ავეჯი იყიდება ცოტა და იაფიანი
21-02-2011
"კრიზისს მხოლოდ ძლიერები გადაურჩნენ"

ავეჯის ბიზნესი ეკონომიკური კრიზისის გამო 2009-2010 წლებში, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. ავეჯის სალონები ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომისთვის იმედოვნებდნენ გაყიდვის ზრდას, მაგრამ მაშინ მათი მოლოდინი არ გამართლდა. ბოლო ორ თვეში ვაჭრობა თითქოს გამოცოცხლდა, ზოგიერთი კომპანიის რეალიზაციამ ცოტათი მოიმატა. ამჯერად ისინი გაყიდვის გააქტიურებას გაზაფხულისთვის ელოდებიან, რომელიც ავეჯის ბაზრისთვის უკეთესი სეზონია.

მეორე მხრივ, გაზრდილი ინფლაცია და ფასების საერთო დონის აჩქარებული მატება სამომხმარებლო ბაზარზე უარესის მოლოდინს აჩენს და საგადასახადო წნეხიც
ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზეა შემცირებული. ამ ყველაფერმა შესაძლოა კომერსანტთა ბიზნესგეგმები გვარიანად არივ-დარიოს.

ავეჯის მაღაზიები, რომლებმაც კრიზისი გადაიტანეს, ამბობენ, რომ მძიმე პერიოდს მხოლოდ ის გადაურჩა, ვინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ავეჯის ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ცუდ ამბებს კარგი მხარეც აქვს ხოლმე, და რომ "ფინანსური კრიზისი, ერთი
მხრივ, კარგიც იყო, ავეჯის ბიზნესში ძლიერები დატოვა და ბაზარი დაალაგა".

ეკონომიკურმა კრიზისმა სამშენებლო ბიზნესი დიდი ხნით გააჩერა. ახალი მშენებლობები საერთოდ შეწყდა.
პირველადი მოხმარების პროდუქტზე ხალხი უარს ვერ იტყოდა, ფუფუნების საგნების გარეშე კი ცხოვრება შეიძლება. ამიტომ შემოსავლების კლების გამო ბევრმა ოჯახმა ახალი ბინის შეძენაც გადადო, შესაბამისად, აღარც ახალი ავეჯის შეძენა იყო პირველი რიგის აუცილებლობა. ამიტომაც ავეჯის მაღაზიებსა და სალონებს გაყიდვა ჩაუვარდათ. ყველაზე მძიმე ამ ბიზნესისთვის 2009-2010 წლები იყო, როცა თვეები ისე გადიოდა, ავეჯის მწარმოებლები ერთ შეკვეთასაც არ იღებდნენ.

მინიმუმამდე შეუმცირდა მომხმარებელი საშუალო და მაღალი შემოსავლების მომხმარებლებზე გათვლილ ავეჯს. უმრავლესობა რემონტისა და ავეჯისთვის საბანკო კრედიტს იღებდა. შესაბამისად, ამ სექტორს საქმე იმანაც გაურთულა, რომ ბანკებმა სესხის გაცემა და განვადებები შეზღუდეს, რაც გაყიდვის მთავარი სტიმულატორი იყო.

ავეჯის სალონები 2010 წლის შემოდგომაზე ამყარებდნენ იმედებს და გაყიდვის გამოცოცხლებას ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
კრიზისის გამო რეალიზაცია შეუმცირდა ავეჯის ადგილობრივ მწარმოებელ "სავარძელს". საქართველოს ბაზარზე ფინანსური პრობლემებისგან თავის დაღწევას ის აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე შესვლით შეეცადა, მაგრამ კრიზისმა ამ ქვეყნებშიც მოუსწრო. როგორც კომპანიაში ამბობენ, აზერბაიჯანის ბაზარზე კრიზისი გვიან დაიწყო და იქიდან გამოსვლის ნიშნები ჯერ არ ჩანს, ამიტომ გაყიდვამ იკლო.

ვაჭრობის გამოცოცხლებას ადასტურებს "ემბავუდი", რომელიც აზერბაიჯანული ჯგუფის ბიზნესია. კომპანიამ ქსელი ყველა რეგიონში განავრცო და ამბობს, რომ რეალიზაციამ მოიმატა.

