უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - კვირის პალიტრა

უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში

"ორმხრივი შეცდომებით ვიარეთ და თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ და კომერციულ ფუნქციას შავ ზღვაში და ჰაბის ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავას იწყებენ. მოსარჩელეები საქართველოს სახელმწიფოსგან მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მთავრობის კამპანიამ, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სწორედ ამ ოდენობის დანაკარგი მოუტანა როგორც კონსორციუმს, ისე მის მთავარ ინვესტორს. ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ კონსორციუმის პრეტენზიებს სამართლებრივი საფუძველი არა აქვს და ახსენებენ, რომ ხელშეწყობის მიუხედავად, მათ ვალდებულებები ვერ შეასრულეს. თუმცა ხელისუფლება წუხილს გამოთქვამს კონსორციუმის ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო პროცესმა შესაძლოა შეაყოვნოს პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიება. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ეკონომისტები და იურისტები.

გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი და ეკონომისტი: - თეორიული შანსიც არსებობს და პრაქტიკაშიც არაერთხელ ყოფილა, როცა სახელმწიფოები აგებენ საარბიტრაჟო დავებს. საქართველოსაც წაუგია რამდენიმე ასეთი დავა და შემდეგ ეს მოსახლეობის გადასახდელი ხდება, რადგან ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის ჯიბიდან ივსება. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება სასამართლოს ვერდიქტი და გაითვალისწინებს თუ არა მოთხოვნილ თანხას როგორც ზარალის ანაზღაურების ოდენობას, მაგრამ პრინციპია მთავარი - პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო ხალხმა რატომ უნდა გადაიხადოს ეს ფული?! როგორიც უნდა იყოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, თავად ეს პროცესი უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე, შეილახება მისი საერთაშორისო რეპუტაცია.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ინვესტორი საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის.

ცოტა ხნის წინ ასეთი დავა ჰქონდა ამერიკულ კომპანია "ფრონტერას";  საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს "კავკასუს ონლაინის" აზერბაიჯანელი ინვესტორიც.

ამიტომ პოტენციური ინვესტორი აუცილებლად მიიღებს მხედველობაში მსხვილი ინვესტორების გახმაურებულ დავებს საქართველოს წინააღმდეგ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საარბიტრაჟო დავამ შესაძლოა ქვეყანას ფინანსურთან ერთად, მძიმე რეპუტაციული ზიანიც მოუტანოს.

- ანაკლიის საარბიტრაჟო დავას ემთხვევა 6 კონგრესმენის წერილი, რომლითაც ისინი მიმართავენ სახელმწიფო მდივანს და სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული, ცდილობს გააძევოს ქვეყნიდან ამერიკელი ბიზნესმენები და ეს რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების მოსაზიდად კეთდება. ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ეს პრეტენზიები ხომ არ სცდება მხოლოდ კონკრეტული კომპანიების პრეტენზიებს? - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს აქვს არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური დატვირთვაც. კომერციული სუბიექტები ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე მკვეთრად შეცვლის საქართველოსა და მისი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობას. ასე რომ, ნუ დავმალავთ, რომ ეს არის კომერციულად საინტერესო პროექტი და ამავე დროს აქვს გეოპოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა. ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ამიტომ, როცა ამერიკელი კონგრესმენები წერილში პირდაპირ მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილს და მას რუს ოლიგარქს უწოდებენ, ეს შესაძლოა ძალიან შორს წავიდეს, მათ შორის არც ფინანსური სანქციების დაწესებას გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ასეთი საშიშროება არსებობს და მგონი, ბოლო მომენტში ამ წითელ ხაზს არ გადაკვეთს, რადგან ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნებოდა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

- საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ბევრჯერ გადაუვადა ვალდებულებების შესრულება კონსორციუმს და დღეს, წესით, ანაკლიაში მოქმედი პორტი უნდა გვქონდეს. - სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ მართლაც არაერთხელ გადაუვადა ვალდებულებების შესრულება და პირიქით, კონსორციუმსაც ჰქონდა შეფერხებები, მაგრამ ამავე დროს ბევრჯერ მოვისმინეთ ხელისუფლების რიტორიკაც, რომელიც სულ არ ეხმარებოდა იმას, რომ კონსორციუმს დროზე მოეზიდა პროექტისთვის თანხები.

