შსს სუს საგადასახადო სასამართლო და პროკურატურას , მცირე ნაწილი კი მაჟორიტარებს აქვ(ს)თ მონოპოლიზირებული ! არა ბიჭო და რიგითი მოქალაქე ორთავიანი ბაყბაყ დევია და ისაა ჩრდილში , ვინც ნათელშია, ისიც კი არაერთგზის ყავთ ამათ რწყილივით ჩამოტყავებული ,ზემოთ რომ ვახსენე , საჩდილობლის ტოტყები ?! ამ არჩვაძეს ნუ ეკითხებით, არ ეკითხება ბალია ათი შაური , ეგ ჩინოვნიკს და ზემო იმერელს შუაა, არიელობა კი უნდა !

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?