გიორგი დაბრუნდაშვილი ("ემბავუდის" მარკეტინგის დირექტორი): "იანვარ-თებერვალი რთული თვეა, რადგან მოსახლეობა რემონტს უმეტესად ზაფხულში აკეთებს, ავეჯს კი შემოდგომაზე და საახალწლოდ ყიდულობს. შარშანდელთან შედარებით, ბაზარზე ცოტათი გამოცოცხლება შეინიშნება. წინა წელთან შედარებით, ჩვენთან გაყიდვამ დაახლოებით 10-20%-ით მოიმატა. ცოტაა ძვირად ღირებული ავეჯის კლიენტი და მყიდველთა 10%-ზე მეტს არ შეადგენს. ჩვენი პროდუქცია შედარებით ხელმისაწვდომია და გაყიდვის ზრდა ამანაც განაპირობა. მასალები ევროპიდან, ზოგიერთი ნაწილი თურქეთიდან შემოგვაქვს და შემდეგ საქართველოში იწყობა. საჭირო მასალების ნაწილს აქაც ვაკეთებთ. თებერვალი ავეჯისთვისაც და ტექნიკის მაღაზიებისთვისაც ყველაზე მცირეშემოსავლიანია. გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ბაზარი კიდევ გამოცოცხლდება".

კრიზისამდე სამივე საფასო სეგმენტის ავეჯი იყიდებოდა. როგორც ავეჯის მაღაზიების მფლობელები ამბობენ, მაშინ მათი 80% საშუალო ფენაზე მუშაობდა. კრიზისის დროს დაეცა საშუალოფასიანი და ძვირიანი ავეჯის რეალიზაცია. ამიტომ ავეჯის იმპორტიორები და სალონები იძულებული გახდნენ, დაბალ საფასო სეგმენტზე გადართულიყვნენ. ვინც დროულად აუღო ალღო შექმნილ სიტუაციას და თავის მაღაზიებში დაბალფასიანი ავეჯი შეიტანა, დახურვას გადაურჩა. მათი საქონლის 40-50%-ს ახლაც დაბალი შემოსავლების მომხმარებელზე გათვლილი ავეჯი შეადგენს.

ბოლო დროს მოთხოვნა შედარებით ძვირიან ავეჯზეც გაჩნდა. მაღაზია "პალატში" ამბობენ, რომ შემოსავლის ზრდა წლის დასაწყისიდან იგრძნეს, რამაც საშუალოდ 8-10% შეადგინა. ეს ტენდენცია მათ იმედს აძლევთ. რამდენადაც ადვილდება სესხების გაცემა, ავეჯის ბიზნესსაც "სუნთქვა" ემატება, ამიტომ ავეჯის სალონები გათვლას იმ კლიენტებზე აკეთებენ, რომლებსაც ავეჯის განვადებით შეძენის შემთხვევაში ყოველთვიურად დაახლოებით 100 ლარამდე გადახდის საშუალება აქვთ. იანვრიდან გაყიდვის მატებაზე საუბრობენ მეტალოპლასტმასის მწარმოებლები და იმპორტიორებიც. თუმცა ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა, რაც ბანკებს საკრედიტო რესურსსაც გაუძვირებს. ეს, თავის მხრივ, შეაფერხებს სესხების გაცემის გაადვილებასაც, რასაც სამომხმარებლო ბაზარზე ასე ელოდებიან.

გაყიდვის ზრდას ჯერჯერობით ვერ ხედავს "ბელუქსი", რომელიც საშუალოზე მაღალ სეგმენტზე მუშაობს. კომპანია, რომელიც ორ შოურუმს დიღომში და კიდევ ერთ საბავშვო ავეჯის მაღაზიას ვერაზე ფლობს, მომხმარებლის კლების გამო იძულებული გახდა, პროდუქციის ფასი შეემცირებინა.

მამუკა დოლიძე ("ბელუქსის" მფლობელი):
"ვინაიდან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ისევ შემცირებულია, გაძვირებულია საკვები და პირველადი მოხმარების საქონელი, თან ხალხი სურსათის კიდევ უფრო გაძვირებას ელის, ამიტომ მოსახლეობა ამჯობინებს, ეკონომია გააკეთოს, ფული უმეტესად საკვებისთვის დახარჯოს და ცოტაც გადაინახოს. მათ მეორადი აუცილებლობის საქონლისთვის, როგორიცაა ავტომანქანა ან ავეჯი, ფული აღარ რჩებათ. ამის გამო ჩვენთან გაყიდვა არ გაზრდილა, ის კვლავაც 2009-10 წლების დონეზეა. იმედია, ვაჭრობა გამოცოცხლდება, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა თუ იქნება, ხალხი ავეჯსა და ძვირად ღირებულ ნივთებზეც მეტს დახარჯავს".

ნონა ქვლივიძე
giorgi
21 თებერვალი 2011 11:22
ქალბატონო ნონავ და კვირის პალიტრავ! ხომ ვერ ამიხსნით, რა სიტყვაა "იაფიანი" და "ძვირიანი"?

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?