როცა ცალი ხელით ვალდებულებებს გადაავადებ, ხოლო მეორით ხელს უშლი პროექტს იმით, რომ ამბობ, არ გჯერა მისი კომერციული მომგებიანობის, მაშინ გადავადება ინვესტორისთვის შეღავათი სულაც არ არის.

- მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მთავრობა არ ამბობს უარს ანაკლიის პროექტზე. შესაძლებელია პორტში სწორედ ის ინვესტიცია შემოვიდეს, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პრემიერი ბახტაძე გააფრთხილა პომპეომ და უთხრა, რომ პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან ააცილებს რუსული და ჩინური ეკონომიკური ინტერესების გატარებას. - ვფიქრობ, ამ პროექტის ჩაშლა საქართველოს მთავრობის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, ამას საქართველოს მთავრობა არასდროს აღიარებს, მაგრამ სიტყვით ერთს ამბობენ და საქმით მეორეს ამტკიცებენ. საკმაოდ ჭკვიანურად შეიძლება ხორცი შეასხა ჩანაფიქრს - სიტყვით აქო და ადიდო პორტის პერსპექტივები და მოაჩვენო ხალხს, რომ მონდომებული ხარ მისი განხორციელებისთვის, სინამდვილეში კი კულისებში ისე იმუშაო, რომ ამ პროექტს შანსი არ ჰქონდეს.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი: - ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანი და სამწუხაროა, რომ თუკი ვინმე იხეირებს ამით და, ალბათ, კონკრეტული ბენეფიტებით მადლობასაც გადაუხდის ჩვენს მთავრობას, რუსეთის ხელისუფლება იქნება.

რუსეთის ტამანის პორტი, ფაქტობრივად, მთავრდება და შავ ზღვაზე კომერციული ტვირთების უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთის მიმართულებით გაივლის.

არა მგონია, სწორი და საჭირო იყოს დეტალებზე მსჯელობა, რადგან მთავარი საკითხები ისედაც ხელისგულზეა. სახელმწიფომ, არა აქვს მნიშვნელობა რომელმა ხელისუფლებამ, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ანაკლიის პორტის აშენებას და ეს კონსტიტუციაშიც აისახა. შემდეგ იმავე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ კანონი მიეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტატუსის შესახებ. შემდეგ კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში დროდადრო შედიოდა ცვლილებები. ეს შეთანხმებები ორივე მხარისთვის მისაღები რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია, არც გაფორმდებოდა. თუკი ასეა, რას ვეუბნებით ან საერთაშორისო არბიტრაჟს, ან ჩვენს უცხოელ ინვესტორებს? მანამდე კარგი იყო ეს ინვესტორი და ახლა აღარ ვარგა? გუშინ მასთან თანამშრომლობა გვინდოდა, დათმობებზეც მივდიოდით და მოლაპარაკებასაც ვაწარმოებდით, დღეს კი დათმობაზე აღარ წავალთ? ეს არ არის მხოლოდ ინვესტორზე დამოკიდებული პროექტი. კლასიკური გაგებით რომ ვიმსჯელოთ, ეს კერძო-საჯარო თანამშრომლობის პროექტია.

მთავრობასაც ჰქონდა ამ პროექტში თავისი წილი ვალდებულებები, მათ შორის პორტამდე მისასვლელი რკინიგზა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის პროექტზე ტენდერი მხოლოდ კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გამოცხადდა. ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 330 მილიონი ევრო გამოიყო პორტის აშენების მეორე ფაზისთვის. აქედან 100 მილიონი იყო დანახარჯი ინფრასტრუქტურაზე, 220 მილიონი კონსორციუმში ინვესტიციის სახით მიდიოდა და ეს თანხა სახელმწიფომ დაკარგა.

