აჟიოტაჟი ჩაცხრა, ფასები უკვე ”სტაბილურად” იზრდება - კვირის პალიტრა

აჟიოტაჟი ჩაცხრა, ფასები უკვე ”სტაბილურად” იზრდება

ფასების აჟიოტაჟური ზრდა ადგილს უთმობს"სტაბილურ" და შეუქცევად გაძვირებებს

ინფლაცია უკვე ისეთ მასშტაბებს აღწევს, მას მთავრობის დარიგებული 20-ლარიანი ვაუჩერი ვერაფერს უშველის. სტატისტიკას ინფლაციის ბოლო მონაცემი ჯერ არ დაუთვლია, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წინა კვირას 8%-მდე უკვე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები კიდევ გაიზრდება. თებერვალში ფასების რეკორდსმენი კვლავ სურსათი იქნება, რომელსაც ინფლაციაში ყველაზე დიდი წილი უკავია.

ინფლაციის კიდევ ერთმა ტალღამ ქვეყანას გასულ კვირასაც გადაუარა. კიდევ ერთი ლარით, 11 ლარამდე გაძვირდა საქონლის ხორცი. საშუალოდ 20%-ით გაძვირდა ყველა სახეობის რძის ნაწარმი, 2,20-დან 2,45 ლარამდე გაძვირდა"კოკა-კოლა". რამდენიმე სახეობის პურის ფასი 5-10 თეთრით გაიზარდა. შაქარზე პიკურმა ფასმა, რაც 115-118 ლარის ფარგლებში იყო, კლება დაიწყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ საბითუმო ბაზარზე. დისტრიბუტორები, რომლებიც შაქარს აფასოებენ და მაღაზიებში ანაწილებენ, აგარის შაქრის ქარხანაში ტომარას 109 ლარად ყიდულობენ, ხოლო თბილისში 110-დან 111 ლარამდე უჯდებათ. სამაგიეროდ ბაზრიდან გაქრა ბელორუსული შაქარი, რომელიც შედარებით იაფი ღირდა.

საბაჟო გადასახადის შემოღების შემდეგ იმპორტიორებმა ბელორუსიიდან მის შემოტანაზე ხელი აიღეს. ბაზარი ხელში აზერბაიჯანულ კომპანია"დაფნა ჰას" დარჩა, რომელიც აგარის ქარხნის მფლობელია. მასვე შემოაქვს აზერბაიჯანიდან შაქარიც, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხისაა და ამის გამო მასზე მოთხოვნა მცირეა. საბითუმო ფასების კლება შეიმჩნევა ბრინჯზე, მანანის ბურღულსა და ბარდაზე. ტაილანდიდან შემოტანილი ტომარა ბრინჯის ფასი 70-დან 65 ლარამდე ჩამოვიდა. კილოგრამის საბითუმო ფასი 1,30-1.34 ლარი გამოდის. ძველ ნიშნულზე რჩება წიწიბურას ფასი. 25-კილოგრამიანი ტომარა საბითუმო ბაზარზე 86-87 ლარი ღირს.

ეს ცვლილებები ამყარებს ეჭვს, რომ ბაზარზე სპეკულაციური ფასები იყო. ბურღულეულზე ფასების კლებას იმპორტიორები კიდევ ელოდებიან. მათი პროგნოზით, ზაფხულისთვის, როცა ახალი მოსავალი მოვა, მარცვლეული კიდევ გაიაფდება, შემოდგომაზე კი ფასები ძველ ნიშნულს მიუახლოვდება. იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ მაღალი ფასები მხოლოდ წიწიბურაზე შენარჩუნდება, რადგან ძირითად ექსპორტიორ უკრაინასა და რუსეთს თვითონაც ამ პროდუქტის დეფიციტი აქვთ და მას ჩინეთიდან ყიდულობენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, პური 5-10 თეთრით იმ საცხობებმაც გააძვირეს, ვინც აქამდე ძველ ფასს ინარჩუნებდა. ბოლო შესყიდვებისას ქართველმა იმპორტიორებმა ტონა უკრაინულ ხორბალში $395 გადაიხადეს, თუმცა ბოლო დღეებია, ამერიკის ბირჟებზე ფასმა $352-მდე დაიწია. ხორბალი იაფდება ევროპაშიც. მაგრამ მოაღწევს თუ არა საქართველომდე გაიაფება, არავინ იცის. მანამდე ადგილობრივ ბაზარზე ტომარა ფქვილის საბითუმო ფასი 58 ლარამდეა. ცხადია, რომ ფქვილსა და პურს აღარავინ გააიაფებს და აღარც დაკლებულ წონას მოუმატებს. მით უმეტეს, რომ ხორბლის ფასზე დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ხორბალზე მოთხოვნა ისევ მაღალია. ტუნისი, ერაყი, ეგვიპტე ხორბალს კვლავაც დიდი მოცულობით ყიდულობს. ხოლო ჩინეთში თუ უამინდობა გაგრძელდა, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება. ხორბლის ფასებზე სიმინდის გაძვირებაც მოქმედებს. სიმინდი ბოლო კვირაში $7-8-ით გაძვირდა. გაიზარდა სიმინდის გამოყენება ბიოსაწვავისთვის, ისევე როგორც სოიას მარცვლისა. მარცვლეულის გაძვირებამ პრობლემა მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებსაც შეუქმნა.