2021 წელს ეს თანხა უკვე საქართველოში იქნებოდა და აქვე დაიხარჯებოდა. ცხადია, აქამდე ორმხრივი შეცდომებით ვიარეთ და თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ და კომერციულ ფუნქციას შავ ზღვაში და ჰაბის ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს. ამისთვის პასუხს არა მარტო დღევანდელი ხელისუფლება, ჩვენი თაობაც აგებს ჩვენი შვილების წინაშე.

- ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ დავა არბიტრაჟში დააზიანებს პროექტის პერსპექტივას და შეაყოვნებს ახალი ინვესტორის მოძიებას... - მესმის პოლიტიკოსების, მძიმეა ტვირთი, რომელიც ჩვენს მთავრობას აკისრია, მაგრამ ძალიან უსუსური და ადვილად მისახვედრია თავის მართლების ცდა.

ინვესტორს ამ პროექტში 70 მილიონი აქვს დახარჯული. ეს რა, ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ხურდა ფულია, რომ ვინმემ აპატიოს? არ იყო მოსალოდნელი, რომ ინვესტორი დავას დაიწყებდა?

მეტსაც გეტყვით, ეს იმ მნიშვნელობის პროექტია, იმთავითვე მოსალოდნელი იყო, რომ დავა დიდ თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, მივიღეთ უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში და საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ საერთაშორისო დავების ისტორიაშიც. მილიარდდოლარიანი დავა არბიტრაჟების ისტორიაში, ფაქტობრივად, არ მახსოვს. ამიტომ საქართველო ამ სამწუხარო პრეცედენტით შევა ისტორიაში, რაც საინვესტიციო გარემოს ძალიან დააზარალებს. სამწუხაროა, რომ ჩვენი მთავრობა საბჭოური და რუსული მიდგომებით ხელმძღვანელობს ასეთ საკითხებში. საარბიტრაჟო დავას გეგმავს აზერბაიჯანელი ინვესტორიც, რომელმაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს კომუნიკაციების სფეროში - "კავკასუს ონლაინის" საქმეს ვგულისხმობ. ხელისუფლებამ კი კანონი შეცვალა, რომ ეს ინვესტორი დაესაჯა. ეს არ არის ის მიდგომა, რომლითაც ჩვენნაირი პატარა, გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყანა გაიკვალავს გზას დიდ დემოკრატიულ დასავლურ ოჯახში.

- ნებისმიერ შემთხვევაში დავა საქართველოს სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე იქნება. ეს კარგად არ აისახება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ და რა შედეგით დასრულდება დავა. - ძალიან მაღალი ალბათობით, საერთაშორისო არბიტრაჟი დავის განხილვისას გაითვალისწინებს არა მარტო მოდავე მხარეების არგუმენტებს, არამედ ამ საკითხზე ამერიკის სახელმწიფო მდივან პომპეოსა და ნატოს სარდლობის ხელმძღვანელის განცხადებებსაც - ერთმაც და მეორემაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეოპოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებზე გააკეთა აქცენტი. მერწმუნეთ, საერთაშორისო არბიტრაჟი ყველა ამ განცხადებას გულისყურით მოეკიდება, რადგან ეს მათთვის გარკვეულწილად მტკიცებულებაა. როცა ამგვარი განცხადებები კეთდება, ჩვენი მთავრობისთვის იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ამ დავაში მას წარმატება არ ექნებოდა.

ამ დავაში საქართველო განწირულია დამარცხებისთვის. ეს ხელისუფლების ვატერლოო იქნება. ერთადერთი, რაც უშველის, დავის დასრულებისას ხელისუფლებაში აღარ იქნება. თუმცა თაობების წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, რადგან რუსეთი შავ ზღვაში სულ მალე ორი პორტით იქნება წარმოდგენილი და დომინანტი იქნება კომერციული ტვირთების გადაზიდვაში.

ანაკლიის პორტის დასამარებით საქართველოს სუვერენული უფლება შეილახა. გარდა ამისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს ფულს აღარ ანდობენ და აღარ მოიაზრებენ ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიულ გარემოს.