კილოგრამი სიმინდი შარშან საბითუმოდ 60-65 თეთრამდე ღირდა. შემოდგომაზე ფერმის მფლობელები სიმინდს 80 თეთრად ყიდულობდნენ. ახლა კი ლარადაც აღარ იშოვება. ფერმერები ამბობენ, რომ იძულებული არიან, ქათმის ხორცი და კვერცხიც გააძვირონ.

შაქრისა და ფქვილის გაძვირებამ ყველაზე მეტად ნამცხვრებისა და სხვა ტკბილეულის ფასზე იმოქმედა. 20-30%-ით გაძვირდა სხვა ინგრედიენტებიც - კარაქი, კვერცხი."ჯორჯიან ბეიკერს" ბოლო ერთ წელიწადში ფასების გადახედვა რამდენჯერმე მოუხდა. გასულ კვირაში კი პროდუქცია კიდევ 15%-ით გააძვირა.

მიხეილ ფარულავა (”ჯორჯიან ბეიკერი"):"შარშანდელი წელი გაძვირებით გამოირჩეოდა და ტენდენცია ისევ გრძელდება. იმპორტიორებთან შედარებით, ჩვენ, საცხობები, უფრო ცუდ დღეში ვართ, რადგან ინგრედიენტები ჩვენთან უფრო გაძვირდა. ურთიერთობა გვაქვს შუალედურ რგოლებთან, მაღაზიებთან, ქრონიკული კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით ადგილობრივ საცხობებსა და იმპორტთან და მუდმივად გადარჩენისთვის ვიბრძვით. საქმეს მცირეოდენი გაძვირებაც ართულებს. რადგან მცოცავი ინფლაციაა, იძულებული ვართ, პროდუქციას ისეთი ფასი დავადოთ, რომელიც სამ თვეზე იქნება გათვლილი. იმავეს აკეთებს ყველა, ვინც ამ სქემაშია ჩართული, ხორბლის, შაქრის, კარაქის ან სხვა პროდუქტის შემომტანი, ასევე მწარმოებელი და საბოლოო რეალიზატორი".

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნამცხვრების ადგილობრივ საცხობებს სიძვირის პერიოდში მოგება 10-15%-ით გაეზარდათ.

სურსათის, პირველადი მოხმარების საქონლისა და საწვავის გაძვირება სხვა სფეროებსაც მოედო. ფასებმა მოიმატა სამშენებლო მასალებზეც. გაძვირდა არმატურა, ბეტონი, სამშენებლო ბლოკი. ტონა უკრაინული არმატურის შესყიდვა სამშენებლო კომპანიებს უკვე $930-ად უწევთ, ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20%-ითაა გაზრდილი. ფასებზე გავლენა ჩინეთში წარმოების შემცირებამ მოახდინა. საახალწლოდ მწარმოებლებს ნამზადი გამოელიათ, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ამის გამო ლითონის ნამზადი გაძვირდა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ტონა არმატურას შედარებით იაფად, $750-780-ად აფასებს, თუმცა პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე არ ყიდის და უმეტესად ექსპორტით აზერბაიჯანსა და ირანში გააქვს. 30 თეთრით გაძვირდა სამშენებლო ბლოკი. ტონა ცემენტი 155 ლარამდე გაძვირდა, ხოლო ერთი კუბური მეტრი ბეტონის ჩასხმა უკვე 130-140 ლარი ჯდება.

მსოფლიო ბანკმა უკვე გააფრთხილა ქვეყნების მთავრობები, რომ პროდუქტების ფასები საშიშ ზღვარს უახლოვდება და ამას სოციალური აფეთქებები შეიძლება მოჰყვეს. მსოფლიო ბანკმა დათვალა, რომ 2010 წლის ზაფხულის შემდეგ სიღარიბეში მყოფთა რიცხვი 44 მილიონით გაიზარდა. ცხადია, ამ მხრივაც საქართველო გამონაკლისი არ იქნება. ღარიბთა რაოდენობას ჩვენთან მთავრობა კარგა ხანია აღარ ითვლის. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, რომელიც ზრდასრული მამაკაცის აუცილებელ საკვების ნორმას გულისხმობს, იანვარში კიდევ 3,1 ლარით მოიმატა და 152,7 ლარი შეადგინა, რაც შვიდწლიანი მონაკვეთის მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ღარიბთა მრავალრიცხოვან არმიას კიდევ ბევრი ადამიანი შეემატა.

ღარიბების დასახმარებლად და სოციალური უკმაყოფილების თავიდან ასარიდებლად მთავრობამ დენის 20- და სურსათის 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგება მოიფიქრა. მაგრამ საეჭვოა, ამან საქმეს უშველოს. პირიქით, მიმოქცევაში არსებულ ჭარბ ფულის მასას, რაც 1,474 მილიარდ ლარს აჭარბებს, კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაემატება. ამის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) მთავრობის მიერ ვაუჩერების დარიგებას გამართლებულად მიიჩნევს. სებ-ში ამტკიცებენ, რომ ვაუჩერების დარიგება ინფლაციას არ გაზრდის და უარყოფით სოციალურ გავლენას შეამცირებს, თუმცა რამდენად - საკითხავიც სწორედ ეს არის...

ნონა ქვლივიძე